ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის ექს-გამგებლის სკანდალური აღიარება (?!)

ლანჩხუთის ექს-გამგებლის სკანდალური აღიარება (?!)
23-06-2017, 00:00

პროფესიით ექიმი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ პოლიტიკაში აღმოჩნდა. ასკურავა ,,ვარდების რევოლუციის~ აქტიური მონაწილე გახლდათ, თავდაპირველად ის ,,კონსერვატორების~ რიგებში იყო, მაშინდელ მაჟორიტარ ბიძინა გუჯაბიძეს ოპოზიციაშიც გაჰყვა, თუმცა მალევე გულმა გაუწია `ნაციონალებისკენ~, რომელსაც დღემდე ერთგულობს. იგი სხვადასხვა დროს ორჯერ დაინიშნა ლანჩხუთის გამგებლის მოადგილედ, სამი წელიწადი დაჰყო გურიის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე, იყო აგრეთვე ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, ბოლოს გამგებლის მოვალეობას არულებდა. იგი მუდამ გამოირჩეოდა ხმაურიანი და სკანდალური განცხადებებით, მათ შორის, მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროსაც, რის გამოც არამხოლოდ ადგილობრივი მედიის სასურველი რესპონდენტია. მას არც შეცდომების აღიარება უჭირს და ამის ნათელი დადასტურებაა ქვემორე ინტერვიუც. ჩვენ ოპოზიციონერ დეპუტატს ,,ნაციონალების~ 9 და ,,ოცნების~ 5 წელზე, ასევე მისი და პარტიის მომავალ გეგმებზე ვკითხეთ: - ბატონო კახა, თქვენმა ხელისუფლებამ 9 წლის მანძილზე, მოიპოვა როგორც რეფორმატორის, ასევე მოძალადის რეპუტაცია. საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება და პოზიცია. - ფაქტობრივად, თქვენს კითხვაში იყო პასუხიც. დიახ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ~ გაატარა უამრავი კარგი რეფორმა, მათ შორის აღსანიშნავია პოლიციის, განათლების, ენერგეტიკის სფეროებში მომხდარი ევოლუციები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ასეულობით პოლიციელს გაუშვებ, ეს ტკივილის და პროტესტის გარეშე ჩაივლის? ყველა რეფორმა მტკივნეულია, თუმცა საჭირო იყო მაშინ სწორი მოქმედება, ქვეყანა ყელამდე კორუფციაში იჯდა. ყველა სისტემაში, რგოლში ნეპოტიზმი და მექრთამეობა ჰყვაოდა. ქვეყანა დაემსგავსა ქვეყანას, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სამწუხაროდ,მმართველობის ბოლო წლებში ჩვენს ხელისუფლებას აუცდა ხელი საზოგადოების მაჯისცემიდან, მოხდა ხალხთან დაშორება. ქართველის ადამიანის მენტალიტეტი კარგად ვიცით, როგორია, როდესაც საქმე მის თავმოყვარეობას ეხება, ეგრევე ივიწყებს სხვა ყველაფერს. სწორედ ასე მოხდა 2012 წელს, ჩემის აზრით, ხალხმა სამართლიანად უთხრა მაშინ გადამეტებულ უფლებამოსილებებს, შელახულ თავმოყვარეობას - არა! ხალხი ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში მართალია და ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის... - დადგა 2012 წელი და მოვიდა ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება~. - პირდაპირ ვამბობ, ამ ადამიანებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ქვეყნის მართვა მოუწევდათ. უმრავლესმა მათგანმა დაიძინა, გაიღვიძა და სათავეში აღმოჩნდა. ხალხმა კოალიციას კი არ მისცა ხმა, არამედ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოება იყო უკეთესის ძებაში და ვერ გავამტყუნებ, მაგრამ რაც მივიღეთ, კი ვხედავთ. ამ ადამიანს არ გააჩნდა არანაირი გეგმა ქვეყნის კეთილმოწყობის, უბრალოდ, მას სძულდა სააკაშვილი და სურდა ხელისუფლებიდან მოეშორებინა მიშა და მისი გუნდი. მას ჰქონდა პირადი ვენდეტა, ყველანი ვხედავთ, ამ ადამიანის ერთადერთი საზრუნავი