ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სკანდალური ინტერვიუ რამაზ გვარჯალაძესთან!

სკანდალური ინტერვიუ რამაზ გვარჯალაძესთან!
12-01-2018, 08:53

,, რა პრემიებს ირიგებენ, რა ზეიმებზე დარბიან სკოლებში, ხალხს მიხედონ, რომლებსაც სული ძვრებათ მშიერი“
,,მალე დავამტკიცებ, თუ ვინ იყო გარიგებაში შესული და ვინ იბრძოდა რეალურად და პატიოსნად“
,,ყველამ იცის, ვინ ვის მფარველობს და რა ბინძური ლაბირინთებით დაძრწიან“
,,სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, არც მეტი-არც ნაკლები 27 სისხლის სამართლის საქმეზე დავიკითხე“
,,ჰო და არა“ გთავაზობთ ძალზედ საინტერესო და სკანდალურ ინტერვიუს რამაზ გვარჯალაძესთან. ამ უდაოდ გამორჩეულ პიროვნებას ლანჩხუთის ფართო საზოგადოება 2014 წლამდე არ იცნობდა. როდესაც მის ბიოგრაფიას წაიკითხავთ, მიხვდებით თუ რამდენის მიღწევა და გადატანა შეძლო ამ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც დღეს პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია. ის ღიად საუბრობს იმ დაპირისპირებაზე, რაც მას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივ ლიდერებთან ჰქონდა და ასევე მწვავედ აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას.
-ბატონო რამაზ, მიუხედავად თქვენი მდიდარი კარიერული ბიოგრაფიისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის 2014 წლამდე თქვენი სახელი და გვარი უცნობი იყო, ანუ მანამდე, სანამ თქვენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატი გახდებოდით. მოგვიყევით თქვენს შესახებ.
-დავიბადე 1975 წლის 2 ნოემბერს ქალაქ ლანჩხუთში. დავამთავრე ქალაქის #3 საშუალო სკოლა წარჩინებით, შემდეგ ჩავაბარე თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, ალმამატერში ეკონომომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ამის შემდეგ, სწავლა განვაგრძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის სპეციალობაზე. ამ შუალედში, ანუ 1993 წლიდან 1999 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს როგორც ,,გურიაში“, ასევე თბილისის ,,მრეტებში“, მითამაშია უმაღლესი ლიგა, სამწუხაროდ ტრავმების გამო ვერ შევძელი სპორტული კარიერის გაგრძელება. 2001 წელს დავიწყე მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის რეგიონში რიგითის თანამდებობაზე, ორ წელიწადზე მეტი ვიყავი რიგითი, შემდეგ გავხდი ოფიცერი, სულ მალე კი გამომძიებელი, ცოტა ხნის შემდეგ კი განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ დავინიშნე ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის ქვეგანყოფილების პოლიციის უფროსად, რამდენიმე თვეში გადავედი ქალაქ ბათუმის მესამე განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილედ, აქედან ერთ თვეში დამნიშნეს ბათუმის მეორე განყოფილების პოლიციის უფროსად, ვინც ჩახედულია იცის, რომ იმ დროისთვის ბათუმის მეორე განყოფილება ითვლებოდა ყველაზე კრიმინოგენულ ზონად. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დავინიშნე აჭარის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსად, სადაც ძალზედ მცირე ხანი დავყავი და დამაწინაურეს და დამნიშნეს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ (აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ), ამ თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტი ვიმუშავე, შემდეგ დავინიშნე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამსახურის უფროსად. მოხდა ისე, რომ გადამიყვანეს ქალაქ თბილისში და დავინიშნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსად, რამდენიმე თვეში გადამიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსად, შემდეგ 2012 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ გადავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, სადაც დავინიშნე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსად, სადაც ვიმუშავე 2013 წლის აგვისტომდე, ამის შემდეგ დავტოვე სისტემა. ვარ ომის ვეტერანი, 2008 წლის აგვისტოს ომში ვიყავი აჭარის რეგიონიდან წარგზავნილი მთელი ჯგუფის ხელმძღვანელი. მყავს მეუღლე და სამი შვილი, პირველი ქორწინებიდან მარიამ გვარჯალაძე, ხოლო მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი_თამაზ და რევაზ გვარჯალაძეები.
-როგორც აღნიშნეთ, 2012 წლის შემდეგაც იმუშავეთ რამდენიმე თვე, არ გაგიჭირდათ ახალი ხელისუფლების რეალობაში მუშაობა, ან რატომ დატოვეთ შემდეგ სამსახური?
- მე ვიყავი პოლიციელი, ვერ წარმომედგინა პოლიტიკურ ვითარებას როგორ შეეძლო შეხებოდა პოლიციელის მუნდირს, ან რაიმე გავლენა მოეხდინა სისტემაზე. თუმცა, მოხდა ისე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პოლიტიკური და არაპოლიტიკური დევნაც ყველაზე, ვინც წინა ხელისუფლების დროს მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მე ვარ მებრძოლი ადამიანი, ვინც მიცნობს, დაგიდასტურებთ, რომ ღალატი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. დაიჭირეს ჩემი მეგობრები, ასევე სხვა წესიერი ადამიანები, რომლებსაც კარგის მეტი არაფერი უკეთებიათ, იქ გაჩერება აღარ შემეძლო. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, არც მეტი-არც ნაკლები 27 სისხლის სამართლის საქმეზე დავიკითხე, აქვე აღვნიშნავ, რომ რეალურად რაზეც უნდა დავეკითხე, ანუ რა საქმეებზეც ვიყავი პასუხისმგებელი წლების განმავლობაში, ამაზე კითხვა არავის დაუსვია. ჩემი აზრით, ეს იყო მოთელვა მათი მხრიდან, გამოსცადეს ჩემი ნებისყოფა, ერთგულება, კომპეტენცია და როდესაც ვერაფერს გახდნენ, უბრალოდ თავი დამანებეს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას ჰყავს უამრავი უკანონო პატიმარი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დააკავა.
-ამის შემდეგ, 2014 წელს მოგვევლინეთ ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა, თუ ვინმეს გაუწიეთ ანგარიში?
-პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიყავი, გამომდინარე ჩემი საქმიანობიდან და ვერც წარმომედგინა ოდესმე ამ სფეროში ძალების მოსინჯვა. მაგრამ, ვიცნობდი ცნობილ პოლიტიკოსებს, გავლენიან პირებს და მქონდა მათთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა. 2014 წელი ის პერიოდია, როდესაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“თითქმის აღარანაირი რეიტინგი და არც რესურსი გააჩნდა, ეს ის პერიოდია, როდესაც ამ პარტიის ოფისებზე ახორციელებდნენ თვდასხმებს, ესროდნენ კვერცხებს, ცოცხებს და ა.შ. დამიკავშირდენენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციიდან, კონკრეტულად მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი გია გოგუაძე და შემომთავაზა გამგებლის არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. ყველაფერი ავწონ-დავწონე, ვხედავდი რა ,,ქართული ოცნების“ უუნარო და უპასუხისმგებლო ხელისუფლების ზეობას, გადავწყვიტე, რომ დავთანხმებოდი ამ წინადადებას და რაღაც შემეცვალა, თუნდაც ლანჩხუთის რეალობაში. ვფიქრობ, მაშინდელი ჩემი გადაწყვეტილება იყო ღირსეული და იმ მომენტისთვის აუცილებელი. მაშინ სხვა პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავდი, რომელიც ხელისუფლებას პაექრობას გაუწევდა.
-თუმცა საზოგადოებისთვის ცნობადი სახე არ იყავით, რატომ გარისკეთ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ წარიმართა თქვენი წინასაარჩევნო კამპანია?
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი ბათუმში და თბილისში გავატარე, ფართო კავშირები ლანჩხუთში არ მქონდა და ეს დიდ უხერხულობას ქმნიდა. მყავდა სანაცნობო წრე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ღირსეული წინასაარჩევნო კამპანია ჩამეტარებინა და სერიოზული შედეგი დამედო. რა ხდებოდა ლანჩხუთის ადგილობრივ ოფისში, როდესაც ჩამოვედი, მაშინ გავიცანი კახა ასკურავა, რომელიც პარტიის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე საათი მეყო იმის დასადგენად, რომ მივმხვდარიყავი ასკურავას პოლიტიკასთან არაფერი არ ესაქმებოდა და ამ გარემოში შემთვევით მოხდა. გია გოგუაძე იყო აღმასრულებელი მდივანი, მაგრამ ფაქტიურად ყველაფერს ის განაგებდა. შევხვდი ამ ადამიანებს, მივიღე მათგან პირობა, რომ ყველანაირად დამეხმარებოდნენ და წარმატებას მივაღწევდით. თუმცა, ახლაც ვერ ვხვდები, რატომ არსებობდა მაშინ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი, ეს ორი ადამიანი არაფერს აკეთებდა პარტიის საკეთილდღოდ, ისინი დაკავებულნი იყვენენ ერთმანეთის ქიშპობით. მატყუებდნენ ყველა ფეხის ნაბიჯზე, ფაქტიურად ხელს მიშლიდნენ. მითხრეს, რომ ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა ევიკო ჩიჩუა და სიხარულით ცას ვეწიე, ვიფირე ასეთი წესიერი, განათლებული, დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნებასთან ერთად მუშაობა დიდ ეფექტს მოუტანდა პარტიას. აღმოჩნდა, რომ ევიკომ დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყარა კენჭი და მე მგონი, საერთოდ არ ჰქონიათ მასთან კონსულტაცია ასკურავას და გოგუაძეს. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ჩავატარე ერთი მანქანით, რომელიც ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა და მალევე ჯართად იქცა, ეს მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ მდივანს, ორთავეს მანქანა ჰყავდათ სახლში. წარმოუდგენელი სითავხედეები ხდებოდა, ცენტრალური პარტია აგზავნიდა ფულს, მაგრამ ესენი კოორდინატორებსაც კი არ ურიგებდნენ ხელფასს და იყო მუდმივი პრობლემები. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ წაგებულ თამაშში ჩავები, მაგრამ სხვა გზას ჩემი მებრძოლი სული არ მიტოვებდა. იმ პერიოდში, როდესაც ხალხს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც კი არ უნდოდა, ან ეშინოდა, მივიღე საკმაოდ ნორმალური ხმათა რაოდენობა არჩევნებში.rem



-როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ, თქვენ საკმაოდ გაგიმწვავდათ ურთიერთობა გოგუაძესთან და ასკურავასთან...
- კი, ნამდვილად ასეა, ოღონდ არჩევნებამდეც მქონდა მე მათთან კითხვები, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ. დამთავრდა არჩევნები და როგორც იცით, დაინიშნა მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებდა ზაზა ურუშაძე ,,ოცნებიდან“ და ბარნაბ ჭყონია ,,პატრიოტთა ალიანსიდან“. არჩევნების მეორე დღესვე დამიკავშირდა ბარნაბ ჭყონია და შეხვედრა მთხოვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მოგვიანებით ვნახავდი. რატომ ვუპასუხე ასე? იმიტომ, რომ მოღალატე არ ვარ, მინდოდა პარტიის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელ მდივანთან მესაუბრა ამ თმაზე და მერე შევხვედროდი. შევიკრიბეთ ოფისში, სადაც მათ ვუთხარი ასეთი რამ: კი, მართალია წავაგეთ არჩევნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს მივეყიდოთ, იქნება ეს ჭყონია თუ ურუშაძე მეთქი. ნამდვილად ვფიქრობდი, ამას არც ხალხი გვაპატიებდა და არც ღმერთი. ჩამოვართვი მათ პირობა, რომ არც ერთი მხარისკენ არ წავიდოდნენ და იქნებოდნენ პარტიის ერთგულები. მაგრამ, ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც ნებისმიერ დროს დავამტკიცებ, კახა ასკურავა წავიდა ჭყონიას მხარეს, გია გოგუაძე ურუშაძისკენ. ამას გარდა, გოგუაძის მხრიდან იყო უმრავი ფინანსური თაღლითობა, რომელზეც ახლა შეგნებულად არ ვლაპარაკობ და როგორ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა გამეგრძელებინა. პოლიტსაბჭოზე ვუთხარი მათ, რასაც იმსახურებდნენ ისინი და წავედი თბილისში.
-თუმცა, 2016 წელს თქვენ კვლავ ეხმარებით ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატს ნინო კვიტაიშვილს. რამ მოგიბრუნათ გული?
-პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთი კითხვაც კი არ გამაჩნდა ცენტრალურ ოფისსთან დაკავშირებით, ყველაფერში ვადანაშაულებდი იმ ორ კაცს, რომელზედაც ვისაუბრე. მქონდა ჩემი საქმე და აღარ ვაპირებდი პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ ამჯერად დამიკავშირდნენ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნებები და მთხოვეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მივხმარებოდი ლანჩხუთის ორგანიზაციას. მე მათ ავუხსენი, რომ ასკურავასთან და გოგუაძესთან მუშაობა არ შემეძლო. მაგრამ, როდესაც გავიგე თუ ვინ იქნებოდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთში ნაციონალების მხრიდან, მორალური უფლება არ მქონდა, არ დავხმარებოდი ამ ადამიანს. პირდაპირ ვამბობ, ასეეთი კანდიდატი, ლანჩხუთს არ ჰყოლია არასდროს და დიდი შეცდომა დაუშვეს ლანჩხუთელებმა, როდესაც ნინო კვიტაიშვილის კანდიდატურა არ აირჩიეს. ეს არის ადამიანი-იდეალი, უბრალოდ ბრწყინვალე პიროვნება. თავიდან რომ არ გავიმეორო, რასაც ახლა ინტერვიუში ვამბობ, ეს ყველაფერი მოვუყევი ნინოს და ვურჩიე გარიდებოდა პროცესებს, რადგან მასაც უღალატებდნენ. თუმცა ნინო შევიდა ამ თამაშში და მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. არჩევნების შედეგები ყველასთვის კარგად ცნობილია, გაიმარჯვა ნინომ, ოღონდ წილოსანმა, რომელიც ალბათ ყველაზე ცუდი არჩევანი იყო და ამაში მოსახლეობა დღითიდღე რწმუნდება. ნინო კვიტაიშვილმაც შეიტყო გოგუაძის ,,საქმენი საგმირონის“ შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ გოგუაძემ მისი დაჯგუფების რამდენიმე წევრი ჩოხატაურში აიყვანა, აკაკი ჩხაიძეს შეხვდა და დახმარება აღუთქვა, რაშიც გარკვეული საფასურიც მოითხოვა და იცით რა გააკეთა იმავე დღეს? მასმედიის საშუალებით აქო და ადიდა ნინო წილოსანი და სულ მაგარი კანდიდატი ეძახა. ეს ფაქტი ნინო კვიტაიშვილის მხრიდანაც სათანადოდ შეფასებულია.
- ,,ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველო“, რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც ამ ახლად შექმნილი პარტიისთვის მიგენიჭებინათ უპირატესობა?
- პატივს ვცემ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ ცნობილ ლიდერს, მიმაჩნია, რომ ისინი ღირსეული პიროვნებები არიან, თუმცა ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ,,ევროპული საქართველო“ გაცილებით ქმედითუნარიანი და ეფექტური იქნებოდა. ბევრი კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ,,ევროპული საქართველოს“ წევრი გამვხდარიყავი და მებრძოლა უნიათო, მავნებელი ხელისუფლების, ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გეტყვით, რომ ამ პარტიაში გაწევრიანებული არიან ძალიან წესიერი, კომპეტენტური პოლიტიკოსები. ,,ევროპულ საქართველოს“ აქვს ჩამოყალიბებული, მყარად გარანტირებული გეგმები ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, გვჯერა, რომ აუციელებლად შევცვლით დუხჭირ, დამონებულ, დეგრადირებულ სიტუაციას ქვეყანაში. დღეს ყველა სფეროში პრობლემებია, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და მოსახლეობის ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოს. როგორც აღვნიშნე, ესენი მარტო უნიათოები და უუნაროები კი არ არიან, არამედ მავნებლობენ და ქვეყანას ჭაობში მიათრევენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა ,,ევოპული საქართველო“, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ,,ქართულ ოცნებას“ და ეს ძალიან მალე მოხდება.
- პარტია მართლაც ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მოახერხეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს უკმაყოფილო, თქვენ საკრებულოში ორი დეპუტატით ხართ წარმოდგენილი. როგორ მოახერხეთ ასე მოკლე დროში ასეთი ეფექტური შედეგის მიღება?
- სასაცილოა, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე, ჩვენი პარტიული ნომერიც კი არ იყო ცნობილი. ძალიან დავაგვიანეთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ უკმაყოფილების საბაბი მართლაც არ გვაქვს. ჩვენ გვყავდა მერობის კანდიდატი, რომელიც არის ძალიან ღირსეული, თავისი საქმის პროფესიონალი, ლანჩხუთის საზოგადოებისთვის მეტად ნაცნობი და საპატივცემულო პიროვნება ამირან გიგინეიშვილი. გვყავს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით, წესიერებით, სუფთა წარსულით და კაცურ კაცობით. უბრალოდ გამაოცა ქალთა ორგანიზაციის გაუგონარმა თავდადებამ, მუხლჩაუხრელმა შრომამ, ამომრჩევლებისადმი დამოკიდებულამ, რაიონისადმი პატრიოტობის გრძნობამ. მაკა იაკობაძემ, რუსუდან კობალავამ, გულნარა ჩიჩუამ, მერი მოისწრაფიშვილმა, თინათინ ტიკარაძემ, თეა ხვედელიძემ წარმოუდგენელი შეძლეს და თვენახევარში ამომრჩევლის გული მოიგეს, რაც მთავარია, ზუსტად მიიტანეს ხალხამდე პარტიის გეგმები, ხედვები, მისწრაფებები და მიზანი, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა. გვყავდნენ ძალიან მაგარი მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ შემდეგ არჩევნებში, ამას დარწმუნებით გეუბნებით. ეს ადამიანები არ ატყუებენ კოორდინატორებს, არ ითვისებენ პარტიის ფულებს, არ ღალატობენ ერთმანეთს და ამიტომაც მივიღეთ შედეგი. მაგრამ, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ,,ქართული ოცნების“ ბინძური ხერხები წინასაარჩევნოდ, რომ არა ფსიქოლოგიური ზეწოლები, შანტაჟი, მოსყიდვა, უპრეცენდენტოდ ბევრი კოორდინატორის ჩასმა. ხელისუფლებამ იბრძოლა ყველაზე ცუდი, ბინძური გზებით, რაც კი აქამდე გამიგონია და მინახავს. არჩევნების დღეს მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი ამომრჩევლებზე, ეს წარმოუდგენელი თავხედობა იყო. თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირი შეიკრა ,,ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ჩვენ ვიყავით გარიგებაში შესული ხელისუფლებასთან, ამ დროს ღამ-ღამობით ერთმანეთთან კონსულტაციებს გადიოდნენ. მალე დავამტკიცებ, თუ ვინ იყო გარიგებაში შესული და ვინ იბრძოდა რეალურად და პატიოსნად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ჰო და არას“ წინასაარჩევნო და შემდგომი პერიოდის ობიექტური გაშუქების გამო, სამწუხაროდ თქვენი გაზეთის გარდა თითქმის ყველგან მიმდინარეობდა ხელისუფლების ქება-დიდების აგიტაცია, აშკარად დაუწვნენ მთავრობას. გეუბნებით, ზოგიერთ გაზეთში იყო ოფიციალური შტაბბინები ,,ქართული ოცნების“. მე იმას კი არ ვამბობ, რომ უსამართლოდ ლანძღონ და აგინონ ხელისუფლება, მაგრამ ერთი კრიტიკული წერილი როგორ არ დაწერეს. ნუთუ ისინი სხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ და ვერ ხედავენ რა ხდება დღეს ლანჩხუთში.
-ადგილობრივ ხელისუფლებაზე რა აზრის ხართ?
-მეცინება, ალექსანდრე სარიშვილი არის კაცი, რომელიც საერთოდ ვერ გარკვეულა რა არის მერის ვალდებულებები და რა არა. საერთოდაც, რომ შეუქმნეს ის იმიჯი, თითქოსდა მისი დარი პატიოსანი კაცი ლანჩხუთში არ დადიოდა, ეს არის აბსურდი. სარიშვილი იყო ის კაცი, რომლის ხელშიც გაიარა 27 მილიონმა ლარმა, ის იყო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და დღეს რომ ქვებით მისდევენ ურუშაძეს, ხომ ვერ მეტყვით ვინ უპრავებდა მას რაღაც გადაწყვეტილებებს? მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ალექსანდრე სარიშვილის თანხმობის გარეშე ვერ ერთი ფინანსური მაქინაცია ვერ მოხდებოდა. ან არის მეორე მომენტი, იმდენად უვიცია, რომ ვერ ხვდებოდა რას აკეთბდა, ამ შემთხვევაშიც არა აქვს გამართლება. ე.ი ჩვენ გვყავს ან უვიცი, ან კორუმპირებული მერი. პირადად მე, არა მგონია ფინანსურ საკითხებში უვიცი იყოს, ჯერ კიდევ ვაზუსტებ ინფორმაციას, თუ რამდენი მილიონი წაიღო მისი კომისიის თავმჯდომარეობის დროს ჩოჩხათის თემში და რას მოახმარა ეს თანხა. ჩვენ მერი კი არ გვყავს, ჩვენ გვყავს ნინო, ანუ რისი თქმა მინდა, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ნინო წილოსანი და ესენი უბრალო შემსრულებლები არიან. თქვენი გაზეთის მეშვეობით გავიგე, თუ როგორი იყო 2017 წელი გურიაში, ლანჩხუთში რაიმე ღირებული გაკეთდა? რა პრემიებს ირიგებენ, რა ზეიმებზე დარბიან სკოლებში, ხალხს მიხედონ, რომლებსაც სული ძვრებათ მშიერი. ნამუსი საერთოდ დაკარგეს, მაგრამ სარიშვილს ისეთი მრჩეველი ჰყავს გოგუაძის სახით, მისგან არაფერი გამიკვირდება. ვინც ცოტა კულუარებში ჩახედულია, ყველამ იცის, ვინ ვის მფარველობს და რა ბინძური ლაბირინთებით დაძრწიან. დღეს, როგორც არასდროს ისე უჭირს გლეხს, დღეს როგორც არასდროს ისე შია ხალხს, დღეს როგორც არასდროს ისეა ჩამომხობილი ეკონომიკა და ,,ქართული ოცნება“ როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს? პრემია-დანამატებით. პირობას ვიძლევით, რომ ,,ევროპული საქართველო“ შეძლებს საზოგადოების გამოფხიზლებას, ერთად შევძლებთ რომ ვიაზროვნოთ საზოგადოებრივად, ერთად შევძლებთ დავამარცხოთ ეს კრიმინალური ხელისუფლება მშვიდობიანი ხერხებით. უბრალოდ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, ეს ხელისუფლება არაა, ეს ხალხის მთავრობა არაა, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური სამონეთი. ყველა ლანჩხუთელს ვეფერები, მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, მათ კი ვინც დღეს ორჭოფობს, ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთად დგომით, ბრძოლით, მივაღწევთ იმას, რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი ჰქონდეთ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 741
FACEBOOK კომენტარები