ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ძველი რეგლამენტით მუშაობს!

ვერსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა” ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1 დამტკიცდეს ლანჩუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი დანართის შესაბამისად. მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №5 დადგენილება . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე.
ეს არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2014 წლის 24 ივლისით დათარიღებული და სწორედ ამ რეგლამენტით მუშაობს დღევანდელი საკრებულო.
საინტერესოა, ასეთი რა დატვირთვით მუშაობს დღევანდელი საკრებულო, რომ თითქმის სამი თვეა ახალი რეგლამენტის მიღება ვერ შეძლეს. ,,ჰო და არა“ სიტუაციაში გასარკვევად დაუკავშირდა ამ საკითხში ჩახედულ პიროვნებებს და ექსპერტებს.
ამ თემაზე თავის აზრს აფიქსირებს წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი დარეჯან(მაცაცო) ბურჭულაძე.
დარეჯან ბურჭულაძე:,,საკრებულოს რეგლამენტი არის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრვი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოვალეობები, სტუქტურა, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები, მუშაობისა და საქმიანობის წესები.
საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“ , საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მის მიერვე მიღებული რეგლამენტი.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, საკრებულოს რეგლამენტი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“. ჩვენს შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი აცდენილია სამართლებრივ საფუძველს.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს (რომლის წევრიც გახლდით) პირველი სხდომა შედგა 14 ივლისს და მასზე, კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად , ერთ-ერთი საკითხი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიუს საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ვიმუშავეთ რეგლამენტზე და უკვე რიგგარეშე სხომაზე, 24 ივლისს, კენჭისყრით, უმრავლესობით, მივიღეთ საკრებულოს რეგლამენტი.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. გამოვყოფ რამდენიმეს - მუნიციპალიტეტებს ჰყავს მერები და არა გამგებლები, ჩვენს სინამდვილეში საკრებულო შედგება არა 31 , როგორც წინა მოწვევის საკრებულოში იყო, არამედ 32 წევრისგან (ქალაქი გაიყო ორ მაჟორიტარულ ოლქად) . „ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მკაფიოდ არის გაწერილი საკრებულოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლება მოვალეობები გამომდინარე იქედან, რომ ახალი საკრებულო მუშაობს ძველი რეგლამენტით ჩნდება კითხვა, ვისთან თანამშრომლობს ჩვენი საკრებულო, მუნიციპალიტეტის გგამგებელთან თუ მუნიციპალიტეტის მერთან? რამდენი წევრია საკრებულოში და კიდევ, ბევრი სხვა.
-თქვენი აზრით, არსებულ ვითარებაში რამდენად ლეგიტიმურია საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები?
_ მე არ ვარ თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი და ჩემთვისაც საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებები.
თავისი პოზიცია აქვს რეგლამენტთან დაკავშირებით ,,ბურჯანაძე-დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის პირველ ნომერს ნონა მურვანიძეს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატიც იყო: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი არის დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს საკრებულოს უფლებამოსილებას, თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, ასევე მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი პოლიტიკის კეთება, საკრებულოს სამართლებრივი საქმიანობა განსაზღვრულია რეგლამენტით. დოკუმენტი რომელზეც ვსაუბრობთ, არის საკრებულოს უპირატესი დოკუმენტი და როცა ახალი მოწვევის საკრებულოს ეს დოკუმენტი არ აქვს დამტკიცებული, გამოდის რომ 2014წლის რეგლამენტით მუშაობა უკანონოა, შესაბამისად როგორც სხვებს, მეც მიჩნდება კითხვა..:რატომ ?“

თვითმმართველობის ექსპერტი და საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილი ამბობს, რომ კანონი არ დარღვეულა, თუმცა საკრებულოს მთავარი დოკუმენტი არის უვარგისი...
-ბატონო ამირან, როგორც თვითმმართველობის ექსპერტს, მართებულად მიგაჩნიათ, თუ არა რომ ახალი საკრებულო ძველი რეგლამენტით მუშაობს?
-საკრებულოს რეგლამენტი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ, სამართლებლივ აქტს, ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, ის მრავალჯერადი გამოყენების დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს საკრებულოს ყოველდრიური საქმიანობა. საკრებულოს რეგლამენტი არის დოკუმენტი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე ორგანული კანონის მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საბიუჯეტო კოდექსი და სხვა... გარკვეული პერიოდის უკან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესულმა ცვლილებამ გააუქმა გამგებლის, როგორც თვითმმართველობის ორგანოს ფუნქცია და ეს ფუნქცია დააკისრა მერს. თუ ჩავხედავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტს, მასში არსად სიტყვა- მერი ნახსენები არ არის. გამომდინარე აქედან და იმ ფაქტიდან, რომ მუნიციპალიტეტს გამგებელი არ ჰყავს, საკრებულოს გამგებელთან ურთიერთობა, რაც შენარჩუნებულია ამ რეგლამენტში, დოკუმენტს წინაააღმდეგობაში აქცევს საქართველოს კანონმდებლობასთან. ფაქტიურად, არსებული რეგლამენტი კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მასზე დაყრდნობით შეუძლებელია საკრებულოს ფუნქციონირება.
- რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში?
-,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრები ვმუშაობთ რეგლამენტში ცვლილებაზე, ფაქტიურად ახალ რეგლამენტზე და უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საკრებულოს ინიცირების წესით, რაც წარმომადგენლობით ორგანოს საქმიანობას დააბრუნებს მოქმედ საკანონმდებლო სივრცეში. ადვილად გასაგები რომ იყოს, მოქმედი რეგლამენტით, მერს არ ჰქონდა ბიუჯეტის ან საბიუჯეტო ცვლილების შემოტანის უფლება, რადგან ამას მოქმედი რეგლამენტი არ ითვალისწინებს.
-მერმა და საკრებულოს უმრავლესობამ კანონი დაარღვია?
-როცა მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი უვარგისია, მოქმედებაში მოდის უპირატესი საკანონმდებლო აქტი, ეს არის ორგანული კანონი „კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რაც მერს საკრებულოსთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ საკრებულოს მთავარი მამოძრავებელი დოკუმენტი არის სავსებით უვარგისი.
ამ შემთხვევაში,რამდენად ლეგიტიმურია საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები?
-ლეგიტიმურია, რადგან საკრებულო იძულებულია იმოქმედოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად საკუთარი რეგლამენტის გვერდის ავლით.

მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკის კომისიის პრეროგატივაა და ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ, კომისიის თვმჯდომარეს _ქალბატონ ვერიკო კვირკველიას დავუკავშირდით.
-ქალბატონო ვერიკო, ახალი საკრებულო მუშაობს ძველი რეგლამენტით, სადაც ყველგან მითითებულია გამგებელი და არა მერი. ასევე, როგორც ირკვევა, ეს რეგლამენტი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. თუ წინა მოწვევის საკრებულომ ათ დღეში მოახერხა ახალი რეგლამენტის მიღება, თქვენ რამ შეგიშალათ ხელი?
-როგორც ვიცი, წინა მოწვევის საკრებულოს შემთხვევაში, დეპუტატებს დაურიგეს პირდაპირ შაბლონები და არ მომხდარა განხილვები, კონსულტაციები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძველ რეგლამენტში არის ხარვეზებიც. ვინაიდან, ჩვენს კომისიას ჰქონდა სამუშაო სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ახალი რეგლამენტის მიღება უბრალოდ დროში გაიწელა. არ ვაპირებთ, განხილვების გარეშე საკრებულოს მთავარი დოკუმენტის მიღებას. შეგვეძლო გამგებლის ნაცვლად მერი ჩაგვეწერა და ამით იოლად მოგვეგვარებინა პრობლემა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ეფექტური. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახალი რეგლამენტი იყოს სრულყოფილი. გვინდა, რომ საკრებულოს თითოეული დეპუტატი იყოს ჩართული ამ პროცესში.
-როგორც თვითმმართველობის ექსპერტები ამბობენ, საკრებულოს გადაწყვეტილეებები ლეგიტიმურია, მაგრამ საკრებულოს მთავარი დოკუმენტი არის უვარგისი. ამაზე რას გვეტყვით?
-ვიმეორებ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებულ რეგლამენტში არის ხარვეზები, თუმცა უვარგისი ნამდვილად არ არის. ეს დოკუმენტი არ უშლის ხელს საკრებულოს გამართულ მუშაობაში. თუმცა უახლოეს მომავალში წარვადგენთ ახალ რეგლამენტს და ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა დასრულდება. რაც მთავარია, არ ირღვევა კანონი და არ გვაქვს საქმე მნიშვნელოვან პრობლემასთან.
,,ჰო და არა” დაუკავშირდა წინა მოწვევის საკრებულოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს და ვთხოვეთ მასაც დაეფიქსირებინა თავი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
-ბატონო რომან, როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ საკრებულოს ახალი რეგლამენტი ჯერაც არ დაუმტკიცებია?
-პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძველი რეგლამენტით მუშაობის შემთხვევაშიც კანონი არ ირღვევა. მაგრამ, გამომდინარე იქედან რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, ბუნებრივია ძველი რეგლამენტი დღევანდელ რეალობასთან ვერ მოვა თანხვედრაში. ეს არ არის რთულად გადასაწყვეტი საკითხი, ვფიქრობ, რომ ეს საკრებულო ელოდება პაარლამენტის მიერ კანონების მიღების პროცესის დასრულებას და ამიტომ დაუგვიანდათ ახალი რეგლამენტის მიღება, სხვა ახსნა ამას არ აქვს. ეს გამოუცდელობის ბრალიც არის, საკრებულოში არის ამ საკითხების ექსპერტი დეპუტატი_ამირან გიგინეიშვილი, რომელსაც შეუძლია ითანამშრომლოს ეთიკის კომისიასთან და გამოცდილება გაუზიაროს.
-რაიმე მნიშვნელოვან დარღვევებს თუ ხედავთ საკრებულოს მუშაობაში? რა თქმა უნდა რეგლამენტს ვგულისხმობ.
- არის საკითხები, რომლებსაც ელემენტალური ყურადღება სჭირდება და იოლად მოგვარდება. მაგალითად, არ შეიძლება ფრაქციაში შემავალი სამივე წევრი ერთი და იგივე კომისიაში იყოს გაწევრიანებული. თავისთავად ფრაქცია ხომ იმისთვის იქმნება, რომ რაც შეიძლება დატვირთული იყოს ფუნქციურად. როგორ შეიძლება საკრებულოს საქმიანობაში მაქსიმალურად ჩართული იყოს ის დეპუტატები, რომლებიც ერთ ფრაქციაში შედიან და ამავდროულად ერთი და იგივე კომისიაში არიან გაწევრიანებულები. ჩვენს დროს მიერ მიღებულ რეგლამენტში შესაძლოა იყოს მცირე ხარვეზები, მაგრამ იმ დროისთვის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ სრულ შესაბამისობაში მოდიოდა და ამასთან დაკავშირებით შენიშვნებს ვერ მივიღებ.

თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია