თინათინ ჩხაიძეს თუნუქის სახურავს გადასცემენ და მედიკამენტებითაც დაეხმარებიან!

tinat,,ჰო და არა“ სულ ცოტა ხნის წინ წერდა ერთ ძალზედ შეჭირვებულ ქალბატონზე-თინათინ ჩხაიძეზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ ადამიანის მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, მას სოციალური დახმარება არ ეძლევა. ამასთან, მისი სახლის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავზე აწვიმს და ათოვს. თინათინ ჩხაიძის მთელ სიმდიდრეს სწორედ ეს სახლი და სამი ქათამი შეადგენს, ის აგრეთვე მძიმედ ავადმყოფობს, აწუხებს თირკმელების, ღვიძლის, გულის პრობლემები. ამ წერილის გასვლის შემდეგ, ,,ჰო და არას“ რედაქციას დაუკავშირდა ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი- მაკა სულაბერიძე, რომელმაც გვითხრა, რომ თინათინ ჩხაიძეს გადაეცემა თუნუქის სახურავი და დაეხმარებიან მედიკამენტებით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მოხუცებული, გაჭირვებული ქალბატონისთვის. რაც შეეხება სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხს, ქალბატონი თინათინი იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სამსახურში . სამსახურის უფროსი-ეკა ჯაში ადასტურებს, რომ თინათინ ჩხაიძე ნამდვილად იყო მათთან მისული: ,,ეს ქალბატონი ნამდვილად იმყოფებოდა სოციალურ სამსახურში, ვიცით მისი პრობლემების შესახებ და ძალიან განვიცდით. ჩვენ მას გავაცანით დაავადებათა ჩამონათვალი და ვუთხარით, თუ ის მოიტანდა ფორმა ასს, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ქალბატონს აწუხებს ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთი დაავადება, მაშინ ეს იძლევა განმეორებითი გადამოწმების საფუძველს. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მის მიერ მოტანილი ფორმა ასის საფუძველზე გავაგზავნოთ მის საცხოვრებელ მისამართზე აგენტი და ხელთავიდან მოხდეს მისი გადამოწმება. ხოლო სარეიტინგო ქულებს ადგენს პროგრამა და ვის რა ქულა ჩამოუვა წინასწარ არავინ იცის. ამასთანავე, მან გვითხრა, რომ არანაირი მიწის ნაკვეთი, გარდა საცხოვრებელი ფართისა, მის საკუთრებაში არ შედის, ჩვენ ვთხოვეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მოიტანოს და ველოდებით ქალბატონ თინათინს. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, მაგრამ სარეიტინგო ქულებს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად შექმნილი პროგრამა ითვლის, ამიტომაც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ ვაძლევთ“_განაცხადა ეკა ჯაშმა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია