მაგული კვაჭაძე: ,,დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ახალგაზრდების მდგომარეობა და სოციალური უთანასწორობა“

amiranრა გზა გაიარეს მაგული კვაჭაძემ და ამირან ქანთარიამ კლინინიკის დაარსებიდან დღემდე?
,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთლებისთვის კარგად ცნობილი პიროვნება, კლინიკა ,,ჯანმრთელობის“ თანადამფუძნებელი, შემოქმედი ქალბატონი მაგული კვაჭაძე. იგი ცნობილია თავისი მებრძოლი ხასიათით, არასდროს ერიდება თეთრზე თეთრის თქმას და შავზე - შავისას. ,,ჰო და არასთან“ მაგული კვაჭაძე საუბრობს პოლიტიკაზე, მედიცინაზე, ახალგაზრდებზე, შემოქმედებაზე და არ ერიდება ამ თემებზე მწვავე განცხადებებს.
-ქალბატონო მაგული, თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ ახალგაზრდები თქვენი ყველაზე დიდი ტკივილია, რა ვითარება გვაქვს დღეს ამ კუთხით?
- დიახ, ნამდვილად ასეა. დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია ახალგაზრდობა და სოციალური უთანასწორობა. ხელისუფლებამ უნდა ჩამოჰკრას განგაშის ზარები, ჩვენი ჯანსაღი ახალგაზრდობა გადის ქვეყნიდან და უკან ბრუნდება ძალიან ცოტა. სამწუხაროდ ამას ვუყურებთ გულზე ხელდაკრეფილები, არადა კატასტროფული სიტუაციაა. ვისი იმედით ვაპირებთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნებას? რაც ჩვენს დამპყრობლებს საუკუნეების მანძილზე უოცნებიათ, სწორედ ის ხდება დღეს საქართველოში, იცლება ჩვენი გენოფონდი. მე რომ ხელისუფალი ვიყო, პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს დავაბრუნებდი თავიანთ კერაზე, მივცემდი უპროცენტო გრძელვადიან სესხს, მივეხმარებოდი ყველანაირ საქმიან წამოწყებაში, მოვიკლებდი ფუფუნებას და მაქსიმალურად შევეცდებოდი აღარ გასჩენოდათ სურვილი, რომ ქვეყანა სამუდამოდ დაეტოვებინათ. მაგრამ, სინამდვილეში რა ხდება, რასაც ჩემი თვალით ვხედავ: ცხადდება სამსახურებში ღია კონკურსი, სადაც მონაწილეობასი იღებენ ჭკუით დაყურსული ახალგაზრდები და ამ დროს მთელი რაიონი საუბრობს, რომ ისინი ტყუილად გადიან ამ კონკურსში, ვინაიდან წინასწარ გადაწყვეტილია ვინ დაინიშნება. ე.ი სხვა რა გზას ვუტოვებთ ახალგაზრდებს, თუ არა ქვეყნიდან გაქცევას. ასეთი მაგალითების შემდეგ ახალგაზრდობაში უიმედობის და უპერპექტივობის განცდა გაჩნდა. უკვე განათლების მიღების აუცილებლობაც ეჭქვეშ დადგა, რა მნიშვნელობა აქვს რა განათლება გაქვს, თუ აუცილებლად ვინმე ,,პატრონიანს“ დანიშნავენ შენს მაგივრად სამსახურში. მაშინ ეყოთ ვაჟკაცობა და გააუქმონ კონკურსები, დანიშნონ პირდაპირ თავიანთი ხალხი. მაგრამ არა, პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ საკუთარ თავზე და ამ ფიქტიურ კონკურსებთან გვამისამართებენ, აქაოდა წარმატებით გაიარეს ეტაპები და ჩვენ რა შუაში ვართო. მე ახლგაზრდობის იმედი მაქვს, ისინი გაცილებით პროგრესულად მოაზროვნეები არიან, ვიდრე ჩემი თაობის ხალხი. მაგრამ, ამ ახალგაზრდობას ვუკლავთ ყველანაირ პერსპექტივას და ვუშვებთ სხვა ქვეყანაში ბედის ანაბარად მიტოვებულს.
-სოციალური უთანასწორობა ახსენეთ, ვინ არის დღეს პრივილეგირებული და ვინ დაჩაგრული?
არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ გვპირდება წინასაარჩევნოდ, რომ სოციალურ უთანასწორობას აღადგენს, იმიტომ რომ, ფიქრობს, მეც მოვალ და მოვიპარავო. არ დავასახელებ სახელს და გვარს, არსებობს პიროვნება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც არის ღვაწლმოსილი პედაგოგი, არ აქვს საკუთარი ოჯახი და ცხოვრობს ნათესავებთან, ამ ადამიანმა თაობები აღუზარდა ლანჩხუთს. ხსენებულმა პედაგოგმა დღეს 180 ლარით უნდა იცხოვროს თვიდან თვემდე, როდესაც მისი აღზრდილი მოსწავლეები, რომელთაც დიდი მცდელობის მიუხედავად წერა-კითხვა ვერ ასწავლა, ყავის სმაში და არაფრის კეთებაში მასზე ათჯერ მაღალ ხელფასს იღებენ. მე ვიმყოფებოდი იტალიაში და გეტყვით იქ რა ხდება: არის ოჯახი, სადაც მშობლები პენსიონერები არიან, ხოლო შვილები მუშაობს. შვილი საჰაერო ნავიგაციაშია დასაქმებული და თვიურ ჯამაგირს იღებს 8 000 ევროს, მამა პენსიის სახით იღებს 3000 ევროს, რომელსაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე აქვს ნამუშევარი, ხოლო დედას, რომელიც დიასახლისია და ცხოვრებაში არსად არ უმუშავია, 1500 ევრო აქვს პენსია. როდესაც მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოში 180 ლარია პენსია, ისინი ფრიად გაკვირვებული დარჩნენ და მითხრეს, იტალიელი ხალხი მსგავს დამცირებას არ აპატიებს ხელისუფლებასო. ანუ ჩვენს მოსახლეობაშიცაა პრობლემა, სულელებად არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი ხელისუფლებებს. უნდა შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ექნება თავისი აზრი ჩამოყალიბებული. სიმართლეა, რომ სიტყვის თავისუფლება აღადგინა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ეკონომიკის მხრივ რომ დიდი პრობლემებია, ესეც ხომ უნდა ვაღიაროთ. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ და არ ვკარგავ იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია შიში არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, როდესაც საკუთარი ლანდის გეშინია, იქ არაფერი გამოვა.
-დიდი ხანია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობთ, საინტერესოა არის თუ არა კონკურენტუნარიანი გარემო. პაციენტები თუ ახერხებენ შესაბამისი მკურნალობის გავლას და მედიკამენტების შეძენას?
ეს ძალიან მძიმე თემაა, სამწუხაროდ პაციენტების უმრავლესობა სრულყოფილი მკურნალობის გავლას ვერ ახერხებს და, რა თქმა უნდა, ეს უფინანსობით არის გამოწვეული. კლინიკა ,,ჯანმრთელობა“ მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს პაციენტებს, მაგრამ ჩვენი ძალები ბუნებრივია ყველაფერს ვერ გაწვდება. ახლა რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, რა კონკურენტუნარიან გარემოზეა საუბარი, როდესაც ავტომობილების გათამაშებით აკეთებ მედიკამენტების გასაღებაზე აქცენტს. სხვათაშორის ამ მეთოდმა გაამართლა, და პროცენტულად საქართველოში ყველაზე მეტი მედიკამენტები იყიდება. ეს არის სრული მონოპოლია, რამდენიმე სააფთიაქო ქსელმა შთანთქა მთელი ბაზარი. უნდა მოხდეს სერიოზული რეგულაციები, რათა სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რაც განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ, უდაოდ უპრეცედენტო შემთხვევაა და ძალიან დადებითი შედეგები მოგვცა.
-რუსეთი თუ დასავლეთი, ქვეყანა დიდი ხანია გაურკველობაში იმყოფება. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი პოლიტიკური კურსი უნდა აიღოს საქართველომ?
ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის რუსი(რძალი, მაზლის ცოლი), ძალიან მიყვარს ის, საკუთარ დაში არ გამომერჩევა, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთისკენ გეზის აღება იქნება დანაშაული ერის წინაშე. დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე, რუსეთმა უამრავი პოლიტიკური და ფიზიკური დარტყმა მოგვაყენა, რაც არასდროს დაგვავიწყდება. ამავდროულად, ევროპამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა და ვართ ტრადიციული ერი. დღეს ჩინოვნიკები ფუფუნებით მიდიან ევროპისკენ და ქვეყანა მიდის ინდოეთიზაციისკენ. ზემოთ ვახსენე სოციალური თანასწორობა იტალიაში, სწორედ მსგავსი ინსტიტუტებისადმი ინტერესი უნდა გამოვხატოთ და არა ამორალური ქმედებებისადმი.
-თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკა ,,ჯანმრთელობა“ არის ნათელი წერტილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. როდის გადაწყვიტეთ, რომ დაგეარსებინათ ,,,ჯანმრთელობა“ და რა გზა გამოიარეთ დღემდე?
ოქტომბერში გახდება 30 წელი, რაც კლინიკა ,,ჯანმრთელობა“ დაარსა ჩემმა მეუღლემ - ამირან ქანთარიამ. როდესაც ამირანმა საქართველოში დაასრულა სწავლა-განათლების პროცესი, ჩვენ წავედით რუსეთში და მთელი 15 წელიწადი გავატარეთ იქ. მან გაირა იქ სხვადასხვა კვალიფიკაციები, ორდინატურა, ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსების მხრიდან იყო საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება კავკასიელების მიმართ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ დისერტაციის დაცვის დროს პირთამდე გადავსებულ დარბაზში 100-მდე შეკითხვა დაუსვეს ამირანს და მასაც უნდა ეპასუხა სუფთა გრამატიკული რუსულით. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თვითონ რუსებს შეეცოდათ ამირანი, დაიღალა კაციო, თუმცა ჩემმა მეუღლემ რასაკვირველია თავი გაართვა სიტუაციას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამირან ქანთარიამ გადაარჩინა ასობით პაციენტის სიცოცხლე. შეიძლება კონკრეტულად ლანჩხუთში ვერ მოხდა მათი განკურნება, თუმცა მან ყველანი სწორ გზაზე დააყენა. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ლანჩხუთის მოსახლეობას, საოცარ სითბოს და მადლიერებას ვგრძნობთ მათი მხრიდან, სწორედ ეს გვაძლიერებს. კლინიკამ გაიარა ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე, იყო უამრავი მტრობა, ფეხის დადება, მაგრამ ყველაფერს გავუძელით. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ბოლომდე გვედგა გვერდით, რომელთა გვარ-სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ახლაც გვაქვს პროექტი მოფიქრებული, უფრო სწორად ყველაფერი მოგვარებული გვაქვს და იმედია ხელოვნურ ბარიერებს არ წავაწყდებით, რაც პირველ რიგში ლანჩხუთის მოსახლეობას დააზარალებს. ასევე ჩემს შვილს მურმან ქანთარიას, რომელიც არის ინტერვენციული კარდიოლოგი(კარდიოქირურგი), აქვს ბევრი კარგი იდეა და სურს ლანჩხუთის მოსახლეობისთვის რაღაც კარგი გაააკეთოს. ის და მისი მეგობრები მზად არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მედიცინის სფეროს განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია