მერაბ ჭანუყვაძე: ,,დავით ყენიამაც კარგად იცის, რომ შეუცვლელი არავინ არ არის!“

yeniaსაფეხბურთო კლუბ „გურიას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ყენია წარადგინეს. ყენია საფეხბურთო სფეროში 2000 წლიდან მოღვაწეობს. მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოში“, არის საფეხბურთო სკაუტი. შეხვედრას დაესწრნენ მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გთავაზობთ შეხვედრის თითქმის ორიგინალურ ვერსიას:
ალექსანდრე სარიშვილი(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი): ,,დღევანდელი დღე მოიტანა იმ ბოლო ორი წლის შედეგებმა, რაც ,,გურიამ“აჩვენა ამ პერიოდში. ყველამ ვიცით ლანჩხუთისთვის რა არის ,,გურია”. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გვქონდა გასაუბრება ამ თემებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ხანი მიდიოდა მსჯელობა, თუ ვის შეეძლო ჩაებარებინა ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კლუბი, ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგინეთ კადრი, რომელიც არის ბატონი დავით ყენია. იგი საფეხბურთო სამყაროში ცნობილია, 2000 წლიდან ეს ადამიანი მოღვაწეობს ფეხბურთში. თვისი სპორტული საქმიანობა მან ჟურნალისტიკით დაიწყო, მუშაობდა ბათუმის ,,დინამოში”, ქუთაისის ,,ტორპედოში”, იყო საფეხბურთო სკაუტი. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონ დავითთან ერთად შევძლებთ, რომ ,,გურია“ ამოვიყვანოთ იმ დიდი ჭაობიდან, იმ ლიგა ორიდან , რაშიც ეს გუნდი დღეს არის. შეიძლება, ქვედა ლიგიდან გადმოსული კლუბებისთვის ლიგა ორი სასიხარულო იყოს, მაგრამ,,გურიასთვის” ეს ძალიან ცუდია.
ბატონი დავითიც გვესაუბრება, თუ რას და როგორ აპირებს. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, რომელიც იქნება ,,გურიასთვის“ სასიკეთო. ხვალინდელი დღე იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს აქვს ამ კლუბს.“

დავით ყენია(,,გურიას“ აღმასრულებელი დირექტორი): ,, პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი ნდობისთვის, უნდა გაკეთდეს დიდი საქმე. გვესმის, რომ ,,გურია“ არის ერთ-ერთი დიდი ბრენდი ყოფილ საბჭოთა კავშირში, ყველა იცნობს და ამ კლუბს უფლება არ აქვს, რომ იყოს ამ ლიგაში. ვიწყებთ ნულიდან, ჩვენი გუნდი მოვა და ნელ-ნელა გააკეთებს ისე, რომ გუნდი ამოვიდეს ლიგა ორიდან, რა თქმა უნდა. ამას დრო სჭირდება, უცებ არ გაკეთდება გუნდი, მაგრამ ნელ-ნელა შევძლებთ გადავიყვანოთ გუნდი უმაღლეს ლიგაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამუშაო ბევრია, მთავარ მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც წარმოვადგენთ და ალბათ დავიწყებთ უკვე ზეგიდან შეკრებას. მოვინახულეთ გრიგოლეთის ბაზა, ვფიქრობთ, რომ ბაზასაც მოევლება. აუცილებლად დადგება სუფთა საფეხბურთო ატმოსფერო. სასაუბრო ბევრი მაშინ გვექნება, როდესაც შედეგს დავდებთ, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ!
მერაბ ჭანუჭვაძე(გურიის გუბერნატორი): ,,მინდა უპირველეს ყოვლისა მივულოცო ბატონ დავითს, ვუსურვო მას და ,,გურიას“ წარმატებები.
მინდა ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო ყველა იმ ადამიანს, ვინც განიხილებოდა ,,გურიას“ დირექტორატის კანდიდატურად. მაგრამ, ჩვენ უნდა შევჯერებულიყავით მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ კლუბი ჩაებარებინა ბატონ დავით ყენიას. გვჯერა, რომ მასთან ერთად, ეს დიდი ტრადიციებილ კლუბი მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს. დავით ყენიამაც კარგად იცის, რომ შეუცვლელი არავინ არ არის, ასე რომ მაქსიმალურად შეეცდება დადებითი შედეგების ჩვენებას. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ გადაწყვეტილებას და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ,,გურიას“ ხვალინდელ დღეზე. მზად ვართ, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიყვანოთ.“

გოჩა ჯანაშია(სპორტული ჟურნალისტი): ,, კითხვები გვაქვს პირველ რიგში ბატონ ალექსანდრესთან და მერე ბატონ დავითთან, მაინტერესებს, იურიდიულად რა ფორმით მოხდება ურთიერთობა ამ ადამიანებთან და მეორე, თუ გსმენიათ იმ დავალიანების შესახებ, რომელიც გუნდს ამჟამად აქვს და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?


ალექსანდრე სარიშვილი: ,,იურიდიულად ჩვეულებრივად, ბატონი დავითი იქნება კლუბის აღმასრულებელი დირექტორი.“

დავით ყენია: ,,დავალიანებას რაც შეეხება ვიცი, ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთად გავივლით და ჩამოვაყალიბებთ გეგმას, ვეცდებით, რომ უმტკივნეულოდ გავაკეთოთ ყველაფერი. დავალიანება გასასტუმრებელი იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველივე დღეს ამ თემაზე საუბარი ცოტა ზედმეტია. ჯერ გუნდია გასაკეთებელი, მთავარი მწვრთნელია მოსაყვანი, ფეხბურთელები. ჩემპიონატი იწყება, დავალიანებაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.
მერაბ ჭანუყვაძე: ,,ეტაპობრივად ამ პრობლემებს მოვაგვარებთ, მთავარია შედეგი გვქონდეს.“
სოფო წილოსანი : ,,მაინტერესებს რა კრიტერიუმებით მოხდა ბატონ დავით ყენიას შერჩევა?“
ალექსანდრე სარიშვილი: ,,ძალიან ბევრი კრიტერიუმი იყო, უბრალოდ ამ შემთხვევაში კრიტერიუმებზე არ დავკონკრეტდები. ბატონ დავითის გამოცდილება ძალიან დიდია.
2000 წლიდან იმყოფება ფეხბურთში, იყო საფეხბურთო სკაუტი, მუშაობდა ქუთაისის ტორპედოში, ბათუმის დინამოში. აქვს ურთიერთობები სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან, რაც ფეხბურთში დღესდღეობით აუცილებელია.
ბატონი დავითის ურთიერთობებით შესაძლებელია უცხოური კლუბების ჩამოყვანა, ამხანაგური იქნება ეს, თუ ბაზაზე სტუმრობა. საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებაა, ფედერაციასთან დაახლოებული ადამიანია და ზოგადად პროფესიონალია ამ კუთხით. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რა თქმა უნდა, პროფესიონალი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეირჩა ბატონი დავითი.

დავით ყენია: ,,ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ სისტემა შევქმნათ. სისტემა თუ შეიქმნება,ვთქვათ ერთი წლის მერე რომც წავიდე, ამ სისტემით იხელმძღვანელებთ და მიაღწევთ შედეგს. ფეხბურთი არ არის მარტო ლანჩხუთის ,,გურია“, ფეხბურთი არის ერთი დიდი ოჯახი.
მამუკა ქანთრია:,,საიდან გაქვთ მაგ სისტემის შექმნის გამოცდილება?“
დავით ყენია: ,,ქუთაისის ტორპედო რომ მოვიდა ქართულ ფეხბურთში, იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ,,ვისოლს“ ჰქონდა მშვენიერი პროგრამა, იქ ვიყავით ჩვენც.
მამუკა ქანთარია: ,,ანუ იქ გაქვთ გამოცდილება მიღებული?“
დავით ყენია: ,,რა თქმა უნდა, ბათუმის ,,დინამო“ რომ დღეს რაღაცას წარმოადგენს, ამისთვის იქ არაერთი კაცი მუშაობდა, წეღან ვახსენეთ, ეს უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი, თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება რაიმე ისეთი იდეა გაგიჩნდეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, არავისთვის არ იქნება ,,გურია“ დახურული. პირიქით, მობრძანდით, გაახმოვანეთ თქვენი იდეა და ერთად ვიმუშაოთ. აქ მარტო მე არ ვწყვეტ ყველაფერს, ეს არის ერთი დიდი ოჯახი და ნებისმიერი თქვენგანი ვალდებულია რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა.
მამუკა ქანთრია: ,,თქვენ სხვა რაიმე ინვესტიცია არ გაქვთ ხომ?“
დავით ყენია: ,,არანაირი.“
მერაბ ჭანუყვაძე: ,,მოდით ვუპასუხებ ამ თემას იმიტომ, რომ მეც მეკუთვნოდა ეს კითხვა. ამ მომენტისთვის, ამ მოცემულობაში გადაწყვეტილება მივიღეთ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ. არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება ვინმეზე დამოკიდებულებით.
მამუკა ქანთრია: ,,ეს აშკარაა ბატონო მერაბ, გადაწყვეტილება მიღებული გქონდათ და შეცვალეთ სხვისი ზარის შემდეგ, როგორ არ მიგიღიათ. ახლა რას ამბობთ, ატყუებთ აქ შეკრებილ საზოგადოებას იმის გამო, რომ არ იციან?
მერაბ ჭანუყვაძე: ბატონო მამუკა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვინმეს შეურაცხჰყოფა მივაყენო და ეგ შეურაცხჰყოფაა რასაც თქვენ აკეთებთ. ზარის მიხედვით არც მერაბ ჭანუყვაძე და არც ალეკო, არც ეს გუნდი არ შეცვლის არაფერს. მაშინ მითხარით, რა ზარზე იყო საუბარი, აქვე გავშალოთ ეს თემა
მამუკა ქანთრია: ,,ეგ არ ვიცი მე“.
მერაბ ჭანუყვაძე: ,,მოდი ასე გავაკეთოთ რა, აი თქვენ ამბობთ ახლა ამას, მაგრამ შეიძლება მეორე მხარე, რომელმაც თქვენ უნდა გიპასუხოთ ამ ყველაფერზე, ის არ არის აქ, თორემ იგივეს გიპასუხებდათ. მე გთხოვეთ გვერდით დგომა და თავშივე ვთქვი, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
მამუკა ქანთრია: ,,და პასუხისმგებლობას ვინ იღებს?“
მერაბ ჭანუყვაძე: ,, ყველა, მთელი გუნდი. ჩვენ ვართ ერთი გუნდი თავიდან ბოლომდე და ვარჩევთ და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გუნდისთვის არის მისაღები და არა, დავუშვათ, კონკრეტულად ადამიანზე მორგებული. აქედანვე თუ ჩავუსაფრდით ერთმანეთს, არა მგონია რამე გამოვიდეს და გთხოვეთ ადამიანურად დაგვიჭირეთ მხარი თუ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. თანამდებობები მიდიან ძალიან მალე და ადამიანობა, მეგობრობა და ღირსება რჩება ძალიან დიდხანს, არ ვაპირებ ამ რეგიონიდან წასვლას. დღეს ვარ შეიძლება გუბერნატორი და ხვალ აღარ ვიქნები, მაგრამ ის რომ ვინმეს შეხედვის შემრცხვეს, ამის არ მეშინია.Aასე რომ, ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს ვისაც უნდოდა ამ გუნდში მოსვლა და საქმის კეთება.
მამუკა ქანთრია: ,,მათ შორის ვინც დანიშნეთ“...
მერაბ ჭანუყვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ შენც ჩადგები ამ ფერხულში, შენც დაგვიდგები გვერდით იმისთვის, რომ ,,გურია“ იყოს წარმატებული. მესმის შენი, ძალიან კარგად, კიდევ ერთხელ ვიძახი, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუ დავუდგებით ერთმანეთს გვერდით.
ალექსანდრე სარიშვილი: ,,თუ ასე გაგრძელდა და ცალ-ცალკე ვიქნებით, კიდევ იქნება მილიონი შეცდომა და გადაბრალებები. დავამთავროთ ეს ყველაფერი, შეცდომა მოხდა, დავიწყოთ გუნდურად მუშაობა და შევძლოთ, რომ ,,გურია“ ამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან.

ნონა გიგინეიშვილი: საზოგადოებაში არის აზრი, რომ ,,გურია“ იყოდა არის ფულის კეთების საშუალება მავანთა და მავანთათვის. ეს სამწუხარო ფაქტია.
მე ვიქნები პირადად ბედნიერი, თუ მაგალითად, ერთი წლის შემდეგ ეს აზრი აღარ იქნება.
ძალიანსამწუხაროა, რომ სწორედ საფეხბურთო თემას უკავშირდება ახალგაზრდა კაცის ტრაგიკულად დაღუპვა.უამრავი ჭორი დადის დღესაც ამ ფაქტის გამო, საზოგადოება ითხოვს, რომ გამოძიების შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს და ითქვას რა მოხდა, რაშია საქმე. ბოლო-ბოლო ფარდა უნდა აეხადოს ყველა საიდუმლოებას.
ბატონ დავითს მინდა ვკითხო, რანაირად არის შესაძლებელი იმ სახსრებით, რაც კლუბისთვის არის გამოყოფილი, წარმატებების მიღწევა თუ არ იარსებებს ინვესტორი?“
ალექსანდრე სარიშვილი: ,,ის ტრაგედია, რაც ახსენეთ, ილო ტუღუშის ოჯახის შემდეგ, ყველაზე მტკივნეული ჩემთვის იყო. ველოდებით გამოძიების შედეგებს და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. სიბინძურეა ჩემთვის ის, რომ გარიგებულ თამაშებზე იყო საუბარი, ბოლო წლებია ,,გურიას“ ირგვლივ მიდის ასეთი საუბრები. ამ შემთხვევაში, მე ვიქნები პირველი მებრძოლი იმ სიბინძურისესთან, რასაც ჰქვია გარიგებული თამაშები. ბატონი დავითის იმედი მაქვს, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით გაკეთდება ყველაფერი. მჯერა, რომ შეიკრიბება გუნდი, რომელიც იქნება წესრიგზე და დისციპლინაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა ჩვენგანი.“
მერაბ ჭანუყვაძე: ,,საზოგადოებასთან ვართ ჩვენ ანგარიშვალდებული, მაგრამ, ჩვენთან ანგარიშვალდებული იქნება ბატონი დავით ყენია. გვაქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აღებული.
ლალი ლომაძე: ,,ცოტა უცნაურია, როცა ლაპარაკობთ ,,გურიაზე“, მის პრობლემებზე და არ ახსენებთ ლანჩხუთის უნიკალური სტადიონის დაშლის საკითხს. ეს იყო სახალხო სტადიონი და მის მშენებლობაში ბიუჯეტთან ერთად ყველამ მონაწილეობა მიიღო, მუშამ, გლეხმა, ინტელიგენტმა, ძველი ბიჭებიც რომ იყვნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, იმათმაც. სად წავიდა ის თანხა, სად წავიდა ის უნიკალური სტადიონი, ეს არ არის გასარკვევი? ფეხბურთი საქართველოში და დღევანდელ რეალობაში, პოლიტიზირებული იყო და რჩება პოლიტიზირებული. ეს სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა, ,,გურიას“ არაფერი ეშველება, სულ იქნება მძიმე კითხვები ,,გურიასთან“ დაკავშირებით.
მინდა ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებითაც ვთქვა, ლანჩხუთის ,,გურიაზე“ თურმე ყველაზე დიდი კუშები იდებოდა, ასე მითხრა ინფორმატორმა, ბიჭები ყომარობენო და ხალხი დაზოგილი კაპიკებით არსებობსო, დიდი კუშები, დიდი ფული იჭრებოდა 50 000, 100 000 დოლარზეა საუბარი... ეს კრიმინალია. პატარა ,,გურიისთვის“ ეს დიდი ტკივილია. ყველას უნდა მოეკითხოს სისხლის სამართლის წესით.
მერაბ ჭანუყვაძე: ,,კი ბატონო, მესმის თქვენი გულის ტკივილი და ეს აბსოლიტურად მისაღებია. სულ სხვა კუთხით შევიკრიბეთ, მაგრამ რაც შეეხება ამ თემას, ეს ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა და ამაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ თავიანთ რეაგირებას, დაწყებულია ამაზე გამოძიება. რაც შეეხება სტადიონის თემას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სხვა უწყებების კომპეტენცია და ახლაც მიმდინარეობს როგორც ვიცი დეტალური კვლევა ამ ყველაფრის.
ნონა გიგინეიშვილი: ,,მერს შევეკითხები, რატომ ჩათვალეთ, რომ არ უნდა გაყიდულიყო ,,გურია“?“
ალექსანდრე სარიშვილი: ,,არა მგონია, მესამე ლიგაში გავარდნილ ,,გურიას“ ინვესტორი ჰყოლოდა. ზოგადად იმუშავებენ ამაზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პირობით იქნება ეს გაკეთებული და არა ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე.
მერაბ ჭანუყვაძე: ,,ზოგადად ლანჩხუთისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გრიგოლეთის ბაზა. ამიტომ ამ თემასაც ჩვენ ძალიან ფაქიზად ვეკიდებით, შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში განვითარდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველი იქნება ძალიან ბევრი მოქმედი კლუბისთვის, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება, რომ იქ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს. იმ ბაზას ხელს ვერ მოკიდებს ვერავინ.
მაუკა ქანთარია: ,,და ბაზაც ბანკში ჩადებული არ იქნება ამის გარანტიას იძლევით ხომ?“
მერაბ ჭანუყვაძე: ,,როგორ გეკადრებათ, ეგ რიტორიკული კითხვაა, რომელსაც ვერ მივიღებ ასე. დავანებოთ ამ რაღაცეებს თავი, თუ რაიმე იქნება ისეთი, მოდი ჩვენთან და ამას ექნება მყისიერი რეაგირება.
დათო სალუქვაძე:,,ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ,,გურია“ ამოვიყვანოთ ზემოთ და შიდა სამზარეულოში რა ხდება, ეგ მე არ მაინტერესებს. მე ბევრი მაქვს ნათამაშები ამ კლუბში და გული მტკივა იმაზე, რაც დღეს იქ ხდება. თითის მიშვერა კი არა, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და შედეგი თუ არ იქნება, ყველას ბრალი იქნება და არა ერთი ადამიანის.
მერაბ ჭანუყვაძე: ,,მაშინ რა ვქნათ იცით? წარმატებებიც ერთობლივად გავიზიაროთ, ბატონ დავითს რა ინტერესებიც არ უნდა ჰქონდეს, ვერაფერს ვერ იზამს მაგ მიმართულებით, ამ კაცს აქვს ჩაბარებული სხვა თემა და მიხედავს იმას.
დავით ყენია: ,,ინტერესი თუ მექნა, მე ხომ სახელმწიფოსთან ერთად უნდა მოვახდინო რაღაც პროექტი, ამასაც გაიგებთ ხომ? ჟურნალისტი ვიყავი და ვიცი როგორ ვრცელდება ჭორები, მაგას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ბაზა ექნება ,,გურიას,“ ამ ბაზაზე რამდენ პოსტსაბჭოურ გუნდს გაუვლია შეკრება. დღეს რატომ არ ჩამოდიან და რატომ მიდიან თურქეთში? იმიტომ, რომ იქ ყველაფერი მოწესრიგებულია. ჩვენ დავაყენებთ ისე საკითხს, რომ ნელ-ნელა. ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება, ხვალვე ნუ მომთხოვთ, რომ ბაზა იყოს 5 ვარსკვლავიანი. ერთი გუნდი რომ ჩამოვა და გაივლის შეკრებას, ეს ფული რომ შემოვა ფული სად ჩაირიცხება? ჩაირიცხება ისევ ლანჩხუთის ,,გურიის“ ბიუჯეტში, საიდან უნდა შემოიტანოს ინვესტორმა ფული, რატომ უნდა მოსთხოვო ინვესტორს ჩადოს ფული ლანჩხუთის გურიაში, სადაც ყველაფერი დანგრეულია? გთხოვთ დამიდექით გვერდში და დავდებთ შედეგს.
მერაბ ჭანუყვაძე: ძალიან კარგია, რომ აქვე მოხდა ამ ყველაფრის აკუმულირება. ჯანსაღი კრიტიკა კარგია, როდესაც თქვენი გამოცემები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებენ, იქნება იქაც კრიტიკა, იქნებიან ადამიანები, რომელნიც ამ ყველაფერს სხვანაირი თვალით შეხედავენ, მაგრამ რა ვქნათ, გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ყველა ვარიანტში, ცოტა დავაგვიანეთ კიდევაც და მე მინდა გთხოვოთ, რომ მოვემზადოთ იმ პირველი თამაშისთვის სადაც ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.

ნუგზარ ჩხაიძე

მოიწონეთ სტატია