თბილისმა პირველად უმასპინძლა უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ფინალურ შეხვედრას _ `დინამო არენამ~ სუპერთასისთვის ბრძოლაში ორ ესპანურ გრანდს: `ბარსელონასა~ და `სევილიას~ უმასპინძლა. ეს მატჩი, მთელმა საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ ნახა (პირველად მოხდა, რომ საქართველოდან პირდაპირ რეპორტაჟს 200-ზე მეტი არხი გადასცემდა), ამიტომაც ჩვენ უშუალოდ შეხვედრაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და იმ კულუარული ინფორმაციების შესახებ მოგითხრობთ, რაც `ჰო და არას~ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს. `მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში~ - ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ 10 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დახვდნენ. უეფა-ს თავკაცმა მატჩის მონაწილე გუნდების მასპინძლობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა: `ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და ქართველი ხალხისთვის ლამაზი მომენტია. მე ვიცი, თუ რამდენი გააკეთა მთავრობამ და ფედერაციამ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. იქნება ლამაზი თამაში. მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში~, - აღნიშნა პლატინიმ. გუშინწინ საღამოს საზეიმო მიღება და ვახშამი გაიმართა, რომელსაც მიშელ პლატინისთან ერთად უეფა-ს დელეგაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, მთავრობის პირველი პირები და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები დაესწრნენ. უეფა-ს პრეზიდენტი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. `პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება შესაბამის დროს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ~ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრებს, რომელთა პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ `ბარსელონასა~ და `სევილიის~ ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს. პრემიერს ეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება. `გარწმუნებთ, უეფა-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელ კონტინენტზე~, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სუპერთასის მატჩის მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის უეფას-ს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, მიშელ პლატინისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დახურული საუბარიც გაიმართებოდა. ყოველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, ფრანგი გარკვეულ მესიჯებს დაუტოვებს საქართველოს მთავრობას კარსმომდგარ ფეხურთის ფედერაციის არჩევნების წინ. მოგეხსენებათ, ხელისუფლებას ამ პოსტზე თავისი კანდიდატი ჰყავს _ ახლო წარსულში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. სფფ-ის კანდიდატად მოიაზრება მოქმედი გენმდივანი რევაზ არველაძე, თუმცა არ არის გამორიცხული კენჭი სულაც მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ იყაროს. სავარაუდოდ, ფედერაციის კანდიდატს დაუჭერს მხარს პლატინი. ჯერ კიდევ სამი წლის წინ განაცხადა სიჭინავამ, რომ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი დაბერდა და დროა, ფიფა პლატინიმ ჩაიბაროსო. ცნობილია, რომ უეფა-ს თავკაცის გუნდის წევრად მიიჩნევა ქართული ფეხბურთის დღევანდელი მესაჭე. ცნობილი ფაქტია, რომ უეფა-ს პრეზიდენტის ახლო მეგობარია სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, ვისაც, სხვათა შორის, 2003 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თითქმის ყოველდღიურად ურეკავდა პლატინი და ინტერესდებოდა, თუ როგორ მიდიოდა ლანჩხუთში წინასაარჩევნო კამპანია. მაშინ ჟორდანია ირწმუნებოდა, რომ პლატინი ფრანგულ სპონსორს უშოვიდა `გურიას~, მაგრამ მაშინ ლანჩხუთმა ზურგი აქცია ჟორდანიას, რომელიც შემდეგ ორჯერ დაიჭირეს და ქვეყნის დატოვებაც მოუხდა. შესაბამისად, `გურიას~ ფრანგული გეგმები ჩაიშალა... როცა მერაბ ჟორდანიას დაჭერა `ნაცხელისუფლებამ~ მეორედ გადაწყვიტა, პლატინი საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში და მეგობრის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. პლატინი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა (სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ისინი ერთმანეთს ჟორდანიამ გააცნო) და გარანტიაც მიიღო, რომ ჟორდანიას არ შეეხებოდნენ, მაგრამ წინა ხელისუფლებამ უეფა-ს პრეზიდენტობის მაშინ ჯერაც კანდიდატი პლატინი `გადააგდო~. მერე ჟორდანიამ პოსტი ფატოვა და თავისუფლებამიღებულმა დიდი წვლილი შეიტანა, პლატინის საბჭოთა 15 ხმა რომ დაებევებინა. მაშინაც წერილით გამოხატა პლატინიმ მხარდაჭერა ჟორდანიასადმი, ახლა კი ჩამსოვლის წინაა დღეებში სიჭინავას ეს წერილი გაუგზავნა: `ძვირფასო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად! გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე. დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები. ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და, რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე~. ახლა პლატინის ფიფა-ს პრეზიდენტობისთვის სჭირდება საქართველოს ხმა. სხვათა შორის, 10 წლის წინ, პლატინის მთავრობასთან შეხვედრას სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჟორდანია არ დაასწრეს და ერთ კვირაში დაიჭირეს. სიჭინავამაც თქვა, 11 აგვისტოს მერე შეიძლება პროკუატურაში დამიბარონო. ეს დრო კი პლატინის ვიზიტს შემდეგ დღეებს `ემთხვევა~, თუმცა უეფა-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას ის ირაკლი ღარიბაშვილს `უმშვენებდა~ გვერდს, რაც პოლიტიკურ ფეხბურთში ახალ კითხვებს აჩენს... პ.ს. `ჰო და არას~ ინფორმაციით, ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე და ლანჩხუთის გამგებელი, ამავდროულად `გურიას~ პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0