ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფრანგი მეზღვაურები ზურგის ქარისას თამარს უმღეროდნენ....

11-12-2023, 19:25

     აღორძინების ეპოქას ახასიათებს ცნობისმოყვარეობის გაცხოველება გარესამყაროსადმი, განსაკუთრებით შორეული ქვეყნებისადმი, მე-12 საუკუნის ქართული აღორძინება ამ ნიშნითაც გამოირჩევა, საკმარისია ჩახრუხაძის პოეტური სამყარო ვახსენოთ, რომელიც მოიცავს ზანგებს (,,აბაშნი"), ჩინელებს (,,ხანნი"), კიევის რუსებს და მრავალ სხვა შორეულ ხალხს. ჩახრუხაძემ თავად იმოგზაურა აღნიშნულ ქვეყნებში: ,,არვისად სწორად, წავიდის შორად, იხილნის ინდნი, ხანნი და ჩინნი", ეს მოხდა მარკო პოლოს ცნობილ მოგზაურობამდე.  ქართველმა ფილოსოფოსმა და პოეტმა დიდი კულტურული გამოცდილება შეკრიბა, ერთგან იგი თამარით შთაგონებულ ინდოელებზე საუბრისას ასეთ სახეს იყენებს: ,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი, რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად".


რას უნდა გულისხმობდეს შავკანიან (ზანგ) ინდოელთა გარინდებასა და ალაღებაში ავტორი ? სავალდებულო არაა იქ რინდთა სპარსული ტრადიციით ავხსნათ ეს პასაჟი, ჩახრუხაძე საუბრობს გარინდებულ და გალაღებულ ინდოებზე, აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად იგულისხმება ბუდიზმისა და ინდუიზმის ცნობილი იოგური პრაქტიკები - ნირვანა და მოქშა, გარინდება - ფიქრის გაჩერება და შედეგად გასხივოსნება, გალაღება. ამ ულამაზეს პოეტურ სახეში ჩახრუხაძე გულისხმობს, რომ თამარი ბუდისტური ნირვანის შთამაგონებლია. მაგრამ მე-12 საუკუნის ქართველებს შორეულ აღმოსავლეთთან ერთად აინტერესებთ დასავლეთ ევროპაც, ამიტომ თამარის ისტორიკოსი წერს, რომ ფრანგი მეზღვაურები ზურგის ქარისას თამარს უმღეროდნენ.  რამდენად ახლოსაა ეს მოვლენა ისტორიულ რეალობასთან, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თამარი ყოფილიყო ერთგვარი ხიდი მე-12 საუკუნის ინდოელებსა და დასავლეთ ევროპელებს შორის ? ძველ ლათინურ და ფრანგულ წყაროებში თამარის პოპულარობა სრულად ადასტურებს ქართული ტექსტების ჩვენებას, რაც შეეხება ინდოელებს, ცნობილია, რომ შამქორის ომში ქართველებმა ინდოელთა ელიტური რაზმებიც დაატყვევეს და თამარს მიჰგვარეს, ამდენად,  ამ პოეტურ მოტივს ისტორიული საფუძველი აქვს, მაგრამ უფრო საყურადღებოა მე-12 საუკუნის ქართველთა პოზიციონირება, რომ ერთის მხრივ, თამარი ინდოელთა ნირვანის შთაგონებაა, მეორეს მხრივ კი ევროპელი მეზღვაურების ზურგის ქარის. დავით აღმაშენებლის ეპოქაში ქართულ მონარქიას პრეტენზია ჰქონდა უნივერსალურ ქრისტიანულ მონარქიაზე, ამიტომ უწოდებდა დავითი თავს იმპერატორს და იერუსალემის პირველ ქრისტიან მეფესაც თავად უგზავნიდა ძალაუფლების ნიშნებს, მაგრამ თამარის დროს ქართული მონარქია პრეტენზიას აცხადებს არა უბრალოდ ინტერნაციონალურ ქრისტიანულ, არამედ ინტერელიგიურ და მულტიკულტურულ მონარქიაზე, როგორც ინსპირატორზე ერთის მხრივ შორეული აღმოსავლეთის - ინდოეთის ნირვანული კულტურისათვის, რომლისთვისაც გაცისკროვნების,  ,,გალაღების" ტრადიციული საშუალება შინაგანი ძიებაა (გარინდება, ფიქრების კონტროლი), მეორეს მხრივ კი დასავლეთ ევროპის საზღვაო ცივილიზაციისათვის, რომელიც უფრო გარემომცველი სამყაროს ძიებისკენაა მოწოდებული. ქართული მონარქიის ამ პროექტის ჩანასახი გვხდება ხაყანის ენშაში ქართველთა მეფისადმი: ,,აღმოსავლეთი და დასავლეთი თქვენით აღწევენ სრულქმნას".  თამარი თავის თავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის შუამფლობელად მიიჩნევდა, რაც სწორედ ფრანგთა და ინდოთა შუამფლობელობას ნიშნავს.

პოსტი აღებულია ბექა ჭიჭინაძის ფეისბუქ გვერდიდან,

ავტორი: ლაშა ქედელი
განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 511
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა