ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლევან ხაბეიშვილი: 2 ოქტომბერს ლანჩხუთიდან წამოვიღებთ ქართველი ხალხის გამარჯვების ოქმებს

10-09-2021, 13:39

9 სექტემბერს ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, ცნობილი სამართალდამცველი, ლია მუხაშავრია; ასევე ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული  საქართველოდან" პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბურჯანაძე. წარდგენას ესწრებოდნენ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტიის ადგილობრივი ლიდერები. ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.
,,ჩამოვედი გურიაში და ვაპირებ, რომ 2 ოქტომბრის ჩათვლით დავრჩე.  აქედან 2 ოქტომბერს წავიღო ოქმები, რომელიც იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების ამსახველი, იგი არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვების ამსახველი, ეს იქნება ჩვენი ხალხის გამარჯვების ოქმი, რომელიც გამარჯვებას იზეიმებს კრიმინალ მოძალადე რეჟიმთან. მე გურული ვარ და გული მწყდება  იმის თქმის გამო, რომ გურია არის ,,ქოცური" რეგიონი, რომ გურიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ,,ქართულ ოცნებას". ეს მითები და ლეგენდები ჩვენ 2 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ, გურულები ძალიან გონიერი ადამიანები ვართ, ძალიან სწრაფად ვაზროვნებთ, კარგად ვცნობთ შავს და თეთრს, კარგად ვარჩევთ კეთილსაც და ბოროტსაც. ყოველდღიურად რას გვეუბნებიან?! თითქოს  ჩვენ რაღაცა ,,ბანძი " ერი ვართ, რომ ჩვენ განვითარება არ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ სულ სადღაც, მეასე ადგილზე. უნდა ვიყოთ მოწინავეები გაჭირვებაში, სიკვდილიანობაში. არ შემიძლია კოვიდთან დაკავშირებით  არ აღვნიშნო _ ფაქტიურად ხელისუფლებამ სტატისტიკად გადააქცია და ამბობს, რომ მერე რა მოხდა... რომ იკლებს ადამიანთა სიკვდილიანობა ნელ-ნელა. უკაცრავად, მაგრამ ამ ათასობით დაღუპული ადამიანის უკან დგას კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ხელისუფლების გულგრილობის გამო.” _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც შემდეგ წარმოადგინა  პარტიული სიისა და მაჟორიტარობის  თითოეული კანდიდატი: ,, პირველი ნომერი, კახაბერ ასკურავა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახას რომ ლანჩხუთი უყვარს და მის ოჯახს ბევრი აქვს გაკეთებული ლანჩხუთისათვის ეს თითოეულმა ლანჩხუთელმა იცის; სიის მეორე ნომერი გახლავთ თანამედროვე ლანჩხუთის სინამდვილეში ერთ-ერთი ძლიერი გამგებელი, მებრძოლი ჯარისკაცი, თავისი ქვეყნის, უპატიოსნესი ადამიანი ლანჩხუთისთვის ძალიან საყვარელი,   ბატონი გიორგი გოგუაძე. სიის მესამე ნომერი, ქალბატონი ირმა მგელაძე, გუნდის ერთგული წევრი, პარტიის დაარსების დღიდან ყოფილი საკრებულოს წევრი, გამოცდილი საჯარო მოხელე და უბრალოდ ყურადღებიანი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ლანჩხუთელების პრობლემები. მეოთხე ნომერი ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი- გივი ცინცაძე, ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, მოძრაობა ,,საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ,,კარვების ქალაქის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, სიის მეხუთე ნომერი და ქალაქ ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ გუჯაბიძე, ყოფილი საკრებულოს წევრი, ენერგიული და გულისხმიერი, ლანჩხუთის სინამდვილეში ერთ-ერთი გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ოჯახის წარმომადგენელი. სიის მეექვსე მომერი ნიგოითი-შუხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ქალბატონი ლია ასკურავა, გუნდის ახალი სახე მან ზუსტად გაითავისა ამ რეფერენდუმის მნიშვნელობა, დატოვა საკმაოდ წარმატებული ბიზნესი და შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, მეშვიდე ნომერი სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონი დინარა ცხომარია, ძველი გვარდიის გამოცდილი, ენერგიული, სუფსის თემისთვის კარგად ცნობილი ადამიანი. მერვე ნომერი აკეთი-აცანა-მამათის მაჟორიტარობის კანდიდატი -ოთარ პატიეშვილი, რომელიც დიდი იმედებით მოვიდა პოლიტიკაში 2017 წელს და იგი წარმოადგენდა ,,ქართულ ოცნებას" და მისივე სიტყვებით საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა. ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრია, რომელმაც დატოვა მმართველი პარტია. მეცხრე ნომერი და ასევე ღრმაღელე-წყალწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბატონი გენადი შენგელია, ადამიანი, რომელიც წესიერებისა და პატიოსნების განსახიერებაა, იგი საკმაოდ რთულ უბანში ტოლს არ უდებს კონკურენტს და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება არჩევნები, სადაც გამარჯვების ოქმს ბატონო გენადი, პირველს თქვენგან მივიღებთ. მეათე ნომერი და ნიგვზიანი-ნინოშვილის მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი  მიშა მოდებაძე, გუნდის ახალი წევრი ახალგაზრდა, ერუდირებული, მოწესრიგებული, რომელიც საკრებულოშიც სანიმუშო იქნება. გვიმბალაური -ჩიბათის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, გვარდიის ერთგული წევრი გელა რიონიძე, რომელსაც შეიძლება თამამად ვუწოდოთ წესიერებისა და პატიოსნების ეტალონი. ლესა ჯურუყვეთის მაჟორიტარობის კანდიდატი:  წარმოგიდგენთ გია მოქიას,პედაგოგი, მშრომელი, ენერგიული, მიზანდასახული და სოფლის გულშემატკივარი. 
ეს ადამიანები არიან რეფერენდუმის ლიდერები, რომლებიც ყველა სოფელში მივლენ და ადამიანებს აუხსნიან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ 2 ოქტომბერს ან ჩვენ გავიღვიძებთ რუსეთის გუბერნიაში, ან ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც შევძლებთ თანაცხოვრებას ყველა პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ერთად ავაშენებთ ახალ საქართველოს" _ თქვა მან.
და ბოლოს ენმე-ს ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ წარმოადგინა სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველოდან", ქალბატონი ნონა მურვანიძე, რომელსაც ლანჩხუთში მხარს დაუჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.
საზოგადოებისათვის  კარგად ცნობილი სახე  სამართალდამცველი ქალბატონი ლია მუხაშავრია კიდევ ერთხელ წარსდაგა შეკრებილთა წინაშე, როგორც ლანჩხუთის მერობის კანდიდატი. მას მხარს დაუჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.
            მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 119
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა