ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნაცარქექია, კორუმპირებული მოსამართლე და ცბიერი კლიენტი

ნაცარქექია, კორუმპირებული მოსამართლე და ცბიერი კლიენტი
18-11-2022, 16:01

,,ნაცარქექია“ ლანჩხუთის კულტურის ცენტრის სცენაზე
ლანჩხუთში, კულტურის გაერთიანებასთან არსებულმა  ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრმა, ,,ნაცარქექიას“ პრემიერა წარმოადგინა. ყველა თაობისათვის საყვარელი ზღაპარი ამჯერად არ ყოფილა კლასიკური ნაცარქექია, იგი გაცილებით მეტად საინტერესო გახადა იმ მოულოდნელობამ, რაც სიუჟეტის განსხვავებულმა განვითარებამ გამოიწვია.
,,ნაცარქექია“ ქართული ხასიათის სიმბოლოდაც მიიჩნევა, ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაო და ჩვენი პატარა ქვეყანა ასე მოხერხებულობის წყალობით გადარჩა.    
მას შემდეგ, რაც ძმა და რძალი ,,ნაცარქექიას“ სახლიდან გააგდებენ, იგი ბაყბაყდევს ხვდება, თავისი გამჭრიახობით ამარცხებს და მის ავლადიდებასაც დაისაკუთრებს. ჯადოსნური ხალიჩა, ჯადოსნური სუფრა და ჯადოსნური დოლი ახლა მის ხელშია. შემდეგ პიესის მიხედვით სპექტაკლში ახალი პერსონაჟები ჩნდებიან, ესენია, კორუმპირებული მოსამართლე და მისი ცბიერი კლიენტი, რომელიც ,,ნაცარქექიას“ ძმას და რძალს ქონებას წაართმევენ და პატარა ძმისშვილებს ქუჩაში დატოვებენ. ამ ამბის გაგებისთანავე ჩვენი გმირი  ჯადოსნურ დოლს უბრძანებს და ერთი კარგად მიბეგვავს ორივე მატყუარას და წართმეულს უკან დაიბრუნებს. აქედან გამომდინარე სპექტაკლი საკმაოდ შეეხო იმ მოვლენებს, რაც დღეს ყველაზე პრობლემატურია, ესაა სასამართლო სისტემა. ერთი ასეთი დოლი ნეტა ჩვენც მოგვცაო გავიგონეთ უკანა რიგებიდან.
სპექტაკლს აპლოდისმენტები არ მოჰკლებია, განსაკუთრებული იყო ნინო ლეჟავას პლასტიკა, ბავშვები გაოცებული უყურებდნენ მის თამაშს, წარმოდგენას ასევე ესწრებოდა უფროსი თაობის მაყურებელიც. პატარები დევის გამოჩენამ გაამხიარულა, ისმოდა შეძახილები და აპლოდისმენტები რომელიც სპექტაკლის დასრულებამდე არ შეწყვეტილა, ყველა გმირი განსაკუთრებული და საინტერესო  და საყვარელი იყო.  ჩემის აზრით ეს გახლდათ ზღაპარი ბავშვებისათვის, რომელიც უფროსებსაც მოეწონათ და ,,ჯადოსნური დოლი“ მათაც მოუნდათ.
შესანიშნავი იყო ლანჩხუთელი მსახიობების თამაში. წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა. 
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: სპეციალური მოწვევით თეატრისა და კინოს მსახიობი, ნინო ლეჟავა; გურამ იმნაძე,
თამაზ ფირცხალაიშვილი, რეზო ხოფერია/პავლე ნიკოლაიშვილი, ნინო კახიძე, ჯაბა მორჩილაძე, გიორგი გუჯაბიძე, ირაკლი კალანდარიშვილი;
ბავშვები: ანა ღლონტი, მარი კალანდარიშვილი, ტასო კვირკველია ირაკლი კალანდარიშვილი;
დადგმა  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვახტანგ გიგინეიშვილის; მხატვრები: შოთა ჭყონია, ირაკლი კალანდარიშვილი;
დადგმა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვახტანგ გიგინეიშვილის; მხატვრები: შოთა ჭყონია, ირაკლი კალანდარიშვილი; 

         ნინი ვადაჭკორია

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 91
FACEBOOK კომენტარები