ანსამბლი „ლანჩხუთი“ დაარსდა 2018 წელს ნუგზარ ხუხუნაიშვილისა და გურამ ურუშაძის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით. „ლანჩხუთის“ გამოცდილ მოცეკვავეებს მონაწილეობა მიუღიათ არაერთ სარაიონო, ზონალურ თუ რესპუბლიკურ ოლიმპიადა/ფესტივალებში. თუმცა, ამ შემადგენლობით ანსამბლ „ლანჩხუთს“ 19 ივნისს და 5 ივლისს ჰქონდა სადებიუტო გამოსვლა. მსოფლიოში შექმნილი კოვიდ სიტუაციის მიუხედავად, „ლანჩხუთი“ არ წყვეტდა რეპეტიციებს, მუშაობდა ჩიბათის კლუბში და მოუთმენლად ელოდა თავის პირველ ფესტივალს. აქვე, ანსამბლის ქორეოგრაფები მადლობას უხდიან ბატონ გელა ზოიძეს გაწეული დახმარებისთვის. მიმდინარე წლის 19 ივნისს ანსამბლი მიწვეული იყო ქალაქ მესტიაში ქართული ფოლკლორის ფესტივალ-კონკურსზე. მათ მიერ შესრულებულმა „ოსურმა“, „რაჭულმა“ და „აფხაზურმა“ მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა და მოცეკვავეები დაჯილდოვდნენ ლაურიატის დიპლომებით. ქორეოგრაფებს - ნუგზარ ხუხუნაიშვილს და გურამ ურუშაძეს გადაეცათ ფესტივალის ჟიურის მერ დაწესებული მედლები.
ზემო სვანეთიდან „ლანჩხუთი“ ეწვია ქალაქ ბათუმში გამართულ ფესტივალს - „ჯეო კრეატივ ფესტივალს“, რომელიც შედგა 5 ივლისს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აჭარის დედაქალაქში საქართველოს კუთხეებიდან ოცამდე ანსამბლი იყო ჩასული. როგორც მოსალოდნელი იყო, გურულებმა აქაც მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა აჩვენეს და კონკურსის ბოლოს დაიმსახურეს ჟიურის მოწონება. ყველა მოცეკვავეს და ქორეოგრაფებს გადაეცათ დიპლომები და მედლები. ასევე, ანსამბლი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით. მესტიის ფესტივალზე გამგზავრება დააფინანსა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რისთვისაც ქორეოგრაფები მადლობას უხდიან მას. აგრეთვე მშობლებს თანადგომისთვის.
ანსამბლ „ლანჩხუთის“ წარმატებები
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 145