რატომ გადაკეტა ერთ კვირაში ორჯერ ნინოშვილის მოსახლეობამ ცენტრალური გზა?!

alნინოშვილის მოსახლეობამ ერთი კვირის შუალედში უკვე მეორედ გადაკეტა ლანჩხუთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა. მოსახლეობა ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტობანზე მომუშავე ავტომანქანები ზედმეტი ტვირთით გადაადგილდებიან, რამაც დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, გზას, ზოგან დაზიანდა წყლის სისტემა. ნინოშვილელები ამბობენ, რომ მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სატვირთოები ღამითაც კი ეზიდებიან ინერტულ მასალას, რასაც კატეგორიულად უარყოფს იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ავტობანს ემსახურება. მისი თქმით, კარიერი მუშაობას საღამოს ექვს საათზე ასრულებს და ღამით არ მოძრაობენ. მის ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ავტომანქანები ღამითაც ეზიდებიან ინერტულ მასალას და კომპანიის წარმომადგენელი ტყუის. აქციაზე იმყოფებოდნენ ,, ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ნინოშვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი და საზოგადოებისთვის ცნობადი რამდენიმე პიროვნება. მოსახლეობას ჰქონდა შემდეგი სახის ბანერები გამოფენილი: ,,ვითხოვთ შეწყდეს ნორმაზე მეტტვირთიანი მანქანების გადაადგილება! ერთი საქმის სასარგებლოდ, მეორეს ნუ დაანგრევთ!“ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე. ადგილობრივმა მოსახლეობამ სარიშვილს და ტაბიძეს განუცხადეს, რომ ინერტულ მასალას მანამ ვერ წაიღებენ სატვირთო მანქანები, სანამ არ დაიდგმება სასწორები, რომლებიც დაადგენს, რეალურად რამდენი ტონა არის დატვირთული მანქანა და შეესაბამება თუ არა ნორმას. ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა საუბარი გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც განუცხადეს, რომ უახლოეს დღეებში უზრუნველყოფენ სასწორების დადგმას. ,,თუ კომპანია დაარღვევს დადგენილ ნორმას და ტონაჟობა იქნება იმაზე მეტი, რაც კანონში წერია, მაშინ აუცილებლად გაატარებენ მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს, მაგრამ თუ კომპანია არ არღვევს კანონს, მაშინ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ მათი საქმიანობა, როგორც მოგეხსენებათ, საუბარია სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე და ეს არ არის შიდა სასოფლო გზა. ეს ავტობანი არის ის პროექტი, რომლის მსგავსი მასშტაბის საქართველოში არაფერი არ განხორციელებულა“_მიმართა მერმა მოსახლეობას. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რა ზიანიც მიადგა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას მათი საქმიანობის გამო, აუცილებლად აანაზღაურებენ და გააკეთებენ. თუმცა, მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს კომპანიის მიერ გაცემულ პირობას, მათი თქმით კომპანია მუდმივად იტყუება და არ აქვთ იმედი, რომ რეალურად გააკეთბენ საქმეს. ,,ნახეთ სახლები რა მდგომარეობაშია, როგორ დაბზარა და დახეთქა ამხელა მანქანების გადაადგილებამ, ან გზები რას გავს, მარტო ცენტრალური გზა კი არ გააფუჭეს ამათმა, არამედ მთლიანად ჩავარდნილია შიდა გზები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა აცხადებენ, რომ თითქოს 6 საათის მერე აღარ გადაადგილდებიან. როდესაც ამხელა საქმეს ჰკიდებდნენ ხელს, გეოლოგიური დასკვნები სად ჰქონდათ, ხომ ხედავთ, რომ ეს გზა ვერ უძლებს ამხელა სიმძიმეებს. სანამ არ დადგინდება ამ გზის ამტანი ტონაჟობის შესახებ, შემდეგ არ დაიდგმება სასწორები და მკაცრად არ გაკონტროლდება, მანამდე ვერც ერთი სატვირთო ვერ გაიარს აქ“ - ცხარობდნენ აქციაზე შეკრებილები. მოსახლეობამ ასევე წარმოადგინა დასურათებული გეოლოგიური დასკვნები, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებული სახლები და გზები. საბოლოოდ, ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა შეთანხმდა იმაზე, რომ სანამ არ დაიდგმება სასწორები, მანამდე კომპანიის მანქანები არ გადაადგილდებიან. თუმცა, ამ იდეასაც ეჭვის თვალით უყურებს ბევრი ადგილობრივი, მათი თქმით, ისინი ვერ ენდობიან კომპანიის მიერ აწონილ ტონაჟობას და საჭიროა საგზაო პატრულმა გააკონტროლოს დატვირთული მანქანების რეალური წონა. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნინოშვილელები და სხვა ახლომახლო სოფლების წარმომადგენლები კვლავ გზის გადაკეტვით იმუქრებიან!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია