მოსახლეობა უბნის ექიმებზეა გამწყრალი!

eqim,,ჰო და არაში“ შემოვიდა სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლების წერილები, სადაც ისინი უბნის ექიმების უყურადღებობაზე მიუთითებენ. განსაკუთრებით გამწყრალია სოფელ ლესის მოსახლეობა, მათი თქმით ვერაფრით დაადგინეს, თუ რა დროს უნდა ეწვიონ საექიმო უბანს, რომ ექიმის მომსახურებით ისარგებლონ. ,,სოფელში უამრავი ავადმყოფი და გაჭირვებულია, რომელიც ვერ ახერხებს ლანჩხუთში ჩამოსვლას და ექიმთან კონსულტაციას. ვერ გავიგეთ, რომელ დღებში მოდის ჩვენთან ექიმი, ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობენ და ვერ იცლიან როგორც ჩანს. ჩვენ რა ვქნათ მოხუცებმა და გაჭირვებულებმა, თუ ვერ აუდიან საქმეს კადრები დაიმატონ, ან საერთოდ გააუქმონ უბნის ექიმის შტატი და გვეცოდინება, რომ არ არის სოფელში ექიმი. რა უბედურებაა, გვყავს ვინმე პატრონი? გვაყვედრიან, ჯანდაცვის სისტემა გამართულიაო და იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რას ხედავთ ამ სისტემაში გამართულს. როგორც ადრე იყო, ახლაც ისეა, პირველად გეუბნებიან რამდენი გექნება გადასახადი თანხა. თუ ფული არ გაქვს, უნდა მოკვდე. ჩვენი უბნის ექიმის კომპეტენციაზე ვერც ცუდს გეტყვით და ვერც კარგს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვნახულობთ, კონსულტაციას ჯვარი წერია“_მოგვმართეს ლესელებმა.
ეს პრობლემა მართლაც დგას დღის წესრიგში, გვესმის იმ ექიმების, რომლებიც ნამდვილად გადარბენაზე არიან და ფიზიკურად ვერ აუდიან საქმეს. ექიმების უმრავლესობა დასაქმებულია, როგორც უბნის ექიმად, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადაში და რაიონში არსებულ ერთ-ერთ საავადმყოფოში აუცილებლად. ამის ფონზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გამართულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, რაც მათთვის დამატებით პრობლემებს იწვევს. მოსახლეობის აზრით, კარგი იქნებოდა, გამოიკრას სოფლების ცენტრში ის განრიგი, რომლის მიხედვითაც, მათ უბნის ექიმი მოემსახურებათ, ხოლო უბანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი სანქციები.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია