17 დან 17-ივე მაჟორიტარი ოცნებამ გაიყვანა

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალ საკრებულოში ,,ქართულ ოცნება"17 მაჟორიტარ დეპუტატს შეიყვანს, ანუ 100%-ს. ყველასთვის მოულოდნელად მცირედით, მაგრამ მაინც წააგო სუფსის თემში ჯუმბერ ბლაგიძემ, ასევე დიდი იყო ალბათობა გვიმბალაურში მოეგო ნიკოლოზ იმნაძეს, რობერტ წილოსანის მომხრეებიც იმედიანად იყვნენ. ფაქტია ოცნებამ სრული ფურორი მოახდინა და ისეთი შედეგები დადო ლანჩხხუთში, მისი შტაბის წევრებიც რომ ვერ დაიჯერებენ კარგა ხანს. მუნიციპალიტეტმა თავისი არჩევანი გააკეთა, კონტროლით, დაშინებით, თუ დაყვავებით, მაინც არჩევანი!

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 48,1% შეადგინა

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 48,1% შეადგინა. სულ თავისი პოზიცია აღნიშნული დროისთვის 14 127 ამომრჩეველმა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საატამდე გრძელდება.

15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 40,32 % შეადგინა

15 საათისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამომრჩველთა აქტივობამ 40,32% შეადგინა. აღნიშნული დროისთვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა და თავისი აზრი დააფიქსირა 11 879 ამომრჩეველმა. ეს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მთელი ქვეყნის მაშტაბით.

ლანჩხუთის საოლქო კომისია ნინოშვილის უბანზე დარღვევის ფაქტს არ ადასტურებს

ცოტა ხნის წინ ,,პატრიოტთა ალიანსმა" მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითც ნინოშვილის #21 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა. ლანჩხუთის საოლქო კომისიის განცხადებით, მათ გადაამოწმეს აღნიშნული ინფორმაცია და დაულუქავი ყუთის უბანზე შეტანა კომისიის არც ერთმა წევრმა არ დაადასტურა, კომისიის წევრების განცხადებით ყუთი დალუქულ მდგომარეობაში დაბრუნდა. შესაბამისად, დარღვევაც არ ფიქსირდება.

მმართველი პარტია აგონიაშია?

მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ზოგიერთი თემის გამოკლებით, ,,ქართული ოცნების" მხრიდან მიმდინარეობს სისტემატიური მეთვალყურეობა საარჩევნო უბნებზე. მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატები თითქმის საარჩევნო უბნის კარებთან დგანან და თითოეულ ახალ მოსულ ამომრჩეველს ნამდვილ დაკითხვას უწყობენ, არც ხვევნა-კოცნას იშურებენ მეტი ეფექტისთვის. მანქანების კოლონები დილიდანვე მობილიზებულნი არიან, ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს უბნებთან დილიდან მოყოლებული და სავარაუდოდ დიდხანს არც დაიშლებიან. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე  აქტიურად დადის სხვადასხვა უბნებზე და სიტუაციას აკვირდება. კოალიციის კოორდინატორები რვეულებით და კალმებით ზედ უბნის შესასვლელთან დგანან და ხმებს აკონტროლებენ. ერთ-ერთმა კოორდინატორმა გვიმბალაურში გვითხრა, რომ ადრე გაყიდული ,,ტავარის" ფულს სთხოვს ხალხს და სწორედ ამას აღნიშნავდა რვეულში. კონკრეტულად ხმის მიცემის პროცედურა ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს.

მოიწონეთ სტატია