ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვლადიმერ ჩხაიძე: ,,ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, რაც ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება და სიამაყეა”

14-09-2020, 12:29

ძალიან ცოტა ლანჩხუთელის მოძებნა შეიძლება, რომელიც ლადო ჩხაიძეს არ იცნობს. იგი, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, ბოლო 16 წლის განმავლობაში იყო ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მისი სამსახური ითვლებოდა აპოლიტიკურად და არც თვითონ იყო რომელიმე მთავრობასთან დაკავშირებული. ლადო ჩხაიძე ლანჩხუთის კოლორიტია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 50 დღით ადრე, მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების, სამომავლო გეგმების და წარსული გამოცდილების გასაზიარებლად, ,,ჰო და არამ“  ინტერვიუ ჩაწერა ვლადიმერ  ჩხაიძესთან.
-ბატონო ვლადიმერ, რატომ მაინცდამაინც ,,ევროპული საქართველო“?
- ამ კითხვაზე შემიძლია გაგცეთ ასეთი პასუხი, რომ ,,ევროპული საქართველო“ მესახება და არის კიდევაც დასავლური ორიენტაციის და ღირებულებების მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია. არ არის პრორუსული და არის პროგრესული. დღეს, ქვეყნის ყოველმხრივი განვითარება დიდად არის დაკავშირებული ევროპულ და დასავლურ ღირებულებეთან, რომლის გარეშეც წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყანას ჰყავს დაუძინებელი მტერი რუსეთის სახით. რუსეთი ყველა გზებით ცდილობს ჩამოაცილოს საქართველო ევროპულ ცივილიზაციას და თავის გუბერნიად აქციოს. ,,ევროპულ საქართველოს“ შეუძლია, რომ საქართველოს გზა გაუხსნას ევროპისკენ და დასავლეთისკენ, რაც გამოგვიყვანს ამ კრიზისული სიტუაციიდან.
და კიდევ, ლანჩხუთის ,,ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ ორგანიზაციაში მყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც მაქვს სამომავლო გეგმები და ვფიქრობ, ერთად შევძლებთ ამ მიზნების აღსრულებას.
- თქვენ ეროვნული მოძრაობიდან მოდიხართ, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება ახლა ქვეყანაში?- დიახ, მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, რაც ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება და სიამაყეა. როდესაც მივედი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობდა დაუღალავი და უკომპრომისო ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. დამოუკიდებლობა კი დიდი სისხლის და ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული. ამის ნათელი მაგალითია 9 აპრილი, თუნდაც სხვა არ გავიხსენოთ. შემდეგ იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები. დიდი სიხარულის შემდეგ იყო დიდი ტკივილი და დიდი არეულობა, დაპირისპირება ჭეშმარიტ ეროვნულ ძალებსა და ფსევდოეროვნულს შორის, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ედუარდ შევარდნაძე და მისი ხუნტა გახლდათ. აღსრულდა ჩრდილოელი ,,ძმების“ ოცნება და დაამხეს, დევნილობაში გაუშვეს კანონიერი ხელისუფლება და პრეზიდენტი. ყოველივე ამან, მძიმე ლახვარი ჩასცა ჩვენს ქვეყანას და შედეგებს ახლაც ვიმკით, დაკარგული ტერიტორიებით და წელში გატეხილი ეკონომიკით. ყოველივე ზემოთხსენებულის მომსწრე და მონაწილე ვარ, რაც თანაბრად გადანაწილდა ჩემზეც და ოჯახის წევრებზეც. იყო დევნა, შევიწროვება, მუქარა, თუმცა ერთი წამით არ ვნანობ ჩემს ჩართულობას ეროვნულ მოძრაობაში, პირიქით დიდად მეამაყება.
რა ხდება დღეს? ხდება ის, რომ ხელახლა გვჭირდება ყველაფრის თვიდან დაწყება, ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლების შესანარჩუნებლად, ამით ყველაფერია ნათქვამი.
-დიდხანს იკავებდით ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, როგორ ფიქრობთ რა მოხდა ამა წლის მარტში, რატომ წამოხვედით?
- გეთანხმებით, ძალიან დიდხანს ვიკავებდი ამ თანამდებობას, კონკრეტულად 2004 წლის ივნისიდან 2020 წლის 12 მარტამდე. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შევძელი ბევრი კარგი საქმის გაკეთება ამ პერიოდში. სუფთად და პატიოსნად ვემსახურე ჩემს ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს, საპირისპიროს დამტკიცებას თუ ვინმე დააპირებს, მზად ვარ მოვუსმინო. ბოლოს მოხდა ის, რასაც არ ველოდი არც მე და ალბათ არც არავინ. ყოველგვარი გაფრთხილების, მითითების გარეშე, ერთი ხელის მოსმით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა დამაწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის თობაზე, მაშინ როდესაც, შეეძლო სხვა სახის ღონისძიებისთვის მიემართა, თუ რაიმე დანაშაული მიმიძღოდა სამსახურის წინაშე, თუმცა ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.
 მე ე.წ ,,კრიშა“ არც წინა და არც არსებული ხელისუფლების პირობებში არ მყოლია. სამსახურის დაკარგვა იმდენად არ მადარდებს, რამდენადაც შელახული თავმოყვარეობა და ყველაფერზე ხაზის გადასმა. ძალიან საწყენია და მტკივნეულიც, როცა ასე მგლის ბილეთით გამოგიშვებენ, თუმცა ადამიანს იმდენი უნდა მოთხოვო, რამდენიც მოეთხოვება.
-რა მოლოდინი და პროგნოზი გაქვთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე?
მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნდა დასრულდეს ,,ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში, შეიქმნას კოალიციური მთავრობა და მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ მხრებზე აიღებენ ქვეყნის მართვას და არ მოირგებენ ჯიბეზე. ამომრჩეველმა თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი ნება და აირჩიოს ღირსეული პარლამენტი. ხალხის რჩეულებმა კი უნდა ემსახურონ ხალხს და არა პირიქით, იქეთ იმსახურონ ხალხი საკუთარი კეთილდღეობის შესაქმნელად.
-თქვენი აზრით, რა არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომ(ებ)ა?
ამაზე მოკლედ გეტყვით: გაუთავებელი და ცრუ დაპირებები. მოუქნელი და და უნიათო პოლიტიკა ყველა სფეროში. ხალხის აბუჩად აგდება, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ამ დროს ქვეყანა თავზე  გვენგრევა. რვა წლის მანძილზე ,,ცხრა წლის“ გაუთავებელი ლანძღვა და ყველაფრის სხვაზე გადაბრალება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 200
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა