ისეთს ნურაფერს გავაკეთებთ,რომ შემდეგ ერთმანეთისთვის სახეში შეხედვა შეგვრცხვეს,


მართალია დიდი ომიანობის წლები არ მახსოვს, მაგრამ სხვების მონაყოლიდან ვიცი, ყველას გაუჭირდა, რადგან მარჩენალი წავიდა, შინ მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები დარჩნენ, ამიტომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, როგორც შეეძლოთ ეხმარებოდნენ,ლუკმას უნაწილებდნენ. თუ მეზობელი დაინახავდა მეზობელს სტუმარი ესტუმრა,მას კი არაფერი ჰქონდა რომ გამასპინძლებოდა, რამეს მაინც გადაუტანდა, ისე რომ არავის დაენახა და უხერხულობა არ ეგრძნო, ალბათ ამიტომაც გადაიტანეს ეს დიდი გასაჭირი და გადარჩნენ. სამაგიეროდ 90-იანი წლები მახსოვს კარგად, შუქი არ იყო, არც ნავთი ,,ლამპა“ რომ აგენთო, სანთელი ხომ ძვირი სიამოვნება იყო, რამდენიმე გრამი პური გვერგებოდა დღეში უფროსები სადმე დიდ ქალაქში მიდიოდნენ პურის საყიდლად,მხოლოდ შავი პური და ისიც შეზღუდული რაოდენობით,მჭადი და უშაქრო მურაბაც გვიჭამია, თუ იმას მურაბა ეწოდებოდა, ლობიო, ხაპი და ხაპერაც მოეპოვებოდა ვინც სოფელში ცხოვრობდა. ტყვიები არ მოგვხვედრია, მაგრამ კაცმა არ იცოდა ვინ საიდან დაგვესხმებოდა თავზე, არც ტელევიზიით გვეუბნებოდნენ ყოველდღე რამდენი ადამიანი იღუპებოდა, შუქი არ იყო და იმიტომ, მაგრამ ესეც გადავიტანეთ, აქედანაც გამოვედით, ახლა ყველაფერი გვაქვს იმასთან შედარებით, მაგრამ არ გვაქვს მთავარი,სითბო,სიყვარული, პატივისცემა, ერთმანეთის დანახვა და გატანა.გულზე ხელი დაიდეთ და თქვით ,თუნდაც ამ მოკლე დროში რამდენ მეზობელს ან ახლობელს დაეხმარეთ ან მისი ამბავი სიტყვით მაინც იკითხეთ,მატერიალურს არ ვგულისხმობ, ფული არაა მთავარი,იქნებ თავადაც არ გქონდათ,ზოგჯერ სულ უმნიშვნელოსაც დიდი ფასი აქვს. ახლაც უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, მარტო ჩვენ კი არა უდიდეს და უმდიდრეს ქვეყნებსაც უჭირთ,დიდი რისკის ფასად,მაგრამ აქედანაც გამოვალთ, ამასაც დავძლევთ,ესეც გაივლის, ჰოდა ყველა დავფიქრდეთ იმაზე, რომ აქედან ერთად უნდა გამოვიდეთ, ერთად უნდა გადავრჩეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ადამიანობა არ არის, ჩვენ კი ადამიანებად გავჩნდით,სიხარბე ნუ წაგვძლევს, არამი ლუკმა არავის შეერგება, ისეთს ნურაფერს გავაკეთებთ,რომ შემდეგ ერთმანეთისთვის სახეში შეხედვა შეგვრცხვეს, ბოლომდე ადამიანებად დავრჩეთ, მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა.
მარინა ჩხაიძე

მოიწონეთ სტატია