გუშინ მარიამ ჩხაიძის დაბადების დღე იყო. თითზე ჩამოსათვლელი ჰყავდა ჩვენს სოფელს მისნაირი ჭირისუფალი, წარსულის მემატიანე და მომავლის მოამაგე, 75 წელზე მეტი მუხლჩაუხრელად ემსახურა ტელმანელი ახალგაზრდების აღზრდას, მის ხელში თაობები გამოიზარდა, არა მხოლოდ ,,დედა ენას“, არამედ სითბოს, სიკეთეს და ადამიანობას ასწავლიდა მათ.
უსაზღვროდ უყვარდა აცანა, სახე გაუნათდებოდა,როცა წარსულიდან რაიმეს მოყოლას ვთხოვდი,მას ხომ ყველაფერი ახსოვდა, ყოველ დროს ცხოვრების შუაგულში იყო, რესპოდენტებთანაც ხშირად მომყვებოდა, ყველგან შინაური და სასურველი სტუმარი იყო. მისი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ყველა მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა უყვარდა, განსაკუთრებით 9 მაისის, სანამ სოფლის ცენტრში შინმოუსვლელთა ობელისკი იდგა, იქ ატარებდა ღონისძიებას მოსწავლეებთან ერთად, შემდეგ კი სახლში აღნიშნავდა ამ დღეს, რადგან მისი ძმებიც ფრონტზე დაიღუპნენ, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით უმასპინძლდებოდა სტუმრებს.
მეგონა ულევი იქნებოდა მისი ენერგია, მისი სიცოცხლე კი უსასრულო, ამის საფუძველს თავად მაძლევდა, არასოდეს მინახავს უიმედო და ხელჩაქნეული, ყოველთვის მომავლის გეგმებზე საუბრობდა, ძალიან უნდოდა თავისი ასაკოვანი მოსწავლეებისათვის სიმბოლური გაკვეთილის ჩატარება და ტელმანის სკოლის შენობაში სოფლის წარსულის ამსახველი მუზეუმის მოწყობა.როგორც შევძელი, ერთი სურვილი ნაწილობრივ შევასრულე, მისი სახელით შევხვდი მის მოსწავლეებს, ბავშვობის მოგონებები გავაცოცხლეთ, სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ, სტატიაც დავწერე გაზეთში
ვიცი ამ მოგონებას ბევრი ისეთი ადამიანი წაიკითხავს მარიამ ჩხაიძეს რომ კარგად იცნობდა, სითბოთი და სიყვარულით მოიგონებს მას.
მარინა ჩხაიძე
ქალი, რომელიც არა მხოლოდ ,,დედა ენას“,~ არამედ სითბოს, სიკეთეს და ადამიანობას ასწავლიდა
გადასვლები: 1 236