განხეთქილება ,,ქართულ ოცნებაში“, მმართველ პარტიაში სერიოზული რღვევებია!

KOB"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დღითი-დღე მწვავდება. დეპუტატები არ მალავენ, რომ გუნდი ორ ბანაკად იყოფა - ესენი არიან პრემიერის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა .
ირაკლი სესიაშვილის თქმით: ,, რა აჟიოტაჟიც მოყვა უმრავლესობაში ვითომდა სერიოზულ დაპირისპირებას, მე ვიტყოდი, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ჩვენ არ შევუშინდებით არასდროს აზრთა სხვადასხვაობას. განსხვავებული აზრები, პირიქით, მისასალმებელია. ემოციურ ფონსაც ჰქონდა ადგილი და ამაშიც რაიმე განსაკუთრებული კატასტროფა არ არის.“
არის ამაში სიმართლის მარცვალი, არაა გამორიცხული ბოლოდროინდელი მოვლენები ბიძინა ივანიშვილის ახალი თამაში იყოს, ანუ ვითომდა ,,დემოკრატიობანა“. თუმცა, დაპირისპირება იმდენად მწვავეა, ისეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მომხრეებს, რომ ძნელია ამას თამაში უწოდო. პრემიერ-მინისტრის მომხრეებიდან განსაკუთრებით აქტიურობს დავით ჭიჭინაძე(გლეხების ,,ქომაგი“) და ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის რუხ კარდინალობას მამუკა მდინარაძე კისრულობს, რომლის ჟურნალისტებისადმი და ამ საკითასადმი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტო არაპროფესიონალური და ცინიკურია. ,,კურიერისთვის“ ხელმისაწვდომი გახდა კვირიკაშვილისა და კობახიძის მიმოწერები, რაც ნათლად ადასტურებს დაპირისპირებას. რეალურია ეს კონფლიქტები თუ ვირტუალური, ამას დრო გვიჩვენებს. ისე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ არის აზრთა სხვადასხვაობები და შიდა დაპირისპირებები ოცნებაში, ეს აშკარაა. ისე კი ოპოზიციამ კარგა ხნით ადრე დააანონსა ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს. საინტერესოა ბიძინა ივანიშვილი რატომ დუმს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჭიჭინაძე, მდინარაძე თუ სხვა მის დაუკითხავად დგამს ნაბიჯს ძალიან ცდება, აქ გასარკვევი მხოლოდ ერთია, რა გეგმა აქვს ,,ხეთა მბრძანებელს“. ხომ არ იგეგმება ის, რისკენაც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მოუწოდა ივანიშვლს? ,,პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა კენჭი უნდა იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. გახდეს სახელმწიფოს მეთაური. ეს შექმნის ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის საფუძველს, რადგან შეწყდება ჩრდილოვან მმართველობაზე საუბარი და მთავრობას და პარლამენტს მოუწევს საკუთარი ფუნქციის შესრულება, საკუთარი პასუხისმგებლობით.“ და ისიც, როგორც მხსნელი კვლავ მოვლენათა ეპიცენტრში იქნება.
და მაინც, სავარაუდოდ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ამას იგივე ხუხაშვილი აანონსებს:
,,იქნება ბევრი კბენა, ღრენა, ბწკენა, მაგრამ ყველაფერი ჰეფი ენდით, ანუ ლოკვით დასრულდება.“

მოიწონეთ სტატია