არის თავის დენდოლოგიურ პარკში ხეების გადარგვა. ესენი უბრალოდ გონზე არ არიან როგორ მართონ ქვეყანა, მიედებიან-მოედებიან და არაფერი არ გამოსდით. ხან პუტინს უგორებენ კოჭს, ხან _ ამერიკას, ხანაც _ ევროპას და საბოლოო ჯამში, შედეგი ნულია. ამ ინტერვიუს ახალგაზრდები წაიკითხავენ და მინდა მათ ვუთხრა, არ გეგონოთ, რომ ევროლიბერალიზაციის პროცესში ამ ხელისუფლებას რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. საქართველო ამ პროცესებში ჩართულია 25 წელზე მეტია. საერთოდაც, არ მახსენდება დიდი და წარმატებული პროექტი, რომელიც ამ მთავრობამ გააკეთა. - მაგრამ, ამბობენ რომ მათ წარმატებულ საქმიანობაში ხელს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან~ კოჰაბიტაცია უშლიდათ. - ეს არის სრული აბსურდი, მართალია 2012 წელსვე ყველა რგოლი ვერ აიღეს, თუმცა მალევე პრეზიდენტის ინსტიტუტიც და ადგილობრივი თვითმართველობა მათი გახდა. არაერთგზის დაარღვიეს კანონი, მათ შორის ლანჩხუთშიც. შტურმით იღებდნენ თვითმმართველობებს და ძალადობდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტებზე, ოფისებზე. რაც შეეხება კოჰაბიტაციას და მათთვის ხელის შეშლას, თითიდან გამოწოვილი თემა და ამ ხელისუფლების სუსტი მხარეა, დააბრალოს თავისი უნიათობა სხვებს. ქართველმა ხალხმა სრული ნდობა გამოუცხადა `ოცნებას~, სწორედ იმიტომ, რომ არ ეთქვათ, ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთო. შემდეგ ამათ ეს ნდობა როგორც გამოიყენეს, ყველანი ვხედავთ. აგრეთვე მინდა დავამატო, რომ ,,ქართულმა ოცნებამ~ მოიპარა საკონსტუტიციო უმრავლესობა, ართმევს ხალხს პრეზიდენტის ინსტიტუტს. არავითარი ხელისშემშლელი ძალა არ ჰყოლიათ ამათ. ხოლო ის ბინძური ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ძალადობებში, ციხის კადრების გადაღება-გავრცელებაში, ასევე მონაწილეობდნენ მასში, ამ ხელისუფლებამ მშვენივრად გამოიყენა და კვლავ აკეთებინებს ბინძურ საქმეებს. თორემ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად რომ არ ჰყავთ ეს ხალხი, ფაქტია. - ლანჩხუთის რეალობაში რა შეიცვალა, რა სხვაობას ხედავთ თქვენსა და ,,ოცნების~ მმართველობებს შორის? - დავიწყოთ იქედან, რომ დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ და დიდძალი თანხები თავიდანვე ვერ წამოვიდოდა ლანჩხუთში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ დროს გაკეთდა ძალიან ბევრი საქმე, გენერალური პროექტები მათ შორის. აშენდა ხუთი სკოლა, გაკეთდა ორი დიდი მაგისტრალი, ქალაქ ლანჩხუთის სრული გაზიფიცირება მოხდა. ეს მცირე ჩამონათვალია, ამათი მოსვლის შემდეგ დამისახელონ ასეთი დიდი პროექტები, სადაც მილიონები ჩაიდო და ეფექტური გამოდგა შემდგომ. შუხუთლებს გზის პიკეტირებაც კი მოუწიათ, რათა გაზი ჰქონოდათ. ასევე მოხდა ნიგოითის შემთხვევაშიც. ჩვენ ნამდვილად არ გვიკეტავდნენ გზებს ლანჩხუთში, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდის და რისთვის ვიყავით ხელისუფლებაში. არავის ეგონოს, რომ პატარა საჯარო მოხელეები საერთო ჯაჭვის ნაწილი არ არიან. სწორედ ადგილობრივი დონიდან იწყება ქვეყნის მშენებლობა, აქედან უნდა შეიკრას წრე. დღეს გამგებელი და მისი მხარდაჭერები სიამაყით აცხადებენ, რომ დიდ თანხებს იძიებენ, თუმცა საინტერესოა მაშინ, სად მიდის ეს თანხა და ჩვენი რაიონიც რატომაა ასეთ დღეში. ჩვენ დროს საჯარო მოხელე ჰგავდა მართლაც საჯარო მოხელეს, ვერ დაიგვიანებდა სამსახურში, ვერ გააცდენდა, თუ კი, რა თქმა უნდა, ამის სერიოზული მიზეზი არ ჰქონდა. ნამდვილად დიდი სხვაობაა ჩვენს მმართველობასა და ამ ვაკხანალიას შორის. - რაც შეეხება ბიუჯეტეს, თქვენ მუდმივად ხაზს უსვამთ იმას, რომ ბიუჯეტი ვერ სრულდება, თუმცა ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ ბიუჯეტი არ ვარდება და ხდება შესაბამისი თანხების მოძიება დროულად. - რას ეძახით თქვენ დროულად, ან რომელი ბიუჯეტი შესრულდა. მაგალითად, გასულ წელს გვქონდა ასეთი რეალობა, 25 დეკემბერია და ბიუჯეტი განწირულია ჩასავარდნად, რა გზა ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას, გარდა იმისა რომ 250 000 გამოეყო ბოლო დღეებში. ეს იმიტომ, რომ საარჩევნო წელი მოდიოდა და უბრალოდ გამოსავალი არ ჰქონდათ. თუმცა, ისიც არ შესრულდა 100 პროცენტით, სადღაც 93 პროცენტი და ადგილობრივი რესურსი. ჩავარდა 2015 წლის ბიუჯეტიც, იმიტომ რომ დღეს ლანჩხუთის მმართველობა არ არის ეფექტური და ადეკვატური, არც მენეჯმენტია თავის ადგილას და არც არაფერი. ჩვენ ამ ყველაფერს დავუპირისპირებთ ეფექტურ, გამოცდილ კადრებს. გამგებლობის კანდიდატიც იქნება ისეთი გამოცდილების, ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომ ხალხს არ გაუჩნდება ბევრი კითხვა. - თქვენი პარტია საკრებულოში წარმოდგენილია ორი წევრით, აგრეთვე შედიხართ ფრაქციაში ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის, რომლის თავმჯდომარეც ელგუჯა ჩხაიძე გახლავთ. რა ფუნქცია აქვს ამ ფრაქციას და თუ არის ადეკვატური ასეთი პატარა ფრაქციების არსებობა? - დიახ, ჩვენ და ბატონ ელგუჯას გვაქვს საერთო ხედვები, იდეოლოგიები. მართალია, ის ჩვენი პარტიის წევრი არ გახლავთ, მაგრამ მოვახერხეთ ერთად მუშაობა და მთავარ თემებზე აზრების შეჯერება. რაც შეეხება ამ ფრაქციის ეფექტურობას, იმიტომ ვართ უმცირესობაში, რომ არ გვაქვს ბევრი მანდატი, შესაბამისად, ჭირს იმ თემების სრულყოფამდე მიყვანა, რომლებზეც ვმსჯელობთ და გამოგვაქვს სხდომებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ მთლად არ მოვადუნებინოთ ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება. მე მაქვს ამომრჩევლის დიდი იმედი, რომ გააკეთებს შესაბამის დასკვნებს მიმდინარე მოვლენებიდან და არ მოტყუვდება ცარიელი დაპირებებით. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება, უფლებები და ხმებიც, როცა ამის დრო მოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ღირსების შელახვის გამო გადაირჩია ,,ნაციონალური მოძრაობა~ ხალხმა, თუმცა კარგად ჩანს ამათმა როგორ ,,აღუდგინეს~. - თქვენ რას ჰპირდებით ამომრჩეველს? - პირველ რიგში, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ვიმეორებ ჩინოვნიკი დაემსგავსება ჩინოვნიკს, ხალხის აზრი და სურვილი გახდება მთავარი. თითოეულ დახარჯულ თეთრზე ექნებათ სრული ინფორმაცია. მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, გაგრძელდება გენერალური პროექტები. ჩვენ განსხვავებით ,,ქართული ოცნებისა~ ტყუილ დაპირებებს არ გავცემთ. დიდ როლს თამაშობს აგრეთვე პრესა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დიდი ელექტორატი ჰყავს ,,ჰო და არას~, როცა წაიკითხავენ, თავად განსაჯონ, თუ ვამბობ ტყუილს! ყველაზე მთავარი, უნდა მოვახერხოთ და ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ხმები, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს. მინდა ყველა ლანჩხუთელს ვთხოვო, იყვნენ ყურადღებით და სახელმწიფოებრივად განწყობილნი. თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები