ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხელით გადაწერილი ჩანახატების პრეზენტაცია ლანჩხუთის კულტურის ცენტრში

12-07-2021, 14:00

ლანჩუთის კულტურის ცენტრში, ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელის, მაია ჭანტურიას ინიციატივით და თანამშრომლების მხარდაჭერით, მოეწყო ამავე კოლექტივის წევრის,  სოფო  ჩხაიძის ჩანახატების საკმაოდ უჩვეულო პრეზენტაცია, უჩვეულო ამაში ის იყო, რომ ჩანახატების კრებული ჯერ კიდევ მელანანშეუშრობელი და რაც მთავარია, ხელით გადაწერილი გამოჩნდა მკითხველის სამსჯავროზე, თუმცა სამსჯავროსაც ვერ დავარქმევთ,  პატარა სტრიქონებმა და დიდმა აზრებმა, უკვე გაიარეს ჩვენი თავალსაწიერი, სოციალურ ქსელში უკვე დავაგემოვნეთ ისინი, ბევრიც ვიტირეთ, ვიცინეთ კიდეც და სევდაც შემოგვერია, ჩავფიქრდით,  ჩვენივე ცხოვრებამ ჩაგვაფიქრა და საკუთარი ბავშვობაც  დაგვიდგა თვალწინ, მოკლედ ვის როგორ, გაუარა გულში და სულის სირღმემდე ჩააღწია. როგორც აქ  მყოფებმაც დაადასტურეს, ყველას მოგვეწონა, თუმცა სხვადასხვანაირად, უფრო ჩვენეულად; შეკრებილ ადამიანებს ისიც აღმოგვაჩნდა საერთო, ყველამ იფიქრა ეს აუცილებლად წიგნად უნდა გამოიცესო. ეს ყველაფერი ქალბატონმა  მაია ჭანტურიამ ლამაზად  გადაწერა პაწაწინა რვეულში, წინ დაგვიდო.  მეორე გასაკვირველი ისაა,  რომ ღონისძიება თავად ავტორთანაც  არ ყოფილა თურმე  შეთანხმებული.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიყოლიეს, ამაზე თავად სოფო ჩხაიძე წერს სოციალურ ქსელში:
,, ორი დღით ადრე მითხრეს, რომ ზეგ ჩემს ამბებს წაიკითხავდნენ და უარი არ მიიღებოდა.
მომჩიხეს, დადგა ზეგ.
დილით სარკეში ჩავიხედე და გაბურძგნულ თავს დავუწყე ლაპარაკი. მადლობა დედას, მადლობა მამას, მადლობა ამ საღამოს ორგანიზატორს, მეგობრებს, მეზობლებს, ქმარს და შვილებს... და ოსკარის დაჯილდოების რა გითხრათ, მაგრამ ოქროს ბუმბულიც კი წარმოვიდგინე ხელში და სავარცხელი გადავისვი ეშხად. სარკიდან მოკვდა სიცილით ჩემი თავი. ხარხარზე უკვე გავბრაზდი.-გოგო მეთქი!! ნუ იცინი! 
დაეშვი მიწაზეო, ხელით მანიშნა და გაქრა. ისევ გაბურძგნული სოფიო მედგა წინ.
შუადღისთვის უკვე გამზადებული ოთახი დამხვდა. იმხელა გარჯა, სითბო, გულწრფელობა, ლოლიავი დამხვდა იქ, ვერ აღვწერ. დაწყებას ვჩქარობდი, მალე დასრულდეს მეთქი, მაგრამ მერე დამთავრება აღარ მინდოდა. 
სახლში რომ დავბრუნდი მექანიკურად სარკეში ჩავიხედე. დასიცხული ცხვირ-პირი შევათვალიერე და ისევ გამიცინა სარკიდან იმ ჩემმა თავმა. მერე ფეხებზე დამხედა. 
ქუსლიანი ფეხსაცმელი უკვე აღარ მიჭერდა. დავეშვი მიწაზე.
ღონისძიება შედგა და მერე როგორ?ასეთი გულწრფელი უშუალო, უბრალო და გემოვნებიანი იშვითად რომ გვინახავს რამე,  რამდენიმე ჩანახატი ხელნაწერი წიგნიდან მაია ჭანტურიამ წაიკითხა და ფსიქოლოგ მარინე ბარამიძეს გადააწოდა მორიგი ჩანახატი წასაკითხად, შემდეგ კი ყველამ სათითაოდ გამოვთქით საკუთარი აზრი. ღონისძიების ავტორმა ერთგვარი თამაშიც შემოგვთავაზა: თითო სიტყვით დაგვეხასიათებინა ღონისძიების გმირი, სოფო ჩხაიძე და შემდეგ ამ სიტყვებმა ერთ სკივრში მოიყარა თავი. თითო სიტყვა საკმაოდ მცირა აღმოჩნდა, როგორც გურიაში იტყვიან, ამ ფარცაკი ავტორისათვის.
კინაღამ დამავიწყდა, ეს უჩვეულო საღამო ქალბატონმა მაია ჭანტურიამ ფიროსმანის სიტყვებით დაიწყო: „ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით, უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლო, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ.“ 
დიდი შენობა - ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ისტორიული შენობა, სამოვარი, ჩაი და საუბარი ლიტერატურაზე,  დაიწყო.  აღინიშნა,  რომ წიგნი, რომლის შესახებაც უნდა გვესაუბრა ავტორთან შეთანხმების გარეშე გადაიწერა. ,,ამ შემთხვევაში სტამბას მე წარმოვადგენ, ხოლო ავტორი არის დღევანდელი საღამოს გმირი, ქალბატონი სოფიო ჩხაიძე“ _ თქვა მაია ჭანტურიამ.
წიგნიც გადაიშალა. ,,პირველი ჩანახატი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და სასწრაფოდ შევკრიბე და გამოეცი მეთქი, რა ვიცი ზოგი სად არის და ზოგი სადაო. გავიფიქრე, ეს კომპიუტერი ხომ მაინც რკინაა რომ წაიშალოს? ძალიან დამენანა დასაკარგად. ჰოდა, ავდექი და მე შევკრიბე პატარა კრებულად და დიდ გულად და დიდი გულით დაწერილი შენივე ჩანახატები შენ მოგიძღვენი და თუ არ მიწყენ, სათაურიც დავარქვი _ ,,გულის კარნახით“. ასეთია  წიგნი დაბეჭდვამდე, რომელიც ავტორს იქვე გადაეცა. ეს კიდევ მორიგი ფარცაკი ამბავი.
ამ ღონისძიებას, არც სცენარი ჰქონია არც პროგრამა, ეს იყო სოფიოს ჩანახატების კითხვა, მეტად უჩვეულო და ძალიან საინტერესო.
მრაგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ: თავად ავტორი სოფიო ჩხაიძე, ღონისძიების ორგანიზატორი მაია ჭანტურია,  სოფიოს დედა ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თალიკო კვირკველია, ბიცოლა - მაყვალა ჩხაიძე; ავტორის უფროსი ვაჟიშვილი ვაჩე ნაკაიძე; სოფიოს მეგობრები, მოწვეული სტუმრები, კულტურის ცენტრის თანამშრომლები,  ადგილობრივი მედია და სხვები.
კითხვის საღამო დამთავრდა მოლოდინით, რას დაწერს სოფო შემდეგ. ,,ეს წიგნი შენ და დანარჩენი სახლში გააგრძელე”... მკითხველიც ამის მიხედვით განსჯის, წიგნიც უკვე მზადაა გამოსაცემად დანარჩენს კი ველოდებით.
            მაია კუკულაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 748
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა