სოფელში მისასვლელ გზას საშინელიც აღარ ეთქმის, უბრალოდ არ არსებობს. ელექტროენერგიას როგორ მოიხმარს სოფელი, უბრალოდ საოცრებაა, დენის ბოძები ერთმანეთთან მიახლოებას ლამობენ და როგორც ჩანს შესაბამისი სამსახურებიც ხელს უწყობენ მათ იდილიას, ლამის მიწამდე თავდახრილი ბოძები სასწაულის იმედად ქანქარებენ. ზოგადად, ჩოჩხათის თემში გზების უდიდესი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა წიაღობანის სიტუაცია განგაშის ზარების ატეხას ითხოვს. მიკროავტობუსები რის ვაივაგლახით გადაადგილდებიან, ის კი არა, ბევრ ადგილას საერთოდ ვერ მიდიან. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ აქ ღირებული არაფერი გაკეთებულა და ამას არჩევნებში მათ მიერ დაფიქსირებულ პოზიციას უკავშირებენ. ,,ქართულ ოცნებას“ წიაღობანიდან ხმების წამოღება უჭირს, როგორც თავად სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ ,,რა სინდისით უნდა მისცენ ხმა კოალიციას“? ,,21-ე საუკუნეში გზის, წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა რომ გექნება, იქ რაზე უნდა ისაუბრო. ერთხელ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა პაპუასებიც კი გვიწოდა, მაშინ გვეწყინა. მაგრამ, ახლა რომ ვუკვირდებით ზედგამოჭრილი და მიგნებული შენიშვნაა. ხელისუფლება მართლა პაპუასებად გვთვლის. არჩევნებიდან არჩევნებამდე გვაქვს ბედნიერება ვიხილოთ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დაგვპირდებიან გზას, წყალს, გვერდით დგომას და შემდეგ საერთოდ აღარ ვახსოვართ. კარგია ,,ჰო და არა“ რომ დაინტერესდა ჩვენი პრობლემებით, ისე კარგი იყო მაგარ ნაწვიმარზე მოსულიყავით, მაშინ თქვენი თვალით იხილავდით, თუ რა ჯოჯოხეთურ სიტუაციაში ვიმყოფებით. თუ არ უნდათ ამ სოფლის არსებობა, მაშინ ოფიციალურად განგვიცხადონ და რაღაც გზას ვეწევით“_გვითხრა წიაღობნელმა ხანშიშესულმა მამაკაცმა, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ დაგვეწერა გაზეთში. სოფელი ახალგაზრდობისგან იცლება, ვინც შემორჩენილია მშობლიურ წიაღობანს, ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან მაისის დადგომას, რათა თურქეთში გადავიდნენ ჩაის სეზონზე. სოფლის მთავარი მასულმდგმულებელი თხილი და ციტრუსია, რასაც უკვე აზიური ფაროსანა უნადგურებთ. წიაღობანში არსებული სიტუაცია ნათლად ასახავს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას. როგორც აქაური მოსახლეობა აცხადებს ,,ეს ქვეყნის სირცხვილია!“. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0