,,ჰო და არას" და ,,თავისუფალი სახლის" ერთობლივი სოციალური პროექტის პრეზენტაცია!

socბესიკ ტაბიძე: მერწმუნეთ, ისეთი მთავრობა არადროს მოვა, რომ ჩანთით ფულები დაგვაყაროს თავზე.

დავით ჩხარტიშვილი:  მოსახლეობაში გაჩნდა ნიჰილიზმის გრძნობა მიწაზე მუშაობის მიმართ და ეძებენ სხვა სფეროში დასაქმების გზებს!


ლელა ჩახვაძე: როდესაც ბაზარი იქნება სტაბილური და სამართლიანი, მაშინ სიტუაცია შეიცვლება სასიკეთოდ.


ვახტანგ ზენაიშვილი: ხალხი თვითონ მიხედავს საკუთარ თავს, თუ ხელისუფლებები არ გააგრძელებენ მათი ფულის მიტაცებას და შემდეგ ფლანგვას.social


,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზში შედგა ,,ჰო და არას“ და ,,თავისუფალი სახლის“ ერთობლივი სოციალური პროექტის - ,,როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიცხოვროთ უკეთესად?“- პრეზენტაცია. პროექტში ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის უპირველესი მიზანია მოსახლეობის ჩართულობა, მათთვის პრობლემური საკითხების ხელისუფლებამდე მიტანა ,,ჰო და არას“ საშუალებით. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა თემის რწმუნებული ან მისი წარმომადგენელი. გეტყვით, რომ საზოგადოებრივი დარბაზი ამ დღეს ძალიან აქტიური იყო, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, საბაზრო ეკონომიკა, მცირე ბიზნესის განვითარების გზები, ფაროსანას პრობლემა და ა.შ


შეხვედრა ,,ჰო და არას“ რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა გახსნა: ,,პირველ რიგში დიდ მადლობაა მოგახსენებთ ასეთი ჩართულობისთვის. მიხარია, რომ დაინტერესებული ხართ ლანჩხუთის მოსახლეობის უკეთესი ხვალინდელი დღით. დაარსებიდან დღემდე ,,ჰო და არას“ უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული და ბედნიერები ვართ, რომ შევძელით ადამიანებს დავხმარებოდით თავიანთ საქმიან წამოწყებებში. როგორც მოგეხსენებათ, მედია შეძლება იყოს სამთავრობო, ოპოზიციური ან თავისუფალი, ანუ დამოუკიდებელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,ჰო და არა“ იყო დამოუკიდებელი მედიაკომპანია, არის დამოუკიდებელი და ასე გააგრძელებს მომავალშიც. მედიის ობიექტურობის უმთავრესი ფაქტორი არის ფინანსური დამოუკიდებლობა, სწორედ ამ ფინანსური დამოუკიდებლობის ხარჯზე მოვახერხეთ, რომ ვართ ერთ-ერთი ლიდერი მედიაჰოლდინგი რეგიონში და ვინარჩუნებთ სარედაქციო ობიექტურობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტს - ,,როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიცხოვროთ უკეთესად?“ ვფიქრობ, დროა ქმედედითი ნაბიჯები გადადგას მედიამ, ოპოზიციამ და საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობის რეალური პრობლემები იქნეს დანახული, განხილული და შეძლებისდაგვარად მოგვარებული. ქვეყანას ჰყავს ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი, რაც დადებიტად ვერანაირად ვერ შეფასდება. რა თქმა უნდა, გვაქვს მენტალობის პრობლემასთან საქმე, თუმცა ისეც არ არის, რომ სამუშაო ადგილები თავზესაყრელად იყოს და მასზე მოსახლეობა კატეგორიულ უარს აცხადებდეს. აგრეთვე გვინდა, რომ ამ პროექტის საშუალებით მეტი ინფორმირებულობა შევიტანოთ მოსახლეობაში, მაგალითად: როგორ შეიძლება არსებული პირობების ფონზე, შედარებით უკეთ იცხოვროს გლეხმა. რა სახის მეურნეობა უნდა აწარმოოს მან, რა შინაური ფრინველი და პირუტყვი უნდა იყოლიოს, რა პროდუქცია იქნება მისთვის მომგებიანი და ა.შ. მართალია, ხელისუფლებებს უმთავრესი როლი აკისრიათ ხალხის წინაშე, მაგრამ უნდა გავაგებინოთ მოსახლეობას რა მოსთხოვოს მთავრობას და რა არა, რა პრიორიტეტები უნდა დასახოს მოქალაქემ, რომ მაქსიმალურად მოიხმაროს სახელმწიფო რესურსი, რა სახელმწიფო პროგრამები იქნება მათთვის მომგებიანი, ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის, სწორედ ამ შუამავალის ფუნქცია გვინდა ავიღოთ საკუთარ თავზე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ როგორც არასდროს ისე უჭირს დღეს ქართველ კაცს, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. უნდა შევეცადოთ და გავაგებინოთ საზოგადოების დაუსაქმებელ ნაწილს, რომ ,,ბირჟა“ გამოსავალი არ არის. თუ სახელმწიფო სამსახურებში არ ვართ დასაქმებულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ და ჩვენი ოჯახები ბედის ანაბარად მივატოვოთ. მეტი გონიერებით და შრომისმოყვარეობით შესაძლებელია ჩიხიდან გამოსვლა, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება აქტიურად შეუწყობს ხელს ამ წამოწყებას. ,,ჰო და არას“ წინა ნომრებში ჩვენს მკითხველებს დავუგზავნეთ სოციალური ანკეტები, რომელიც უნდა შეავსონ და რედაქციაში მოიტანონ, ამით სოციალური ფონის რეალური სურათის დანახვა შეგვეძლება. მიხარია, რომ ჩვენს წამოწყებას მხარი აუბით და ვიმედოვნებ, რომ სიტყვას საქმედ ვაქცევთ!“soci


ალექსანდრე სარიშვილი-(ლანჩხუთის მერი): ,,მადლობას ვუხდი ,,ჰო და არას“ ამ წამოწყებისთვის და ზოგადად აქტიურობისთვის. რაც შეეხება იმ თემას, რაზედაც ვართ შეკრებილები, მინდა იმედი ვიქონიო, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით შევცვლით მოსახლეობის სკეპტიმიზმს და უნდობლობას სახელმწიფო პროგრამების მიმართ. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ტყუილად დახარჯავს დროს, თუ რაიმე საქმის წამოწყების მიზნით, რომელიმე სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. იყო ,,აწარმოე საქართველო“, იაფი კრედიტები, აგროსესხები, მაგრამ მოსახლეობა ყოველთვის უნდობლობით ხვდებოდა ამ პროგრამებს, ფიქრობენ ყველგან პატრონია საჭიროო, არადა მერწმუნეთ, ასე არ არის. საჭიროა, რომ მოსახლეობამ გაიგოს რა ფუნქცია აკისრია ადგილობრივ ხელისუფლებას მათ წინაშე, რათა უხერხულობები და გაურკვევლობები ავიცილოთ თავიდან. ამას წინათ მოვიდა ადამიანი, რომელიც ითხოვდა, სახურავზე შიფერის კიდე ჩამომიტყდა და შემიკეთეთო. იყო შემთხვევა, როდესაც ნიგოითის თემში წაგვიყვანა პიროვნებამ და ადგილზე მისულებს ეზოს გაცელვა მოგვთხოვა. უნდა გავიგოთ ყველამ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყველაფერს ვერ გაწვდება, სადღაც ხავსი მოედება შიფერს, სადღაც ეზო იქნება გასაცელი, მაგრამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ, მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი თავისი ჩართულობით. არის შემთხვევები, როდესაც დასაქმებას ურჩევნიათ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ. ან კიდევ, რომელიმე კერძო კომპანიაში მუშაობას, ა(ა)იპიებ-ში სამსახური ურჩევნიათ. ვინაიდან ა(ა)იპიები ყველას თავშესაფარი ჰგონია, მაგრამ ამ სიტუაციას აუცილებლად შევცვლით. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მერიის შენობა მთელს მუნიციპალიტეტს ვერ დაასაქმებს. ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, მედიამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, მაქსიმალური ინფორმაციული კამპანია ჩავატაროთ, რათა მოსახლეობის მენტალობა სახელმწიფოებრივად მოვმართოთ“.


დავით ჩხარტიშვილი(ნინოშვილის მაჟორიტარი დეპუტატი): ,,მთავარი არის სტაბილური ეკონომიკური გარემო, აქ ხომ იმისთვის შევიკრიბეთ,რომ ვიმსჯელოთ მაინც, თუ როგორ ვიცხოვროთ უკეთესად. ჩვენ ვცხოვრობთ პროვინციაში, სადაც ძირითადად აგრარული გარემოა, ჩვენთან ინდუსტრიული გარემო არა არის, არ არის ფაბრიკა-ქარხნები, გვინდა თუ არ გვინდა, უნდა მოვერგოთ აგრარულ გარემოს. ის, რომ მოსახლეობა უნდობლობით უყურებს ეკონომიკურ გარემოს, ეს სწორედ ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობით არის გამოწვეული. მაგალითად ვიცი, რომ ტონობით თაფლი აქვს ადამიანს სახლში და მის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ჩვენთან ხან ციტრუსია პოპულარული და მოთხოვნადი, ხან თხილი, ხან მოცვი, ანუ სტაბილური ბაზარი არ არსებობს, მეტიც ბაზარი საერთოდ არ არსებობს. ვერ გაიგო გლეხმა, თუ რა იქნება მისთვის მომგებიანი და რა გასაკვირია უნდობლობით უყურებდეს სახელმწიფო პროგრამებს თუ საბაზრო ეკონომიკას. სწორედ ამ მიზეზების გამო მოსახლეობაში გაჩნდა ნიჰილიზმის გრძნობა მიწაზე მუშაობის მიმართ და ეძებენ სხვა სფეროში დასაქმების გზებს. ამერიკელმა თუ ევროპელმა ფერმერმა, იცის რომ მის ქვეყანაში ხორცი მუდამ გასაღდება და მაღალ ფასს აიღებს მასში, ამიტომ არასდროს შეეზარება მეცხოველეობის განვითარება. ასევე ხდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც. ვიმეორებ, მთავარია ეკონომიკური გარემოს სტაბილურობა. სახელმწიფომ უნდა დაუსახოს ზუსტად პრიორიტეტები გლეხს და მიეხმაროს მას ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. ქართული ფუტკარი და მისი პროდუქცია არის მსოფლიოში საუკეთესო, როგორ ვერ უნდა ხდებოდეს ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტის რეალიზაცია? ამაშიც მოსახლეობაა დამნაშავე?“socialur


ბესიკ ტაბიძე( ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე): ,,ბირჟა“ არ არის გამოსავალი, ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში არის გარკვეული შიში, მაგალითად ის, რომ კერძო კომპანიაში სამსახურის დაწყების შემთხვევაში, მოეხსნებათ სოციალური დახმარება. მესმის ამ ადამიანებისაც, რადგან ჰგონიათ, რომ კერძო კომპანიაში მუდმივი სამსახური არ ექნებათ და სოციალური გარანტირებული აქვთ, მაგრამ ეს არ არის გამოსვალი. არა არის სოციალური შემწეობა ისეთი რაოდენობის თანხა, რომ ამით ოჯახმა თავი ირჩინოს. რაც შეეხება მენტალობას, სამწუხაროდ გვაქვს ამ კუთხით პრობლემები. თუ მე ბესო ტაბიძეს მყავს ძროხა, ღორი, ქათამი, მაქვს ბოსტანი, ყანა, მეურნეობა, რატომ არ შეიძლება სხვებმაც მოინდომონ? არ მინდა ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ -სიზარმაცე უნდა დავძლიოთ. კი მართალია, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რაც ძალუძს, მაგრამ მერწმუნეთ, ისეთი მთავრობა არადროს მოვა, რომ ჩანთით ფულები დაგვაყაროს თავზე. მივესალმები ამ პროექტს, ეს ხალხთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ისინი გვეტყვიან, თუ რაში შეიძლება დავეხმართ და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ხალხის რესურსი მათდავე სასიკეთოდ გამოვიყენოთ.“


ირაკლი გუჯაბიძე( ნიგვზიანის რწმუნებული): ,,თუ არ იქნება გარანტირებული ბაზარი, ისე ძნელია რაიმე საქმე წამოიწყო და წარმატებას მიაღწიო. კერძო პირისგან ეს რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ფაქტიურად შეუძლებელია რამე ღირებულის შექმნა, ეკონომიკური რყევები ძალზედ ნეგატიურად აისახება ბაზარზე, მითუმეტეს საქართველოში. მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ რუსეთთან ასე რომ არ გაგვფუჭებოდა ურთიერთობა, ვფიქრობ მუდმივი ბაზარი გვექნებოდა, მაგალითად ჩაის კულტურა არ დაკარგავდა თავის ფუნქციას. როდესაც მე ჩაის ფაბრიკის დირექტორი ვიყავი, 30 პასუხისმგებელი პირი მყავდა და 1200 მეჩაიე, ფაქტიურად ყველა ოჯახში იყო ქვითარი და შესაბამისად შემოსავალი. ერთად უნდა მოვახერხოთ მცირე ბიზნესის განვითარება“.


ლელა ჩახვაძე( საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი): ,,საქართველოს ეკონომიკის 90 % არის იმპორტი და მხოლოდ 10 % არის ექსპორტი. ე.ი რას ნიშნავს ეს, ჩვენთან შემოდის თითქმის ყველაფერი და ფაქტიურად არაფერი არ გადის. იმპორტისთვის ბარიერები თითქმის არ არსებობს, მაგრამ საოცრად რთულია გაიტანო ქვეყნიდან შენი პროდუქცია. ეს ყველაფერი არის არასწორი სახელმწიფო მიდგომის ბრალი, ხალხში არაა პრობლემა, პრობლემა არის ხელისუფლებაში. ნიჰილიზმი ხალხს არ დაუნერგია სათავისოდ, ასეთი ხელჩაქნეული ქართველი ხალხი მე არ მახსოვს სხვა დროს. როდესაც ბაზარი იქნება სტაბილური და სამართლიანი, მაშინ სიტუაცია შეიცვლება სასიკეთოდ.“


ვახტანგ ზენაიშვილი( ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ისტორიკოსი): ,,რაც შეეხება მენტალობას, ჩემი გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ქარს ფანჯარა ჩამოუგდია, მოსულა ოჯახის უფროსი და უთქვამს ჩემთვის, გამომაყოლეთ ჯგუფი და ფანჯარა ჩამისვითო. ეს არასერიოზულია, რა თქმა უნდა. რაც უფრო ცოტა ფული ექნება მთავრობას ბიუჯეტში გასახარჯავად, მით უკეთესი მისი მოსახლეობისათვის. სოციალური დახმარების პაკეტის მიმღებთა რიცხვი შეადგენს 1 670 000 ადამიანს, თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება ამ კუთხით. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე სოციალური დახმარების გაცემის ვალდებულება, მიიტაცა ხალხის ფული და ბიუჯეტიდან დაიწყო მისი ფლანგვა. როდესაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრობას, რა თქმა უნდა, უმუშევრობა მოიმატებს. აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ იმპორტის პროცენტული მაჩვენებელი უნდა შემცირდეს. ეს არის მცდარი, მავნებლური ეკონომიკური აზრები. უდიდესი შეცდომა იყო, როდესაც ჩაწერეს კონსტიტუციაში, რომ საქართველო არის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო. ზუსტად სოციალურად ორიენტირებული სტატუსი ანგრევს გერმანიას, ერთპროცენტიანი ზრდა აქვს გერმანიას ეკონომიკაში, ფაქტიურად გაჩერდა ეკონომიკა. წარმოიდგინეთ საქართველოსნაირმა ღატაკმა ეკონომიკამ როგორ უნდა ააშენოს სოციალური სახელმწიფო. ეს არის უტოპია, მარქსის და სოციალისტების მოგონილი სისულელე, რომელსაც დღემდე არ ვეშვებით. როდესაც ადამიანს ფულს უხდი უმუშევრობაში, ამით ხომ უმუშევრობის წახალისება ხდება, მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ უკიდურესი შემთხვევების დროს ხალხი დაგეღუპოს შიმშილით. ხალხი თვითონ მიხედავს საკუთარ თავს, თუ ხელისუფლებები არ გააგრძელებენ მათი ფულის მიტაცებას და შემდეგ ფლანგვას.“socia


ირაკლი მარშანიშვილი (საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან“): ,,მაინტერესებს სახელმწიფოს რატომ არ აქვს შესაბამისი რეგულაციები დაწესებული ე.წ ,,მეთხილეებთან“ დაკავშირებით. უკვე ორი წელია, რაც ამ ადამიანების მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობის დაყაჩაღება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ტეხავენ თხილს და იწყებენ ვაჭრობას, ათიდან ორი არ ვარგა, ან სამი არ ვარგა და მიაქვთ თეთრებად ეს თხილი. არადა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ფინანსური მდგომარეობა სწორედ თხილის კულტურაზეა დამოკიდებული. იძულებულს ხდიან მოსახლეობას, რომ საერთოდ უარი თქვას ამ კულტურაზე. მოსახლეობის პოზიციას რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება?“


ალექსანდრე სარიშვილი: ,,ირაკლი, ჩვენ მათ რეგულაციებს ვერ დავუწესებთ. რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი თურქეთში და იქ მაქვს ნანახი, თუ როგორ ამოწმებენ თხილის ხარისხს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა იმას არ უარვყოფ, რომ თურქეთის ხელისუფლება გაცილებით მეტ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, თუ როდის უნდა შეიწამლოს ფართობები, როდის უნდა მისცენ მინერალური სასუქი, რა დროს უნდა შეასრულონ სხვადასხვა ოპერაციები. ამ მხრივ ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო. მაგრამ, იქაური მოსახლეობა გაცილებით დიდი ყურადღებით უვლის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურებს, ვიდრე ჩვენთან, ესეც აღსანიშნავია“.


ლაშა დუდუჩავა (ქალაქის რწმუნებული): ,,გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, თუ როგორ ივსება ყოველდღიურად ,,ბირჟები.“სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ურჩევნია დრო არაფრისკეთებაში გაატაროს, ვიდრე თუნდაც მცირე ანაზღაურებიან სამუშაოს დათანხმდეს. მაგალითად მე, ჩოხატაურში მაქვს მეურნეობა, თან ვმუშაობ სახელმწიფო მოხელედ. მაგრამ, ვახერხებ, რომ ორივე სფეროს მივაქციო ყურადღება. მქონდა შემთხვევა, როცა შევთავაზე ერთ ნაცნობს, რომელიც არ იყო დასაქმებული, ჩინურ კომაპანია ,,სინოჰიდროში“ დაეწყო მუშაობა, როგორც მითხრეს, არც ისე რთული სამუშაო პირობები ექნებოდა და 650 ლარი გამოუვიდოდა თვეში, უარი მითრა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ამ მენტალობის ბრალია, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს თავისი მოსახლეობისთვის, მაგრამ იმასაც ვერ გავექცევით, რომ ცოტათი გავზარმაცდით.“


თორნიკე ჯიჯიეშვილი ( ,,ჰო და არა): ბატონმა ალექსანდრემ თურქეთის სახელმწიფოს მიდგომები ახსენა სოფლის მეურნეობის დარგში. მანამდე კი ბევრმა გამომსვლელმა ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენი მენტალობის ბრალია დიდწილად, რომ ქვეყნის ეკონომიკა ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. მაშინ შეგახსენებთ, თუ რა გააკეთა თურქეთის სახელმწიფომ დაახლოებთ ორი ათეული წლის წინ სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკის აღორძინებისათვის და თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, სახელმწიფოს როლი უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკაში თუ მენტალობა. ყველასთვის ცნობილია, რომ 90-იანი წლების დასაწყისამდე თურქეთის რესპუბლიკაში ყველაზე ღარიბ რეგიონებად ითვლებოდა ისტორიული ლაზეთი, ანუ რიზეს პროვინცია და ასევე ქვეყნის სამხრეთით მდებარე-ორდუ, სამსუნი, გერასუმი. მაშინდელმა თურქეთის ხელისუფლებამ კეთილი ინება, დაურიგა მიწები ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, მისცა მათ უპროცენტო-გრძელვადიანი სოლიდური კრედიტები, ააშენა ფაბრიკა-ქარხნები და ერთის მხრივ ჩაის კულტურა ააყვავა ისტორიულ ლაზეთში, ხოლო ორდუ-გერასუმში თხილის პლანტაციები გააშენებინა ხალხს. შედეგად მიიღეს ის, რომ ეს რეგიონები დღეს საკმაოდ წელში გამართულები არიან და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაქმებენ კიდეც. ხომ ვერ მეტყვით, საქართველოს შემთხვევაში, რა ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო? ბაზარზეც ითქვა აქ ორი სიტყვა, რუსეთმა სანქციები გაატარა და ვერაფერი ვეღარ გაგვაქვსო. როდესაც ხარისხიანი თხილის პროდუქცია აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, თურქეთის ბაზარმა იგი თითქმის 100 %-ით აითვისა და შარშან თხილი საერთოდ არ იყო, ან თუ იყო გაფუჭებული, ეს ფაროსანას ბრალია და ხელისუფლების მიერ დაგვიანებით ჩატარებული ღონისძიებების და არა ხალხის. რაც შეეხება ჩაის კულტურას და იმას, თითქოს მისი ექსპორტის შანსები მცირეა, ამაშიც ვერ დაგეთანხმებით. მიუხედავად თურქეთში გაშენებული მილიონობით ჰექტრისა, ხსენებულ სახელმწიფოს მაინც აქვს ჩაის დეფიციტი და საქართველოში ჩაის კულტურის აღორძინების შემთხვევაში, ვფიქრობ ჩვენგან ჩაის შეძენაზე უარს არ იტყვიან. რაც ვისაუბრე, ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ თავისი ჩართულობით ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ, აქ უპირველესი არის სახელმწიფო ნება. ვერ დამაჯერებთ, რომ ქართველი კაცი ისეთი ზარმაცია, რომ სთავაზობს ხელისუფლება სამუშაო ადგილს და ის უარს ეუბნება. შესაძლოა იყოს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ თითო-ოროლა და ამისგან საერთო სურათს ნუ შევქმნით. რაც შეეხება ,,სინოჰიდროს“, არა მგონია იქ მუშას ანაზღაურება 650 ლარი გამოუვიდეს თვეში და მითუმეტეს ,,არც ისე რთული“ სამუშაო დახვდეს!“
ნონა გიგინეიშვილი: ,,ვისარგებლებ შემთხვევით და წარმოგიდგენთ ,,ჰო და არას“ ახალ სახეებს, ჩემს მოადგილეს- თორნიკე ჯიჯიეშვილს ალბათ ყველა იცნობთ, თუმცა ისიც ჯერჯერობით ახალი თანამშრომელია, მინდა გაგაცნოთ ასევე სოფო ბურკაძე და ნუგზარ ჩხაიძე. მიმაჩნია, რომ ეს ახლგაზრდები პერპექტიულებია არიან და ბევრ მიაღწევენ, მაგრამ დღეს რომ აქ ყოფილიყვნენ, ამისთვის მეც გავწიე გარკვეული მუშაობა, ანუ ხელმძღვანელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. გაცილებით მეტი უნდა ვიმუშავოთ და ბევრს მივაღწიოთ. მაგალითად ვიცი, რომ ლელა ჩახვაძე ძალიან მაგარი სპეციალისტია თავისი საქმის, ბევრისგან გამიგია და დღესაც დაადასტურა, რომ დავით ჩხარტიშვილი არის ყოველმხრივ განათლებული პიროვნება, ეს თავისით არ ხდება, იმიტომ არის, რომ წიგნი წაიკითხა და ბევრი ისწავლა. ასევე ვფიქრობ ყველა თქვენგანზე, ანუ ეს შრომის შედეგია და ამ შრომისკენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს ირგვლივ მყოფთ.“so


გიორგი ჩახვაძე: (საკრებულოს დეპუტატი, კომისიის თავმჯდომარე): ,,მადლობას მოგახსენებთ, რომ ,,ჰო და არა“ და ,,თავისუფალი სახლი“ ახორციელებს მსგავს პროექტებს. მე ვთვლი, რომ შესაძლებელია საქართველოს მოსახლეობა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდეს, მკაცრად რომ რეგურილდებოდეს საკრედიტო სისტემა. პირდაპირ ვიტყვი, რომ საკრედიტო სისტემა არის მოუწესრიგებელი, ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, გამომდინარე ამ საბანკო მარწუხებიდან. მივესალმები ,,აწარმოე საქართველოს“, აგრო-სესხებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუ ვინმემ საქმე წამოიწყო, მთელი მოგება უნდა უხადოს ბანკებს პროცენტის სახით, შესაბამისად ის ვერ განვითარდება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ადამიანს ეშინია სამსახურის დაწყება იმიტომ, რომ მას სოციალურ დახმარებას მოუხსნიან და ამ მხრივ რეფორმა გასატარებელია. მაგრამ, ეს ასე ზერელედ ვერ მოხდება. როდესაც რეფორმის შედეგად რეგულაციები გატარდება, ხვალ-ზეგ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დავასაქმოთ.“


ალექსანდრე მახათაძე (საკრებულოს დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე): ,,სამწუხაროდ, დგას მენტალობის პრობლემა, ადამიანს რომელსაც შესთავაზეს, ნორმალური სამსახური, ის მიზეზით, რომ მოეხსნება სოციალური დახმარება, ამბობს უარს ამ შეთავაზებაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენი სოფლის მკვიდრს ადგილობრივი ახალგაზრდისთვის შეუთავაზებია სამუშაო, მაგრამ უარი მიუღია.“


დავით ჩხარტიშვილი: ,,კარგი რა ალექსანდრე, მაგ ადამიანს ვთხოვე, ნინოშვილის თემიდან რამდენიმე ახალგაზრდა დაესაქმებინა, მაგრამ უარით გაგვისტუმრა. თუ ეწრელებმა უარი უთხრეს, სხვები დაესაქმებინა, ასეც არაა რა“!
თორნიკე ჯიჯიეშვილი : ,,ბატონო ალექსანდრე(მახათაძე), იმას რატომ არ ამბობთ, რომ სოციალური დახმარების პროგრამის ხარჯზე ხელისუფლება იმყოფება კომფორტულ სიტუაციაში. ჯერ ერთი, ეს ნიშნავს დაბევებულ ხმებს, მეორეც სოციალური დახმარების პაკეტი გაცილებით ნაკლებ თანხას შეადგენს, ვიდრე ნებისმიერი დასაქმებულის თვიური ანაზღაურება. თუ უნდა ხელისუფლებას ამ პროგრამის რეფორმირება, ვინ უშლის ხელს?“sis


ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღანელმა გელა ზოიძემ ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს იმ პროექტებში, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. თავიანთი გამოთქვეს საკრებულოს დეპუტატმა ციცინო ჩხაიძემ, ჩიბათის რწმუნებულმა ალეკო კუკულაძემ, სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურა კუკულავამ და სხვადასხვა სოფლების რწმუნებულებმა. ვფიქრობთ, რომ პროექტის პრეზენტაცია წარმატებით შედგა. მიუხედავად ცხარე კამათისა, სასიამოვნოა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულია ,,ჰო და არას“ პროექტებში. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ფარგლებში შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ბევრ ადამიანს და ჩვენი ერთობლივი შრომა ნაყოფიერი გამოდგება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია