რატომ არ დახვდნენ ალილოს მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები?!

alilმოგეხსენებათ, რომ საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ კვლავ აღადგინა ეს ტრადიცია. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
ალილო ტრადიციულად ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, სხვადასხვა ეკლესიების მრევლი ქალაქში ალილოს მსვლელობაში მონაწილეობდა. მრევლის გულისწყრომა გამოიწვია იმან, რომ ალილოს მონაწილეებს არც ლანჩხუთის მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ გამასპინძლებიათ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ცინცაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე მიმართვას აკეთებს ამასთან დაკავშირებით:
,,არც მეწყინებოდა, პოლიციის უფროსს რომ ეს არ გაეკეთებინა, რომ არ დახვედროდა ალილოს მონაწილეებს ხელდამშვენებული ტკბილეულით. მას საერთოდ არ ჰქონდა ამის ვალდებულება და ადამიანურად გააკეთა, ლანჩხუთის მერს, კი რომელიც ვალდებული იყო ჩართულიყო ამაში, იმიტომ, რომ შეჭირვებულებისთვის, მოხუცებისთვის, სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ბავშვებისთვის უნდა გადაგვეცა ეს საჩუქრები და ტკბილეული, არც კი უფიქრია, რომ თავი შეეწუხებინა და მცირედი მაინც გაეკეთებინა ამ ხალხისთვის. მერს, რომელმაც უსირცხვილოდ აიღო პრემია და დაარქვა მეცამეტე ხელფასი, განათლებაც არა აქვს ამდენი, რომ იცოდეს, ეს მეცამეტე ხელფასი საერთოდ არ არსებობს. კომუნიზმში ვართ? შენობა იყო დაკეტილი. კვირა დღე კი იყო, მაგრამ ალილოობა იმართებოდა, შობა იყო, ყველაზე ძვირფასი ქრისტიანული დღესასწაული. სირცხვილია ეს ყველაფერი. 60 370 ლარს პრემიის სახით იღებს ის ადამიანები, რომლებსაც რაიონში ჰყავთ ისეთი შეჭირვებული ადამიანები, როგორებიცაა 76 წლის მოხუცებული ქეთევან ჩხაიძე, რომელსაც სოციალური მოუხსნეს და სადაცაა თავზე დაენგრევა სახლი, 19 წლის ეტლს მიჯაჭვული და უყურადღებოდ დატოვებული ამირან ჩხაიძე, ასევე უამრავი გაჭირვებული და მშიერი ადამიანები. გულწრფელად მეცოდება ლანჩხუთელები, რომ ასეთი მთავრობა ჰყავთ, მაგრამ რა ვქნა? თვითონ აირჩიეს ეს გზა, ახლა კი იძულებულნი ვართ ვითმინოთ მათი უმსგავსობები კიდევ რამდენიმე წელიწადს.“
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის თქმით, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ალილოს მონაწილეებთან შეხვედრა, მაგრამ მერია აუცილებლად აპირებს საკალანდოდ დაეხმაროს შეჭირვებულ მოსახლეობას.

უპრეცედენტო შემთხვევა, აცანაში შობის ღამეს ერთდროულად სამ ტაძარში ჩატარდა სადღესასწაულო ლიტურღია!

gabrieliშობის სადღესასწაულო ლიტურღია ჩატარდა აცანის სამივე წმინდა სალოცავში: წმინდა ნინოს ტაძარში, ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარში და სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ეს ნამდვილად უიშვიათესი შემთხვევაა, თუ ერთადერთი არა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ სოფელში სამ ტაძარში აღევლინა წირვა-ლოცვა. საერთოდაც, ჩვენი ინფორმაციით, აცანა ერთადერთი სოფელი უნდა იყოს საქართველოში, სადაც ამდენი მოქმედი ტაძარი ფუნქციონირებს. გარდა ზემოთ ხსენებული სამი ტაძრისა, ამ სოფელში კიდევ ერთი სალოცავი დგას კვიჭიძეების უბანში. უნდა აღინიშნოს, რომ შობის ღამეს სამივე ტაძარში მრევლის სიმრავლე თვალში საცემი იყო, რაც ნამდვილად სასიხარულოა. სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა ააშენა, ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარი ბიზნესმენმა სოლომონ ჩხაიძემ(ბადრი წილოსანის დისშვილმა), ხოლო სიონის უბანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ძმებმა ზაზა და ზვიად ჩხაიძეებმა. ისიც ხაზგასასმელია, რომ სამივე ტაძარში ადგილობრივი მამათა მონასტრის მღვდელმსახურები ატარებდნენ სადღესასწაულო ლიტურღიას. ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძარში აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი და არქიმანდრიტი მამა გაბრიელი (კახელაშვილი) წირავდა, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდელმონაზონი მამა იოანე (კვარაცხელია), ხოლო სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზონი მამა ელისე (ადეიშვილი) ატარებდა სადღესასწაულო წირვა-ლოცვას. სამივე მამაო ახალგაზრდაა, არც ერთი მათგანი 40 წელს გადაცილებული არაა, ღვთის წყალობით ახალგაზრდული ენერგიით ახერხებენ იმას, რომ სოფლის ოთხივე სალოცავში სისტემატიურად ტარდება  წირვა-ლოცვა.elise
დიდი ხნის განმავლობაში, კომუნისტური რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიების და ეკლესია-მონასტრების ნგრევის გამო, აცანაში შეწყვეტილი იყო ეკლესიური ღვთისმსახურება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სოფელში სალოცავი აღარ იდგა. ბიზნესმენმა ბადრი წილოსანმა, რომელიც აცანელია(პარლამენტარ ნინო წილოსანის მამა) შეძლო და საკმაოდ დიდი ტაძარი ააგო სოფლის ცენტრში, რომელსაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ეწოდა. მანამდე ძმებმა კვიჭიიძეებმაც ჩაუყარეს პატარა სალოცავის მშენებლობას საფუძველი, რომელიც გასულ წელს საბოლოო ფორმაში სოლომონ ჩხაიძემ მოიყვანა, ამის შემდეგ სიონის უბანში ძმებმა ზაზა და ზვიად ჩხაიძეებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აშენება შეძლეს, ცოტა უფრო გვიან კი ბიზნესმენმა სოლომონ ჩხაიძემ მოახერხა და იმ ადგილას, სადაც ისტორიული ოქონას მაცხოვრის ამაღლების ტაძრის ნანგრევები იყო, დიდებული ტაძარი ააშენა. 2009 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით, აცანის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელმონაზონი გაბრიელი(კახელაშვილი), რომელიც მაშინ 28 წლის იყო. მამა გაბრიელი წარმოშობით თბილისის ახლოს მდებარე სოფელ კუმისიდან გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია, მაგრამ უკვე 21 წლის ასაკიდან გადაწყვიტა თავი სამონანასტრო ცხოვრებისთვის მიეძღვნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ჯუმათის მამათა მონასტერში მორჩილი იყო და სამონასტრო საქმიანობაში ეხმარებოდა არქიმანდრიტ მიქაელს. ბერად აღკვეცის შემდეგ, ის მალევე ეკურთხა ბერ-დიაკვნად, მამა გაბრიელი შემოქმედელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდა ათონის წმინდა მთაზე მოსალოცად. ამის შემდეგ კი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით ინიშნება აცანის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად, სადაც ასევე მალე გაიარა რამდენიმე იერარქია, ჯერ მღველმონაზონი გახდა, შემდეგ იღუმენი, ახლა კი არქიმანდრიტი გახლავთ. მამა გაბრიელი აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარია. თავდაპირველად ის ცხოვრობდა ერთ-ერთი აცანელის გრიგოლ ჩხაიძის სახლში, რომელიც მან დიდსულოვნად დაუთმო მონასტერს, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს სახლი მონასტრის საძმოსთვის და მოსული სტუმრებისთვის გამოსადეგარი ვერ იქნებოდა. გარდა მონასტრის საძმოსა, მამა გაბრიელი ბევრ მზრუნველობამოკლებულ ადამიანსაც უწევდა დახმარებას და თავისთან აცხოვრებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელი მაინც გაატარა ამ სახლში მამა გაბრიელმა. კვლავ გამოიჩინა კეთილი ნება ბადრი წილოსანმა და წმინდა ნინოს ტაძრის გვერდზე_ საკმაოდ კარგი მამათა მონასტერი ააშენა, რამაც ბევრი პრობლემა მოხსნა. მონასტერს ხშირად სტუმრობს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, არქიმანდრიტები, იღუმენები, მღველმონაზვნები. აქ მოსულა და წასულა ბევრი მორჩილი, მაგრამ ორმა მათგანმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გული აცანას და მის ეკლესია-მონასტრებს. ესენი არიან მღვდელმონაზვნები_მამა ელისე და მამა იოანე. მამა ელისე წარმოშობით ოზურგეთის სოფელ მელექედურიდანაა, ერისკაცობაში ირაკლი ადეიშვილი. მამა გაბრიელი თავიდანვე ხვდებოდა, რომ მორჩილი ირაკლი სოფელ აცანაში დიდხანს დარჩებოდა და მონასტრულ ცხოვრებას აირჩევდა. მალევე, მამა გაბრიელის რეკომენდაციით და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ხელდასმით მორჩილი ირაკლი ბერად აღიკვეცა და მამა ელისე გახდა. ამის შემდეგ, ის ჯერ ბერ-დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდელმონაზონად. ახლა ის მონასტერში მამა გაბრიელის კურთხევას ასრულებს და სოფლის ეკლესიებში წირვა-ლოცვებსაც ატარებს. რაც შეეხება მამა იოანეს, ერისკაცობაში ლევან კვარაცხელიას, ის წარმოშობითioane სამეგრელოდანაა, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება თბილისში გაატარა. აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტერში მოსვლის დღიდანვე მან დიდი სიყვარული მოიპოვა როგორც მამა გაბრიელის, ასევე მოსახლეობის გულში. დიდი ხანი არაა, რაც ის ბერად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელმონაზონად და ისიც მამა ელისეს მსგავსად, ეხმარება მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ გაბრიელს წირვა-ლოცვის ჩატარებაში. დასაფასებელია, რომ როგორც მორჩილობის პერიოდში ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ წინამძღვრის ლოცვა-კურთხევას მამა ელისე და მამა იოანე, ასეთივე მორჩილებით აგრძელებენ დღესაც კურთხევის შესრულებას, როდესაც უკვე მღვდელმონაზვნები არიან. მონასტრის წინამძღვრის სურვილია, რომ მონასტრის საძმო კიდევ უფრო გამრავლდეს და რაც მთავარია, მრევლმა დაიწყოს ტაძრებში სიარული. მართლაც დიდებული იყო, როდესაც შობის ღამეს ყველაზე მეტი სადღესასწაულო ზარის ხმა სოფელ აცანიდან ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გაფრთხილება და გვერდით დგომა სჭირდება!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

როდესაც ხელისუფლება გქვია მოქმედებაზე უნდა გადახვიდე!

msგურიის მხარემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით ,,2017 წელი გურიაში“
გურია ყველაზე „სუფთა რეგიონად“ დასახელდა.
►გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოწინავეა.
►ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ანგარიშვალდებულობის, გამჭვირვალობის მხრივ საუკეთესოდ შეფასდა და საქართველოში პირველია.
►ოზურგეთი ერთ-ერთი პირველია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც OGP-ის სამოქმედო გეგმაში ჩაერთო („ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმა).
►პირველად ისტორიაში ბახმარო ზამთარში ტურისტებს მასპინძლობს.
►დასრულდა კურორტ გომისმთაზე წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 815 700 ლარია.
►მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა ლანჩხუთში.
►გურიაში აშენდა 3 საბავშვო ბაღი და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღების უმრავლესობას.
►მიმდინარე წელს ჩოხატაურში აშენდა 2 ახალი სკოლა და ოზურგეთში მიმდინარეობს ერთი სკოლის მშენებლობა. 4 წლის განმავლობაში რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 80-მდე საჯარო სკოლას.
►სრულდება ლანჩხუთში და ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა.
►რეგიონში გაიხსნა 7 ახალი საწარმო. გაძლიერდა და გადაიარაღდა 10 საწარმო.
►ოზურგეთში იგეგმება ინოვაციური ცენტრის მშენებლობა.
►ოზურგეთში დასრულდა ვარლამ სვიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და დაიწყო არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა.
►კურორტ შეკვეთილში განხორციელდა ჩეხურ - სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს. (ინვესტიცია15 მილიონი ლარი).
►აშენდა თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე" გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.
►მოეწყო მუსიკოსების სკვერი.
►მიმდინარე წელს დასრულდა ოზურგეთში ძიმითის კულტურის სახლის მშენებლობა. ოთხი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა და აშენდა 10 კულტურის სახლი.
როგორც ხედავთ, 2017 წელსაც ლანჩხუთი მოკრძალებულ ადგილს იკავებს რეგიონში მიმდინარე პროექტებითა თუ ზოგადად განვითარების კუთხით. აღნიშნულია, რომ ლანჩხუთში მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა და სრულდება ლანჩხუთში და ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა. სამწუხაროდ, მეტი პოზიტიური ინფორმაცია 2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ირგვლივ არსად არ შეგხვდებათ. ავტობანის მშენებლობას რაც შეეხება, მგონი კვირა არ გასულა საპროტესტო აქცია არ გაემართოს მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ძალიან მაგარი გულშემატკივარი უნდა იყო ხელისუფლების, რომ გასული წელი დადებითად შეაფასო ლანჩხუთში. მთელი წლის განმავლობაში ,,ჰო და არა“ ატარებდა ქუჩის გამოკითხვებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უიმედოდ უყურებდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებს. თუმცა, მოხდა ისე, რომ თითქმის წლის მიწურულს 21 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი ნდობა მიიღო მოსახლეობისგან. 32 კაციან საკრებულოში 27 დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდანაა“, ასევე გვყავს არჩეული მერი_ ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც ასევე კოალიციის წევრია. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლება მათზე იზრუნებს და პრობლემებს მოუგვარებს. თუმცა, 2018 წლის ბიუჯეტს თუ გადახედავთ, ცოტათი გაგიჭირდებათ ოპტიმიზმის შენარჩუნება. ,,ნაძვის ხე“-ც გამორჩეული იყო მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ალბათ ჩვენც პატივი უნდა ვცეთ ორიგინალურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს დალოცვილი ვიკიპედია რომ წერს: ,,საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის „წვიმებით“, სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმება ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება“-ო, ეს გვიქმნის მხოლოდ უხერხულობას. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ნაძვი, მაგრამ რკინის ძელზე შემოკრულ განათებას, რომელიც 30 დეკემბერს(!) გაიხსნა საზეიმოდ, ძნელია ,,ნაძვის ხე“ უწოდო და მის გარშემო ირბინო. თუმცა, საახალწლო განწყობას მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს. მთელი დეკემბრის თვე, ისინ ჩართული იყვნენ საახალწლო ზეიმებში, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში. ვერც იმას ვიტყვით, რომ ალექსანდრე სარიშვილი და ბესო ტაბიძე მხოლოდ ზეიმებზე დადიან, რა თქმა უნდა არა, ისინი ყველგან შეგხვდებოდნენ, საპროტესტო აქცია იყო ეს, სტიქიური უბედურება, ტრაგედია თუ დალხინება. მაგრამ, როცა თითქმის ყველა ზეიმზე დადიხარ(გასაგებია, რომ ბავშვებს უხარიათ) და საამისო დროს პოულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მუნიციპალიტეტს მცირე პრეტენზია მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იყოს მოწინავეთა შორის. ზემოთ აღნიშნულ ბროშურაზე კი ნათლად იხილავდით, წარმატებულია თუ არა ლანჩხუთი რომელიმე სფეროში(იგულისხმება სახელმწიფო პროგრამები). ახალი წელი, ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განსაკუთრებით უყვართ და აღნიშნავენ, მაგრამ რეალობას თვალი ხომ უნდა გავუსწოროთ, რა გვაქვს სამხიარულო და სატაშფანდურო, როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკვების პრობლემა უდგას, გლეხს არ ჰქონდა საერთოდ შემოდგომა, წელი რომელიც ფაროსანას მეფობის დასაწყისი იყო, გაისად უარესს გპირდება. იმედი გვქონდა, რომ ფაროსანასთან ბრძოლას სახელმწიფო აქტიურად შეუდგებოდა ამისთვის სოლიდურ თანხებს გამოყოფდა ბიუჯეტიდან, მაგრამ აქაც კრახის სუნი ასდის მავნებელთან ბრძოლის მცდელობას. პირდაპირ გეტყვით, არ ჩანს არცერთი წინაპირობა იმისა, რომ 2018 წელი წინა უკეთესი იქნება. ისევ მეზობელი თურქეთის იმედად უნდა დარჩეს ხელისუფლება, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ კვლავ ჩაის პლანტაციებს მიაშუროს ოჯახების სარჩენად. საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს აყვედრიდნენ, სად იყავით როდესაც ჩვენ ჩინურ კომპანიებს ვებრძოდით და ვაპროტესტებდით მათ უკანონო ქმედებებსო. ჯერ ერთი, როდესაც ხელისუფლება გქვია, კი არ უნდა გააპროტესტო და აღშფოთდე, მოქმედებაზე უნდა გადახვიდე და კუდით ქვა ასროლინო ნებისმიერ კომპანიას, რომელიც შენი მოსახლეობის უფლებებს აბუჩად იგდებს და ფეხქვეშ თელავს შენს კანონმდებლობას(თუმცა, არც ქართველები აკლებენ, კონსტიტუციას მაინდამაინც სტანდარტულ 41 ,,რაზმერზე“ირგებენ). მეორეც, მართლა სად იყავით თქვენ, როცა ,,ჰო და არა“ კონკრეტულ ფაქტებზე წერდა, თუ როგორ ექცეოდნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მუშახელს, როგორ ამეტებდნენ ხშირ შემთხვევაში თავის უფლება-მოსილებებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს, ზაზა ურუშაძესაც შევხვდით, მან გვითხრა, რომ არცერთი საჩივარი არ შესულა პირადად მასთან და კონკრეტული კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ. არადა, მეტი ფაქტი რაღა უნდოდათ, გაზეთი პირდაპირ წერდა, თუ სად ხდებოდა ეს კანონდარღვევები, ვისი მხრიდან და ვინ იყვნენ დაზარალებულები. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია, ხელისუფლება გაურბოდა ამ თემაზე საუბარსაც და მოქმედებებსაც. ასე რომ, თუ პოპულისტობაზე მიდგება საქმე, ბატონებო, მარტო ოპოზიციას ნუ შეახოცავთ ხელს. რუსლან მიქაბერიძეს აქვს შესანიშნავი ლექსი სამშობლოზე, მცირე ამონარიდს დავწერთ, რომლითაც ალბათ მთელი მოსახლეობის სათქმელს ვიტყვით: ,,ვისია ეს საქართველო, ბოლოს და ბოლოს ვისია, იქნება მართლა არვიცით, იქნება მართლა სხვისია?! არ მოსათმენის მოთმენა, ძალიან საძრახისია! აქ, ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვიგუოთ, ვინც ჩვენი ძმობის ღირსია“!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

,,დამსახურებული“ პრემიებიც დარიგდა!

mdidari 3857ლანჩხუთის საკრებულოსა და მერიაში წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატის სახით 60 370 ლარი გაიცა.
საერთო ჯამში, 2017 წლის 29 დეკემბერს პრემიის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუჯეტიდან 14 705 ლარი გაიცა.
სახელფასო სარგოს 50%-ი დანამატის სახით ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და მისმა მოადგილემ ვლადიმერ ნანაძემ, ასევე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და კომისიების ხელმძღვანელებმა მიიღეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელფასო დანამატი საახალწლოდ აიღო ყველამ, ვისაც კონკრეტული თანამდებობა აქვს.
სახელფასო დანამატები მიიღეს ასევე მერიის თანამშრომლებმა და მათ შორის ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. განსხვავებით საკრებულოდან, მუნიციპალიტეტის მერიაში ბიუჯეტიდან სამჯერ მეტი თანხა, სულ 45 ათას 665 ლარი გაიცა. მერიის სამსახურის უფროსებსა და თანამშრომლებს, ისევე როგორც საკრებულოში, ხელფასის 50%-ი დანამატის სახით დაერიცხათ.
დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, არიან ძალზედ წარმატებულნი, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ა. შ.. საინტერესოა რა დამსახურების გამო გაიცა ლანჩხუთში ასეთი დიდი რაოდენობის პრემია. აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება. ალბათ, 2018 წლის ბოლოს გაცილებით დიდი ციფრი დაფიქსირდება პრემიის გასაცემელში, ვიდრე 60 370 ლარია. გასაგებია, რომ ყველა საჯარო მოხელეს თუ დეპუტატს ოჯახი ჰყავს და ფული ესაჭიროება, მაგრამ რა მოხდება თუნდაც ერთხელ დაიშვას პრეცენდენტი და ეს თანხა შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგონ და ოდნავი შვება აგრძნობინონ. 200-200 ლარი რომ გადაეცათ წინასაახალწლოდ განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახებისათვის, გამოვიდოდა, რომ 300-ზე მეტი ოჯახი ბედნიერ შობა-ახალ წელს გაითენებდა. რაც მთავარია, იქნებ ვინმემ ახსნას, თუ რატომ უნდა გაცემულიყო ლანჩხუთში პრემიები, რა ისეთი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი მთელი წლის განმავლობაში, რომ დაღლილი გული და გონება დანამატით დაამშვიდეს. მაგალითად, მეზობელ თურქეთში, ადგილობივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საერთოდ არ სარგებლობენ პრემია-დანამატებით, ხშირად დაუფიქსირებიათ კიდეც თავიანთი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით: მათი თქმით, ხელფასი იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახი ავად თუ კარგად არჩინონ და ბიუჯეტის თანხებში ხელის ფათური არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი დასაქმებულია, ხოლო ჩვენთან პირიქით, 80% -ზე მეტი დაუსაქმებელია. ჩვენ წინა ნომერშიც ვწერდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,წარმატებებზე“ 2017 წელს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წლის ბოლოს პრემიის დარიგება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ძალზედ შეურაცხმყოფელია მშიერი მოსახლეობისთვის. მაგრამ, მთავარი არ თქმულა: იმ წარმატებულ ქვეყნებშიც, სადაც მართლა აქვთ ფუფუნება პრემია გამოიწერონ ჩინოვნიკებმა, ერიდებიან ხალხის რისხვას. არავის არ უნდა, რომ ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს. საქართველოში ამასაც არავინ ერიდება, ,,მერე რა, წაიკითხავენ, გაბრაზდებიან და გაუვლით“, ასე ფიქრობენ ის პიროვნებები, ვისი ჯიბეც ცოტატი სქელდება პრემიის სახით. საგულისხმოა, რომ ეს ადამიანები არ ცდებიან, საქართველოში და მათ შორის ლანჩხუთშიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხს არაფერი ადარდებს, აღარაფერზე აქვთ პრეტენზია, საზოგადოება დუმს. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ათჯერ მეტი გამოიწერონ, საზოგადოება ამასაც დაანებებს მათ. ჩვენი ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაღალი შედეგიანობა აჩვენეს. ზოგიერთი 95%-ზე აპელირებს, ზოგიც 80%-ზე(ისე, ხმების 95% არავის არ მიუღია, 80% -კი ბატონო) და ამბობს, რომ ამხელა ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემია არ გვეკუთვნისო? თქვე დალოცვილებო, ამხელა ნდობა რომ გამოგიცხადა ხალხმა და დღეს ისინი მშიერები არიან, სწორედ მაგიტომ არ უნდა აიღო არცერთნაირი დანამატი, ჯილდო თუ პრემია. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაამტკიცებს იმას, რომ მას ეს პრემია ეკუთვნოდა, მაშინ ბოდიში გვექნება მოსახდელი, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა. ხშირად ისმის: რა გვეშველება? აქამდე რატომ არ გვეშველა? საით მივდივართ? და ა.შ აი, ამიტომ არ გვეშველება. სანამ სხვისი გასაჭირი არ გვეტკინება, სანამ ვერ მივხვდებით, რომ ბიუჯეტის ფული-ხალხის ფულია, სანამ ვერ გააცნობიერებენ მთავრობები, რომ ისინი ხალხის მიერ არჩეულნი არიან, სანამ ვერ გაათავისებენ რომ ხალხს უნდა ემონონ და არა დაიმონონ, სანამ ხალხი ერთ ყურში შეუშვებს ამბავს და მეორედან გამოუშვებს, მანამ არაფერიც არ გვეშველება. ზესახელმწიფოებისგან და განვითარებული ქვეყნებიდან სწორედ არასაზოგადოებრივი აზროვნება გამოგვარჩევს და უკან გვხევს, სამ მილიონიან ქვეყანას რომ ვერ პატრონობენ და საქართველო დაცარიელდა, ამის პასუხად მოსახლეობამ გაუგონარი ნდობა გამოუცხადა ხელისუფლებას, რითიც მწვანე შუქი აუნთო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თანაც ხელისშემშლელიც არავინ ეყოლებათ. ყველა საზოგადოება, ისეთ რეალობას იმსახურებს, როგორშიც ცხოვრობს, ჰოდა, ალბათ ახია ჩვენზე ამდენი პრემია-დანამატები...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

საკრებულოს გარჩევები!

we27 დეკემბერს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
მანამდე კი კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი განიხილა ყველა კომისიამ და ფრაქციამ, შესწორებული ვარიანტი კიდევ ერთხელ განხილული იქნა საჯაროდ.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარუდგინა.
2018 -2021 წწ-ში მუნიციპალიტეტის სტრატეგია თითქმის უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
მთავარი საფინანსო დოკუმენტების ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
• ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
• განათლება;
• კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
• მმართველობა და თავდაცვა.
საბოლოოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდა და განისაზღვრა 8757600 ლარით.
საკრებულომ დაამტკიცა მუდმივმოქმედი ხუთივე კომისიის დებულება და საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმა.
საკრებულოს მიერ დაამტკიცდა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმად, მომავალ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 4 541 950 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესსა და სოც-კულტურული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ.
საკრებულომ ცნობად მიიღო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა ფრაქციების შექმნის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარის, ვერიკო კვირკველიას განცხადებით, საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა - „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, გოგი მორჩილაძის და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“, სპარტაკ კვაჭაძის თავმჯდომარეობით.
სხდომაზე, პირველი დებატები ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვას მოჰყვა. კლინიკა ,,ჯანმრთელობის“ დირექტორმა და ამავდროულად უმრავლესობის დეპუტატმა, ამირან ქანთარიამ მოითხოვა , მისი კლინიკის წინ საბიუჯეტო ორგანიზაციები მიერ დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა: ,,ორი წელიწადია ვიბრძვი უკვე ამ საკითხის მოსაგვარებლად, მოვახერხე და დამოუკიდებლად დავაგე ჩემი კლინიკის წინ ასფალტი, ამის შემდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა დააზიანეს საფარი და არის კატასტროფული მდგომარეობა. ყველა გაწვიმებაზე წყალი ორ ნაკადად მოდის და პაციენტებს უწევთ ხტომა-ხტომით კლინიკაში შემოსვლა. რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება“-განაცხადა ქანთარიამ. კახა ასკურავამ და ზაზა წულაძემ გაკვირვება გამოთქვეს, თუ რატომ არ იყო ბიუჯეტში ჩასმული ჭყონაგორაში რამდენიმე ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასკურავამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს მიმართა: ,,თქვენ ადრე დამადანაშაულეთ პიარში, ასევე განაცხადეთ, რომ ჩემი ნათესავის გამო ვიბრძოდი. ახლა ხომ დამთავრდა არჩევნები, გარდა კახა ასკურავას ნათესავისა, იქ შვიდი ოჯახი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. რატომ არ არის გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში ჭყონაგორაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი?“. ოპოზიციონერ დეპუტატს მხარი აუბა ნიგოითის მაჟორიტარმა დეპუტატმა_ზაზა წულაძემ: ,, ბატონო ლევან, თუ მე მოვახერხე და ერთი ოჯახი გადავარჩინე და მეტნაკლებად ავაცილეთ საფრთხე, რატომ გგონიათ, რომ თქვენი ჩართულობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება? სავსებით შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის დახმარებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა.“ ლევან ჩხაიძის თქმით: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეული იქნა გზების დეპარტამენტიდან ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია ცენტრალური გზა გადაიკვეთოს და ისე ჩაისვას მილები, სხვა გამოსავალს ისინი ვერ ხედავენ“. ზაზა წულაძე კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას:,, თუ იქნება ამოღებული გვირაბები, ხოლო შემდეგ გაიწმინდება მილები, მაშინ წყალი ჩვეულებრივად გავა. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე“. ნინოშვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჩხარტიშვილმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ძალიან მცირე თანხა იყო გამოყოფილი: ,,გაოცებული ვარ, როგორ უნდა გადანაწილდეს ეს 800 000 ლარი 16 თემზე, მე ნინოშვილზე ვიტყვი, არის ძალინ მძიმე მდგომარეობა და პირდაპირ გეტყვით, სოფელი ასახლების საშიშროების წინაშე დგას. ვიცი, რომ სხვა სოფლებსაც აწუხებთ ეს პრობლემა, უბრალოდ ვერ ვხვდები, ეს მცირე თანხა როგორ უნდა გადანაწილდეს. გამიჭირდება ამ ბიუჯეტისთვის ხელის აწევა.“ სხვა დეპუტატებმაც გამოთქვეს შენიშვნები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობდნენ.
ამის შემდეგ, დაიწყო ტრადიციული სხვადასხვა, რომელიც ძალზედ ხმაურიანი გამოდგა. კახა ასკურავამ განაცხადა, რომ ის აღშოთებულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს“ ქმედებით. კერძოდ, საქმე ეხება შუხუთის საბავშვო ბაღში 22 დეკემბერს ჩატარებულ საახალწლო ზეიმს, სადაც ჩინურმა კომპანიამ, ლანჩხუთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საჩუქრები გადასცა შუხუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. მკითველს შევახსენებთ, რომ 20 დეკემბერს სოფელ ქვიანში, ავტობანის მშენებარე ჩინური კომპანიის კუთვნილმა ავტომობილმა 15 წლის ვიკო ასკურავას სიცოცხლე შეიწირა. როგორც დეპუტატმა ზაზა წულაძემ განაცხადა, ტვირთის შიდა წარმოება თურქულ კომპანიას აქვს თავის თავზე აღებული და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია. ახლა დავუბრუნდეთ საკრებულოს სხდომას. კახა ასკურავა: ,,მაინტერესებს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა, ამხელა ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ, იმ ჩინურ კომპანიასთან ერთად გადაგეცათ საჩუქრები ბაღში, რომლის სატვირთო ავტომობილმაც იმსხვერპლა ვიტო ასკურავას ოჯახი. იცით, რომ ამ ტრაგედიის გამო ქვიანში და ზოგადად