,,გურიამ“ პრო 3 ლიგა მოგებით დაიწყო!

BEQAორშაბათს, 5 მარტს საფეხბურთო კლუბმა ,,გურიამ“ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე პრო 3 ლიგა ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა ,,სამგურალი2“-თან და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ,,გურია“ შემდეგი შემადგენლობით წარსდგა მეტოქის წინაშე:
ჯომიდავა, გელაშვილი, ჩიკვილაძე(ჩ), კიკნაძე, ვირუბოვი, წერეთელი, გურეშიძე გიგა(ნარიაშვილი 62 წთ.), გურეშიძე გიორგი,
კვარაცხელია(ბახია 81 წთ.), მახარაძე(ჯიქიძე 60 წთ.), ზაქრაძე.
სათადარიგოები: ხვედელიძე, კალაჯიშვილი, ლაბაძე, ბერიძე.
მწვრთნელი: დავით მახარაძე.

კოკისპირული წვიმა და და ცუდ მდგომარეობაში მყოფი მინდვრის საფარი ბუნებრივია ორივე გუნდს ხელს უშლიდა ბურთაობაში. ლანჩხუთლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მოაწყვეს რამდენიმე მასიური შეტევა, თუმცა აღსანიშნავია,,,სამგურალი2“ მეკარის ალექსანდრე ნუცუბიძის კარგი თამაში. პირველი ტამი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა 0:0. მეორე ტაიმში ,,გურია“ კიდევ უფრო გააქტიურდა და რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარე აქაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. 65-ე წუთზე ,,სამგურალი2“ მაინც გატყდა, ,,გურიას“ მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა ბექა ზაქრაძემ ვარდნაში გოლით დააგვირგვინა. მალევე 69 -ე წუთზე წყალტუბოელები მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოსთან ახლოს დაჯარიმდნენ, სახიფათოდ ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველმა თავით გამოიტანა, თუმცა ბექა ზაქრაძემ ერთი შეხებით აუღებლად დაურტყა ნუცუბიძეს და დუბლი მიითვალა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ასე და ამგვარად ,,გურიამ“ თავის პირველ შეხვედრაში სამი ქულა აიღო. ხოლო 12 მარტს ისევ საშინაო კედლებში ,,მეშახტის“ დამარცხებას შეეცდება.
ორიოდ სიტყვა დუბლის ავტორის- ბექა ზაქრაძის შესახებ: ბექა ზაქრაძე დაიბადა 1990 წლის 30 მაისს, იგი ამპლუით თავდასმხმელია. მას ადრეც უთამაშია ,,გურიაში“ 2015-2016 წლებში. ზაქრაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია ,,ვიტ-ჯორჯიაში“, ,,მერანში“, ,,სასკოში“, ,,საპოვნელაში“, ,,რუსთავში“, ხოლო ბოლოს ,,ჭიათურას“ ღირსებას იცავდა. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 75 000 ევროს შეადგენს. ზაქრაძე საუკეთესო საფეხბურთო ასაკშია და იმედია ,,გურიას“ წარმატებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ლანჩხუთელთა დიდგორი გრძელდება, ამჯერად ,,მეშახტეს“-თან უნდა მოვიპოვოთ სამი ქულა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ახალი ხელმძღვანელობა წელსვე პრო 2 ლიგაში დაბრუნების მყარ გარანტიებს ვერ იძლევა, ვგონებთ არცერთი ლანჩხუთელი არ დარჩება იმით კმაყოფილი, თუ ,,გურია“ გაისადაც პრო 3 ლიგაში ჩაერთვება. მეტიც, ამდენი ომის და გაწევ-გამოწევის შემდეგ, უხერხულია კლუბი კვლავ იმ ლიგაში დარჩეს, რომელშიც წელს გამოდის!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია