ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რამდენად აძლევს მოზარდებს ონლაინ გაკვეთილები ცოდნის მიღების საშუალებას? არის თუ არა გამართული ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო სისტემა და შეუძლია თუ არა ყველა მოსწავლეს ამ პროცესში ჩართვა?

1-02-2021, 15:16

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო უამრავი სფერო შეფერხებით, არასრულყოფილად ვითარდება. ეს ეხება ეკონომიკას, კულტურას, სპორტს,  განათლებას... რა თქმა უნდა, ეს ყოველივე დიდ ზიანს აყენებს ყველა ქვეყნის განვითარებასა და მათ მომავალს. 
სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს საქართველოშიც.
პანდემიასთან დაკავშირებული უკონტროლო სიტუაციიდან გამომდინარე,  საგაკვეთილო პროცესებმა დროებით ვირტუალურ სივრცეში,  ინტერნეტ პლატფრმაზე გადაინაცვლა.
ეს ის თემაა, რომელიც ეხება და აწუხებს ყველას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მაქალაქეს, არ კარგავს აქტუალობასა და იწვევს მუდმივ პასუხგაუცემელ კითხვებს. კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, მაგრამ ცხადია,  დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში ნათელი გახდება ამ პროცესის შედეგი - მოზარდების გონებრივი და ინტელექტუალური დონის განვითარება-ჩამორჩენილობა... კითხვები, რომლებიც ყოველდღიურად გვესმის მასმედიის საშუალებით თუ ჩვენს გარემოცვაში, არის შემდეგი: რამდენად აძლევს მოზარდებს ონლაინ გაკვეთილები ცოდნის მიღების საშუალებას? არის თუ არა გამართული ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო სისტემა და შეუძლია თუ არა ყველა მოსწავლეს ამ პროცესში  ჩართვა? 
როგორც ადრევე გახდა ცნობილი,  მოსწავლეების საკმაოდ დიდ პროცენტს არ შეუძლია, ონლაინ გაკვეთილებს შეუერთდეს კომპიუტერისა და ტელეფონის უქონლობის თუ ინტერნეტთან მიუწვდომლობის გამო. ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით,  შეგვიძლია ვთქვათ,  რომ საკმაოდ პრობლემური იყო მისი გამართულად ფუნქციონირება, რის გამოც ყოველდღიურად უამრავ წინაღობასთან შეჭიდება უხდებოდა, როგორც მოსწავლეებს, ისე თავად პედაგოგებს. ცხადია,  თავდაპირველად ამ ყველაფერს დაბნეულობაც ახლდა თან...
რაც შეეხება კითხვას: რამდენად აძლევს ონლაინ გაკვეთილები მოსწავლეებს ცოდნის მიღების საშუალებას, პასუხი მარტივია - ყველაფერი შესაძლებელია,  მთავარია მონდომება და ინტერესი. დარწმუნებული ვარ, იმავე ხარისხით თუ ვერა, როგორც სასკოლო  სივრცეში,  მინიმუმ მასთან მიახლოებულ ცოდნას მაინც მიიღებენ ჩვენი მოზარდები, თანაც მაშინ, როცა არც მთავრობას და არც ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია,  მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მომავალმა თაობამ კი უნდა ეცადოს, სწორად გამოიყენოს სახლში გატარებული დრო და ეს მათსავე განათლებასა და პოროვნულ განვითარებაზე ზრუნვას მოახმაროს.
გთავაზობთ ჩვენი რაიონის ახალგაზრდების პოზიციასა და მათ პირად გამოცდილებას ზემოთ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით:
ვახტანგ თავდიშვილი: მე ვფიქრობ,  რომ არა ეს ონლაინ გაკვეთილები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა ჩვენი განათლების მიღება. 
მე-2 სასწავლო წელია ასე ვახერხებ სწავლას, რაც არ მომწონს იმ თვალსაზრისით,  რომ საკლასო ოთახში ჩემს მეგობრებთან ერთად უფრო შესაფერისი გარემოა შექმნილი ცოდნის მისაღებად, ვიდრე ასე, სახლში,  კომპიუტერის ეკრანის წინ. ყოველი დღე ასე უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნებოდა,  მაგრამ ამ ონლაინ გაკვეთილებმაც,  ვფიქრობ, კარგი შედეგი გამოიღო ჩემთვის. რომ არა დისტანციური სწავლება,  გამოცხადდებოდა აკადემიური წელი, რაც ბევრად ცუდ შედეგს მოგვიტანდა ყველას.
რამდენად ვახერხებ მოსმენასა და სწავლას? ვერ ვიტყვი,  რომ ახსნილი მასალის გაგება-გააზრება მიჭირს. თუ დამატებით გვჭირდება რამის ახსნა და გაგება, ამისთვის არის სპეციალური ჯგუფები შექმნილი და შეგვიძლია,  მასწავლებელს დავუკავშირდეთ, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ? სამწუხაროდ, ზოგი ბავშვი ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის გამო გაკვეთილებზე დასწრებას, რაც ძალიან ცუდია მათი გონებრივი განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივისთვის.
ვიმედოვნებ, 1-ელ თებერვალს დაიწყება სკოლა და მსგავსი პრობლემის წინაშე აღარასდროს აღმოვჩნდებით.
მანამდე,  თქვენი საშუალებით, მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მასწავლებელს გაწეული შრომისთვის!
ქეთევან მანჯავიძე: ონლაინ გაკვეთილები არც თუ ისე ცუდია, რადგან სახლში ვარ კომფორტულად და ასევე, უფრო დაცული ვართ პანდემიისგან. მაგრამ ონლაინ გაკვეთილებს მინუსებიც აქვს... რადგან პანდემიის გამო სკოლაში ვერ დავდივართ,  ვირტუალური სივრცით ახსნილ მასალას ისე კარგად და ადვილად ვერ ვიგებთ, როგორც სკოლაში,  საკლასო ოთახში. ზოგიერთ ბავშვს არ აქვს კომპიუტერი ან ტელეფონი,  რომ დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს და ზოგს ინტერნეტის პრობლემაც კი აქვს, არ აქვთ მასთან წვდომა. მინდა ვთქვა,  რომ მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,  რომ გამართული, ხარისხიანი და გასაგები იყოს ჩვენთვის ონლაინ გაკვეთილები. ამისთვის მინდა,  მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის პედაგოგებს. დიდი იმედი მაქვს,  რომ მალე დამთავრდება ეს პანდემია, სკოლაში ყველა ერთად დავბრუნდებით და ისევ აქტიურ სასკოლო რეჟიმში ჩავდგებით. 
ქეთი ოჩხიკიძე: დისტანციურად სწავლა არ მომწონს, რადგან სათანადოდ ვერ ვახერხებ საკუთარი ცოდნის გამომჟღავნებას. უნივერსიტეტს სხვა დატვირთვა აქვს სტუდენტისთვის, ვერანაირი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს აუდიტორიას. ეს ყველაფერი ჰგავს გაზეპირებულ სწავლას. სწავლობ, თუმცა ვერ ახერხებ სათანადოდ რეალიზებას შენი ცოდნის, რადგან შეუძლებელია, დისტანციურად დაიცვა ის დისციპლინა, რაც აუდიტორიაშია. ვერ ვიძიებ დამატებით მასალებს, რადგან არ მაქვს ბიბლიოთეკასთან წვდომა და ვსწავლობ მხოლოდ იმ მასალას, რაც ხელთ მაქვს. 
„თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი” - ეს აბსურდია. თუ არ გაქვს ის სისტემა და ხელშეწყობა, რაც აუცილებელია, ვერაფერსაც ვერ ისწავლი.
მე არ ვარ მომხრე დისტანციური სწავლისა, მით უმეტეს, საქართველოს არ გაჩნია განათლების ის სისტემა, რომელიც ამ სიტუაციაში გამართულად შეძლებდა მუშაობას. თავდაპირველად, როცა საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა 3-4 თვე დააგვიანდა უნივერსიტეტებს იმისთვის, რომ მობილიზებულიყვნენ სტუდენტების სწავლებასთან დაკავშირებით, დააგვიანდა პლატფორმების შექმნასაც, სადაც შეძლებდნენ სემინარის/ლექციის ჩატარებას. ეს სისტემა არ იყო გათვლილი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც 21-ე საუკუნეშიც კი არ ჰქონდათ ინტერნეტი და ძალიან ბევრმა სტუდენტმა აიღო ამის გამო აკადემიური. დროებით ან საერთოდ მოსწყდნენ სწავლას, შესაბამისად, ძალიან მცირედ დადებითს ვხედავ დისტანციურ სწავლებაში. 
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ასეთი სახით განათლების დონის სათანადო მიღება და გაცემა ძალიან დაბლა იწევს.
ნიკოლოზ თავდიშვილი: მე ონლაინ გაკვეთილების პირისპირ მე-4 კლასის მე-2 სემესტრში აღმოვჩნდი. ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ მესწავლა ვირტუალური სივრცის დახმარებით. დავიბენით... ცოტა შევშინდით კიდეც... მაგრამ ეს მაშინ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. მინდა,  ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩემი კლასის მაშინდელ ხელმძღვანელს, უსაყვარლეს ადამიანს, თეა მორჩილაძეს. მან ყველაფერი გააკეთა,  რომ ეს რთული პერიოდი ჩვენთვის, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, გაემარტივებინა. კლასში 22 მოსწავლე ვიყავით და რომ ვერ შეძლო ყველასთან ერთად მუშაობა,  ჯგუფები შექმნა და გადაგვანაწილა, რამაც მალე გამოიღო ბევრად უკეთესი შედეგი. თეა მასწავლებელს მთელი დღის განმავლობაში უწევდა ჩვენთან ერთად მუშაობა და ასე დავძლიეთ ეს პრობლემა. 
სირთულის მიუხედავად,  ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ონლაინ გაკვეთილები არ შედგა. მე ყოველდღიურად აქტიურად ვარ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. იმედი მაქვს,  მალე ისევ ერთად ვიქნებით სკოლაში  და აღარ დაგვჭირდება მხოლოდ ინტერნეტ სივრცით განათლების მიღება. მალე ვნახავ მონატრებულ მეგობრებსა და მასწავლებლებს. მანამდე, აქედან ყველას მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის, განსაკუთრებით ჩემი კლასის ხელმძღვანელს, თამარ ჯაოშვილს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით!
ქრისტინა მანჯავიძე: ონლაინ სწავლება მე პირადად არ მომწონს, რადგანაც ტელეფონი და კომპიუტერი ადამიანის ფსიქიკაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ერთი სიტყვით, ადამიანის ფსიქიკას არყევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვების უმეტესობას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ამიტომაც ისინი ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არის ბავშვებისთვის, რადგანაც ისინი ვერ ახერხებენ სწავლას, სწავლის და განათლების გარეშე რჩებიან. უსწავლელი ადამიანი კი ჩვენს დროში ვერაფერს მიაღწევს. ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ისეთ ბავშვებს, რომლებსაც ინტერნეტთან კავშირი არ აქვთ და ამის გამო სწავლას ვერ ახერხებენ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.
რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ონლაინ გაკვეთილი კარგად გავიგოთ და გავიაზროთ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მე მათი ძალიან მადლიერი ვარ, რადგანაც მათი შრომა მართლაც დასაფასებელია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და მოსწავლეები სკოლაში სწავლას ჩვეულებრივად გავაგრძელებთ, როგორც ეს ადრე იყო.
მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 228
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
გელა გეგუჩაძე: ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, თქვენი საკეთებელი საქართველოშია!
გელა გეგუჩაძე: ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, თქვენი საკეთებელი საქართველოშია!
20-01-2021, 11:58
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი  - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს
საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს
1-09-2017, 00:00
ვრცლად
მეტის გაკეთება შეეძლო როგორც  საკრებულოს, ასევე გამგეობას
მეტის გაკეთება შეეძლო როგორც საკრებულოს, ასევე გამგეობას
30-08-2017, 00:00
ვრცლად
ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა – იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა – იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა
ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა – იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა
11-12-2020, 18:37
ვრცლად
როგორ დასრულდა სასწავლო პროცესი პანდემიის პორობებში და რა ძირითადი რეგულაციებით დაიწყება ახალი სასწავლო წელი?!
როგორ დასრულდა სასწავლო პროცესი პანდემიის პორობებში და რა ძირითადი რეგულაციებით დაიწყება ახალი სასწავლო წელი?!
9-09-2020, 16:19
რეკლამა