ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნინო ჩიტაძე: მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდებს, აქტიურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი საჭირო უნარი და ცოდნა დააგროვონ

15-02-2021, 12:59

განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველი პიროვნების ჩამოყალიბებაში. შეიძლება ითქვას,  სწავლა-განათლების მიღება ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. 
საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს აქვს უფლება,  მიიღოს სრულყოფილი განათლება, რაც საქართველოს უმაღლესი კანონმდებლობით, კონსტიტუციითაც კია გათვალისწინებული. 
აქედან გამომდინარე,  ყველა ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს ერთნაირად სრულყოფილი და ბოლომდე ჩამოყალიბებული განათლების სისტემა, რათა ყველა ბავშვმა შეძლოს თავისი უფლების დაცვა და გამოყენება. 
ბავშვობიდანვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს, რათა შემდგომ პიროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებას არ შეექმნას პრობლემა.
სახელმწიფო ვალდებულია, კომფორტული,  ცოდნის მისაღებად შესაბამისი გარემო შეუქმნას მომავალ თაობებს,  რადგან სწორედ მათ განათლებაზე, პიროვნულ თვისებებსა და პატრიოტიზმის გამძაფრებულ გრძნობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის კეთილდღეობა.
ონლაინ სწავლების შედეგების, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის, განათლების სისტემის ხარისხისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გვესაუბრა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონო ნინო ჩიტაძე. გთავაზობთ მასთან საინტერესო ინტერვიუს:
-პირველ რიგში,  მოგესალმებით, ქალბატონო ნინო! მადლობას გიხდით ჩვენთან თანამშრომლობისთვის.პირველი კითხვა, ბუნებრივია,  აქტუალურობიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გვინდა, დაგისვათ.
თქვენი აზრით,  რამდენად ეფექტური და ნაყოფიერი გამოდგა ვირტუალური სივრცის დახმარებით საგაკვეთილო პროცესების წარმართვა?
-მოგესალმებით, მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენთვის ძალიან აქტუალურ საკითხებზე. მოგეხსენებათ, მსოფლიო პანდემიას ებრძვის, შესაბამისად არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. მოგვიწია ჩვენთვის უჩვეულო გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოხდა მიცრისოფტ 365-ის პროდუქტების  შეძენა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ისეთი პლატფორმის გამოყენება, როგორიც არის „ტეამს”. რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ერთდროულად ჩაერთოს ყველა მოსწავლესთან და ჩაატაროს გაკვეთილი ონლაინ, მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების გამოყენებით. ასევე, პანდემიის დაწყებიდან მალევე, ამოქმედდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი „ტელე-სკოლა“, რამაც მოგვცა საშუალება, სასწავლო პროცესში ჩაგვერთო ის ბავშვებიც, რომელთაც რიგი მიზეზების გამო არ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა. ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ხვდებოდით ჩვენს რაიონში და რამდენად აუწყვეს  ფეხი ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეებმა ამ ახალ გამოწვევას?
-პრობლემები და გამოწვევები მრავალფეროვანი იყო, პირველ რიგში, უცნობი ვირუსის შიში და პანდემიით გამოწვეული სტრესი. ამ სტრესის ფონზე საგაკვეთილო პროცესების ონლაინ სივრცეში გადატანა, მაშინ, როდესაც სისტემა ამისათვის მოუმზადებელია და მხოლოდ რამდენიმე სატესტო პროგრამაა გაშვებული, დამეთანხმებით, ძალიან რთულია. იყო ინტერნეტისა და ტექნიკის უქონლობის, ტექნიკის გამოყენების უნარების არ ქონისა და სხვა უამრავი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მოვახერხეთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეთა 71% იყო ჩართული სინქრონულად, ონლაინ გაკვეთილებზე, ხოლო დანარჩენ 29-% -ს დამრიგებლები და საგნის მაწავლებლები ასინქრონულ რეჟიმში, სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებოდნენ.
-რა კონკრეტული მეთოდები შემუშავდა სკოლებისთვის, რომ მათმა პედაგოგებმა შეძლონ, რაღაცნაირად აუნაზღაურონ მოსწავლეებს ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში სწავლების დონის დანაკარგი, თუ შეიძლება ასე ითქვას და თან პარალელურად, რა თქმა უნდა,  ის ახალი მასალაც ახსნან, რაც გათვლილია კონკრეტული საგაკვეთილო პროცესისთვის? საინტერესოა,  როგორ მოხდება ამ ყველაფრის პარალელურ რეჟიმში წარმართვა.
-გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგების და მათი მოსწავლეების შესაძლებლობები და უნარები განსხვავდება ერთმანეთისაგან თითოეული სკოლის, კლასის და მოსწავლის შემთხვევა იქნება ინდივიდუალური და ასე ზოგადი პასუხის გაცემა მე გამიჭირდება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლა-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები დაყოფილია საფეხურების მიხედვით: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. შესაბამისად, პედაგოგი ვალდებულია, არა კონკრეტული კლასის დასრულების შემდეგ გავიდეს მიზანზე, არამედ საფეხურის ბოლოს მიაღწიოს ესგ-ში გაწერილ მიზნებს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური და პედაგოგს მოუწევს ინდივიდუალურად თითოეული კლასის და რიგ შემთხვევბში მოსწავლის ინდივიდალური სასწავლო გეგმის ისე გადაწყობა, რომ საფეხურის ბოლოსათვის ესგ-თი გაწერილი მისაღწევი მიზანი იყოს დაძლეული.
-ცხადია,  ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტული არის ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნება. რამდენად მომზადებული შეხვდა ამ მხრივ ჩვენი რაიონის სკოლები მოსწავლეების დაბრუნებას და თუ არის აღჭურვილი სკოლები კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აუცილებელი ატრიბუტიკით?
-პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო სამინისტრომ ზრუნვა იმაზე, რომ სკოლები შესაბამისი რესურსებით მომარაგებული ყოფილიყო. პირველ რიგში, სკოლებს დაეგზავნათ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები, როგორ გარემოში უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი ისე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სკოლები ვირუსის გავრცელებისაგან. სკოლები მომარაგდა დეზობარიერებით, რომლებიც სკოლების ყველა შესასვლელთან არის განთავსებული, ხელის სადეზინფექციო დისპენსერებით, რომლებიც განთავსებულია შესასვლელებში, ბიბლიოთეკებში, სპორტულ დარბაზებთან, სკოლის დერეფნებში. ასევე, მოხდა სკოლების უზრუნველყოფა უკონტაქტო თერმომეტრებით, რომლებითაც ხდება მოსწავლეების თერმოსკრინინგი, როგორც სატრანსპორტო საშუალებაში ასვლამდე, ისე სკოლაში შესვლამდე. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს დაუფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, მას ვაჩერებთ სპეციალურ მოსაცდელ სივრცეში, სადაც ხდება ტემპერატურის გადამოწმება უკვე ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით, თუ გადამოწმებისას მოსწავლეს კვლავ დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მოსწავლე გადაგვყავს საიზოლაციო ოთახში და ვუკავშირდებით მშობელს. მოსწავლის სკოლიდან წაყვანის შემდეგ ხდება საიზოლაციო ოთახის დეზინფექცია. სკოლები აღჭურვილია ასევე ხელის, ზედაპირების და დეზობარიერების სადეზინფექციო ხსნარებით. სკოლას აქვს საჭირო პირბადეების მარაგი. გაკვეთილებზე უზრუნველყოფილია მოსწავლეთა სასკოლო მერხების განლაგება მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციით. ასევე ხდება მოსწავლეთა ნაკადების მართვა დასვენებებზე, ამ მიზნით რამოდენიმე სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მოდელზეა. ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლაში გვაქვს ან ახლად აშენებული ან ახლად რეაბილიტირებული სველი წერტილები, რომლებიც უზრუნველყოფილია ქაღალდით, წყლით, საპნით და ხელის გასამშრალებელი ქაღალდით. ასევე სკოლა ვალდებულია მოსწავლე უზრუნველყოს სასმელი წყლით. ამ ყველაფრის ყოველდღიურ მონიტორიგს ახორციელებს როგორც საგანმანათლებლო რესურცენტრი, ასევე განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფები.  აქვე მინდა, მოვუწოდო მშობლებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით და ითანამშრომლონ სკოლასთან, აუცილებლად უზრუნველყონ შვილები პირბადით, თუ მოსწავლეს აქვს სურდო, ტემპერატურა ან გაციების ნებისმიერი სხვა სიმპტომი, ნუ გამოუშვებენ სკოლაში. ასევე, თუ მოსწავლეს არ დახვდა სკოლაში ის პირობები, რაც ზევით ჩამოვთვალე, გვაცნობონ და მყისიერი რეაგირება გვექნება ამაზე. მოგეხსენებათ 1-ელ თებერვალს განვაახლეთ სწავლა  საკლასო ოთახებში, სწავლის დაწყებამდე მოხდა სისტემაში დასაქმებული ყველა ადამიანის ტესტირება კორონა ვირუსზე, გამოვლინდა 2 შემთხვევა და აღნიშნული პედაგოგები გადაყვანილი იქნენ კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენ სკოლებში შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხო გარემოში დავიწყეთ სწავლა.  სწავლის დაწყებიდან 1 კვირაში პირადად ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიერ განხორციელდა მონიტორინგი მუნიციპალიტეტის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ადგილზე გადამოწმდა სკოლების მზაობა ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
-რა თქმა უნდა, ყველასათვის საინტერესოა თქვენი, როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის აზრი განათლების სისტემასთან დაკავშირებით. 
თქვენი აზრით,  რამდენად გამართული განათლების სისტემა გვაქვს დღეს საქართველოში? 
შეესაბამება თუ არა ის მსოფლიოში არსებული განათლების თანამედროვე მოდელს?
- მე გახლავართ განათლების სისტემის ერთ-ერთი რგოლის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ები 24/7-ზე მუშაობს იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს ორგანიზებულად, გამართულად და ოპერატიულად. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მუდმივი სიახლეებია, რომლებიც პირველ რიგში მოსწავლეთა განვითარებასა და სწავლა-სწავლების პროცესების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული, ყველა სიახლე, ყველა ინფორმაცია, ყველა რესურსი მყისიერად მიეწოდებათ სკოლებს და იქ დასაქმებულ პედაგოგებს. ხდება პედაგოგების და დირექტორების გადამზადება ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს ხანებში იგეგმება სკოლის დირექტორებისა და პასუხისმგებელი პირების გადამზადება, ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფების შექმნის შესახებ. ეს ის აქტუალური გამოწვევებია, რომლებიც ამ კონკრეტული მომენტისათვის დგას სკოლების წინაშე. ხდება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, იგეგმება სკოლის დირექტორთა სერთიფიცირებისპროცესი.
-ქალბატონო ნინო, კონკრეტულად ლანჩხუთის რაიონის განათლების სისტემის შესახებ რას ფიქრობთ? 
არის თუ არა ჩვენთან ეს სისტემა ისევე განვითარებადი და პროგრესული,  როგორც საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ სხვა რაიონებში?
რა ხარვეზებს ხედავთ ამ კუთხით?
-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ზუსტად ისეთივე განათლების სისტემაა, როგორიც თბილისში, ქუთაისსა ან  საქართველოს ნებისმიერ რაიონში. ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სპეციფიკა აქვს, თორემ სისტემა და ეროვნული სასწავლო გეგმა ყველასათვის ერთია. ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იყოს მუდმივად სიახლეების გაცნობისა და დანერგვის რეჟიმში. რეგულარულად ტარდება შეხვედრები (ამჟამად ონლაინ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან და სხვა დასაქმებულ პირებთან, სადაც ხდება სიახლეების გაცნობა, რესურსების მიწოდება,  განიხილება მათთვის აქტუალური საკითხები და ხდება ყველა არსებული პრობლემის მოგვარების გზის ძიება. აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ისე სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ყველა სიკეთის მოსწავლეებამდე მიტანა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკმაოდ კონკურენტუნარიანი მოსწავლეები იზრდებიან, რომლებიც არ უდებენ ტოლს სხვა რაიონებსა თუ დიდ ქალაქებში მცხოვრებ თანატოლებს სხვადასხვა ოლიმპიადაზე, კონკურსებსა თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
-დასასრულს, იქნებ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ ახალგაზრდების ცხოვრებაში ცოდნისა და სწავლის როლის მნიშვნელობის შესახებ? რა რჩევებს მისცემთ ჩვენი რაიონისა და ზოგადად, საქართველოს მომავალ თაობას? როგორ დაიმკვიდრონ თავი ღირსეულ, განათლებულ პიროვნებებად და რა თქმა უნდა,  რა პრიორიტეტები უნდა შეარჩიონ, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ თავიანთ თავსა და  ქვეყნის კეთილდღეობას? 
-მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდებს, აქტიურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი  იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი საჭირო უნარი და ცოდნა დააგროვონ. ეს მათ საკუთარი თავის რეალიზებასა და თვითდამკვიდრებაში დაეხმარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ მიზანი. ბრაიან თრეისი წერს: „საშუალო ინტელექტის ადამიანს, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები აქვს, თავისუფლად შეუძლია ისეთი გენიოსის უკან ჩამოტოვება, რომელიც დარწმუნებული არ არის, თუ რა უნდა სინამდვილეში“. ასე რომ, მთავარია სურვილი, მოტივაცია და მონდომება და ისინი აუცილებლად მოახერხებენ დასახული მიზნების მიღწევას.
                მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 26
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა