სანამდე დღეები ოცნებებს გამპარსავენ...

14231310 1122280494522664 294137600035662761 oმინდა გაგაცნოთ ლანჩხუთელი ახალგაზრდა ნუგზარ ჩხაიძე
ნუგზარი 24 წლისაა. დაამთავრა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა. სწავლა გააგრძელა თბილისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში, ასევე გადიოდა სწავლებას გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის უმაღლეს სასწავლებელში.
შეკითხვისას თუ რა უყვარს ყველაზე მეტად და როდის გრძნობს თავს ბედნიერად,მისი პასუხია - როცა წერს. ამავდროულად ხატავს, მღერის, გალობს. არ მოსწონს ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, თვლის, რომ მეტი სითბო, მეტი სიყვარულია საჭირო,იმიტომ რომ, მეტისმეტად ხანმოკლეა ცხოვრება ადამიანებმა ის რომ სიძულვილში გაატარონ. ამბობს, რომ ადამიანები დაგეშილები არ უნდა იყვნენ ერთმანეთში მხოლოდ ცუდის ძებნით, არამედ მეტი დადებითი უნდა ეძებონ. ადამიანში ყველაზე მეტად არ უყვარს სიყალბე და ფარისევლობა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები არ უყვარს.
თვლის, რომ ადამიანი, ყოველთვის სიკეთის კეთებისკენ უნდა ისწრაფვოდეს.
ნუგზარი თვლის, რომ წარმატების მისაღწევად საკუთარ თავზე გამარჯვება, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოცდა და მუდმივად მაქსიმუმისკენ სწრაფვაა საჭირო. თვლის, რომ სიყვარული არის მასტიმულირებელი ძალა. პირადად მისთვის სიყვარული არის ძალა, რამაც შეიძლება დააწერინოს, შეაქმნევინოს ახალი. ზოგადად ყველა ადამიანს მიიჩნევს ბედნიერად, ვისაც ნამდვილი სიყვარულით ყვარებია. ამბობს, რომ ბედნიერებას უამრავი სახე აქვს. ერთი მაგალითი მოიყვანა: ერთ მოხუც ქალბატონს დავეხმარე, მას მერე როცა ქალბატონი მხვდება მუდმივად მლოცავს, აი ჩემთვის ბედნიერების ერთ-ერთი სახეო.
რას ურჩევდი და რისკენ მოუწოდებდი ადამიანებს მეთქი ვკითხე და მოიშველია ნოდარ დუმბაძის ფრაზა: „ადამიანი ფრესკა არ არის, მხოლოდ ერთი მხრიდან უცქიროო“. ყველას აქვს რაღაც კარგი, რაღაც დადებითი. მხოლოდ ცუდს არ უნდა ვხედავდეთო.
ნუგზართან გასაუბრების ბოლოს წავიკითხე მისი ერთი ლექსი და შევაჯამე მისი პიროვნება,შინაგანი სამყარო.რამდენად ღრმა,მშვიდი,გაწონასწორებულია. სწორედ მის ლექსებში შეიძლება იგრძნო თავისუფალი სული და მიხვდე, მართლაც როგორი ბედნიერია ნუგზარი წერის დროს. თქვენც რომ დასკვნა გააკეთოთ გთავაზობთ ნუგზარის ერთ-ერთ ლექსს:

„როგორ ხარ?“ - მძულს.
თან მოძველდა, დაობდა,
მტვრის სქელ წვენში დალბა,
დალპა.
„არა მიშავს“ - პასუხად.
მორიგი კახპა დღე გათენდა.
ზუგრს უკან ამაზრზენად ბზუიან ენები,
წამით დაყვინთვა და დანას გაგისმევენ.
თვალებზე ავიფარე უშნო ხელები
და წამით დავისვენე.
გუშინწინ გავლახე უხეში კედლები,
ათასი ფიქრი კი გონებას მიბილწავს.
არავის არაფერში არასდროს ვედრები
და ბევრს რატომო ფიქრი წვავს.
მოვხვიე ხელები ეზოში გადაჭრილ
ტყემლის ხეს. უხეშად ვეჩვევი ალიონს.
არ ვიცი ხორხში გაჭედილ (ან გაჩრილ)
დღეს რა შევთავაზო და როგორ გავლიო.
ძველ დროში ოთახში მბჟუტავ ლამფასავით
დამყურებს ცხოვრება, ვერაფერს ვერ ვარჩევ.
სანამდე დღეები ოცნებებს გამპარსავენ
იქამდე ვეცდები დღეებს თვალს შევაჩვევ.
აბა ჰე,
აბა ჰო.
სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
...
სოფო ბურკაძე

მოიწონეთ სტატია