ნიგოითის თემში ახალი წელი რომ არ იქნება? ეს ხომ ცინიზმია კომპანიის მხრიდან, რა საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაუტარებიათ მანამდე ,,სინოჰიდროს წარმომადგენლებს“? ასკურავას სიტყვის გამოსვლის დროს აშკარა ხდებოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძე მდგომარეობიდან გამოდიოდა: ,,შენ ვინ ყოფილხარ, ამ თემის პოლიტიზირებას როგორ ბედავ. ახლა, ბოლომდე გაგიცანი და დავრწმუნდი ვინც ხარ! გინდა დამაჯერო, რომ შენზე ნაკლებად შემტკივა გული იმ გარდაცვლილ ბავშვზე? ან რატომ არ გადაამოწმე, ნამდვილად ამ კომპანიის მანქანას თუ ემსხვერპლა ის ბავშვი. ღონისძიება იყო წინასწარ დაგეგმილი და ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ბავშვებისთვის უარი გვეთქვა? ამიტომ ვიღებ მე 95 %-ს არჩევნებში, ხოლო შენ ოპოზიციაში ხარ.“ტაბიძის შემდეგ, მოვისმინეთ ალექსანდრე სარიშვილის არანაკლებ ემოციური გამოსვლა: ,,კახა ეს რა დაგიწერია, ეს რა გვაკადრე და იკადრე. იმ წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელიც შენ დაწერე, მე მრცხვენოდა შენთან ერთად დავმჯდარიყავი დარბაზში. რისი გდაფარვა უნდა მოგვეხდინა ამ ღონისძიებით, რაებს იძახი. ალეკო სარიშვილს არც ერთი თანამდებობა და ხელისუფლება არ უღირს იმად, რომ ამხელა ტრაგედია კი არა, თუნდაც მცირე შემთხვევა გადაფაროს რაიმეს გამო. მე ვარ შეურაცხყოფილი იმით, რაც წავიკითხე და მინდა საკრებულოს წევრებს ვთხოვო, გამოითხოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიის სატვირთო მანქანას ემსხვერპლა ვიკო ასკურავას სიცოცხლე. ღონისძიება დაგეგმილი იყო ათი დღით ადრე, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებული იყო და რა უნდა გვექნა მითხარით? ამასთან ვაცხადებ, რომ ეს კომპანია ტრაგედიასთან არაფერ შუაში არ არის. თანაც სიცრუეა, რომ თითქოს ამ კომპანიას ადრე არ გაეწიოს საქველმოქმედო საქმიანობა-“განაცხადა მერამა.
მკითხველს გავაცნობთ კახა ასკურავას იმ წერილს, რომელმაც მერის და უმრავლესობის დეპუტატების აღშფოთბა გამოიწვია. კახა ასკურავამ თავის ფეისბუქგვერდზე შემდეგი წერილი განათავსა: ,,მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი! ამ ფოტოზე იმ კომპანიის "სინოჰიდროს" წარმომადგენელია მუნიციპილიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლის ტექნიკურად გაუმართავმა თვითმცლელმაც, წინა დღეს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა სოფელ ქვიანში, რამაც დაამუნჯა და გააქვავა მთელი სოფელი.ნაცვლად იმისა,რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შეკითხვები (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) მითუმეტეს იმისა, რომ ვიკო ასკურავას შემთხვევა არა არის პირველი მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდება ჩვენდა საუბედუროდ არც უკანასკნელი აღმოჩნდეს შესაძლოა და ამ ფირმის წარმოადგენელბთან ერთად საზეიმო ღონისძიებებზე დადიან, თან სკოლაში?! სწორედ სკოლიდან მოდიოდა ვიკო ასკურავა, როცა ამ ფირმის მიერ დაქირავებული მანქანის საბურავმა იმსხვეპლა იგი და ამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას ყოფნის თავხედობა და სწორედ სკოლაში ითხოვს შესვალას, როცა თავად ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი მიწასაც კი არ იყო მიბარებული. რომელი საჩუქარი და საქველმოქმედო ღონისძიება გამოისყიდის იმ ტრაგედიას, რომელიც ასკურავების ოჯახს მიაყენა სწორედ ამ ფირმის მიერ დაქირავებულმა მანქანამ ?ამას ჩემი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ვეკითხები,ან/და რა სასწრაფოდ აუცილებელი იყო ამ ღონისძიების მანდამინც ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს გამართვა,რას მივაწეროთ ეს ყველაფერი?! მგონი უკვე ორ წელზე მეტი გადის, რაც ეს ფირმა ლანჩხუთში მუშაობს და რომელი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაუტარებიათ?!
ცხარე კამათის დროს, კახა ასკურავამ აღნიშნა, რომ ვიკო ასკურავა მისი ნათესავი იყო და განსაკუთრებით აწუხებს ეს საკითხი. მან კატეგორიულად უარყო მერის ბრალდებები, თითქოს ასკურავა ამბობდა, რომ ამ ღონისძიებით ტრაგედიის გადაფარვა უნდოდათ. მისი თქმით, მან გააპროტესტა ჩინური კომპანიის ქველმოქმედება იმ დროს, როდესაც ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, რადგან მიაჩნია, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია