ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

"ხელოვნური მზის" სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

5-01-2021, 11:18

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონში მდებარე თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR, რომელიც "ხელოვნური მზის" სახელითაა ცნობილი, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ზეგამტარ დანადგარში წარმოქმნილი პლაზმის უწყვეტი ნაკადი 100,000,000 °C-ზე მეტ ტემპერატურაზე 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.


KSTAR-ის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა წარმატებული ექსპერიმენტი სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე კოლეგებთან ერთად განახორციელეს. 2019 წელს ნაჩვენები შედეგი მათ 12 წამით გაზარდეს. ეს ტექნოლოგიის გაუმჯობესების გზით მოხერხდა, რამაც პლაზმის მეტად ლოკალიზება და სტაბილურ მდგომარეობაში შედარებით დიდი ხნით დარჩენა უზრუნველყო.

ამგვარი თერმობირთვული რეაქციის განსახორციელებლად, წყალბადის იზოტოპებს სპეციალურ რეაქტორში ათავსებენ და ელექტრულად დამუხტულ ნაწილაკებს, იონებს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებენ. KSTAR-მა 100 მილიონ გრადუს ტემპერატურას პირველად 2018 წელს მიაღწია, თუმცა მაშინ პლაზმა მხოლოდ 1,5 წამით შეინარჩუნა. რაც შეეხება სხვა დანადგარებს, მათ 10-წამიანი ბარიერის გადალახვა დღემდე ვერ შეძლეს.

მეცნიერები საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ონლაინ კონფერენციაზე გაუზიარებენ, რომელიც მაისში შედგება. ისინი გეგმავენ, 2025 წლისთვის სისრულეში თავისი მთავარი მიზანი მოიყვანონ და პლაზმის უწყვეტი ნაკადი 300 წამის განმავლობაში შეაკავონ. მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ დამყარებული რეკორდი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კომერციული დანიშნულების რეაქტორის შექმნის მიმართულებით, რომელიც მომავალში ენერგიის განახლებად წყაროდ იქცევა.

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 660
FACEBOOK კომენტარები