ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პროდუქტის ფასთა მატების წამზომი ჩართულია და ახალ რეკორდებს ხსნის...

20-11-2020, 12:59

ბაზარი ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდე და ფეხები უკან გრჩება,  პროდუქტის ფასები დღითიდღე მატულობს და შიშით შეკითხვაც კი გეძნელება, შემოსავალი კი შესაბამიასად რომ არ იზრდება, არც ესაა ახალი ამბავი. უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია, ამინდებიც გაურესდა წვიმამ და სიცივემ თავი შეგვახსენა, არც ის ვიცით პანდემია სანამდე გაგრძელდება ე.წ ლოკდაუნი გამოცხადება თუ კვლავ ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, ეკონომიკა კი ისევ უკან უკან მიიწევს და საკუთარ ჯიბეზე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობთ, რაგან იგი ცარიელია.
საქსტატის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა. შემდეგ ჩამოთვლილია რა გაძვირდა და რამდენი პროცენტით?!
მშრალი ციფრების მიღმა დგანან ადამიანები, რომელთაც შიათ, სცივათ, უხარიათ, სწყინთ, ერთმანეთით ხარობენ და ასე მიდის ცხოვრება.  გვიანი შემოდგომის ბაზარი გურიაში ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ლანჩხუთს ეს ფუფუნებაც არ გააჩნია, ხილ-ბოსტნეული  და გლეხური წარმოების სურსათი, პატარა ფარდულებში, ხილ- ბოსტნეულის მაღაზიებში ან ღია ცის ქვეშ იყიდება, თითოეულ  მოვაჭრეს დიდი ხანია სახეზე ვიცნობთ და ზუსტად ვიცით ვისთან რა უნდა ვიყიდოთ. ფასის  დაკლებაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ხშირ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ თავადაც ნაყიდი აქვთ და წაგებაზე მუშაობას, ურჩევნიათ სულ არ გაყიდონ. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი დღეს, ხორცის შემდეგ ყველია,  ხორცისკენ არც კი ვიხედებით, იგი ზოგან 18 ზოგან 20 ლარია, ისე თუ დავაკვირდებით  მყიდველიც ნაკლებია და არც ხორცის არჩევანია მაღალი, რაც შეეხება ყველს მისი ფასი  12 ლარია, სულგუნი - 15, თუმცა იყო მეტიც,   ყველი და მჭადი გურიაში ადრე დასაყოლებლად ითვლებოდა,  ახლა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ამ ორი პროდუქტის უნიკალური კომბინაცია უკვე შეძლებული ხალხის საჭმელია.  აქვე ვიტყვი, რომ მჭადის ფქვილი 2 ლარი და 50 თეთრი ღირს,  ჩვენებური ლობიო 6 ლარია, გურულ ლობიოს მართალია ყაბალახი არ ახურავს, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად ვცნობთ მას, კარგადაც იხარშება და გაცილებით გემრიელია, ვიდრე სხვა შემოსული ჯიშები. მოკლედ ყველი, მჭადი და ლობიო უკვე გვაქვს, ახლა თევზით მოვაჭრეებთან  შევიხედოთ: ნედლი თევზის ფასი 4-5 ლარიდან ზემოთ, რაც შეეხება ბოსტნეულს ყველაზე მოხმარებადია, კარტოფილი 1 ლარი ან 1ლარი და 50 თეთრი ღირს, ზეთი სულ მცირე 1ლ - 5 ლარი და 20 თეთრია. 25 კილოგრამი პურის ფქვილი 37 ლარი ღირს. 
ფასების გადამკიდე ყველაფრის ჩამოთვლა ძნელია, რადგან შუა დახლთან უკვე თვლაც კი ამერია და ერთმა მოვაჭრებ ჩაიბურტყუნა: ასეა მოვლიენ შეხედავენ ფასს იკითხავენ და წავლიენო. შემრცხვა და უხმოდ ჩავუარე, შემდეგი მოვაჭრე უფრო ენაწყლიანი აღმოჩნდა და პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა: რაიო იმ ამერიკელმა? არ ვპასუხობ კვლავ ვათვალიერებ, - რაიო გაყალბდაო? სიცილი აუვარდა და პირბადე გაისწორა შუახნის ქალბატონმა. დავასხი თავსლაფი ყველას, აგია კლაში რომ აფერს არ ასწავლიენ, ანგარიში რაფერ არ უნდა იცოდე იმდენი, რომე ვინცხამ ამერიკელმა არ დაგცინოს... გააგრძელა სიტყვა კვლავ ამ უკანასკნელმა. მაი ვერ მიხთი ახლა? უპასუხა მოვაჭრე მამაკაცმა, არაა მაი ანგარიშის ამბავი, პაწა ხმაი ხომ უნდა მეეპარათ, ხანდახან ზოგი უვარგისი წონაში რომ იტყუება ისეა მაი.
ბაზარში ყოველთვის თავისი საზომით ზომავენ პოლიტიკას, ყველამ ყველაფერი ზუსტად იცის და არავის ეშლება.
ამასობაში ცოცხის გამყიდველსაც გადავაწყდით, ეს ნივთი ბოლო დროს ავადსახსენებელი გახდა, მაგრამ ფასი მაინც კაი გვარიანად მოიმატა, უკვე 8 ლარად იყიდება, ახალი ცოცხი კარგად გვისო ნათქვამია, ეს გამყიდველმაც დაგვიდასტურა. იყიდე! სიახლეს შემოიტანს ოჯახში ხომ ხედავ რამდენი გავყიდეო.
ქოთნის ყვავილების ბაზრობა ლანჩხუთში მთლად სიახლეც არ არის, მაგრამ არც თუ დიდი ხანია არსებობს, ლამაზად ჩაწიკწიკებულ ქოთნებში ათასგავარი დეკორატიული მცენარე იყიდება და მისი ფასი 5 ლარიდან იწყება, თანაც გამყიდველი ქალბატონები იქვე გასწავლიან როგორ მოუაროთ თითოეულ მათგანს.
რაც შეეხება ციტრუსებს, რომელიც ჩვენი მხარის სიმბოლოც გახლავთ, ტროტუარებზე ბევრგან ნახავთ და მისი ფასიც 1 ლარი ან ცოტა მეტია.
სანამ ბაზრის ფასების აღწერას დავასრულებდეთ, აქვე ვიტყვით მოიმატა თუ არა პურის ფასმა? იქედან გამომდინარე, რომ პურის ფქვილზე ფასები მომატებულია, პურის ფასიც მატულობს და გამომცხვარი პურიც შესაბამისად პატარავდება და მისი ფასი 1 ლარიან ნიშნულს  მაინც არ ცდება, თუმცა უკე ზოგიერ საცხობში თონის პურის ფასი 1 ლარი და 20 თეთრი გახდა, თონეების მეპატრონეები გვეუბნებიან, რომ მათ არ სურთ წონას დაუკლონ და იძულებული ხდებიან პურის ფასი გაზარდონ.
ძალიან გვეძნელება იმის თქმა, რომ გურია შიმშილის ზღვარზეა, რეალურად კი ნამდვილად ასეა. ეგნატე ნინოშვილის გურიის ეკონომიკის მიღმა ვრჩებით.
ნოემბრის შუა რიცხვებში სანამ ზამთარი კარს შემოაღებს, ადგილობრივ ბაზარს გამყიდველი უფრო მეტი ჰყავს ვიდრე მყიდველი, ღია ცის ქვეშ ჩარიგებული შეცივებული მოვაჭრეები კლიენტებს ელოდებიან და ცდილობენ როგორმე ხელები გაითბონ.  პროდუქტის ფასთა მატების წამზომი კი ჩართულია და ახალ რეკორდებს ხსნის...
მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 25
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა