ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენს სოფელში რომ ქალი ცხოვრობდა

7-11-2023, 22:18

ჩვენს სოფელში რომ ქალი ც ხ ო ვ რ ო ბ დ ა

   ნიგოითი გურიის ერთი ლამაზი სოფელია. მის ერთ ფართოდ გაშლილ ეზოში გემოვნებით ნაკეთი ქვითკირის სახლი დგას. ის ერთი კედლით ძველთაძველ ნანგრევებს ეყრდნობა. დაკვირვებული თვალი ამ ნანგრევებს წარსულის გამოძახილად აღიქვამს, წარსულისა, რომელსაც ახლა თვითეული ჩვენთაგანი გულდაგულ ჩავჭიდებივართ, გაწყვეტილი კავშირის აღდგენას  ვცდილობთ...

   ეზოს შუაგულში, ახლა რომ ორასი წლის წინ დარგული მაგნოლია დგას ფერუცვლალად, საუცხოო სასახლე მდგარა, თავად ალექსანდრე მაჭუტაძის კუთვნილი.


   ალექსანდრე მაჭუტაძე გახლდათ გიორგი მაჭუტაძის ერთ-ერთი ვაჟი, დიმიტრი მაჭუტაძის ძმა და ანატარსეის მაზლი. ეს უკანასკნეკი კი ის ხალხი გახლავთ, რომელთაც დიდი პატივითა და სტუმართმოყვარეობით მიიღეს თავიანთ მამულში და-ძმა უორდროპები 1895 წელს. ანა ტარსეი ისტორიაში ცნობილია როგორც ტოლსტოის შვილების აღმზრდელი, რომელიც ინგლისიდან თავის უფროს დას, ჯენის ჩამოუყვანია.


   ალექსანდრე მაჭუტაძეს ახლო ნაცნობობა ჰქონია თავისი დროის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან. ერთი მათგანი იყო ჩვენი სათაყვანო მგოსანი აკაკი წერეთელი. აკაკის ბიძას, ფრიდონ წერეთელს ცოლად ჰყოლია ალექსანდრე მაჭუტაძის ქალიშვილი მარუსია. ბუნებრივია, აკაკი წერეთელი ბიძის, ფრიდონ წერეთლისა და ბიცოლა მარუსია მაჭუტაძის მეშვეობით ხშირი სტუმარი იქნებოდა მაჭუტაძეთა მამულში. გადმოგვცემენ, რომ სწორედ ამ ოჯახში ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც აკაკი მაგნოლიის ხის ქვეშ ისვენებდა, დაჰბადებია სურვილი ეთარგმნა კრილოვის იგავ-არაკი "დათვის წვეულება".

   
                                     მარჯვნივ: ალექსანდრე მაჭუტაძე

   ცნობილია, რომ სწორედ მაჭუტაძეთა თაოსნობითა და სახსრებით აიგო რკინიგზის სადგური სოფელ ჩოლობარგში და თავად ალექსანდრე მაჭუტაძის პატივსაცემად ეწოდა მას სადგური ნიგიოთი.

   მაჭუტაძეთა გვარი, ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ბაქრაძის გამოკვლევით, ერთ-ერთი ძირძველი გვარი ყოფილა მთელს გურიაში.  "ვიღაც სერაპიონ მაჭუტაძე ცნობილია მე-16 საუკუნის დამდეგს, როგორც შემოქმედის წინამძღვარი" - ამბობს იგი ერთგან. "მაჭუტაძეები გურიის უმსხვილესი სახლთუხუცესები არიან გურიელთა ხანისა" -წერს მეორეგან.

   ბაქრაძე თვითონ ყოფილა სტუმრად მაჭუტაძეებთან ნიგოითში 1874 წელს, როცა გურიაში მოგზაურობდა არქეოლოგიური გამოკვლევებისათვის.

   თავად მაჭუტაძეთა ცხოვრებასა და ღვაწლზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მე მინდა ამ დიდი ოჯახის ერთი ღირსეული წარმომადგენელი, საოცარი მანდილოსანი, თამარ დადიანი-მაჭუტაძე გავიხსენო. ვისი სიყვარული და პატივისცემა პატარაობიდან მომყვება.

     თამარ დადიანი-მაჭუტაძე

  
   იმ ახალ ქვითკირის სახლში, ზემოთ რომ ვახსენე, ცხოვრობდა თამარი, მეუღლე ალექსანდრე მაჭუტაძის ვაჟის ნიკოლოზისა და ასული სამეგრელოს თავადის, კირილე დადიანისა (თამარის შვილიშვილის დაგმარა მაჭუტაძის გადმოცემით კირილე კაცია დადიანის პირდაპირი შთამომავალი ყოფილა).

   თამარ მაჭუტაძე-დადიანი ისტორიული პიროვნება არ გახლავთ, იგი პატარა ადამიანი იყო, რომელმაც იცხოვრა დიდი ცხოვრებით, ხალხის სიყვარულითა და თანაგრძნობით, მას უცხოვრია შესანიშნავი ადამიანების გვერდით, რომელთაგან მინდა გამოვყო შალვა დადიანი (თამარის ბიძაშვილი) და მერი შერვაშიძე (თამარის დეიდაშვილი).

   ამ დარბაისელ მანდილოსანს მემკვიდრეობით ერგო წინაპართაგან ერთმანეთთანჰარმონიულად შეზავებული მშვენიერება სულისა,გარეგნული სილამაზე, სრულყოფილება ზნეობისა. მე მახსოვს იგი ამაყი და ზვიადი, ხანდაზმულობის მიუხედავად ყოველ მის მოძრაობაში, გამოხედვაშიისეთი ძალა გამოსჭვიოდა რომელიც უნებლიეთ ქედს მოგადრეკინებდა.

   თამარი გახლდათ სოფელში გაჭირვებულის განმკითხავი, დავრდომილის ნუგეშისმცემელი, ავკაცისა და ბოროტის გამკიცხველი. ნიგოითის მცხოვრები, მასწავლებელი ჟენია გოგუაძე-ჩარკვიანი გვიყვება: "თუ ვინმეს რამე უჭირდა, ყველა თამართან გარბოდა და მისგან ელოდნენ შველას. მახსოვს ტიფით გავხდი ავად. ყველას ეშინოდა და არავინ მეკარებოდა. ცოდოა ასეთი გოგოს სიკვდილიო - უთქვამს თამარს და მომაკვდავს თავზე დამდგომია. თავდაუზოგავი მოვლით ფეხზე დავუყენებივარ. დღეს რომ ცოცხალი ვარ თამარს ვუმადლი, ის იყო მთელი სოფლის მკურნალი".

  მერი წილოსანი-შანიძემ მოგვითხრო: "ოცდაჩვიდმეტ წელში ტროცკისრობაზე ჩემი სამი ძმა დააპატიმრეს. ავქსენტი, იონა და ბიქტორ შანნიძეები (ესენი აკაკი შანიძის ბიძაშვილები იყვნენ). იონა ცენტრალურ კომიტეტში საპასუხისმგებლო სამუშაოზე მსახურობდა. ამათი და საშიკო შანიძე-კალანდარიშვილი კი ნიგოითის კოლმეურნეობის მეფუტკრე იყო. საშიკო ძლიერ განიცდიდა ძმების დაპატიმრებას. დარდისაგან განახევრებულმა ქალმა ანთებული საბოლებელი  ფარდულში შეინახა. ამან ხანძარი გამოიწვია და კოლმეურნეობის კანტორის ხის შენობაც დაიწვა. დოკუმენტები დროულად გამოიტანეს, მაგრამ საშიკო შანიძე-კალანდარიშვილს  ტროცკისტობა დააბრალეს და დააპატიმრეს.

   ძლიერ შეწუხებულა თამარი, გულთან მიუტანია მეზობლის გასაჭირი, მეორე დღესვე წასილა თბილისში, იქ იმდენი უბრძოლია, რომ საშიკოს სიმართლე დაუმტკიცებია და გაუნთავისუფლებიათ. 

   თამარ დადიანს მაჭუტაძეთა მამულში მემამულური  ცხოვრებით დიდხანს არ უცხოვრია, მალე შეიცვალა წეს-წყობილება და თავადის ასულისაგან, რომელსაც შესისხლხორცებული ზნეჩვეულებების დათმობა  არ ეადვილებოდა, შეგუება და ათასგვარი დათმობები მოითხოვა. შრომა გახდა თამარის საარსებო წყარო. სხვებთან ერთად ჩაება საკოლმეურნეო შრომაში და არავის უდებდა ტოლს. ერთხანს მეჩაიეთა მერგოლურადაციმუშავა. ძალიან ადრე დაქვრივდა... ვერავი გაუბედა ხელმეორედ ხელის თხოვაო - იგონებენ მეზობლები. სამი მცირეწლოვანი შვილი მძიმე ფიზიკური შრომით გამოზარდა.

   მეც ვყოფილვარ მასთან სტუმრად და პირადად მომისმენია თამარის მონაყოლი, როგორ ჩამოირბინა თავისი ჩემოდნებით საზღვარგარეთ მიმავალი გემიდან, რომელსაც უცხოეთში მიჰყავდა ახლობლები და ნაცნობები.  "უცხო ქვეყანაში პატივს ჩემს ქვეყანაში დამცირება ვარჩიე, შვილო" - თითქოს დღესაც ჩამესმის ყურებში. 

   მას შემდეგ ოცდახუთი წელი გავიდა. თამარი აღარ არის. მისი კერა არ ჩამქრალა, უმცროსი ვაჟი ალექსანდრე (დათუნა) მაჭუტაძე აგრძელებს გვარს თავისი მრავალმრიცხოვანი შტამომავლობით.


ავტორი: ლალი გოგუაძე (ფილოლოგი)
1983 წ.წერილის ორიგინალი ვერსია 

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 599
FACEBOOK კომენტარები