ნინო გუბერიძე, შუხუთი:უარესობისკენ შეიცვალა. წინა მთავრობამ დამინიშნა სოციალური დახმარება ფულადი სახით. ამ რამდენიმე თვის უკან მეუღლე გარდამეცვალა და სოციალური დახმარება მომიხსნეს. მაღალი ქულები ჩამომივიდა და ფულადი დახმარება არ მომცეს. ოჯახის მარჩენალი მომიკვდა და ამათ დახმარება მომიხსნეს, თითქოს ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ნამდვილად ასე ფიქრობენ. რას ნიშნავს ეს? ოჯახი ავარიულია, კედლები ნესტიანი და სველი, ეზოში წყლის გუბეები დგას, არავითარი მატერიალური შემოსავალი არ მაქვს. არ მაქვს დახმარების ხელმეორედ დანიშვნის იმედი, რადგან მითხრეს, რომ სანამ ერთი წელი არ გავა, არ მაქვს განაცხადის გაკეთების უფლება. ვიცი, ისეთ ოჯახებს აქვთ სოციალური დახმარება, ვისაც მანქანები, ტრაქტორები ჰყავთ და ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, მე კი ჯერ პენსიონერიც არ ვარ, რით უნდა ვიარსებო? ამათმა ფაქტიურად შიმშილისათვის გამწირეს.თამარ თავდგირიძე, ხაჯალია.არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, არც სოციალური დახმარება მაქვს. რაც ჭირნახული და ბოსტნეული გვქონდა, ისიც ფაროსანამ გაგვინადგურა. თხილის ერთი კაკლითაც კი არ მისარგებლია. არც სამუშაოა, ყველანი უმუშევრები ვართ. არავითარი სხვა მატერიალური შემოსავალი არ გვაქვს, რით უნდა ვიარსებოთ? ხშირად პურის ფულიც არ მაქვს. რა თქმა უნდა, უარესობისკენ შეიცვალა ჩვენი ოჯახების მდგომარეობა. არც არაფრის იმედი მაქვს, რადგან თუ ეს ფაროსანა არ მოგვაშორეს, წელს უფრო ცუდი მდგომარეობა შეგვექმნება. ჩვენმა მთავრობამ ამას უნდა მიხედოს.ზოია ჩხაიძე, ლანჩხუთი.უკეთესობა არ არის, პირიქით, უარესი მდგომარეობა გვაქვს. არავითარი მატერიალური საშუალება არ მაქვს რითიც შევძლებ ოჯახის რჩენას. არც სოციალური დახმარება მაქვს და არც პენსია, რითი უნდა გავიტანოთ თავი? შვილიშვილს რა უნდა ვაჭამო? მამა არა ჰყავს, დედაც უმუშევარია. მე კი პენსიამდე ჯერ კიდევ 5 წელი მიკლია, რა უნდა ვქნა? თანაც სახლიც ძველია, სარემონტია, მე კი რემონტის კი არა პურის ფულიც არა მაქვს.ინკოგნიტო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილნი, მამა გარდამეცვალა სიმსივნით, არ ვმუშაობთ. სახლიც ძალიან ძველი და სარემონტოა. სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს, თურმე მიწა გვქონია გაფორმებული, კომარუტერში ამოგივიდაო. იმ მიწას დამუშავება არ უნდა? არავითარი შემოსავალი არ გვაქვს, რითი უნდა დავამუშაოთ? ან რა უნდა ვჭამოთ? რით უნდა ვიარსებოთ? ეს ჩვენი მთავრობა კი ჩვენზე არ წუხს, თვითონ ფუფუნებასა და კომფორტში ცხოვრობენ ჩვენს ხარჯზე, ჩვენ კი ფეხებზე ვკიდივართ. არც არაფერი მაქვს გასაყიდი, რომ გავყიდო და პური ვიყიდო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილები. ჩემი აზრით უმრავლესობა ხალხისა ჩემს დღეშია. ჩვენი საშველი არ არის. ფაცია ჩაგანავა, საჯავახო.ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, არავითარი უკეთესობა, პირიქით, უარესობაში ვართ ჩავარდნილნი. არც სოციალური დახმარება გვაქვს. პენსიით ვცხოვრობ, მაგრამ ავადმყოფი ქალი ვარ და ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის, ინსულტგადატანილი ქალი ვარ, მკურნალობა სულ მჭირდება, ამიტომ წამლები აუცილებლად უნდა მქონდეს. საჭმლის ფული კი არ მრჩება. რა უნდა ვქნათ? ოჯახიდანაც არავითარი შემოსავალი არ გვაქვს. ქათამიც კი არ მყავს, სახლიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს. კედლები ჩამონგრეული და სარემონტოა, მეშინია თავზე არ დამემხოს, მაგრამ არავინ არის პატრონი. კონსტანტინე ჩაჩანიძე, ოზურგეთი.არავითარი უკეთესობა არ გვაქვს, პირიქით უარესობისკენ მივდივართ. არც არავითარი მატერიალური შემოსავალი არ გვაქვს. რაც მოსავალი გვქონდა, ისიც ფაროსანამ შეგვიჭამა, ჩვენ კი საარსებოდ არაფერ დაგვრჩა. მარტო პენსიით ვცხოვრობთ, რამდენად გასწვდება ეს პენსია? არც სოციალური დახმარება არ გვაქვს. შვილები ცალკე ცხოვრობენ და მათაც ძალიან უჭირთ, ჩვენ რა უნდა დაგვეხმარონ, თვითონ დასახმარებელნი არიან. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ძალიან ხელმოკლედ და ძალიან გვიჭირს. ჩვენი პენსია წამლებში არ გვყოფნის, რადგან ორივე მოხუცებული და ავადმყოფები ვართ. პური და საჭმელი რით უნდა ვიყიდოთ. არც ეზოს დამუშავება შეგვიძლია. ამაზე ჩვენი მთავრობა უნდა ზრუნავდეს, მაგრამ მათ ჩვენ არ ვახსოვართ, მათ მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით, ჩვენ კი ისევ უნდა მივცეთ ხმები, რომ თვითონ ფუფუნებაში იცხოვრონ.რუსუდან მანაგაძე.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0