ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვახო გიგინეიშვილი:,,თეატრის კარი არ უნდა იხურებოდეს, მაყურებელს არ უნდა კარგავდეს თეატრი...“

ვახო გიგინეიშვილი:,,თეატრის კარი არ უნდა იხურებოდეს, მაყურებელს არ უნდა კარგავდეს თეატრი...“
22-12-2022, 14:47

,,ჰო და არას” სტუმარია, მსახიობი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახტანგ გიგინეიშვილი. 
შეგახსენებთ,რომ ლანჩხუთის კულტურის ცენტრის სცენაზე მაყურებელმა ახლახან იხილა, მის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,ნაცარქექია", რომელშიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, დიდი აზრია ჩადებული,რასაც არ შეიძლება არ დაეთანხმო.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე ატონი აკაკი ბაქრაძე წერდა: ,,ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაცია, ნიღაბია ნამდვილი არსის დასამალად, რამეთუ ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბაყბაყ-დევთანაც კი, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია". ესე იგი, ნაცარქექიას (ქართველი კაცი) ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობაა მისი თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიაობა.
_  გვიამბეთ თქვენს შესახებ?
_ დავიბადე 1966 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, ძირძველი ბათუმელი ვარ, დედა იყო ბათუმელი, მამა კი წარმოშობით სოფელ ჯურუყვეთიდან გახლდათ, შემდეგ ბათუმში დასახლდა. დავამთავრე ქ. ბათუმის N1 საშუალო სკოლა.
1977წელს, მივედი ბათუმის დრამატულ თეატრში და დავიწყე მუშაობა სცენის დეკორატორ-მემონტაჟედ, შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, ორი წლის მერე სასწავლებლად გადავედი ქ. მოსკოვში, ხელოვნების უნივერსიტეტში და დავამთავრე მოსკოვში ხელოვნების უნივერსიტეტი.
ვმუშაობდი, ბათუმის დრამატულ თეატრში 1977 წლიდან, 1985 წლის ჩათვლით. 1985 წელს გადავედი და ვარ  ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ამ თეატრში ვიმუშავე 2010 წლამდე. მაქვს ჩემი დამოუკიდებელი თეატრი, ასევე ვმუშაობდი აჭარის ტელევიზიაში იუმორისტულ გადაცემაში ,,ვიცინოთ ერთად," რომლის რეჟისორი იყო რევაზ ბაინაზიშვილი, გადაცემას ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი. ასევე აჭარა ტვ-12-ზე მქონდა ჩემი საავტორო გადაცემა ,,სტუმრად ნაცარქექიასთან“. მე და ჩემმა მეგობარმა გავხსენით, ბავშვთა გასართობი ცენტრი და მასთან არსებული საბავშვო თეატრი ,,ბერიკები", რომელიც იყო ძალიან პოპულარული და გვქონდა გასვლები უცხოეთში. ვმოღვაწეობდი თურქეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ქალაქში, თეატრში თურქ მსახიობებთან ერთად დავდგი სპექტაკლი ,,პეპი გრძელიწინდა." თავად გახლდით სპექტაკლის რეჟისორი. მე და ჩემმა მეგობარმა  ორდუს ,,შავი ზღვის თეატრში" გავაკეთეთ ერთობლივი სპექტაკლი.
ახლა  ვარ, ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი.
_ მსახიობის პროფესია რატომ აირჩიეთ?
_ბავშვობიდან მეზღვაურობა მიტაცებდა, ისე როგორც მრავალ ბათუმელ ახალგაზრდას. ვცხოვრობდი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ბათუმში და იქვე იყო პიონერთა პარკი, ახლა მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლია, ასევე საზღვაო სასწავლებელი, რომელიც ახლა აკადემიაა, სადაც მრავალი ცნობილი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გაიზარდა, მიღება იყო მერვე კლასიდან. დედაჩემმა ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ერთი ბიჭი მყავს, ზღვაში ვერ გაუშვებო, ვინც ჩემს ჯგუფში უნდა ყოფილიყო, მრავალი მათგანი შორეული ნაოსნობის კაპიტანია. მერე ისე მოხდა, რომ თეატრს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება.
_ ახლა იმ სპექტაკლის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც ახლახან დაიდგა ლანჩხუთში და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, თავად როგორ ხედავთ მას?
_ იქამდე მინდა გითხრათ, რომ 1988 წელს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნა  სპექტაკლი ,,ნაცარქექია." მე ვიყავი რეჟისორი და ვთამაშობდი ნაცარქექიას. სპექტაკლში  შესანიშნავი მსახიობები მონაწილეობდნენ: ბატონი გივი ურუშაძე, ბატონი ანზორ ურიდია, რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა.
_ სცენარი ასეთივე იყო როგორც ახლა? პერსონაჟი ახლანდელ პიესაში მეტი იყო თუ ძველში?
_ არა, მაშინ დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის მიხედვით ზუსტად, პირიქით უფრო მეტია იქ პერსონაჟი, ნახუცრიშვილის პიესაში მოსამართლეცაა, ყაფლანიციბრუხტი მეუღლესთან ერთად და მისი შვილი ვახუშტი, ის პიესა ძალიან დიდია, საათი და ორმოცდაათი წუთი მიდიოდა სპექტაკლი, იმ შემთხვევაში მოქმედება ასე ვითარდება: მთავარი გმირი, ბატონის შემდეგ მეფესთან მიდის, მეფეს აცუცურაკებს კიდევ და შემდეგ გამარჯვებული ბრუნდება შინ.
ახლა რაც გავაკეთე არის, . ნახუცრიშვილის მიხედვით, აქ არის შერწყმული ქართული ხალხური ზღაპარი და გიორგი ნახუცრიშვილის პიესა. მგონი წარმატებული გამოვიდა. რეჟისორის პროდუქტი არის სპექტაკლი, ამიტომ მე ჩემს სპექტაკლს ვერ შევაქებ, ის უნდა შეაქოს მაყურებელმა, მაგრამ აპლოდისმენტებით, შეფასებებით და გამოხმაურებებით  მივხვდი, რომ იგი  წავიდა კარგად.
_ გეთანხმებით, პრემიერა მართლაც იყო წარმატებული, კარგად მიიღო ყველა ასაკის მაყურებელმა, ჩვენ აქ გავუსვით ხაზი იმას, რომ პატარები გაახარა და უფროსები ალბათ სხვანაირად დააფიქრა. აქვე გკითხავთ მომავლის გეგმებზე.
_მომავლის გეგმები ასეთია: იანვრიდან ჩამოგვყავს მეგობარი რეჟისორი ბატონი რეზო ბაინაზიშვილი, რომელიც დადგამს ნოდარ დუმბაძის ,,დიდროს". შემდეგ გეგმაში მაქვს დავდგა სულხან-საბა ორბელიანის იგავებზე აგებული პიესა _  ,,ვირუკას საოცარი თავგადასავალი". მინდა, რომ სპექტაკლში გამოვიყენო კულტურის ცენტრში არსებული ცოცხალი ბენდი, ვფიქრობ,  შთამბეჭდავი იქნება სპექტაკლში ჟღერდეს ცოცხალი მუსიკა და არა ფონოგრამა. ვნახოთ, რამდენად გამომივა.
შემდეგ მინდა გითხრათ ისიც, რომ  ვარ თოჯინების სპეციალისტი და სურვილი მაქვს ვაჩუქო პატარებს თოჯინური სპექტაკლი. გეგმები გვაქვს ასევე  ,,ეგნატე ნინოშვილის გურიასთან“ დაკავშირებით. ვფიქრობთ, ადგილზე  გავაკეთოთ ღონისძიებები. ერთი სიტყვით ბევრი გეგმა გვაქვს, მე მგონი წარმატებული წელი იქნება.
_ თეატრალური დასის შესახებ მინდა გკითხოთ, თქვენ გქონდათ შესარჩევი კონკურსი, ზოგიერთი მათგანი, დასის წევრები მყავს მხედველობაში, ადრეც მონაწილეობდა სპექტაკლებში და საკმაოდ წარმატებულადაც, ზოგს ვიცნობ, ისინი დუბლებში თამაშობდნენ. მაგალითისათვის დავასახელებ პავლე ნიკოლაიშვილს, რომელიც პირველად გამოჩნდა სცენაზე. არიან ასევე სხვებიც. თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა მაყურებლის დიდი მოწონება. ორიოდე სიტყვით როგორ დაახასიათებდით თეატრალურ დასს?
_ პირველ დღეს ითამაშა რეზო ხოფერიამ და მეორე დღეს პავლემ ითამაშა პრემიერაში, რეზო პროფესიონალი მსახიობია მაინც, მაგრამ პავლე ახალმოსულია და მასში დიდი პოტენციალი დავინახე, ბუნებით არის საოცარი კაცი, სულით შემოქმედია, ეს ბიჭი სხვა პლანეტაზეა თითქოს. მე კმაყოფილი ვარ ძალიან მისი მუშაობით და ენთუზიაზმით.
მსახიობს როცა უყვარს მუშაობა, ის ყოველთვის მიაღწევს წარმატებას. გვყავს ნინო კახაძე, მან სპექტაკლის ჩაბარებაზე ითამაშა მხოლოდ, პრემიერაზე ნინო ლეჟავამ შეასრულა ეს როლი. აღსანიშნავია ის, რომ გოგონა პირდაპირ სკოლიდან მოვიდა სცენაზე და ამხელა როლს გაართვა თავი. რაც შეეხება დასს, საოცარი დასია, მართლა კარგი ხალხია, მინდა აღვნიშნო,  გიორგი გუჯაბიძე-ყაფლანის როლში, გურამ იმნაძე, რა თქმა უნდა თვითონ ,,ნაცარქექია". ამ როლის შესახებ ერთი შეხედვით შეიძლება თქვა: ,,ნაცარქექიაა" და მერე რა, ეს არის ურთულესი როლი. პიესა არის იმპროვიზებით და მსახიობიც შესაბამისად უნდა იყოს იმპროვიზაციით გაჟღენთილი, ისე რომ ითამაშო, როგორც უწერია გიორგი ნახუცრიშვილს, არაფერი არ იქნება, იქნება ჩვეულებრივი, მაგრამ იმპროვიზება როცა ემატება, უკვე კეთდება სპექტაკლი. ეს გამოცდილება დიდი ხანია მაქვს. ,ნაცარქექია" ვითამაშე აქაც და ბათუმის თეატრშიც. სხვათა შორის ძალიან მიყვარს  და იგი უნდა იყოს ყველა თეატრის რეპერტუარში.
დასი არის შესანიშნავი, ყველა პროფესიონალია, დაამთავრეს ქ. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, კარგი პედაგოგები ჰყავდათ. იდგნენ სცენაზე და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. მინდა ასევე ვთქვა ორიოდე სიტყვა ჯაბა მორჩილაძეზე, რომელიც შესანიშნავია, პატარები გვყავს ანა, ასევე ირაკლი და მარიამ კალანდარიშვილები.
ამასთან ერთად თეატრალური სტუდია გვაქვს, სადაც მივიღეთ მსურველები კასტინგის წესით, დავავალე გურამ იმნაძეს, რადგან იგი გახლავთ პროფესიონალი, რაღა თქმა უნდა, შემაქვს კორექტურა, ვამოწმებ როგორ მუშაობენ.
_  კიდევ ხომ არ გეგმავთ მსგავს შესარჩევ კონკურსებს?
_ ჯერჯერობით არა, მაგრამ ვნახავთ, შესაძლებელია დავგეგმოთ, რაც მეტი ნიჭიერი მოვა, ესაა მთავარი. როცა მოვედი, იმ დღიდან ვამბობ: თეატრის კარი არ უნდა იხურებოდეს, მაყურებელს არ უნდა კარგავდეს თეატრი, მაყურებელი იკარგება მაშინ, როცა აჩვენებ პრემიერას, შემდეგ გავა რამდენიმე თვე და სპექტაკლები აღარ გვაქვს, ამიტომ ხშირად უნდა ვაჩვენოთ სპექტაკლები. ახლა ვაპირებ აღვადგინო თოჯინური სპექტაკლი _ ,,ჯამბაზი პედრო და წრუწუნა". ეს თოჯინური წარმოდგენაც ნახონ ბავშვებმა.
სცენის მუშიდან და დეკორატორიდან ყველა ეტაპი გავიარე, რომ მსახიობი ვყოფილიყავი, პირდაპირ არ მოვსულვარ როგორც მსახიობი, გადაღებული ვარ ფილმებში სერიალებში და ა.შ.
_ რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობის პროფესია? მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, მარტივია, მაგრამ თქვენთვის?
_ ბატონი გივი მასწავლიდა სარჯველაძე, ჩემი დიდი მაესტრო, ჩემი პედაგოგი იყო. გახლდათ რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ასოცირებული პროფესორი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, კახი კავსაძის, ჟანრი ლოლაშვილის, თათული დოლიძის და სხვა ცნობილი მსახიობების გამზრდელი. ბატონი გივი ამბობდა: როცა თოჯინას ხელში აიღებ, ეს ემოცია უნდა მიდიოდეს გულთან, აქედან შემდეგ უნდა გადაიხარშოს და უნდა წავიდეს, წავიდეს და გაცოცხლდესო.
მსახიობობა, მარტივად ვიტყვი, თუკი გულიდან არ მოდის, ჩათვალეთ, არაფერი  გამოვა. ხელოვნების ყველა დარგშიც ხომ ასეა. ჩემი მეუღლე მხატვარია, ვხედავ, როცა რაღაც იდეა მოუვა, მოულოდნელად გამოიტანს ტილოს, გაკრავს ფუნჯს, ვეკითხები და მპასუხობს _ ახლა მოვიდა უეცრადო, იმიტომ რომ, ეს ამოუცნობი ფენომენია. ძალიან ცუდად მახსოვს ერთი რამ,  დედა მყავდა გარდაცვლილი და მე სპექტაკლს ვთამაშობდი, ასეთი პროფესიაა. დავდგით ,,კომბლე“ ნახუცრიშვილის და მე ვიყავი ,,მეფის მასხარა", ძალიან ცუდად მახსოვს ის წელი, დედა იმ დროს გარდაიცვალა, რომ ზეგ უკვე პრემიერა უნდა ყოფილიყო, ამ დროს  ვითამაშე სპექტაკლში. ჩემი მეგობარი  მსახიობი, ბატონი ბიძინა მიქაუტაძე ამბობდა, ვახო ჩვენ იმისთანა პროფესია გვაქვს ჩვენს გასვენებაშიც ვერ ვიქნებითო.
თეატრი ჩემთვის ყველაფერია, მან ბევრი რამ გადამატანინა, მეორე ოჯახია. ღამითაც კი რამდენჯერ მიძინია თეატრში და იქ გვიქეიფია, თეატრი არ შეიძლება ქეიფის გარეშე, იქ უნდა იყოს სიყვარული. რა თქმა უნდა, ბოღმა და შურიც არის, მაგრამ გვერდითაა გაწეული, პირველი მაინც ერთმანეთის სიყვარულია. 
_ ბოლო დროს სულ იმაზეა საუბარი, რომ მაყურებელი თეატრში არ დადის. ლანჩხუთის, როგორც პატარა ქალაქის სპეციფიკა მაინც სულ სხვაა, ამ ბოლო სპექტაკლზე ეს საერთოდ არ იგრძნობოდა, პირიქით ორი დღე ანშლაგით მიდიოდა სპექტაკლი. როგორია თქვენი აზრი თეატრის და მაყურებლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით?
_ ლანჩხუთში ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელი არ დადის.  თეატრი ზრდის მაყურებელს. ჩვენს პრემიერაზე დაინახეთ რა ამბავი იყო? გაიხსნა კარი და  შემეშინდა იმდენი ხალხი მოვიდა. ვფიქრობ,  თუკი სპექტაკლი დაიდგმება, ლანჩხუთში მაყურებელი ყოველთვის იქნება.

მაია კუკულაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 906
FACEBOOK კომენტარები