პოლიტიკით სახე დაკარგული ადამიანები

ისმენ და ხედავ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება და ფიქრობ - რომ შეიძლებოდეს, ქვეყნის ცხოვრებიდან ძირფესვიანად ამოაგდებდი პოლიტიკას, რომელიც ბევრ ღირსებას კლავს და მგლებად აქცევს ადამიანებს; თუმცა ისიცაა, რომ პოლიტიკის საშუალებით ადამიანთა ნამდვილ სახეს ვხედავთ და ვწუხვართ კიდევაც, რომ ბევრი მათგანი ადამიანის სახედაკარგული წარმოგვიდგება, რაც ჩვენში შიშს იწვევს და ეს შიში იმდენად დიდია, რომ ხშირად მასობრივ ფსიქოზშიც გადადის.
ამას თავადაც ხედავენ პოლიტიკოსები, მაგრამ არად დაგიდევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში არ არსებობს ნორმები. პოლიტიკური თამაშის თვისებასაც არად დაგიდევენ. არაფერია განსაზღვრული და შესაბამისად, განუსაზღვრელობაში ჩავარდნილი ქვეყანა, განუსაზღვრელობისაკენ მიექანება. ამას გარკვეული დროის მანძილზე ვერ გრძნობენ ადამიანები, კრიტიკულ სიტუაციაში კი იწყება კრიტიკა, რომელიც ხშირად კრიტიკადვე რჩება. ასეთ ფონზე ნათელი წერტილები, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინაც თავიანთი ცხოვრებით მაგალითს გვაძლევენ იმისა, რომ თუ არა სულიერება, _ ყოფიერება მახინჯ სახეს იღებს.
არიან ადამიანები, რომლებიც გარდაცვალებითაც ამბობენ თავიანთ სათქმელს. სიკეთით, სიყვარულით, სათნოებით, შენდობით, შრომით განვლილი ცხოვრების გზა არის ჭეშმარიტი. მიდიან კარგი ადამიანები და გიჩნდება სამწუხარო კითხვა - ხდება კი მათი ჩანაცვლება?! ასეთები ხომ, როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდებიან ჩვენს ქვეყანას. იქნებ ასპარეზიც არ არის თავის დასამკვიდრებლად?
ეს არის მიზეზი?
იქნებ ეს არის?
ქართული ღირსებების ცვეთის ეპოქაში ჭეშმარიტ ქართველთა და ქართულ საქმეთა დამფასებელნი სადღაც გამქრალან. ასე ირყევა ქართული სახელმწიფოს საძირკველი. ვგულისხმობ ჭეშმარიტად ქართულს, თორემ მსოფლიო გლობალიზაციის შედეგად მიღებული ახალი სახის საქართველოსი კი რა მოგახსენოთ და საერთოდ, რა არის ეს ახალი - გულგაცივებული, სულგაყინული, დაუნდობელი ადამიანთა სახე.
წვეთ-წვეთად იშრიტება ნაღდი ქართული სული;
ჩვენ მაინც ველით უკეთეს ხვალეს, თუმცა არ გვსურს იგი, არა ქართული!...
ნონა გიგინეიშვილი


FREE HOUSE

თავისუფალი სახლი

სულ მალე თქვენ გიმასპინძლებთ, ,,ჰო და არას~ ახალი პორექტი - ,,თავისუფალი სახლი~, რომლის კარი ღია იქნება ყველასთვის, პოზიციისა და ოპოზიციისთცის და რაც მთავარია, ყველა მკითხველისთვის.
თქვენ შეგეძლებათ, აქ ისაუბროთ თქვენს ყველა პრობლემაზე, თქვენს შეხედულებებზე, თქვენს ჭირსა და ლხინზე. ეს იქნება ადგილი, სადაც ვალდებულებას იგრძნობენ ხელისუფალნი თქვენს მიმართ, არ მიეცემაც საშუალება წაგიყრუონ, არად ჩაგთვალონ.
აქ, თქვენს გვერდით დადგებიან იურისტები, ეკონომისტები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, საგანმანათლებლო დარგის სპეციალისტები...
თქვენ აქ იგრძნობთ, რომ მარტონი არა ხართ!
თქვენ აქ იგრძნობთ, რომ თავისუფლება არ არის სხვათა თავისუფლებაზე და შრომაზე გადავლით მიღწეული ბედნიერება.
თქვენ აქ იგრძნობთ, რომ ადამიანები ბრძანდებით, რომ თქვენ გაფასებენ და თქვენზე ფიქრობენ.
ჩვენი ,,თავისუფალი სახლი~ თქვენ გაგახარებთ და მომავლის იმედს გაგიჩენთ.
ადევნეთ თვალი ,,ჰო და არას~. უახლოეს ნომრებში უფრო კონკრეტულად გაიგებთ ამის შესახებ.
ნონა გიგინეიშვილი


ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა

წლების წინ, როცა გაზეთი ,,ჰო და არა~ დაფუძნდა, ვწერდით, რომ იგი შეიქმნა ხალხისთვის, მისი ჭირისა და ლხინის გასაზიარებლად, სამზეოზე გამოსატანად. მას შემდეგ ამ პრინციპით ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, რის გამოც მასთან ერთად არაერთხელ აღმოვჩენილვართ პრობლემების წინაშე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან არასდროს დაგვიხევია, არ მიგვიფუჩეჩებია ვინმეს გაჭირვება. პირიქით, ჩვენად ჩაგვითლია იგი და მათთან ერთად გვიბრძოლია სამართლის საპოვნელად თუ გაჭირვების დასათრგუნავად.
იმ მძიმე წლებში ჩვენი გაზეთი, რომლის მასპინძელი თავიდანვე რაიონის თითქმის ყველა სოფელი გახდა, ნუგეშად მოევლინა შეჭირვებულ მოსახლეობას. ადამიანები ელოდნენ ,,ჰო და არას~, რადგან იცოდნენ, რომ იქ წაიკითხავდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავად გააჩნდათ, გაიზიარებდნენ სხვათა გაჭირვებას და დალხინებას.
ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ითქვა ყველა მოვლენის შესახებ, რომელიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანი იყო.
უკიდურესად მძიმე პირობებში იქმნებოდა გაზეთის ყოველი ნომერი. ეკონომიკაშერყეულ ქვეყანაში რა გასაკვირია, რომ საგაზეთო საქმე ჭირდეს. ჰოდა, ამ გაჭირვებით მოვედით დღემდე. შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ - ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა. სწორედ ამ პრიციპში დევს ის, რამაც სხვადასხვა დროს მრავალი წინააღმდეგობა გადაგვალახინა. ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენი პატიოსნება ჩვენი ყველაზე დიდი საყრდენია.
ღმერთმა და კაცმაც იცის, რომ არასოდეს გავყიდულვართ არც მცირე და არც დიდ საქმეში. ხალხის ნებას გამოვხატავდით მუდამ; ასეა დღესაც;

ვრცლად: ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა

პოლიტიკა ჩვენი ოჯახების პოლიტიკით იწყება


ყველაზე დიდი პოლიტიკა ჩვენთვის, არაპოლიტიკოსებისთვის, ვფიქრობ, ჩვენი ოჯახების პოლიტიკით იწყება, იმ პოლიტიკით, რომლის მიზანია ოჯახში გვქონდეს მშვიდობა, ხვავი, ბარაქა, წინსვლა და შესაბამისად - სიხარული. სიხარულის გარეშე ერთი წუთიც არ ყოფილიყოს თქვენი ოჯახი...
თუმცა ოჯახის ბედნიერება ქვეყნის ბედნიერების გარეშე არსად და არასდროს ყოფილა. ასეა დღესაც. ყოველი მოქალაქე, ნებით თუ უნებლიეთ მონაწილეა იმ მოვლენების, რაც ირგვლივ ხდება. პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურების დროს ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა. იწყება ჯერ ფიქრი, მერე ხმაური, ანუ ხმამაღლა გამოხატვა ემოციების, განსჯა, აქტიური ჩართვა მოძრაობაში...


ვრცლად: პოლიტიკა ჩვენი ოჯახების პოლიტიკით იწყება

მოიწონეთ სტატია