,,გავწირო მოხუცებული ქმარი, ახალგაზრდა შვილი და პატარა შვილიშვილი სასიკვდილოდ?“

kaci888,,ჰო და არა“ რამდენიმე თვის წინ წერდა ნინოშვილის თემში მცხოვრებ სვანიძეების ოჯახზე. ამჯერად, ,,ევროპულმა საქართველომ“ კვლავ შეგვახსენა ამ ოჯახის პრობლემების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ოჯახის წევრთა უმრავლესობა ავადმყოფობს. ოჯახის უფროსი ვალერიან სვანიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, მისი შვილი გია სვანიძე უკვე 27 წელია ინსულინით ცოცხლობს, მას დიაბეტი აქვს. სამწუხაროდ გია სვანიძის ერთ-ერთ შვილს საბას დიაბეტი დაუდგინეს, აგერ უკვე მეხუთე წელია. ოჯახს სამოწყალოდ შეკედლებული ჰყავს მარტოხელა ნათესავი_ ლამარა სვანიძე, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და დამოუკიდებლად საკვებსაც ვერ იღებს. ოჯახის უფროსი დიასახლისი, ქალბატონი რიმა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მათ კვების და საცხოვრებელი სახლის პრობლემა არ აქვთ. მაგრამ, პატარა საბას დიეტა სჭირდება, ძვირადღირებული მედიკამენტები, კონსულტაციები თბილისსა და ბათუმში, უარეს მდგომარეობაშია ოჯახის უფროსი ვალერიან სვანიძე, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას დიდი გაჭირვებით ახერხებენ(ხანდახან ვერ ახერხებენ). ლოგინად ჩავარდნილ ლამარა სვანიძეს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ისიც მედიკამენტებზეა დამოკიდებული. მართალია, ოჯახის ერთ-ერთი წევრი გია სვანიძე ბათუმში მუშაობს, მაგრამ მას ხელფასის დიდი ნაწილი საკუთარი წამლებისთვის არ ჰყოფნის. ასეთ უკიდურეს გასაჭირში მყოფი ოჯახი მხოლოდ სოციალურ დახმარებას ითხოვდა და ითხოვს. ოჯახს თავდაპირველად ეძლეოდა სოციალური დახმარება, თუმცა იმის გამო, რომ გია სვანიძემ ბათუმში დაიწყო მუშაობა და ამის შესახებ არ განაცხადეს სოციალურ სამსახურში, ეს დახმარება შეუწყდათ. სვანიძეებმა აღიარეს უნებლიედ დაშვებული შეცდომა და მიმართეს შესაბამის სამსახურებს თხოვნით, რომ ჯანმრთელობის დაზღევა მაინც აღედგინათ, ოჯახის წევრების უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან, გია სვანიძე წასული იყო სამუშაოდ ბათუმში, ის ამოეწერა ოჯახის წევრობიდან, რათა ამ გარემოებას ხელი არ შეეშალა სოციალური პაკეტის აღდგენაში. ოჯახს მართლაც აღუდგა სოციალური დახმარება, მაგრამ სამი თვის შემდეგ ისევ შეუწყდათ ეს სტატუსი. მიზეზი კი ვალერიან სვანიძის 80 წლის ლოგინად ჩავარდნილი გარე ბიძაშვილი ლამარა სვანიძე გახდა. საქმე იმაშია, რომ ეს ქალბატონი ფოთში, ძმისშვილთან ერთად ცხოვრობდა, სარგებლობდა სოციალური პაკეტით. ზამთრობით, ვალერიან სვანიძის ოჯახი მოხუც ნათესავს თავისთან ინახავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზამთარს წელიწადის სხვა დროებიც დაემატა, ანუ ლამარა სვანიძის ძმისშვილმა უარი განაცხადა მამიდის მოვლა-პატრონობაზე და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრავალსულიან ოჯახს შეატოვა ხელში. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ სოციალური შემწეობის პაკეტი მოეხსნა არამარტო ლამარა სვანიძეს, არამედ მთლიანად მის მასპინძელ ოჯახს, რადგან ახალი წევრის შემატების შესახებ არ აცნობეს შესაბამის სამსახურს.
როგორც რიმა ჩხარტიშვილი აცხადებს, ლამარა სვანიძეს დღემდე არ სჯერა, რომ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. გასულ წელს სვანიძეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებულნი შეიქნენ ივნისის თვეში კვლავ შეეწუხებინათ დეპუტატი და მისი ადგილობრივი ბიურო, ამჯერად მათ პირდაპირ განუცხადეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფორმა ასების მიხედვით არანაირ დახმარებას არ იმსახურებდნენ და ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რიმა ჩხარტიშვილი დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. მას უთხრეს, რომ აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას ამ ოჯახის გასაჭირს და მაქსიმუმს გააკეთებდნენ მათ დასახმარებლად. შედეგმაც არ დააყოვნა, ერთ კვირაში პატარა ბავშვებს 10-10 ლარიანი დახმარებები მოუხსნეს.. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განგვიცხადეს, ბავშვებისთვის 10-10 ლარის გაუქმება მოხდა იმიტომ, რომ ოჯახი არ დარეგისტრირდა ე.წ დასაქმების პორტალზე და პროგრამამ ავტომატურად ამოაგდო ბავშვები დასახმარებელთა სიიდან. აი, ამ მოტივით მოეხსნათ ბავშვებს მიზერული დახმარება, თანაც ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დიაბეტით არის დაავადებული. ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი ქულების დათვლა არ მომხდარა და არც არავის გაუფრთხილებია დასაქმების პორტალზე რეგისტრირებისთვის. მათი თქმით, დეკემბრის თვეში იყო სოციალური აგენტი მოსული, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ე.წ ,,შრომით ბირჟაზე“არ დამდგარან, რამდენიმე დღის უკან კვლავ მოხდა მათი გადამოწმება. ,,არაფრის იმედი აღარ მაქვს, რა სამართალი უნდა ვეძებო იმ ქვეყანაში, სადაც მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული მოხუცებულის მოვლის გამო, სოციალურ დახმარებას მიხსნიან მეც და ლოგინად ჩავარდნილ ლამარა სვანიძესაც. საკვებს და სახლის გაკეთბას ხომ არ ვითხოვთ, ექიმთან კონსულტაციები გვესაჭიროება, მედიკამენტები, ავადმყოფებმა დიეტა უნდა დაიცვან და ხომ უნდა დაგვეხმაროს ამაში ხელისუფლება. გავწირო მოხუცებული ქმარი, ახალგაზრდა შვილი და პატარა შვილიშვილი სასიკვდილოდ?“_ ცრემლებს ვერ იკავებდა რიმა ჩხარტიშვილი.qali33
,,ჰო და არა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ნინოშვილის თემის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჩხარტიშვილს და კომენტარი თხოვა:
დავით ჩხარტიშვილი: ,,სამწუხაროდ, ეს ის თემაა, რომელიც სცილდება ჩემს კომპეტენციასაც და შესაძლებლობებსაც. მიხარია, რომ ,,ჰო და არა“ ადრეც აშუქებდა ამ ოჯახის პრობლემას და ახლაც დაინტერესდით. რამდენიმე ხნის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის_ბესო ტაბიძის ინიციატივით, შევხვდით რეგიონის სოციალური სამსახურის მუშაკებს და ხელმძღვანელ პირებს, სადაც ვისაუბრეთ სოციალური დახმარებების დანიშვნა-არდანიშვნის თემაზე. გარკვევით გვითხრეს, რომ ქულებს ითვლის პროგრამა და მასზე რაიმე გავლენის მოხდენა ფიზიკურად შეუძლებელია. არადა, სვანიძეების ოჯახის პრობლემა მართლაც საყურადღებოა და პირადად ჩემთვის ტრაგედიაა. ოჯახში არის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანი, შაქრის დიაბეტიანი ბავშვი, ამ ბავშვის მამა, რომელიც 27 წელია ინსულინს იკეთებს და მარტოხელა, ლოგინად ჩავარდნილი, შეკედლლებული მოხუცი, რომელსაც ასევე მოუხსნეს სოციალური დახმარება. ასეთი შემთხვევები ძალიან ნეგატიურად აისახება სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე. დათო ჩხარტიშვილს, როგორც დეპუტატს რაც შეუძლია, ვგულისხმობ სამედიცინო კვლევების თანადაფინანსებას, ერთჯერად დახმარებას, ამას ადრეც ვაკეთებდი და ახლაც ყველანაირად მივეხმარები, მაგრამ ამის იქეთ სამწუხაროდ ჩემი შესაძლებლობები ვერ მიდის. ამ ოჯახთან დაკავშირებით მქონდა საუბრები ყველა შესაბამის სამსახურთან და სამწუხაროდ ვერ შევძელი მათთვის სოციალური დახმარების აღდგენა. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იმუშავოს სოციალური დახმარების ქულების დათვლის მექანიზმის შესაცვლელად.“
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია