ხელფასების მატება ,,ელიტური სახლის“იქით არ ვრცელდება!

gamgeobaადგილობრივი ხელისუფლების ,,მოკრძალებული“ ხელფასები!

საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ნამდვილად ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმალურიდან მაქსიმალურ ზღვარამდე დაბალანსდეს, მაგრამ მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რა რაოდენობის სახელფასო სარგოს იღებდნენ და რამდენს აიღებენ ლანჩხუთელი ჩინოვნიკები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი- 2 650 ლარი(არ შეცვლილა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- 2 650 ლარი(არ შეცვლილა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე- 2 000 ლარი(არ შეცვლილა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე- 2 000 ლარი(არ შეცვლილა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის რიგითი მოადგილე- 1 800 ლარი(ნაცვლად 1 700 ლარისა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები- 1 700 ლარი( არ შეცვლილა).
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეების მოადგილეები- 1 250 ლარი.
პირველი რანგის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- 1 500 ლარი(ნაცვლად 1 350 ლარისა).
მეორე რანგის სპეციალისტები- 1 200 ლარი(ნაცვლად 1 000 ლარისა). მაგრამ,სამი სპეციალისტიდან ერთ-ერთი, რომელიც სამდივნოს ხელმძღვანელობს, 1 100 ლარს აიღებს, როგორც სჩანს, წინასაარჩევნოდ კარგად ვერ იმუშავა!
მესამე რანგის სპეციალისტები- 800 ლარი(ნაცვლად 750 ლარისა).
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები- 700 ლარი(ნაცვლად 650 ლარისა).
მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 000 ლარი ექნებათ ხელფასად, ხოლო მათ თანაშემწეებს- 600 ლარი.
როგორც ხედავთ, უმუშევარი და მშიერი მოსახლეობის ფონზე, საჯარო მოხელეების და ჩინოვნიკების ხელფასები საკმაოდ სოლიდურია. მიგვაჩნია, რომ მერის წარმომადგენელთა(თემის რწმუნებული) უმრავლესობა, საკმაოდ კვალიფიციური და საიმედო კადრია, მაგრამ იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს, რა ფუნქცია აკისრიათ მათ, რატომ უნდა იღებდნენ არაფრის კეთებაში 1 000 ლარს. მოსახლეობის მხრიდან ხშირად გაიგონებთ დამცინავ რეპლიკებს, რომ ეს სამსახური მხოლოდ ,,შპიონაჟს“ დაემგვანა და მეტი არაფერი. ან რა საჭიროა ამდენი ფრაქცია, მათი თავმჯდომარეები და მოადგილეები, რომლებიც გვარიანად აზარალებენ ადგილობრივ ბიუჯეტს. არც ზემოთ ჩამოთვლილი პასუხისმგებელი პირები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს, თუმცა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ 2018 წელს, მათ ძალზედ მცირედით მოემატათ ხელფასები. საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე, ოპოზიციამაც გამოთქვა თავისი გულისტკივილი, რომ ასე ,,მიზერულად“ ემატებათ საჯარო მოხელეებს ხელფასები და იმედი გამოთქვეს, რომ ,,გაისად მაინც გამოსწორდება ეს ამბავი“! დეპუტატ კახა ასკურავას თქმით, კარგი იქნებოდა იმ ადამიანებსაც მომატებოდათ ხელფასები, ვინც ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ზრუნავს, ანუ მეეზოვეებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთთათვის ხელფასის მომატებას, ალბათ საზოგადოების არცერთი წევრი ნეგატიურად არ შეხედავდა. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები გაცილებით მეტ პრივილეგიებს იმსახურებენ, ვიდრე სხვა სამსახურების უფროსები თუ სპეციალისტები. თუმცა ოპოზიციასაც შეეძლო დაესვა კითხვები, მაგალითად რას აკეთებს ხელფასსმომატებული თუ მაღალ ხელფასშენარჩუნებული პირები იმისთვის, რომ მათ მორალური უფლება ჰქონდეთ პრეტენზია გამოთქვან მაღალ ანაზღაურებებზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარ შენობას უკვე დიდი ხანია შეარქვეს ,,თეთრი სახლი“. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ პრემია-დანამატები და ხელფასების მატება ამ ,,ელიტური სახლის“იქით არ ვრცელდება. არავის ჯიბეში არ ვიხედებით და ყველას ღმერთმა შეარგოს თავისი ხელფასი, მაგრამ სიტყვა ,,კუთვნილი“ არ უნდა ამოვარდეს დღის წესრიგიდან. ცოტა თემიდან გადავუხვევთ, ზოგიერთი ,,ყოვლისმცოდნე“ ხშირად აფიქსირებს თავის აზრს იმაზედ, რომ ჟურნალისტი არ უნდა იყოს მხარე და დაბალანსებულად უნდა გააშუქოს მიმდინარე მოვლენები. დიახ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ რომ დანაშაულია, მხოლოდ ოფიციალური ცნობები მიაწოდო მოსახლეობას და მშვიდად გააგრძელო ყველა მხარის მაამებლური პოლიტიკა. ძვირფასებო, ,,ექსპერტებო“, ,,გენიოსებო“, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ვინ უფრო სცოდავს, ვინც მუდმივად ძლიერის,(ძირითადად ხელისუფლების)შეძლებულის, თამაშს თამაშობს და ერთ ადგილს უქიცინებს მათ, თუ ის, ვინც სუსტის, თავისი გაჭირვებული მოსახლეობის გვერდით დგას და უნდა როგორმე საზოგადოებრივი პოზიციები ისე გამყარდეს, რომ ვერ შეძლოს ვერავინ ხალხის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. ან ვინ ვაკრიტიკოთ გარდა ხელისუფლებისა? ოპოზიცია, რომელსაც ყველანაირი გზა მოუსპეს, რომ რაიმე სახის კონტროლი გაეწია მმართველ გუნდზე? ამ სტატიის დანიშნულება ის არის, რომ გაიგოს მოსახლეობამ, რა სახელფასო ანაზღაურება აქვთ მათ მიერ არჩეულ ჩინოვნიკებს და რას აკეთებენ ამის საპირწონედ.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია