რეპორტაჟი ქუჩიდან, რას ფიქრობს ხალხი?

xal,,ჰო და არა“ ეხმაურება ბოლო დროს ქვეყანაში მომატებულ კრიმინალს და მკითხველს ვთავაზობთ ქუჩის გამოკითხვას ამ თემასთან დაკავშირებით.
როგორ ფიქრობთ მოიმატა თუ არა კრიმინალურმა ვითარებამ საქართველოში წინა წელთან შედარებით?
მზია ურუშაძე , ლანჩხუთი: რა თქმა უნდა მომატებულია კრიმინალი. სად იყო ამდენი ყაჩაღობები და მკვლელობები. მთავრობამ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ქვეყნის უსაფრთხოება. ხალხი ფიქრობს, რომ ისინი დაცული არ არიან საკუთარ ქვეყანაში!
დარეჯან მშვიდობაძე, ჩოლობარგი: შეიძლება არ იყოს მომატებული, წინა მთავრობა მალავდა სტატისტიკას. ახლა კი არაფერს მალავენ და ამიტომ გვეჩვენება გაზრდილი კრიმინალი.
ჯუმბერ ჩხარტიშვილი, არჩეული: ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მომატებულია კრიმინალი. ქვეყანაში ხდება უამრავი ყაჩაღობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობებმა მოიმატა. ამ მთავრობამ იმედები ვერ გაამართლა, ისინი ვერ ან არ აკეთებენ არაფერს უსაფრთხოებისათვის. ამათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავენ. ნუთუ ვერ ხედავენ ხალხი რა დღეშია, იმაზე იფიქრონ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორონ, საწარმოები აამუშაონ და რაც მთავარია, დანაშაულებები აღკვეთონ!
გია ჯორბენაძე, ჩოლობარგი: არ ვფიქრობ, რომ მომატებულია. ადრე უფრო მეტი დანაშაულებები ხდებოდა, რაც იფარებოდა ხელისუფლების მიერ. არ ასაჯაროებდნენ კრიმინალურ სტატისტიკას, ახლა ყველაფერი ღიად ცხადდება.
თემურ მარუაშვილი, ჩოლობარგი: კრიმინალი ძალიან მომატებულია, მთავრობა შესაბამის ზომებს ვერ იღებს. ხალხს არ უნდა ეშინოდეს ქუჩში გამოსვლის, ახლა ყველა დამფრთხალი და შეშინებულია, სამწუხაროდ.
აიშა მიქელაძე, სუფსა: დიდი მსჯელობა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ კრიმინალი ძალზედ მომატებულია. ხალხი სახლშიც შიშით ათევს ღამეს, ვინმე არ შეუვარდეს და არ დააყაჩაღოს. ახალგაზრდები ერთმანეთს არ ინდობენ, ეს ყველაფერი გამოწვეულია ეკონომიკური სიდუხჭირით.
მანანა კოვზირიძე, ჩიბათი: გამომდინარე იქედან, რომ მთავრობა არ დგას თავის სიმაღლეზე და ვერ ახორციელებს მასზედ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, კრიმინალმაც მოიმატა. მოზარდებში აგრესია მძვინვარებს, ხალხს სახლში უვარდებიან. მეტი ყურადღებაა საჭირო ასევე ოჯახის და სკოლის მხრიდანაც.
ალექსანდრე ფალავანდიშვილი, სამტრედია: ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება ძალზედ ცუდ მდგომარეობაშია. კანონები უნდა გამკაცრდეს, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს კრიმინალთან. სამწუხაროდ, ყველაფერი გამოწვეულია ხალხის უკიდურესი გაჭირვების გამო, დღეს თავის გატანა გმირობად ითვლება. მაგრამ, ვფიქრობ ზედმეტად ჰუმანურია საქართველოში კანონი დამნაშავეების მიმართ. ისე უნდა დაისაჯოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული პირები, რომ სხვათათვის მაგალითი გამოდგეს!
ნიკოლოზ კოხრეიშვილი, კონჭკათი: ახლა რომ დანაშაულებები ხდება, არასდროს არ იყო ამდენი. ადამიანებს სახლში გაჩერებისაც კი ეშინიათ. ეს იმის ბრალია, რომ მთავრობა შესაბამის ზომებს ვერ ატარებს. მცირეწლოვანი ბავშვებიც კი არ უთმობენ ერთმანეთს არაფერს. მკაცრი და სამართლიანი მიდგომებია საჭირო, დისციპლინა უნდა არსებობდეს. რაღაცის უნდა ეშინოდეთ ადამიანებს.

რუსუდან მანაგაძე

მოიწონეთ სტატია