ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,სანამ იმ პაგონებს დავახევდეთ, ჯობია აზრზე მოვიდეს...“

,,სანამ იმ პაგონებს დავახევდეთ, ჯობია აზრზე მოვიდეს...“
28-12-2017, 08:01

,,ჰო და არა“ გთავაზობთ დაპირებულ ინტერვიუს ,,გურიას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან- ნუგზარ ჩხაიძესთან. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ვის ადანაშაულებს კლუბის წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩხაიძე და რა ტაბუდადებულ თემებს აშიშვლებს ის. ნუგზარ ჩხაიძემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ,,ჰო და არასთან“ ილო ტუღუშის ტრაგედიის გამოძიების საქმეში.
,,საქათმეში ახალი მამალი რომ უნდა გამოჩნდეს, ეს ფაქტია.“
,,თემურ ჩხაიძე მთელი თავისი დეპუტატობის პერიოდში შავ სიაში იყო შეყვანილი და მისი ოჯახისთვის სახელფასო თუ იპოთეკურ სესხსაც ვერ იღებდა.“
,,სანამ იმ პაგონებს დავახევდეთ, ჯობია აზრზე მოვიდეს...“
,,18 სექტემბერს, გია გურულმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ჟორდანიას მოსვლა კლუბში არარეალური იყო, მას ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ჩანს პირველწყაროდან ჰქონდა...“

-თქვენ ,,გურიას“ წინააღმდეგ არსებულ შეთქმულებაზე აღნიშნეთ, თანაც ხანგრძლივი პერიოდი დაასახელეთ 2013-2017 წლები, ვფიქრობ ეს სერიოზული მინიშნებაა, გთხოვთ გაარკვიოთ საზოგადოება, რას გულისხმობთ?
-რა თქმა უნდა, ეს დეტალურად უნდა ავხსნათ, თანაც წლების მიხედვით, ხოლო ეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს და ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები იყო, ეს მკითხველმა განსაჯოს, ამასთან წინასწარ ვაცხადებ: თუ უნებლიე შეცდომებია, მაშინ ამ საქმის პროფესიონალი კი არა, დილეტანტი ხარ და ფეხბურთზე არც უნდა ილაპარაკო, არამცთუ კლუბში იმუშაო, ხოლო თუ იცი, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებ და მაინც აგრძელებ მუშაობას, თანაც ხელმძღვანელობ და რაიონის ბიუჯეტის თანხებს 100 ათასობით აქეთ-იქით ,,აკატავებ”, რომელმაც ბოლოს მილიონები დაწერა, უკვე ,,შეთქმულების უნებლიე მონაწილე“ ხდები. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არ ფიქრობ აუცილებელ რეფორმებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე და ვერ ღებულობ დროულ გადაწყვეტილებებს, საერთოდ არ გაგაჩნია სტრატეგიული გეგმა, ანუ მიყვები იმ დინებას, რომელიც იცი რომ მომავალში არაფრის მომცემია და ერთ დღეს სადღაც უხერხულ ადგილზე გაგჭედავს.
2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა არჩევნები ,,ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და ხელისუფლებაში მოვიდა, ფეხბურთში ტარდებოდა საშემოდგომო -საგაზაფხულო, ანუ გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატი (2012-2013 წლების) და ,, გურია’’ მე-2 ლიგაში გამოდიოდა. 2012 წლის ბოლოს, ანუ ჩემპიონატის პირველი წრე სამეულში დაამთავრა. რა დაფინანსება ქონდა ეს ჩემი საქმე არაა, მე მხოლოდ ერთი ვიცი, იმ ბიჭებმა მაშინ მაგრად იშრომეს, შედეგი დადეს და თავისი ოფლის საზღაურიც მოითხოვეს. მაგრამ ფული რომ არ გადაუხადეს და სხვადასხვა ტიპის პროტესტი გამოთქვეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ, პროგრეს ბანკში თავდებობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და კლუბმა 435 000 ლარის საკრედიტო ხაზი მიიღო. ხოლო ამ კრედიტს, ხელშეკრულების შესაბამისად რომ ვერ მოემსახურნენ და ფული გრაფიკის მიხედვით ვერ დააბრუნეს, თემურ ჩხაიძე მთელი თავისი დეპუტატობის პერიოდში შავ სიაში იყო შეყვანილი და მისი ოჯახისთვის სახელფასო თუ იპოთეკურ სესხსაც ვერ იღებდა. როგორც ახლა აღმოჩნდა, ამ თანხიდან 237 000 ლარი 2013 წლის 1 იანვრამდე აითვისეს, დანარჩენი კი არ გამოუყენებიათ, რომელზეც ბანკი თავისთავად საჯარიმო სანქციებს გაატარებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის კურიოზი ის არის, რომ 2013 წლის საგაზაფხულო ჩემპიონატზე , როცა გურია უმაღლეს ლიგაში გადავიდა, (რითაც ასე ტრაბახობს დღემდე მაშინდელი ხელმძღვანელობა) და ფეხბურთელებს დამსახურებულად ეკუთვნოდა თავისი შრომის ანაზღაურება, ხელფასები და პრემიები ბოლომდე არ გადაუხადეს, ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობის წინ ,,რუსთავი-2-ს’’ პრესკონფერენცია მოუწყვეს და ღიად ილაპარაკეს ყოველივე ამის შესახებ. მაშინ პირველ ეტპზე შვიდმა ფეხბურთელმა, ხოლო შემდგომ ხუთმა, გუნდი პროტესტის ნიშნად დატოვა, ანუ გუნდი ორჯერ დაიშალა და მესამეჯერ ასაწყობი დარჩა, რაც საფეხბურთო ლოგიკის ყველა პარამეტრით, ე. წ ,,უნებლიე შეთქმულების“ პირველი შემთხვევა იყო.
ცოტა უკან დავიხევ და მკითველს შევახსენებ, რომ ლანჩხუთში ,,ქართული ოცნების“ ლოზუნგი იყო: ,,ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად“, რადგან ჩვენ სიტყვის პატრონები ვიყავით, კლუბის მაშინდელი ხელმძღვანელობისათვის არავის არ უკადრებია, რომ პოზიციები დაეთმოთ და გუნდიდან წასულიყვნენ. გამგებლის, დეპუტატის და ყველას, ვინც ,,გურიას“ ირგვლივ ვტრიალებდით შეთავაზება იყო ასეთი: არსებული ხელმძღვანელობა პლიუს ორი კაცი. კობა მირზაშვილი და გიალო ჩხაიძე. დამსხდარიყვნენ ერთად , მოელაპარაკათ და გაეგრძელებიათ მუშაობა . ეს ხდებოდა 2013 წლის იანვარში. საბენდიეროდ ყველაფერი ასე მოხდა და თუ ზუსტად მახსოვს კობა მირზაშვილი დაინიშნა ლიცენზირების მენეჯერად და გიალო ჩხაიძე რიგით მწვრთნელად.
2012-2013 წელს საგაზაფხულო ჩემპიონატში, ანუ მეორე წრეში ამ გუნდის ერთად მუშაობის პერიოდში ,, გურია“ მიღწეული შედეგებით გადავიდა უმაღლეს ლიგაში და 2013-2014 წლების ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, გუნდს შეკრება უნდა დაეწყო ივლისის თვიდან. ალბათ გაიხსენებთ, რომ მაშინ არ იყო არც სტადიონი და არც ბაზა. გადაწყდა, რომ გუნდი შეიკრიბებოდა გრიგოლეთში დაქირავებულ კერძო სახლში, კვება იქნებოდა იქვე, ხოლო გუნდი ივარჯიშებდა გრიგოლეთის ბაზის მინდორზე. ოფიციალურ თამაშებს კი ჩაატარებდა ქობულეთში. აქვე მინდა ლანჩხუთელებს შევახსენო, რომ 2013 წელში დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ შეძლო ლანჩხუთის ,,გურიასთვის’’ დაებრუნებია წართმეული გრიგოლეთის ბაზა, ხოლო გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შეძლო შუხუთის ლელობურთზე ჩამოსულ და გამარჯვებულ ლელობურთელებთან ერთად სასაფლაოზე მიმავალ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის საქველმოქმედოდ ეთხოვა 500 000 ლარი, რითაც გარემონტდა სტადიონის ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები თუ სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები,შემოიღობა სტადიონი და სხვა.
ამ პერიოდში, 2013 წლის ივლისში, ანუ როცა გუნდი უნდა შეკრებილიყო, ვგებულობთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას შორის ხდება შეუთანხმებლობა და გუნდი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ორჯერ დაშალეს და კობას და გიალოს ხელმძღვანელობით მესამედ ააწყვეს. თუ რატომ მოხდა ყოველივე ეს, ვინ იყო ამის სულის ჩამდგმელი, ვის გაუბედეს ყოველივე ეს და რატომ ვერ მოება თავი ამ კონფლიქტს, რატომ ვერ მიიღო საჭირო გადაწყვეტილებები და ძირშივე ვერ აღკვეთა ასეთი ქმედებები, რატომ არ მიუჩინა ადგილი ე.წ. ,,პროფესიონალებს“, რომლებიც შემდეგ უფრო მეტად გათამამდნნენ და ასეთი ,,პროფესიონალიზმი“ წესად დათესეს კლუბში, რომელიც ამ კლუბის ,,ნოუჰაუ“ გახდა, იცით ვის უნდა ჰკითხოთ?! ალბათ მიხვდით. მაგრამ შეიძლება კითხვაც გაგიჩნდათ ჩემდამი, შენ როგორც გულშემატკივარმა რა ქენიო? იცით რა ვქენი?: ლანჩხუთში ერთ კაცს_ ერთ ოჯახში დავუძახე, ისინი ორნი მოვიდნენ, ჩვენც ორნი ვიყავით. წინასწარ ვუთხარი, ამ ოჯახში პონედელნიკია ნამყოფი და პურმარილი აქვს მიღებული მეთქი, შემდეგ თვალი თვალში გავუყარე და ვკითხე: რა ხდება და რატომ ხდება ყოველივე ეს გრიგოლეთში მეთქი? მე რა შუაში ვარო. შუაში კი არა თავში ვინც არის, ვინც ამ საქმის გენერალია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით , ამიტომ სანამ იმ პაგონებს დავახევდეთ, ჯობია აზრზე მოვიდეს და ამ სიბინძურეს თავი დაანებოს მეთქი. შემდეგ, იქ კაცური და მეგობრული საუბარი გაიმართა, მეორე დღიდან კი გრიგოლეთში წესრიგი დამყარდა , გუნდი თავიდან აიწყო მესამეჯერ და ამ გუნდმა 2013-2014 წლების ჩემპიონატის პირველ წრეში მეოთხე ადგილი დაიკავა 27 ქულით. ყოველივე ეს კობა მირზაშვილის ხელმძღვანელობით და საკუთარი ოჯახიდან გამოტანილი ფულით ხდებოდა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა 200 000 ათას ლარზე მეტი ყოფილა. შედეგი დადგა, მაგრამ ის სიბინძურე, რაც მოხდა, ეს ხომ ფეხბურთელებმაც დაინახეს და მიხვდნენ, ვინც იდგა ამ საქმის უკან. ფეხბურთელები იქამდე მიიყვანეს და ტვინი ისე გადაუტრიალეს, რომ პოლიციის შენობის წინ,, რუსთავი 2’’-ის ტელეკამერებთან ფეხბურთელისათვის მიუღებელ თემებზე ალაპარაკეს. ასეთი რამე ,,გურია“-სთვის ყოველთვის უცხო რამ იყო, ,, გურია“ ყოველთვის კაცების გუნდი იყო. ფეხბურთელი მართალია ბავშვობიდანვე ,,წაართვი, მოატყუე და შეუგდეს“ პრინციპით იზრდება, მაგრამ იგი მას მინდორზე თამაშის და ვარჯიშის დროს მოეთხოვება. შენ მას ამის საპირისპიროდ ადამიანური და კაცური ქმედებები უნდა დაანახო, არ უნდა წაართვა , არ უნდა მოატყუო და ათასი სიბინძურე არ უნდა შეუგდო, თორემ თავს არ მოგახმარს და არ გაპატიებს, ხოლო თუ შენ მართალი ხარ და მან იგი მაინც გაგიბედა, იმის თავი უნდა გქონდეს, რომ ერთი ადგილი მიაყენებიო, და თუ ეს არ შეგიძლია მაშინ შენ უნდა წახვიდე.
რა მოხდა შემდეგ: 2013 წლის ბოლოს, გურიის მხარის ახალი ხელმძღვანელი დაარწმუნეს იმაში, რომ თურმე რეგიონში ყველაფერი რიგზეა და მხოლოდ ,,გურიაშია“ აღსადგენი სამართლიანობა და უნდა შეიცვალოს კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე მწვრთნელთა შემადგენლობაც. დღესაც თვალწინ მიდგას საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეკრებილი გუბერნატორის, გამგებლის და ამ შეხვედრაზე დამსწრეთა სახეები: ვერ უპასუხეს ჩემს მიერ დასმულ კითხვას, ამიხსენით მიზეზი რატომ უნდა წავიდეს კობა, მწვრთენელები, რა დააშავეს, გვერდში არ ედგა ქართულ ოცნებას, ლომის წვლილი არ მიუძღვის, რომ თქვენ დღეს გუბერნატორი , გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გახდით, ფული რომ დაჭირდა კლუბს უკან დაიხია, შედეგი არ აქვს თუ რა? ვიკითხე კატეგორიულად და ვერ მივიღე ვერავისგან პასუხი. გამგებელს ენა არ ამოუღია , მეორე დღესაც იყო შემოტევა, მაგრამ ეს პროექტი ჩაუვარდათ. კობა და სხვები დარჩნენ, მაგრამ მოდით ყოველივე ამას შევხედოთ მეორე მხრიდან. ამ ფაქტის შემდეგ დაეცა თუ არა კლუბის ხელმძღვანელობის ავტორიტეტი ფეხბურთელების , თანამშრომლების და საერთოდ საზოგადოების თვალში. არის თუ არა ეს ფეხბურთის საზიანოდ გადადგმული ,,უნებლიე ნაბიჯი“ იმ შეთქმულებაში უნებლიეთ მონაწილეობა, რომელიც შემდეგ შედეგებში პოვებს ასახვას. რა თქმა უნდა, არის. მოკლედ ამ ,,ეგრეთწოდებულმა პროფესიონალებმა“ შეძლეს კობას მდგომარეობიდან გამოყვანა, ამას დაემატა მისი ოჯახური ტრაგედია და კობა წავიდა; მოვიდა გოგი, წავიდა გოგი -მოვიდა ოთარი, წავიდა ოთარი და მოვიდა ლადო, რომელიც მოსვლის დღიდან გაიძახის, ეს სად მოვედიო, რა შეცდომა დავუშვიო. ისე, მას მოერიდა ეტყობა ამის თქმა, მაგრამ მე გეტყვით, ეს არის კაცი, რომელსაც ხელფასს არ აძლევდნენ, მაგრამ კლუბს ემსახურებოდა საკუთარი მანქანით და პროკურორობის პენსიის ფულით ნაყიდი ბენზინით. ამის ანალოგი ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება. მოდით ახლა საკადრო პოლიტიკის სხვა სტატისტიკასაც გადავხედოთ: ხუთ წელიწადში კლუბში შეიცვალა ხუთი დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხუთი ფინანსისტი და ფინანსური დირექტორი. 15-ჯერ მთავარი მწვრთნელი,ხოლო გუნდში მოიწვიეს და გუნდიდან წავიდა 280-ზე მეტი ფეხბურთელი. თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა იყო და არის, ამაზე ფინანსურმა დირექტორმა ილაპარაკა. თუმცა მგონი უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რათა საზოგადოებისათვის ეს საკითხი უფრო ნათელი გახდეს, რათა პასუხგაუცემელი კითხვები მომავალში არ წარმოიშვას და თვითონ არ აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში.
-შეცდომებისგან გამოწვეულ ფაქტობრივ მდგომარეობებზე ვილაპარაკეთ, ნაწილობრივ ფინანსური, კადრების აგრეთვე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების შერჩევის მიმართულებით რაც თქვენი ფორმულირებით არის შეთქმულებაში უნებლიე მონაწილეობა. რას გვეტყოდით თქვენს პირად შეცდომებზე, რომელიც დაუშვით კლუბში მიმდინარე წელს, რვა თვის მუშაობის მანძილზე, თქვენც ხომ არ გახდით ამ შეთქმულების უნებლიე მონაწილე?
-ჩემი პასუხი ცალსახაა, რა თქმა უნდა მეც, ისე როგორც ყველა, თანამდებობისა და ფუნქციის მიუხედავად, უნებლიე მონაწილე გავხდით იმ დღიდან, როცა მე გავიგე, რომ მერაბ ჟორდანიას ინვესტორად მოსვლა და კლუბის ჩაბარება არარეალური იყო. მე ხომ თავიდანვე შემოთავაზებას კლუბში დირექტორად მოსვლაზე იმ პირობით დავთანხმდი, თუ ჩვენ და რაიონის ხელმძღვანელობა ყველა ერთად ხელს შევუწყობდით და დავაჩქარებდით ჟორდანიას მოსვლას , რადგანაც მე ხომ სხვაზე უფრო ვიცოდი ლანჩხუთლების გემოვნება და მოთხოვნილების დაკმაყოფილება ა(ა)იპ -ის პირობებში შეუძლებელი იყო. ამ ლოდინში დღეები სწრაფად მიქროდა, გუნდი თამაშს თამაშზე აგებდა, თანდათან მეც ამ წუმპეში ვიძირებოდი, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, ლანჩხუთელებსაც ვარწმუნებდი, რომ ნუ გეშინიათ გუნდი არ გავარდება მეთქი, იმიტომ რომ ასე მჯეროდა. დღეს ამ ხალხს თვალებში ვეღარ ვუყურებ, ამ დროს სუფთა ვარ. შემდეგ, როცა 2017 წლის 21 აგვისტოს მერაბ ჟორდანიამ კლუბის განვითარების კონცეფცია და მარკეტინგის განვითარების შესანიშნავი პროექტი ოფიციალურად გამოაგზავნა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, ხოლო მათგან ეს დოკუმენტები დეპუტატის ბიუროს მეშვეობით ჩვენს პარლამენტარს მიეწოდა და ჩემი კომისიაზე მიცემული სიტყვა ქალბატონ ნინოსადმი რეალურად შესრულდა, კიდევ ერთხელ იმედი მომეცა, რომ საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ ამაოდ, პასუხიც არავის მოუცია. 18 სექტემბერს, გია გურულმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ჟორდანიას მოსვლა კლუბში არარეალური იყო, მას ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ჩანს პირველწყაროდან ჰქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან ღალატი იქნებოდა, ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტეთ. სახლში ჩასატარებელი ზედიზედ სამი თამაშის იმედი მქონდა. სამივე წავაგეთ, დავრწმუნდი რომ გია გურული უიღბლო მწვრთნელი იყო და ის უნდა გადამდგარიყო. რითაც სამართლიანობის აღდგენისათვის გიგლა იმნაძეს და გიალო ჩხაიძეს დავაბრუნებდით და ეგებ ღვთის წყალობა დაგვბედებოდა. თუმცა მათგან კატეგორიული უარი მივიღეთ, რადგან მათ თავის დროზე უღირსად მოექცნენ და არ გვაპატიეს, თუმცა უფალმა მაინც გადმოგვხედა, როცა გიორგი ინაიშვილი გამოჩნდა, ხოლო დავით მახარაძე სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად მუშაობაზე დაგვთანხმდა. გუნდი სხვანაირად ათამაშდა, დარჩენილი შვიდი თამაშიდან_ ოთხი მოვიგეთ, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა . პლეიოფის თამაშების ჩათვლით, კვლავ უიღბლობა დაგვებედა. როდესაც შეთქმულებაზე ვლაპარაკობ, ამ სიტყვებში ზოგიერთმა შეიძლება თავისი თავი ამოიკითხოს, ამიტომ თუ აქამდე მოძღვართან არ ყოფილხართ, არ მოგინანიებიათ, აღსარება არ გითქვამთ და შენდობა არ გითხოვიათ, ჯობია ეს დროზე გააკეთოთ.
რაც შემეხება მე, ამ ეტაპზე 7 დეკემბრიდან გამოძიების დამთავრებამდე ჩემი ხელშეკრულება დროებით შეჩერებულია, შევხედავ როგორ განვითარდება მოვლენები, რა დასკვნები დაიწერება, იქნებ დასაჭერი და პასუხისგებაში ვარ მისაცემი (რა თქმა უნდა ცხონებული ილოს თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ) ,შემდეგ კი, მე გადავწყვიტავ და არა სხვა, სად გავაგრძელებ მუშაობას. თუ კლუბში კობა მირზაშვილი დაინიშნა, რომელსაც ყველაზე მეტი მორალური უფლება აქვს კლუბში დაბრუნდეს , მასთან აუცილებლად ვითანამშრომლებ, გააჩნია როგორ სტრუქტურას და სტრატეგიას ჩამოაყალიბებს; საქათმეში ახალი მამალი რომ უნდა გამოჩნდეს, ეს ფაქტია. ,,საქათმეში“ ამ შემთხვევაში მიშას მოგონილ ა(ა)იპ -ს ვგულისხმობ, ნგრევა რომ უნდა მოხდეს ეს გარდაუვალია, როგორ შეიძლება ა(ა)იპი და ფეხბურთი ერთად? ეს ხომ შეუძლებელი და არაფრის მომცემია. სხვათა შორის ამ სტრუქტურულ ცვლილებებზე ოთხი წლის უკან სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი კატეგორიულად ავალებდა შესაბამის სამსახურებს, მოეხდინათ აღნიშნული ნონსენსის გასწორება, ოთხი წლის შემდეგ ამის გამოსწორება რომელიღაც მუნიციპალიტეტმა ხომ უნდა დაიწყოს. სხვათა შორის, ლანჩხუთის მერიის ვებ გვერდზე ბატონი ალეკოს ინიციატივა წავიკითხე, კლუბის მართვის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მომეწონა, თუმცა არ ვიცი ბოლომდე რას გულისხმობს. მას არჩევის შემდეგ სულ ერთხელ შევხვდი. შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა და არ დამანახოთო იძახის თურმე. ძალიან გამიკვირდა , თუმცა არ ვუმტყუნებ, მისი კონსიგლიორებისგან ისეა ,,დაგრუზული“, მოვა დრო და ჩვენ ერთმანეთს ჩავხედავთ თვალებში. რაც შეეხება აუქციონის ჩატარების იდეას, მას მივესალმები, მაგრამ თუ აუქციონის პირობები მან ამჟამინდელ მის ,,კონსიგლიორებს“ დააწერინა და კომისიის წევრებიც შემდეგ ისინი იქნებიან, წინასწარ გეტყვით, რომ არაფერი გამოვა და ერთ წრეზე ვივლით. ბატონო ალექსანდრე, თქვენ დღეს იმ რაიონის არჩეული მერი ხართ, სადაც იმპერიის პირობებშიც კი, რეფორმები თამამად განხორციელდა და პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი ჩამოყალიბდა, 440 სხვადასხვა პროფილის კოოპერატივი ფუნქციონირებდა, ხოლო პირველი სააქციო საზოგადოება საქართველოში, სწორედ ლანჩხუთში ჩამოყალიბდა და რომლის თავმჯდომარე პირველი სამი წლის განმავლობაში მე ვიყავი, ასე რომ, თამამად იმოქმედე, ნუ გეშინია და თუ შეძლებ, რომ ველური სოციალიზმიდან ქვეყნის გამოყვანის პირველი ნაბიჯები სწორედ ლანჩხუთში გადავდგათ და ამის ელმავალი თქვენ იქნებით, თქვენი სახელი ემზარ ბერიძის, თემურ გუგუნავას, ალბერტი ლომაძის და სხვათა შემდეგ, ლანჩხუთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. თუ ამას არ იზამთ, იცოდეთ უნებლიეთ მოხვდებით იმ გზაზე, რომელიც ,,გურიას“ დიდებამდე არ მიგვიყვანს.
-მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ გურიას თემას. როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი. რა უნდა გაკეთდეს მისი დიდების აღსადგენად?
-1.დავეთანხმები ბატონ ალექსანდრეს და გამოცხადდეს აუქციონი, კლუბის პირობა დადებული მიყიდვის წესით უკეთესი ინვესტორის (შემდგომ ,,მეპატრონის“) გამოსავლენად. მთავრობა დავარწმუნოთ, რომ ლანჩხუთის ,,გურია“ ვერ იარსებებს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის გარეშე, რადგან ლანჩხუთი არ არის თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ა.შ. და აქ შეუძლებელია ფეხბურთელი მოიზიდო ბაზის გარეშე. ამიტომ იგი უზურფრუქტით მინიმუმ 25 წლით გადაეცეს ინვესტორს მართვის უფლებით.
2. გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე საინვესტიციო ვალდებულებების (ახლის მშენებლობის, რეკონსტრუქციის,რემონტის და ა.შ.)შესრულებისათვის დახარჯული თანხები ჩაეთვალოს ინვესტორს უზურფრუქტისათვის გადასახდელ ყოველწლიურ ღირებულებაში.
3.ბაზის საინვესტიციო ვალდებულებებში კონკრეტულად უნდა გაიწეროს ასაშენებელი, სარეკონსტრუქციო თუ სარემონტო სამუშაოები მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებებით და შესრულების დროით. ინვესტორს უნდა მიეცეს მხოლოდ ფეხბურთის და ბავშვთა ფეხბურთისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობის უფლება.
4.მუნიციპალიტეტი ინვესტორს უსასყიდლოდ უნდა მოემსახუროს სტადიონით და მისი ყველა ინფრასტრუქტურით. ხოლო უზურფრუქტის ღირებულებაში უნდა იყოს ზუსტად ის თანხა, რა მშენებლობებისა და რემონტების ღირებულების განხორციელებასაც ივალდებულებს ინვესტორი, მაგრამ წელიწადში არანაკლებ 300 000 ლარზე ნაკლები.
5. ინვესტორმა უნდა ჩამოაყალიბოს სააქციო საზოგადოება ,,ლანჩხუთის გურია“ იმ საწესდებო კაპიტალის ოდენობით, რა ქონებაც გადაეცა უზურფრუქტით, პლუს კლუბის ქონების ღირებულება ბრენდის ჩათვლით. ყოველივე ამაზე უნდა იყოს აუდიტის დასკვნა.
6. ინვესტორი ვალდებული უნდა იყოს სააქციო საზოგადოების დაფუძნებაში მიაღებიოს მონაწილეობა იმ ლანჩხუთელებს, რომლებიც ადრე იყვნენ კლუბის წევრები და ამჟამადაც გააჩნიათ ამის სურვილი და მათ მიერ შემოტანილი თანხის პროპორციულად უნდა გადაეცეთ აქციები. ამ ფორმით საზოგადოების ჩართულობა სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებაში გამორიცხავს ამ თემის ირგვლილ აგორებულ სხვადასხვა ჭორებს, იგი უფრო აქტიური და ღირსეული გულშემატკივარი ხდება. ხოლო ასეთი წევრების რაოდენობა და მათი წილი სააქციო საზოგადოებაში ჩემი აზრით არ იქნება 5 %-ზე მაღალი. დანარჩენი 95% კი მთლიანად ინვესტორის ანუ მსხვილი აქციონერის ხელში იქნება, რომელიც მას შეეძლება მართვისათვის განკარგოს მხოლოდ ფეხბურთის სფეროში მოღვაწე პიროვნებებზე და სხვა ცნობილი კლუბების მეპატრონეებზე და აქციონერებზე.
7. ინვესტორი ვალდებული უნდა იყოს, არ შეცვალოს ,,გურია“-ს ლოგო და სხვა ატრიბუტიკა, ხოლო მისი უფლება უნდა იყოს ეწეოდეს მეწარმეობას და კომერციულ საქმიანობას ადგილობრივი პირობების მაქსიმალური ათვისების ხარჯზე, რათა კლუბს შეუქმნას შემოსავლის მყარი წყაროები და მაქსიმალურად დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა.
ამის გარდა, არის მთელი რიგი საკვანძო ორგანიზაციული საკითხები, რომელიც მუშაობის პროცესში გამოჩნდება და დაიხვეწება, მისი გაჟღერება კი დღეს სავალდებულოდ არ მიმაჩნია. დაინტერესებულ პირებს კი შემიძლია უფასო კონსულტაციები ჩავუტარო, მთავარია დავიწყოთ და გადავდგათ გაბედული ნაბიჯები კანონის ფარგლებში, რათა კიდევ ერთხელ არ დავკარგოთ ისეთი პოტენციური და რეალური ინვესტორები, როგორებიც იყვნენ თავის დროზე : 2013 წელში მარინა თოთლაძე და მისი პარტნიორები, 2015 წელში გამგებლის მიერ მოყვანილი ყაზახი მილიარდელი ბიზნესმენი, რომლის საცნობარო საინფორმაციო ბუკლეტზე პირადად მე მთელი ერთი კვირა ვმუშაობდი, 2016 წელში ყოფილი დეპუტატის თემურ ჩხაიძის მოყვანილი ესპანური აგროინდუსტრიული ჰოლდინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ორი პროექტის: საფეხბურთო კლუბის ინვესტირებას და თევზის ინტენსიური ტექნოლოგიით წარმოების განხორციელებას გეგმავდნენ. 2016 წლის აგვისტოდან დაწყებული და დღემდე ბურუსით მოცული შპს ,,ინტერკორის“(მერაბ ჟორდანიას კომპანიის) საინვესტიციო წინადადებები, ხოლო, რაც ახლა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კობას მიერ მოყვანილი უკრაინული ბიზნესჯგუფის შემოთავაზებული წინადადებების შესახებ შევიტყვე, ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი შანსის ხელიდან გაუშვა, თანაც იმ მომეტში, როცა კლუბის ფეხბურთელებით დაკომპლექტება, უკვე დაგვიანებულია და ყოველდღიურად გვიანდება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 581
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა