ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქართული ქორწილი და მისი თავისებურებანი

ქართული ქორწილი და მისი თავისებურებანი
19-08-2015, 00:00

როგორც მეცნიერები ამბობენ, დღეს მხოლოდ ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომი ტრადიციები მოგვეპოვება, ქრისტიანობამ თავისი წესები დაამკვიდრა, თუმცა ძველი ნაშთები მაინც დარჩა. ახლაც გვაქვს ბევრი ისეთი ტრადიცია, რომლის მნიშვნელობა ყველამ არც იცის. ნეფე-პატარძლის ხანჯლების ქვეშ გატარებით მაყარი ახალდაქორწინებულებს ეშმაკს უფრთხობდა, ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახში შესვლისას თეფშის გატეხას. დიასახლისი, როგორც რძალს, ასევე ვაჟს ტკბილეულით უმასპინძლდება, რათა სიტკბოება შეიტანონ ოჯახში. ძველად ოჯახი, როცა შვილის დაქორწინებას გადაწყვეტდა, სასურველი სარძლოს მოძებნას შეუდგებოდა. მაგალითად, აჭარაში კაცს საცოლეს ურჩევდა დედა ან რძალი. ასევე იყო საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეშიც. განსაკუთრებით მთიანეთში კი სარძლოდ ქალს მამაკაცი (ვაჟის მამა) ან ძმა ირჩევდა, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევაში შეათვალიერებდა სარძლოს. ზოგჯერ თავად ვაჟი აკეთებდა ამას და მერე ახლობლის პირით მშობლებს შეატყობინებდა თავის განზრახვას. ქალის ავ-კარგიანობის გაკითხვის შემდეგ, თუ ვაჟის მშობლები, რაიმე მიზეზით სარძლოს დაიწუნებდნენ, ვაჟი ვერ შეეწინააღმდეგებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ჯიშსა და წარმომავლობას. ამით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ვაჟის ოჯახი, რადგან ჯანსაღი მომავალისათვის ეს მეტად საჭირო იყო. ქალის გაკითხვის დროს, უპირატესობა ჰქონდა, როგორი იყო მისი დედა, შემდეგ აკვირდებოდნენ სარძლოს თვისებებს. ეს დაფარულად ხდებოდა რაიმე საქმიანობის დროს, სადაც უბნის ქალ-რძალი იყო შეკრებილი. იქ მიდიოდა ვაჟის ოჯახის წარმომადგენელი, რაც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის უფროსმა იცოდა.  აკვირდებოდნენ სარძლოს ხელსაქმიანობას, სიტყვა-პასუხს, თავშეკავებულობას. ქალის დადებით თვისებად ითვლებოდა სადილ-ვახშამის სამზადისის ცოდნა, ქსოვა ან სხვა ხელსაქმე. თუ ქალის ოჯახს არ მოეწონებოდა სასიძო გარეგნულად მაშინ სტუმრებს სუფრასთან არ მოიწვევდნენ ან ისე უგულოდ, რომ ვაჟის მხარე ხვდებოდა საქმე არასასიკეთოდ დამთავრდებოდა და თავად ამბობდა უარს პურ-მარილის მიღებაზე.  ქორწინების ამკრძალავი ფაქტორი ოდითგანვე ნათესაობა იყო. საქართველოში სისხლით ნათესავთა დაქორწინება შვიდი თაობის მანძილზე დაუშვებელი იყო. ეს ზნეობრივად და მორალურად იმდენად მიუღებელი იყო, თუნდაც უნებლიე დამრღვევი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება ცალკეული გვარები, რომლის შიგნით ქალ-ვაჟის დაქორწინება ნებადართული იყო. ასეთ გვარებს `გატეხილ გვარებს~ უწოდებდნენ. არ შეიძლებოდა ქორწინება ნათელ-მირონობით დანათესავებულთა შორის. მირონის გაცვლა-შებრუნება ყოვლად შეუძლებელი იყო.  ამკრძალავი მდგომარეობა იყო ასევე სოციალური ფაქტორიც. თავადი არა თუ გლეხთან, არამედ აზნაურთანაც ერიდებოდა დანათესავებას. ასევე იქცეოდა აზნაური გლეხის მიმართ. თუ ქალიშვილი მშობლების დაუკითხავად ჩუმად გაჰყვებოდა მასზე დაბლა მდგომ ვაჟს, მამის ოჯახი სამუდამოდ თუ არა, რაღაც დროით მაინც მოკვეთდა მას. ამკრძალავ ფაქტორს წარმოადგენდა ასევე რელიგიური სხვადასხვაობა. მთაში მიუღებელი იყო არათუ უბნის, არამედ ერთი სოფლის ქალ-ვაჟის დაქორწინებაც. თუშეთში მცირეწლოვანებს აკვანშიც ნიშნავდნენ, ზოგრჯერ წყვილის ბედი მის გაჩენამდე წყდებოდა. ორ დაახლოებულ ოჯახს თუ ქალ-ვაჟი გაუჩნდებოდა აუცილებლად ცოლ-ქმარი უნდა ყოფილიყვნენ. როგორც მთაში, ასევე ბარად ცოლის მოტაცებით შერთვა ვაჟკაცობად ითვლებოდა. ამით თავად მოტაცებული ქალიც ამაყობდა. არასასურველი ქორწინების შემთხვევაში, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ, საქმე სისხლის აღებამდეც მიდიოდა. ნიშნობიდან ქორწილამდე ხანგრძლივი პერიოდი იყო. როცა ქალი დაინიშნებოდა, მზითვის მომზადებას იწყე-ბდნენ, ქსოვდნენ ხურჯინს, ხალიჩებს, სამოსელს, ქმრის ოჯახის ყველა წევრისთვის უნდა მოექსოვათ წინდები. ჯავახეთსა და სამხრეთ საქართველოში პირველად პატარძალს კერას შემოატარებდნენ, იქვე იდგა მაწონი, რომელშიც პატარძალს ნეკი უნდა ჩაეყო, რაც გამრავლებისა და ნაყოფიერების ტრადიცია იყო. ქორწინებიდან პირველ სამ დღეს ნეფე-პატარძალს ერთად დაძინება ეკრძალებოდა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) იყო რწმენა, რომ ეს სამი დღე ნეფეს ვაზირისთვის უნდა ეცა პატივი და ცალკე დაეძინა. სამცხე-ჯავახეთში ამ დღეებში დედოფალს ნათლიასთან ერთად ეძინა.  დღეს მართალია ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ტრადიცია კვლავ ძალაშია, შეიძლება იმიტომაც რომ ბევრს ოჯახში ახსოვთ და პატივს სცემენ, ბევრი კი რაღაც განსაკუთრებული ეფექტის მოსახდენად სპეციალურად ეძებს და სინამდვილეში გადმოაქვს იგი. ძირითადად კი დღეისათვის ახალგაზრდების უმეტესობა საბედოს თავისი სურვილით ირჩევს და არა ისე, როგორც ადრე გარიგებითYდა უსიყვარულოდ. თუმცა ე.წ. გარიგება მთლად გამორიცხული არც დღესაა. სულ ბოლო დროს სიახლეა ერთმანეთის გაცნობა სოციალური ქსელებით ან მობილურ ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემთხვევა არც მთლად სასურველი შედეგით მთავრდება. ხშირია ნორმალური ოჯახის შექმნის არაერთი ფაქტიც. მარინა ჩხაიძე    

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები