ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გურული ტრადიციები

გურული ტრადიციები
15-08-2015, 00:00

რასაც ჭირი და ახლობელი ადამიანის დაღუპვა ჰქვია. ვინც გურიასა თუ სამეგრელოში დაკრძალვას დასწრებია, გადაჭარბებულად არ ჩათვლის, რომ ამ ცერემონიალს `თეატრალური~ ვუწოდოთ. გურიაში ბევრი ისეთი კურიოზი ყოფილა დროთა განმავლობაში, რომ დღესაც ხალისით ჰყვებიან ენამოსწრებული გურულები. გურიაში ადრე ტირილის სხვადასხვა სახეობა ყოფილა: `კაი ტირილი~, `ტირილის გადადება~, `ნიშნით ტირილი~, `ბრძანებით ტირილი~ და სხვა. ჟამთა სვლა მართალია ყველაფერს უცვლის ელფერს, მაგრამ საფუძველს მაინც ვერ არყევს. ხშირად გაიგონებთ `ამან და ამან კაი ტირილი გაუმართა თავის მიცვალებულსო~, იგულისხმება, რომ ცერემონიალი ჩატარებული იყო ყველა წესის დაცვით. ამ ფაცი-ფუცსა და სამზადისში კი ჭირიც მსუბუქდება. ალბათ, სწორედ ამ ყველაფრისათვის იყო მოგონილი გურულ ტირილში ის ამბები, რაც წლების შემდეგ ღიმილსაც კი იწვევს. როგორი იყო `ბრძანებით ტირილი~, ამის მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას თავად ლევან თავდგირიძის ოჯახში მომხდარი ფაქტი. მოვიდა შიკრიკი და თავადის მეუღლეს ამცნო სამწუხარო ამბავი _ ძმის გარდაცვალება. ქალბატონი აივანთან მივიდა, ჩამოეყრდნო და მოახლე გოგოს გასძახა: სად ხარ გოგო, შე სასიკვდილე. გოგო საიდანღაც შეშინებული გამოძვრა, ეზოში დადგა და ქალბატონს თვალებში შეაჩერდა. ქალბატონმა თავსაბურაბი შეისწორა, თან გოგოს უბრძანა: _ წადი გუგუნავასკენ გადაიკივლე, შალიკაშვილისკენ გადაიკივლე, ვაი და უი, ჩემს საყვარელ ქალბატონს ძმა მოუკტაო! წავიდა გოგო, მოიარა სოფელი კივილ-კივილით, ვალდებული იყო ეტირა, ეტირებოდა თუ არა. დაქირავებული მოტირალი ქალები ყველა სოფელში ჰყავდათ, თანაც ისეთები, რომ დაკრძალვაზე მოსუული ხალხი სახლში თვალებდასიებული ბრუნდებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო იყო გლეხის ქალების მიერ დატირება. თუმცა, არც თავადები აკლებდნენ ხელს. ნინო გურული ყველა გლეხის ოჯახში დადიოდა ტირილებში და ტიროდა მათი გულის მოსაგებად. მოტირალების დაქირავებას `ვექილობით~ ტირილს ეძახდნენ. ისინი აღვარღვარებდნენ ცრემლს სიტყვაძუნწი ჭირისუფლის ნაცვლად. აქედან მოდის გურიაში საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: `ყველას სატირალი ცენტერაძის მალაზონმა იტირაო! განსაკუთრებული შემთხვევების დროს არსებობდა ტირილის `გადადება~ - თუ გარდაცვალება ახალ წელს, ბედობას ან ქორწილის დღეს დაემთხვეოდა, გურული ცოცხალი თავით წივილ-კივილს არ გამართავდა. მიცვალებულს მიტკალში შეახვევდნენ, აღარსად გაიქცევა აწიო, ქორწილს გადაიხდიდნენ და როცა მაყარი ჭიშკარს გაიხურავდა მიცვალებულიც `გამოჩნდებოდა~. ოზურგეთში, ხნიერ ხალხს დღესაც ახსოვს სირინოზა დარჩიას ტირილი. ბერიკაცი მაინცდამიანც იმ დღეს მოკვდა, როცა ოჯახში ქორწილი იყო დანიშნული. ჭირისუფალმა იგი ბახმაროდან ჩამოტანილ თოვლში შეინახა, სეფა გაშალეს, ლაზათიანი ქორწილი გადაიხადეს. მეორე დღეს ყველაფერი რომ მოჭუჭკეს, სირინოზა შეიცხადეს ისე, რომ კივილის ხმა ცას წვდებოდა. კიდევ ნამდვილი ამბები, რომლებიც შემდეგ ანეკდოტად იქცა: პანაშვიდზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ბავშვებმა გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს და მიცვალებულს წრე მეორედ დაარტყეს. ჭირისუფალმა მათ მიაძახა _ რაია, ბაღნებო, აი თქვენ იოლკა ხომ არ გგონიათ?! ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში ოჯახის უფროს მოკვდა, დედა ეუბნება შვილის:  _ მეიტანე მაგ პალტო უყვარდა, უნდა ჩავატანო, მაი კაშნიც მეიტანე, ლურჯი ჯემპრიც, სპორტულებიც, აი ჟაკეტიც ჩოუტანიე სადმე.  _ წევედი მე, ეუბნება შვილი დედას.  _ სა მიხვალ, ამ შუაღამეზე?! _ მეორე კუბო უნდა მევიტანო, ერთში აღარ ეტევა. _ რაია ბიჭო, რაცხას ხმარობდა მთელი სიცოცხლე და რაცხა უყვარდა იგი არ უნდა ჩავატანო? _ ხოდა, ჩაგატან დედაჩემო შენც და ეგ იქნება! ბოლოს ერთი ცვლილება ამ ცერემონიალთან დაკავშირებით, რომელიც ახლახანს დამკვიდრდა _ ქელეხის გადახდა ე.წ. სარიტუალო დარბაზებში. ეს წესი შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული, შესაძლოა ზედმეტად მდიდარ ოჯახებს არ სურთ სახლის არევ-დარევა და იოლად გამოსვლა ურჩევნიათ, ზოგიც მეზობლის ან ახლობლის ნიშნის მოგებით აკეთებს ამას, ზოგიც კიდევ იმიტომ, რომ უბანში, სადაც ცერემონიალი უნდა ჩატარდეს ე.წ. `მოსამსახურეების~ ნაკლებობაა, ეს დღევანდელი ცხოვრებითაა განპირობებული, რომ ყველა სადღაც არის გადახვეწილი. ერთი ასეთი შემთხვევიდან ვბრუნდებოდით, ერთი მეზობელი ეუბნება მეორეს: _ რა კაი დეიწყეს დარბაზში ხარჯის გაკეთება, არ გინდოდა ამ დუგუნა სიცხეში ლობიეს და ფლავის ჩახანასთან გაჩერება? _ აბა, ქალო! _ ეთანხმება მეორე. _ მაი ყველაფერი კაი, _ საუბარში ერთვება კიდევ ერთი მეზობელი მამაკაცი, რომელსაც ძირითადად ასეთი საქმეები აქვს მინდობილი უბანში. რა სჯობია, არც დეიღლები, მკტარსაც მშვიდად იტირებ, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მარა მე იმის მეშინია, აწი თავად ტირილის გადახდა არ დეიწყონ დარბაზში და მკვდარი არ ჩამეიყვანონ აქანე. მარინა ჩხაიძე      

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები