ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კატასტროფული მდგომარეობა ლანჩხუთის კულტურის სახლში!

კატასტროფული მდგომარეობა ლანჩხუთის კულტურის სახლში!
23-02-2018, 12:33

საესტრადო ჯგუფებს არ აქვთ გათბობა, სკამებს ერთმანეთშ ატყუპებენ, რათა არ წაიქცეს. საოცარი ამ სიტუაციაში პედაგოგები როგორ ასწავლიან ბავშვებს, ან ბავშვები რა განწყობით გადიან მეცადინეობას. საესტარდო ჯგუფების პედაგოგებს 170 ლარად უწევთ მუშაობა, ამბობენ რომ ზოგიერთი თანამშრომელი 120 და 80 ლარად მუშაობს. საესტრადო განყოფილებაში ამბობენ, რომ ისინი გადმოამისამართეს სხვა ოთახებში და მათ მაგივრად იქ კულტურის ცენტრის დაწესებულებათა გაერთიანებამ დაიდო ბინა. პედაგოგების თქმით, კულტურის სახლს არ აქვს ვალდებულება ფართი დაუთმოს კულტურის ცენტრის დაწესებულებათა გაერთიანებას და ამის ხარჯზე საესტრადო ჯგუფებს დისკომფორტი შეექმნათ. ისინი ასევე კულტური ცენტრის დაწესებულებათა გაერთიანები თანამშრომლების მაღალ ხელფასებზეც მიუთითებენ. ,,სინამდვილეში, საქმეს ვაკეთებთ ჩვენ, საესტრადო ჯგუფები და მაღალ ხელფასს იღებენ კულტურის ცენტრის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები. უკვე ისე გაგვიჭირდა მატერიალურად, რომ ვამბობთ, ჯანდაბას იყოს ასეთი ინფრასტრუქტურა, ოღონდ ხელფასები გაზარდონ. თქვენც ხედავთ თუ რა სავალალო სიტუაციაა ყოველ მხრივ. ხოლო ხსენებული გაერთიანება რემონტს ატარებს საკუთარ კაბინეტებში. შეიძლება აქ ბავშვმა შესაბამისი განწყობა შეიქმნას? გული გვისკდება, ამოყრილ პარკეტზე ფეხი არ გადაუბრუნდეთ, ან ჭერიდან არ ჩამოვარდეს რამე. ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია“_აცხადებენ პედაგოგები. ,,ჰო და არა“ კულტურის ცენტრის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ადელინა კილაძეს გაესაუბრა. სხვათშორის, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადად ადელინა კილაძის კაბინეტიც არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია და რემონტის მას არაფერი ეტყობა, თუმცა გაერთიანების სათაო ოფისის რამდენიმე ოთახი ნამდვილად გარემონტებულია. -ქალბატონო ადელინა, კულტურის სახლში ინფრასტრუქტურა რომ მთლიანად მოსაწესრიგებელია, ფაქტია, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საესტრადო ჯგუფებში. ვხედავთ, რომ თქვენი გაერთიანების რამდენიმე ოთახი გარემონტებულია. თუ იგეგმება რაიმე ინფრასსტრუქტურული პროექტის განხორციელება საესტრადო ჯგუფებში, ან ზოგადად კულტურის სახლში? -გეთანხმებით, ინფრასტრუქტურა კულტურის სახლში თითქმის არ არსებობს. მერწმუნეთ, მივმართავთ ყველას, ვინც შეიძლება რაიმე სახის დახმარება გაგვიწიოს ამ მხრივ, სამწუხაროდ უშედეგოდ. მუნიციპალიტეტს ფიზიკურად არ აქვს იმის სახსრები, რომ ეს შენობა გაარემონტოს. ხოლო ჩვენთვის გამოყოფილი ბიუჯეტით, წლიური 910 000 ლარით, უბრალოდ შეუძლებელია რაიმე სახის კოსმეტიკის გაკეთებაც კი. ეს ყველაფერი გამოწვეულია უსახსრობით, საესტრადო ჯგუფებზე განსაკუთრებით მტკივა გული, არც პედაგოგებს და არც ბავშვებს ღირსეულად მეცადინეობის საშუალება არ ეძლევათ. გარდა ამისა, მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა მუზეუმებზეც, იქაც ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და სასწრაფო ჩარევას საჭიროებს, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ პრობლემებს ვერ ვხედავთ, უბრალოდ არ არის იმის მატერიალური საშუალება, ყველაფერს მივხედოთ. ვფიქრობ, შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც კულტურის სახლი გადავიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ეს რომ არა, კულტურის სამინისტროს ექნებოდა ვალდებულება, რაიმე სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გაეტარებინა. ახლა მთლიანად დამოკიდებულები ვართ კეთილი ადამიანების ასევე კეთილ ნებაზე. პატარა თანხაზე არაა საუბარი, სადღაც მილიონი ლარი იქნება საჭირო, რომ შენობა შესაბამის ფორმაში მოვიდეს. ისე, ჩვენს გაერთიანებას თავიდანვე გვქონდა სურვილი, რომ ცალკე ფართში დაგვედო ბინა და კულტურის სახლი არ შეგვევიწოვებინა. ის ორი ოთახი, რომელზეც მკითხეთ, იმთავითვე გარემონტებული იყო, უბრალოდ მოხდა ტიხარის გაკეთება. -კულტურის სახლის თანამშრომლების ხელფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე კულტურის ცენტრის დაწესებულებათ გაერთიანების თანამშრომლების. ხელფასების უსამართლო გადანაწილებასთნ ხომ არ გვაქვს საქმე? -ასე არ ვფიქრობ. თუმცა მიმაჩნია, რომ მართლაც ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ თქვენს მიერ ხსენებულ თანამშრომლებს. არადა, ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთბენ და ღირსეულად ემსახურებიან კულტურის სფეროს. მოდი საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში, როდესაც ამბობენ, რომ ადელინა კილაძეს აქვს 1000 ლარი ხელფასი, მინიმუმ საქმეში ჩაუხედავად, ზედაპირულად აკეთებენ ასეთ განცხადებას. მე ხელზე ვიღებ 740 ლარს. როდესაც დავინიშნე ამ თანამდებობაზე, თავიდანვე მოვიკელი 50 ლარი, თუ საჭირო იქნება კიდევ მოვიკლებ, მაგრამ ეს საერთო სურათს ნამდვილად ვერ შეცვლის. სულიტ და გულით მინდა ყველა თანამშრომელს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს, უბრალოდ როდესაც ჩვენს გაერთიანებაზე საუბრობენ, მთლიანად დარიცხული ხელფასის რაოდენობას ასახელებენ, ხოლო თავიანთ ანზღაურებას, მხოლოდ ხელზე აღებულს ანგარიშობენ. -გავრცელებული ხმებით, თქვენ შეიძლება დატოვოთ დაკავებული თანამდებობა და საერთოდაც იგეგმება გაერთიანების რეორგანიზაცია, ამაზე რას იტყვით? -ჭორის დონეზე მეც გავიგე რაღაცეები, ოფიციალურად ვერაფერს დაგიდასტურებთ, ამ თემაზე ხელმძღვანელ პირებს ჩემთან არ უსაუბრიათ. რეორგანიზაციას ნამდვილად ველოდებით, ხოლო რას გადაწყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. კულტურის სახლის დირექტორის, გია იმნაიშვილის თქმით, ის სისტემატიურად მართავს შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ინფრასტრუქურა მცირედით მაინც მოწესრიგდეს. ,,მადლობას მოვახსენებ ,,ჰო და არას“ ამ თემით დაინტერესების გამო, სიტუაცია მართლაც მძიმეა. კულტურის სახლის ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს, წარმოუდგენლად რთული გახლავთ თანამშრომლებისთვის აქ მუშაობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატმა ნინო წილოსანმა დახმარება აღგვითქვეს და იმედით ველოდებით სასიკეთო ძვრებს. დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან აწუხებთ კულტურის სახლის მდგომარეობა, თანამშრომლების დაბალი ხელფასები და იმედი გვაქვს ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს დასახმარებლად“-განაცხადა გია იმნაიშვილმა. ,,ჰო და არა“ ყურადღებით მიადევნებს თვალს კულტურის სახლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები