ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვანი სოფელია ისტორიული თვალსაზრისით. აქ გვხდება, როორც ანტიკური ისე ადრე და გვიან ფეოდალური ხანის ძეგლები. წინარე ქრისტიანული ხანისა უნდა იყოს სოფ. მოედანში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სასიმაგრო ნაგებობის კვალი, თიხის კრამიტები, კრამიტის მილი, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერები ამბობენ,რომ აქ უნდა ყოფილიყო უძველესი აბანო. ,,აღსანიშნავია, რომ თიხის მილის ანალოგიები იძებნება შუხუთისა და ციხისძირის აბანოებში." მნიშვნელოვანია, აგურის ფრაგმენტი ლათინური წარწერით ,,LEG".ამ ფილას რომაულ მეთხუთმეტე ლეგიონთან აკავშირებენ და ის ,,ლლ-ლV სს დათარიღდა," ამ აგურის ფრაგმენტის მსგავსი უნდა იყოს სოხუმში და ციხისძირში აღმოჩენილი აგურის ნატეხები, ასევე ფიქრობენ, რომ ,,სოფელ მოედანში და ბიჭვინთაში აღმოჩენილი დამღიანი ფილის ნაშთი იდენტურია.’’ როგორც ჩანს, საქმე გვაქვს საფორტიფიკაციო და ,,მძლავრ ქალაქური ტიპის დაახლებასთან.’’ ნიშანდობლივია, ისიც, რომ ეს ადგილი გამაგრებული იყო არა ბარბაროსთა შემოტევების აღსაკვეთად, არამედ აღმოსავლეთიდან იცავდა რომაელთა და კოლხთა გარნიზონებს იბერიელებისა და მათი მოკავშირე ჩრდილო კავკასიური ტომების შემოსევებისაგან. რომაელების მიერ კოლხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების ასე მობილიზება არც არის გასაკვირი, რადგან იბერიის მეფეების მიერ დაქირავებული ალანები დიდ პრობლემას უქმნიდნენ მათ პროვინციებს. განსაკუთრებით ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელა იბერიის მეფე, ფარსმან მეორემ, ალანებთან ერთად,134 წელს რომის და პართიის წიმაამღდეგ, ასევე ფარსმანმა, ზემოხსენებულ ტომთან ერთად, ილაშქრა დასავლეთ საქართველოში და მიწებიც მოსტაცა მათ, ამიტომაც რომის იმპერიის ინტერესების დასაცავად აუცილებელი იყო კოლხეთის აღმოსავლეთ ნაწილის გამაგრება. ამავე სოფელში იყო დაახლოებით X-X1 საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიის ნანგრევები. (დღეს იქ ახლად აგებული ეკლესია დგას.) ის ეკლესია ნაგები იყო მოქვისა და ოზანის ეკლესიის სტილზე. სოფელ ჯიხანჯირს ამშვენებს ,,ნასტეფნარის" (ნაციხვარი). მას უკავშირებენ წმ.სტეფანეს სალოცავს, ,,ნა-არ" წინა ვითარების აღმნიშვნელი აფიქსია.მაგ: ნა-სოფლ-არ-ი, ნა-ქალაქ-არ-ი,ნა-მოსახლარ-ი და სხვა. საინტერესოა, ,,გორგოშაულისა" და ,,კიბულას" ნაციხვარები. ერთი ვერსიით კიბულას სახელწოდება დაკავშირებულია რეი-კიბელეს კულტთან. არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც, ამ მთას ,,კიბულა" კიბისებური ფორმის გამო უწოდეს. ფაქტია, რომ სოფ. ჯიხანჯირის სახელწოდება ზანურიდან მომდინარეობს. ჯიხა მეგრულად ციხეს ნიშნავს. მსგავსი ტოპონიმები მრავლადაა ჩვენში. საინტერესოა ისიც, რომ ამ სოფელში აღმოჩენილია 334 ოსმალური მონეტა, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება (მ.ანთაძე), თუმცა მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს განძი XVI საუკუნისაა და პატივცემულმა მეცნიერმა შეცდომა დაუშვა დათარიღებისას (გ.დუნდუა). თუ მას დავეყრდნობით ჯიხანჯირის განძი უძველესია გურიაში ნაპოვნ ოსმალურ განძთა შორის. ასევე დოკუმენტებიდან ჩანს,რომ ამ სოფელში უნდა მდგარიყო მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. სოფ.ჩოჩხათიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შემორჩენილია ღვედის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, სოფ.ხორეთში კი უნდა ყოფილიყო კუნჭულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და გამოქვაბულში ნაკვეთი მონასტერი (დღეს იქ არის ტრაპეზის ნაშთი.), ასევე ამ არეალში საინტერესოა კოკათის გამოქვაბული და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ღირებულება უნდა გააჩნდეს ,,თათრის გორას", ის ხორეთის გამოქვაბულთან ახლოს მდებარეობს. ამ ბორცვს აქვს ტერასისებრი ზედაპირი, ის მრგვალია და უნდა იყოს ხელოვნურად მოზვინული. ჩემი ჰიპოთეზით, შესაძლოა ის გორა-სამოსახლოს წამოადგენდეს. როგორც ჩანს, ჩოჩხათის თემში არსებობდა უამრავი ეკლესია, ციხესიმაგრე და სხვა უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სოფ.კოკათშია აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლები და ეს ,,საყდრის ფერდის" ქვაჯვარა და საფლავის ქვებია. სოფელი კოკათი გურიის ერთ-ერთი ულამაზესი და მაღალმთიანი სოფელია. პირველ რიგში სიტყვა ,,კოკ-ათ-ი" განვიხილოთ ენათმეცნიერული თვალსაზრისით . ამისათვის საჭიროა მისი დაშლა. ამ სიტყვის ფუძეა ,,კოკ", ,,ათ"(ეთ) კი - სადაურობის აღმნიშვნელი სუფიქსი, ხოლო ,,ი" ბრუნვის ნიშანია. სოფ. კოკათი მოისაზრება, როგორც კოკების სოფელი და ვფიქრობ, რომ აქ ძველად მეთუნეობა იყო განვითარებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კოკათში არის თიხანარევი წითელი მიწა, საინტერესოა, ისიც, რომ ორივე ლეგენდა სოფლის სახელწოდების შესახებ დაკავშირებულია სიტყვა ,,კოკასთან". ,კოკ" ფუძიანი სოფლები ბევრია საქართველოში. მაგ:კოკ-ი, კოკ-ია, კოკ-ა და სხვა.,,ათ" სუფიქსით ნაწარმოები სოფლებიც მრავლადაა გურიაში (ჩოჩხ-ათ-ი,ჩიბ-ათ-ი, ჭანჭათ-ი). სოფ.კოკათს ძალიან კარგი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილს თანასოფლელები ,,კოშკის თავს" უწოდებენ, თუმცა არავინ იცის არსებობდა თუ არა აქ თავდაცვითი ნაგებობა. ამ ადგილიდან ძალიან კარგად ჩანს მთელი ჩოჩხათის თემი, შავი ზღვის სანაპირო, აღმოსავლეთ გურია და სხვა. კოშკის თავის სამხრეთით მიუდგოელ, მაღალ ადილას , ზღვის დონიდან 200 მეტრზე მდებარობს ,,საყდრის ფერდი." 1828 წელს შემოქმედელი არქიმანდრიტის, არსენ მგალობლიშვილის მიერ შედგენილ ჯუმათის საეპისკოპოსოს ეკლესიათა ნუსხაში იხსენიება ,,კაკათის მთავარანგელოზის ხის ეკლესია ნაგები ხით. მის სამრევლოში 17 კომლი შედიოდა.“ ლეგენდის მიხედვით, ეს მთავარანგელოზის სახელობის ხის ეკლესია აზნაურებს აუშენებიათ საყდრის ფერდზე. (უნდა ვახსენო, რომ არქიმანდრიტი არსენ მგალობლიშვილის დასახელებული ,,კაკათი" და სოფ.კოკათი ერთი და იგივე ტოპონიმია და მან სიტყვათა ფონეტიკური სიახლოვის გამო დაუშვა შეცდომა.) საყდრის ფერდიდან არც ისე შორს მდებარეობს ადგილი ,,ხუცისნასახლევი." ალბათ არც ისე შორეულ წარსულში აქ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. ნასაყდრალზე კი ჩვენ, სხვა დანარჩენთან ერთად, ვიპოვეთ 6 სხვადასხვა ზომის ლურსმანი (არაა გამორიცხული კიდევ ბევრი აღმოჩნდეს) ეს ყოველივე აქ ხის ნაგებობის არსებობაზე მიუთითებს. ასევე იქვე ახლოს, ბალახის საფარში წავაწყდით უდუღაბო ქვების გროვას, რომელიც ერთი მხრიდან მაინც ნათალია. ის სამრეკლოს , ,,კოშკის", ან კიდევ სხვა თავდაცვითი ნაგებობის ნანგრევებია. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადგილი საუკეთესო იყო ეკლესიის ასეგებად, რადგან ჩვენი წინაპრები გორა-სამოსახლოების ხანის შემდეგ, როცა ფეოდალიზმს ეყრება საფუძველი, ასეთ მიუდგომელ ადგილს არჩევდნენ ეკლესიისა და სასაფლაოს განსათავსებლად უსაფრთხოების მიზნით. იშვიათად ბორცზე შეიძლება საყდარი და სასაფლაო ერთად ყოფილიყო, სწორედ ამ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს საყდრის ფერდი. (კომუნისტების პერიოდში აქ ციტრუსის პლანტაციები გააშენეს და საფლავის ქვები განადგურდა.) საინტერესოა, რომ სწორედ აქ არის აღმოჩენილი ქვაჯვარა და მეცხრამეტე საუკუნის ორი საფლავის ქვა, ჯვრითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული. ქვაჯვარა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გხვდება.V-X საუკუნეებში საქართველოში ჩნდება სტელები ჯვრის გამოსახულებით, რომელთაც სამლოცველო მნიშვნელობა აქვთ. X-XIII საუკუნეებში იწყება ,,ჯვრის აღმართვა", მათ მსხვერპლსაც კი სწირავდნენ. გვიან ფეოდალურ ხანაში ქვაჯვარას სამლოცველო მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა შესაძლოა მას სამიჯნედაც იყენებდნენ. მკლევართა მოსაზრებით, XIV საუკუნეში ჩნდება ქვაჯვრები, ხშირად სამნის (სამიჯნე) დანიშნულებით. ,,ფორმით ის უხეშად დამუშავებული ქვებია, რომელზეც ზოგჯერ ჯვარია ამოკვეთილი, აქა-იქ წარწერაც გვხდება." (გ.ოთხმეზური) სწორედ ასეთი სტილისა და ამ ფორმისა უნდა იყოს კოკათის ქვაჯვარა. სამწუხაროდ მას თავი აქვს მოტეხილი (მისი ნაწილები ქვაჯვრის ახლო-მახლოს ვიპოვეთ) წარწერასთან ახლოს დაზიანებულია ქვედა მხარე, შესაძლოა მას ბაზისიც ჰქონოდა. ქვაჯვარის შუა ნაწილში უხეშად ,,ჯვარია ამოკვეთილი", მის ზემოთ მარცხენა და მარჯვენა ფრთაზე ,,აქა-იქ წარწერაც გვხდება" ამოკაწრულია ასომთავრული ასო-ნიშნები: "ექ ღნ(?)გ" ჩემი ჰიპოთეზით, ქარაგმა შემდეგნაირად იხსნება: ,,ე... ქრისტე ღმერთმან გვაცხოვნე" ჯვრის ქვედა ნაწილზე ასევე ამოკვეთილია 7 ასო-ნიშანი: "სღიშგჯპ"; ქარაგმის გახსნა: ,,სახელითა ღვთისაითა შეგვიწყალე ჯვარო პატიოსანო" აღსანიშნავია, რომ ეს ასოები სწორედ ჯვარ პატიოსანზეა გამოსახული და, რა თქმა უნდა, რომ მას თხოვს შემწეობას. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქვაჯვარაზე ცუდადაა ამოტვიფრული ასომთავრული ასოები, უფრო მეტიც, გაურკვევლად წერია ისინი და ეს სულაც არ არის დაზიანების ბრალი. ეს ძეგლი იმ პერიოდისა უნდა იყოს, როცა ქართველებში თანდათან დომინანტური ხდება მხედრული ანბანი, ხოლო მგლოვანს ივიწყებენ. მას ხშირად იყენებენ სათაურების, სხვა მნიშვნელოვანი სიტყვებისა და წინადადების დასაწყისის დასაწერად.(სწორედ ამიტომ უწოდეს XIV საუკუნდან ასომთავრული.) ჩვენს მიერ განხილული ქვაჯვარის მსგავსი სახის ქვაჯვარები ზოგადად გვიან ფეოდალურ ხანაში გვხდება ,,აქა-იქ წარწერები", ,,ზოგჯერ ჯვარია გამოსახული." ეს ჩემი უბრალო ჰიპოთეზაა, თუმცა ენათმეცნიერებს ასო-ნიშანთა სიღმისეული შესწავლის მეშვეობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შედეგად შეუძლიათ დაადგინონ ქვაჯვარის აღმართვის მიახლოებითი თარიღი. ქვაჯვართან ახლოს არის ორი საფლავის ქვა და ორივე ერთნაირი ორნამენტებით არის გაფორმებული, მათზე გამოსახულია ჯვარი და ერთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია ოთხსტრიქონიანი წარწერა, რომლის სრულად გაშიფვრა ვერ შევძელი დაზიანების გამო.ამ ქვაზე ამოვიკითხე შემდეგი სიტყვები და ასოები: ,,მევიქნებიაქ", ,,ტარიელისძეძიმისტ[არიშვილი]", "წმი..." ,,,მკითხველი" და სხვა. მეორე საფლავის ქვა დაზიაანებული. ვფიქრობდი, რომ ის არაფრისმომცემი იქნებოდა, მაგრამ სასიხარულოდ ზედ ამოვიკითხე თარიღი ,,1890წ" და შემდეგი სიტყვები: ,,ძისა", ,,ულოცე... ,,ძიმისტ [არიშვილი]" .ჩემი აზრით, ის სასულიერო პირთა საფლავებია. ჩვენ ვიცით, რომ 1828 წელს აქ ხის ეკლესია იდგა და არ არის გამორიცხული, რომ ის 1890 წლისათვის მოქმედებდა და მას ღმვდელმსახურები ჰყავდა. მე ვფიქრობ, რომ ამ ისტორიული ძეგლებით მეცნიერები უთუოდ უნდა დაინტერესდენ. მათ აუცილებლად უნდა შეისწავლონ და დაათარიღონ ქვაჯვარა და ქვების გროვა, რომელიც საყდრის ფერდზეა აღმოჩენილი.
გამოყენებული წყარო:
1.1913 წლის განჩინება ეპისკოპოს ლეონიდეს ხელდართვით (არაა გამოცემული)
გამოყენებული ლიტერატურა : 1. ე.გოგუაძე ,,სუფსა-მოგროსის ხეობის საიდუმლოებანი."
2. გ.გორდაძე "მოედნის ღმრთისმშობლის ეკლესია" ძეგლის მეგობარი 1985 წ.
3. კახა ჩავლეიშვილი "ჩოჩხათი- რომაული ლეგიონის კვალი გურიაში" პო და არა 26 აპრილი ,2024 წელი.
4. ნ.ბერძენიშვილი "საქართველოს ისტორიის საკითხები I"
5. ნ.ბერძენიშვილი "საქართველოს ისტორიის საკითხები ლლ"
6. ვ.ცისკარიშვილი ,,ჯავახეთის ეპიგრაფიკა,როგორც საისტორიო წყარო"
7.ვ.თოფურია ,,ქვაჯვარანი საქართველოში" (საქართველოს და კავკასიის ისტორიისთვის ნარკვევი IV"
8. გ.ოთხმეზური "XII-XIII საუკუნის მიჯნის ლაპიდარული წარწერები,როგორც საისტორიო წყარო."
9. ჟურნალი გურია ტომი I
10. ჟურნალი გურია ტომი ლლ
11. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე XXXV-B 1881 წ. მ.ანთაძე"ჯიხანჯირის თუქული მონეტების განძი" ნ.აფხაზავა "მივლინება ჯიხანჯირში- განძის აღმოჩენის ადგილზე"
12. გრანი ქავთარია"რომის გავლენის დამყარება ამიერკავკასიაში და ქართული პოლიტიკური ერთეულების საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა ძვ.წ.I-ახ.წ III სს-ში" ქართული დოპლომატიის ისტორია 2022 წელი.
13.გ.მელიქიშვილი"ქართლის (იბერიის) სამეფოს გაძლიერება ახ.წ.I-II საუკუნეებში" საქართველოს ისტორია ტომი I 2022 წელი.
ნიკოლოზ ძიმისტარიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი
იაკობ კვერენჩხილაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ჩოჩხათის თემის სოფლების ისტორია და სოფელ კოკათში აღმოჩენილი ძველი წარწერების შესახებ
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 457