სუფსელი ვირტუოზის ოცნება: ,,მინდა საკუთარი ბენდი მყავდეს“

gეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი წერილის გმირი თამამად შეიძლება დავაყენოთ ნებისმიერი ქვეყნის ,,ნიჭიერის“ სცენაზე. გიორგი ჭაია ჯერ 17 წლისაა და სუფსის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელია. იგი ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით, თუმცა ბოლო დროს ხელოვნების რამდენიმე დარგში წარმატებულად სცადა ბედი. გიორგი ჭაჭია შესანიშნავად უკრავს გიტარაზე, ფანდურზე, ჩონგურზე, ტამტამზე, დოლზე, ჰარმონიკზე, პიანინოზე და ამ ყველაფრის ათვისება სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში შეძლო, თან ისე, რომ ახლა თვითონ ითავსებს ხოლმე პედაგოგის ფუნქციებს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების შესაძენად გიორგი ფიზიკურად შრომობდა და საჭირო თანხა ისე შეაგროვა. ჰყავდა მუსიკალური ჯგუფიც, თუმცა პირობების უქონლობის გამო ( ფართიც კი არ ჰქონდათ, სადაც რეპეტიციებს გაივლიდნენ)მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა. მოგეხსენებათ, რომ კარგი ჯგუფის ჩამოყალიბებას სათანადო ფინანსები სჭირდება, რათა ინსტრუმენტებით უზრუნველყო, მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებში, აიყვანო კარგი ვოკალისტები, დამკვრელები და ა.შ ვინაიდან მსგავსი ფუფუნება ჭაჭიას და მის მეგობრებს არ ჰქონდათ, იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ თავიანთ ოცნებაზე, გაეკეთებინათ კარგი მუსიკალური ჯგუფი. გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, გიორგი სხვადასვა ინტერნეტ პორტალზე კითხულობს ლექსებს, მუშაობს ხეზე კვეთაზე, წერს ხატებს, დაწყებული აქვს წიგნის წერა და სულ მალე დაასრულებს. საოცარია, მაგრამ ამ ყველაფრის კეთების ფონზე გიორგი ახერხებს, რომ კარგი მოსწრება ჰქონდეს სკოლაში, იგი სამომავლოდ აპირებს დიპლომატიაში სცადოს ბედი, თუმცა მის გატაცებებზე (თუ უფრო მეტი არა) უარის თქმას არ აპირებს. თავად წერილის გმირს ჩვენთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ის და მისი მეგობრები ხშირად უკრავენ სკოლაში და ქუჩაში იმისთვის, რომ შემდეგ ეკლესიას დაეხმარონ. საქართველოში ცოტა სხვანაირად უყურებენ, როდესაც ახალგაზრდები ქუჩაში უკრავენ და არ აინტერესებთ, რომ ამით საკუთარ ან სხვის მატერიალურ მხარეზე ზრუნავენ მუსიკოსები. როგორც გიორგის მეგობრები ამბობენ, სუფსაშიც იყო მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ისიც კი უთქვამს ზოგიერთს, ასეთი ,,რა გაუჭირდა ჭაჭიას, ან მის მეგობრებს ასეთი, რომ ქუჩაში უკრავენო“. არადა მათი ქმედება მხოლოდ საქველმოქმედო აქცია იყო(როდესაც საკუთარი მატერიალური მხარის გასაუმჯობესებლად აკეთებენ ამას ადამიანები, ამითაც არაფერი არ შავდება, პირიქით!). თუმცა ხაზს უსვამენ, რომ უმრავლესობა დადებითად აფასებდა მათ საქმიანობას, რეპეტიციები იყო ეს, ქუჩაში დაკვრა, თუ ღონისძიებებში გამოსვლა.
გიორგი რომ საქართველოში დაიბადა, ეს მისთვის ბედნიერებაცაა და ამავდროულად ტრაგიკული მისი შემოქმედებისთვის. ადამიანი უკრავდეს ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე( თან ძალიან კარგად), ხეზე კვეთავდეს, ხატებს წერდეს, მუშაობდეს საავტორო წიგნზე(17 წლის ასაკში!) და მას ყურადღებას არ აქცევდნენ, ეს მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. ჩვენ დავინტერესდით, უნდა თუ არა გიორგის მიიღოს მონაწილეობა პროექტ ,,ნიჭიერში“, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ ჯერ იმ დონისთვის არ მიუღწევია, მილიონობით მაყურებლის წინაშე წარსდგეს. ამბობს, რომ თუ რამეს წარმოადგენს დღეს, ეს მისი მშობლების დამსახურებაა. ისინი მაქსიმალურად უწყობენ ხელს, რათა გიორგის შემოქმედებითი კუთხით რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას, ყოფილა შემთხვევები, რომ ახალგაზრდა ხელოვანს ღამეები გაუთენებია, ხოლო ღამის(დილის)3-4 საათამდე მუშაობა მისთვის ჩვეული მოვლენაა. გიორგი აგრეთვე მადლიერია მისი მეგობრების, სკოლის პედაგოგების, ასევე სუფსის სამუსიკო სკოლის, კულტურის სახლის, ხატმწერის თემურ მეგრელიშვილის და ყველასი ვინც გვერდით უდგას. მისი ოცნებაა, რომ ჰყავდეს საკუთარი ბენდი, აღჭურვოს ის შესაბამისი ინსტრუმენტებით და გახადოს პოპულარული. მისი ოცნების ასრულება ბევრ ლანჩხუთელ ბიზნესმენს შეუძლია, თანაც ეს არ იქნება ისეთი სპონსორობა, რომელიც წყალში ჩაიყრება. ბევრი გიორგი ჭაჭიები არ გვყავს საქართველოში და სამწუხაროდ იმათაც ვერ ვუფრთხილდებით, ვინც თავისი ნიჭიერებით გარშემომყოფთ სულიერ საზრდოს აძლევენ. ,,ჰო და არა“ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მუდამ დაეხმაროს გიორგის და მსგავს ნიჭიერ ადამიანებს, რათა თავიანთი რეალური შესაძლებლობები წარმოაჩინონ. წარმატებებს ვუსურვებთ სუფსელ ვირტუოზს და ვიმედოვნებთ, მისი ოცნებები ფრთებს შეისხამს.
სოფო ბურკაძე

მოიწონეთ სტატია