სასიამოვნო სიახლე სუფსის მოსახლეობისათვის!

shaთითქმის ორი თვეა შპს ,,მწვანე ბუმბო“, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება, სუფსაში ახორციელებს ევკალიპტების დარგვის პროექტს. ეს კომპანია სუფსის მოსახლეობისგან იჯარით ქირაობს მიწებს, რათა მასზედ განახორციელოს ევკალიპტის დარგვა. საუბარია დაბალი ჯიშის ევკალიპტზე, რომელიც ბუჩქად იზრდება და ყოველწლიურად მოხდება მოსავლის აღება. ,,მწვანე ბუმბო“ აპირებს ევკალიპტისგან მიღებული ეთერზეთის მასიურ მოხმარებაში გაშვებას. უფრო ვრცლად ,,ჰო და არასთან“ ამ თემაზე საუბრობს კომპანიის მენეჯერი შალვა გუჯაბიძე.
-ბატონო შალვა, ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია დასაქმებული და მოსახლეობა რა სიკეთეს მიიღებს თქვენი პროექტიდან?
-მოგახსენებთ, რომ ეს პროექტი სუფსის მოსახლეობისთვის იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენ იჯარით ვიღებთ მოსახლეობისგან მიწებს, გარდა ამისა მოსავლის დამუშავების შედეგად მიღებული დაქუცმაცებული მასალის ყოველ კილოგრამზე გადავუხდით 40 თეთრს. დარგვიდან ექვსი წლის შემდეგ ერთ ჰექტარზე მოდის დაახლოებით 15 ტონამდე დაქუცმაცებული მასალა. დავუშვათ 5 000 მეტრი ფართობი აქვს მოქირავებული პიროვნებას ჩვენთვის, მას ეძლევა ყოველწლიურად იჯარის ფული და ამასთან ერთად დაქუცმაცებული მასალიდან მიიღებს პროცენტს, ჩვენი გათვლით 5-6 წელიწადში 5000 მეტრზე მოსახლემ უნდა მიიღოს დაახლოებით 3000 ლარამდე მხოლოდ დაქუცმაცებული მასალიდან, ისე რომ მისგან არაფერი მიდის. გარდა ამისა, როდესაც დარგვის პროცესი დამთვრდება და გადავალთ მოსავლის გატანაზე, დავასაქმებთ 30-ზე მეტ ადგილობრივს, გაისად კიდევ უფრო გავფართოვდებით. მადლობა ღმერთს, მიწების მოძიება არ გვიჭირს და იმედია მოსახლეობასთან კმიდევ უფრო ახლოს ვითანამშრომლებთ.
-ბატონო შალვა, იჯარაზე საუბრობთ და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ეკისრება მოსახლეობას? მაგალითად, გააფორმეთ სამწლიანი ხელშეკრულება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ აღარ მოინდომა პიროვნებამ მისი მიწის გაქირავება. როგორ იქცევით ამ შემთხვევაში?
-ზემოთ აღვნიშნე, რომ მოსახლეობა არაფერს არ კარგავს იმით, რომ მიწები იჯარით მოგვცეს. პირიქით, გარდა საიჯარო თანხისა დაქუცმაცებული მასალიდან მიიღებს თავის წილს. ასე რომ, ვფიქრობთ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები არ გვექნება, მითუმეტეს ყველამ ვიცით, თუ რა სასარგებლო ხე-მცენარეა ევკალიპტი. მაგრამ, დავუშვათ მოხდა ისე, როგორც ბრძანეთ, ამ შემთხვევაში შემდეგნაირად ვიქცევით: თუ პიროვნებამ გადაწყვიტა მიწის გაყიდვა საიჯარო ხელშეკრულების დამთავრებამდე, მაშინ ის ჰექტარზე გვიხდის 14 000 ლარს, ანუ იმ ხარჯს რასაც ჩვენ ვწევთ ერთი ჰექტრის დამუშავებაზე. მინდა გითხრატ, რომ ჰექტარზე ირგვება 10 000 ევკალიპტის ნერგი. მაგრამ, არარეალურად გვეჩვენება ხელშეკრულების დარღვევა, საკმაოდ კარგ პირობებს ვთავაზობთ მოსახლეობას და იმიტომ. ერთი რამ უნდა დავამატო, თუ ოჯახი გადაწყვეტს, რომ თავად დარგოს თავის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ჩვენი ნერგები და შემდეგ მოსავლის აღებაში მიიღოს მონაწილეობა, მაშინ მას ვაძლევტ ამისთვის საკმაოდ კარგ თანხას.
-როგორც ვიცით, ამ დაბალი ჯიშის ევკალიპტისგან თქვენ აწარმოებთ ეთერზეთს, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი რეალიზაცია?
-ჩვენ უკვე შევქმენით ნიმუში და გადავაგზავნეთ გერმანიაში. პირველ წელს ვაპირებთ 80 000 ნერგის დარგვას. ყველა წელიწადს გადაიჭრება ეს ევკალიპტები ტრაქტორის მიერ და 5-6 წლის შემდეგ გვექნება სერიოზული შედეგი. ხოლო 15 წლის შემდეგ ბერდება ეს კულტურა და მოხდება მათი მოთხრა და შემდეგ ხელახალი დარგვა. განვითარებასთან ერთდ გაიზრდება დასაქმების მასშტაბები და სუფსის მოსახლეობა ცოტათი მაინც ამოისუნთქავს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია