უკვე დიდი ხანია მოსწავლეები სასკოლო სივრცეებისგან შორს, ინტერნეტ პლატფორმებზე იღებენ განათლებას. ვირტუალურ სამყაროში სწავლება ბევრისთვის უცხო, არასასიამოვნო, უცნაური და ზოგისთვის გარკვეული რიგი მიზეზების გამო, მიუწვდომელიც კი იყო.
1-ელ თებერვალს საგაკვეთილო პროცესებმა კვლავ სკოლის შენობაში გადაინაცვლა და ბავშვებიც დაუბრუნდნენ ყოველდღიურ აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. სკოლები დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა ქუთაისის, რუსთავისა და თბილისის სასწავლო დაწესებულებებისა.
აღნიშნულ ფაქტს არაერთგვარი შეფასება და დამოკიდებულება მოჰყვა, როგორც პედაგოგებისა და მოსწავლეების, ასევე მშობლების მხრიდან. მათი გარკვეული ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა ამ მოვლენას, თუმცა საკმაოდ ხშირად ვხვდებით საპირისპირო აზრსაც - ონლაინ სწავლება ყველაზე საუკეთესო და შესაბამისი მეთოდია მოცემულ შემთხვევაში და სკოლის დაწყება დიდ საშიშროებასთანაა დაკავშირებული. არავინ დაობს, რომ სკოლების დაწყება უფრო მეტად ზრდის კორონა ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას, თუმცა ისიც ცხადია, რომ ბავშვების ამდენ ხანს სახლში გამოკეტვა, სოციალური ცხოვრებისა და აქტიური სწავლა-განათლების მიღებისგან ასე შორს ყოფნამ შესაძლოა, უფრო დიდი პრობლემების წინ დაგვაყენოს. ეს პროცესი დიდ შეფერხებას უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის გონებრივ განვითარებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ერთი სიტყვით, ონლაინ სწავლებასაც და სასკოლო სივრცეების გახსნასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
როგორც ვხედავთ, ამ თემასთან დაკავშირებით ძნელია ცალსახა დასკვნის გამოტანა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ უფრო კომპეტენტური და ზემოთ განხილულ საკითხში ღრმად ჩახედული პიროვნებების აზრსა და პოზიციას.
ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი, ემზარ ჩიჩუა:
ჩემი აზრით, სკოლების დაწყება იდეალური გადაწყვეტილებაა მოცემულ მომენტში. მთავარი ისაა, რომ ყველა გაფრთხილდეს, დაიცვან ვირუსის წინააღმდეგ საჭირო შესაბამისი ნორმები და კომპეტენტური პიროვნებების მითითებები.
დიდ ქალაქებთან შედარებით, ჩვენსავით პატარა რაიონებისთვის საგაკვეთილო პროცესების ჩასატარებლად სასკოლო სივრცეზე უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. როგორც ისედაც ყველასათვის ცნობილია, ჩვენს უამრავ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არ გააჩნია კომპიუტერი ან ისეთი თანამედროვე მოდელის ტელეფონი მაინც, რომლითაც შეძლებდა ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობის მიღებას.
ამ ბავშვებისთვის, ცხადია, დიდ სირთულეს წარმოადგენდა ეს ყოველივე. მათში შფოთიანობისა და სტრესის გამომწვევი მიზეზიც კი იყო, ვინაიდან კარგად აანალიზებდნენ იმას, რომ სასკოლო პროგრამას საგრძნობლად ჩამორჩნენ და დიდი ძალისხმევა და მონდომება დასჭირდებათ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამისათვის ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მასწავლებლები. ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობენ, განვლილი თემების უფრო სრულყოფილად ახსნასა და გაანალიზებას მოსწავლეებისთვის.
ძალიან მიხარია, რომ მოზარდების სწრებადობა გაკვეთილებზე საკმაოდ მაღალია. შემიძლია ვთქვა, 97% დადის სკოლაში და აქტიურადაა უკვე ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში.
მე პირადად ძალიან სწორი და დროული მგონია ამ პროცესის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლა და ბავშვების სკოლებში დაბრუნება. ჩვენი სკოლა ყველაფერს გააკეთებს მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მაღალი აკადემიური შედეგისთვის.
ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა აფხაზავა:
როგორც ექიმები ამბობენ, ეს პანდემია კიდევ დიდხანს არ დამთავრდება. ვფიქრობ, სასწავლო პროცესის დაწყება ნამდვილად დროული იყო. სკოლაში ყველა რესურსი გვაქვს უსაფრთხოების დასაცავად. ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები, დეზო ბარიერები, მოწესრიგებული სველი წერტილები, დისტანციის აღმნიშვნელი ნიშნები... რა თქმა უნდა, ტარდება თერმოსკრინინგიც.
დიდი იმედი მაქვს, მალე შემოვა ჩვენთანაც ვაქცინაცია და ეს დაგვეხმარება ამ პანდემიის დასრულებაში.
არავინ დაობს, რომ განათლების მიღების უწყვეტობა აუცილებელია. ძალიან მიხარია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სწრებადობა 100 %-ია.
სკოლის არ დაწყება არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი.
სასკოლო პროცესი მალე უნდა აღდგეს დიდ ქალაქებშიც, სადაც ჯერ კიდევ ონლაინ პლატფორმებზე მიმდინარეობს გაკვეთილები. ეს აუცილებლია ჩვენი მოზარდების გონებრივი განვითარებისთვის. სკოლამ მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბოს სხვადასხვა უნარი, ეს იქნება ლოგიკური მსჯელობა, ღრმა აზროვნება, ფართო მსოფლმხედველობა...
მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დასაქმებული პირი, პირველ რიგში, ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მათ სწავლასა და ცოდნის მიღებაზე.
გამორიცხული არაფერია, შეიძლება ჩვენს სკოლაში დაფიქსირდეს კიდეც კორონა ვირუსის შემთხვევა, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ეს არ მოხდება.
ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა:
ყველას გვიხარია სკოლის დაწყება. ახლა ის დრო დაგვიდგა მასწავლებლებს, ონლაინ გაკვეთილების შედეგები გადავამოწმოთ და გავარკვიოთ, რამ იმუშავა კარგად და რა შეცდომები დავუშვით, როგორ გამოვასწოროთ და რა გეგმები დავსახოთ დანაკლისის ასანაზღაურებლად. რა თქმა უნდა, გვიხარია დაწყება, მაგრამ ეს სამუშაო ყველა სკოლამ და მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს. 21-ე საუკუნის მასწავლებელი სწორედ ასეთ რამეს უნდა აკეთებდეს, სხვადასხვა გამოწვევებს უნდა ართმებდეს თავს და ამ ყველაფერს შემდეგ მოსწავლეებში უნდა დებდეს.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი, ლევან გიორგაძე:
გლობალურმა პანდემიამ დაღი დაასვა ყველა სფეროს. ერთი წლის წინ საქართველოში დაფიქსირდა ჩOVID ვირუსი. უმძიმესი სანახავი გამოდგა დაცარიელებული სკოლა, მოსწავლეების გარეშე დარჩენილი მერხები...თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი დისტანციური სწავლება გამოდგა. რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემის თანხლებით, ონლაინ გაკვეთილები ვერაფრით შეცვლის სასწავლო პროცესს სკოლის კედლებში, მაგრამ იმაზე ვერავინ იდავებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ვირტუალურ საკლასო ოთახში გამართული სასწავლო პროცესი იყო.
მადლი ღმერთს, რომ დღეს ისევ მოგვეცა საშუალება, მონატრებულ ბავშვებს სკოლაში ვუმასპინძლოთ. სკოლის კედლები ისევ გათბა, ეზო ახმაურდა. ყველას - მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს ძალიან მოგვნატრებია ერთმანეთი.
პანდემიის პიკმა განელება დაიწყო, თუმცა ამან მოდუნების უფლება არ უნდა მოგვცეს. სწავლის განახლების წინ სკოლის პერსონალს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდა, რომელიც სისტემატიურ სახეს მიიღებს. ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურა გაიმართა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ყველას ვულოცავ სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განახლებას. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას და შეუფერხებლად შევძლებთ მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებას.
მარიამ კვაჭაძე
ონლაინ სწავლების და სასკოლო ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 613