რატომ არის მომატებული კრიმინალი ლანჩხუთში?!

kქვეყანაში ძალზედ მომატებულ კრიმინალს ბოლო დროს ლანჩხუთიც უწყობს ფეხს. მსხვილფეხა საქონელის ქურდობა არახალია, ახლა სასურსათო მაღაზიების და ბაღების გაქურდვა გახდა პრიორიტეტული ქურდებისთვის. არც სახლების გაძარცვას აკლებენ ხელს, მარტო ჩოჩხათში ორი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. 8 თებერვალს ქურდებმა ნიგოითის თემში შემავალი ჩოლობარგის საბავშვო ბაღში შეაღწიეს და საკვები პროდუქტი მოიპარეს. რა თქმა უნდა ეს ფაქტები კრიმინალია და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ დააკვირდით რა გაქურდეს დამნაშავეებმა და რისთვის? სასურსათო მაღაზიები და ბაღი, საიდანაც პროდუქტები წაიღეს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს, რომ თავი საციხოდ და სასირცხვილოდაც გაწიროს საკვები პროდუქტის გამო. ძალიან ცუდი გზა აირჩიეს ოჯახების გამოსაკვებად, მაგრამ ვინმე კითხულობს, დარჩათ თუ არა მათ სხვა გზა? თუნდაც ჩოლობარგი ავიღოთ, რითი უნდა ირჩინოს იქ ადამიანმა თავი, თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული არაა? ვერავის მოუბრუნდება ენა თქვას, რომ სიმინდი და ლობიო მოიწვიოს და იმით გაიტანოს თავიო. ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროც გამოაცალა გლეხს მთავრობამ თავისი უნიათო მიდგომებით და ფაროსანასთან მარცხით. შარშან გამოცდილება არ გვქონდაო თქვეს, წელს კი მოსახლეობას შეატოვეს ეს საშინელი მავნებელი, რომელიც უკვე გამოვიდა სახლის სხვენებიდან თუ სხვადასხვა საბუდარიდან. როდესაც დეპუტატმა ნინო წილოსანმა ანგარიში წარუდგინა მოსახლეობას, მაშინ დიდებულად უთხრა მას ნინოშვილელმა რიმა ჩხარტიშვილმა: ,,პარლამენტმა დაჟინებულ მზერაზე კი არ უნდა გააკეთოს აქცენტი, არამედ ჩემსავით გაჭირვებულ ხალხს უნდა მიხედოს და რაღაც გამოსავალს უნდა მიაგნოს“-ო. დიახ, იმ პატივცემულმა 150-მა დეპუტატმა იმაზე ფიქრით კი არ უნდა გაიჭყლიტოს თავი, დაჯინებულ თუ ალმაცერ მზერას რა რეგულაციები დაუდგინოს, არამედ კეთილი ინებონ და მოსახლეობას გამოკვების საშუალება მაინ მისცენ.
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ყველა სფეროზე, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორზე უნდა გაძლიერდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან 2017 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
რა კონტროლზეა საუბარი, როდესაც თუნდაც ამ განცხადებიდან დღემდე საქართველოში კრიმინალის რაოდენობა საოცრად გაიზარდა. თან საუბარი არ არის წვრილმან ქურდიობაზე და თაღლითობაზე, ადამიანები ერთმანეთს წიწილებივით კლავენ. მომატებული აგრესია, ქურდობა, თაღლითობა და ა.შ სწორედ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდება. სამართალდამცავების უსუსურობაზე საუბარიც არ ღირს, ვინაიდან ყველა ხედავს, თუ სცემს მოსახლეობა პატივს ამ ინსტიტუტს. ვერავინ იტყვის როდემდე გაგრძელდება ეს სიტუაცია, თუმცა იმის თმა ნამდვილად შეიძლება, რომ თუ ასე გაგრძელდა ქვეყანის ახალგაზრდობა ერთმანეთს ამოხოცავს, მაღაზიაში სურსათი აღარ დარჩება, ბაღის ბავშვები მშიერი გვეყოლება(კვლავ გაიქურდება ბაღები) და სახლები პერიოდულად გაიძარცვება. ამბობენ, მშიერ კაცს ყველაფრის გაკეთება შეუძლიაო, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ საკვების მოპარვაში აისახება. არსებობს ქვეყნები, სადაც შესაძლებელია თანამდებობის პირი გადააყენონ იმის გამო, რომ თუნდაც ერთ ოჯახს არ მიაქცია ღირსეული ყურადღება. ასეთი მაკონტრელებელი და ,,სადამსჯელო“ სისტემა კი ამ ქვეყნებში ხალხმა შექმნა. ქართველები კი ძალიან მიმტევებლები არიან, ძალიან!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია