რომელი ა(ა)იპი-ები უნდა დაისაჯოს და რისთვის?

biuroლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ სადღესასწაულო დღეები მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სიტყვებით მიმართა დეპუტატებს: ,,ჩვენ მოსახლეობამ გამოგვიცხადა ნდობა და უნდა გავამართლოთ მათი იმედები, ახლა მე არჩეულიდან მოვდივარ, სადაც ფიზიკურად ვიმუშავე. ძალიან გთხოვთ, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდება, ნუ გააცდენთ ბიუროს და საკრებულოს სხდომებს“. ამის შემდეგ ტაბიძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ბიუროს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.


სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა.➡️ბიურომ განიხილა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება.
ბიურომ განიხილა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
➡️სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილებას ეხება.
➡️სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებაზე განმარტება მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდლაშხიამ გააკთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის გამოიყო 3200000 ლარი, რაც უნდა აისახოს ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.
➡️სხდომაზე ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატონუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
ამის შემდეგ ბიუროზე განიხილეს ,,სხვადასხვა“. ჯურუყვეთის მაჟორიტარი დეპუტატის, სპარტაკ კვაჭაძის თქმით, სოფლის ერთ-ერთ მონაკვეთზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია და მოსახლეობას იმის საშუალებაც არ ეძლევა, რომ საცალფეხო ბილიკით ისარგებლონ, რაზეც მას უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება გზის რეაბილიტაცია მოახდინოს, თუმცა მოინახულებენ აღნიშნულ ტერიტორიას. ქალაქის მაჟორიტარმა გიგი გვარჯალაძემ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ითხოვა, ასევე დასვა რამდენიმე პრობლემური საკითხი. დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ იმ ფინანსურ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ელოდება. მისი თქმით, კლუბს აქვს 480 000 ლარი ვალი, უკვე მოდის სასამართლო გადაწყვეტილებები და ,,ფეხბურთის განვითარების ფონდიდან“ გადმორიცხულ 200 000 ლარს ნელ-ნელა ჩამოაჭრიან ,,გურიას“. ,,ხომ გვყავს ჩვენ შიდა აუდიტი, ჰოდა გვითხრას რა გვჭირს ამ მიმართულებით, რატომ არის ეს ვალები, რისი ვალებია და რამდენია ბოლოს და ბოლოს. მოსახლეობა დაინტერესებულია ამ საკითხებით და დროზე თუ არ მოვაგვარეთ, განაჩენს გამოგვიტანენ. მარტო ,,გურიას“ აიპს არ ეხება ეს, ყველა ა(ა)იპი უნდა შემოწმდეს. თუ არ აქვს ჩვენს აუდიტს ამის ძალა და კომპეტენცია, მაშინ მოვიწვიოთ სახელმწიფო აუდიტი“-განაცხადა გიორგი ჩახვაძემ. დეპუტატ ალექსანდრე მახათაძის თქმით, ადქგილობრივ შიდა აუდიტს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის კომპეტენცია. მახათაძის თქმით, შიდა აუდიტმა გარკვევით უთხრა მათ, რომ არცერთ ა(ა)იპს არ აქვს უფლება დავალიანება ჰქონდეს საკრებულოს თანხმობის გარეშე და დავალიანების არსებობის შემთხვევაში ეს დანაშაულია. ,,ყველამ ვიცით რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, ამას უნდა სერიოზული მოკვლევა და სახელმწიფო აუდიტის მოწვევა“-განაცხადა ალექსანდრე მახათაძემ. ამ დროს მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლელა ჩახვაძემ ურეპლიკა: ,,მაშინ გამოდის, რომ თქვენც დანაშაულის თანამონაწილეები ყოფილხართ, თუ იცოდით და რეაგირება არ მოახდინეთ“-ო. ამ რეპლიკამ მახათაძის გაღიზიანება გამოიწვია, მისი თქმით, ის ამ წლების განმავლობაში ხმამაღლა საუბრობდა ამ თემაზე. მერმა განაცხადა, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
სხვათაშორის, ლელა ჩახვაძის რეპლიკა არ არის საფუძველს მოკლებული. ,,გურიას“დაფინანსებას ის დეპუტატები უწევდნენ ხელს, რომლებიც დღესაც მრავლად არიან წარმოდგენილი ახალ საკრებულოში, მათ შორის იყო ალექსანდრე სარიშვილიც, რომელიც იმ პერიოდში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა, ვისკენ იშვერენ ხელს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,გურიას“ ახლა თუ 480 000 ლარი აქვს დავალიანება(აქაც შეცდომაა სავარაუდოდ, თენგიზ კიკვაძის თქმით დავალიანება 318 000 ლარს შეადგენს), ორიოდე წლის წინ ეს ციფრი 870 000 ლარს შეადგენდა. რატომ არ კითხულობდნენ მაშინ, სად მიდიოდა ბიუჯეტის ფულები, რატომ იღებდა კლუბი დავალიანებებს და რატომ არ მიმართეს შესაბამის სამსახურებს. ფაქტია, ვიღაცას უნდა ხელი შეაწმინდოს მხოლოდ კიკვაძე-გვარჯალაძეს და პასუხისმგებლობა მთლიანად მათ დააკისრონ. თუმცა ეს ადამიანები კონკრეტული დოკუმენტაციით ადასტურებენ იმას, რომ მათი ხელმძღვანელობის დროს კლუბმა ვალები  გაანახევრა, ის კი არა უკვირთ, თუ რატომ არ მოიკითხა მაშინდელმა საკრებულომ და გამგეობამ აუდიტის მიერ დაწერილი დასკვნა და რეაგირება რატომ იყო ნული. ეს თავისთავად ბადებს კითხვებს, თუ ვინმე დასასჯელია, პირველ რიგში ის ადამიანებია, ვინც თავის დროზე ,,გურიას“ დაფინანსებას უწევდა ხელს და შემდეგ არ აკონტროლებდა კლუბის ფინანსურ ოპერაციებს. ცოტა უხერხულად ჟღერს, ,,ყველამ ყველაფერი ვიცოდით“, მერე რა გააკეთეთ ბატონებო თუ იცოდით? მართლაც საინტერესო იქნება სახელმწიფო აუდიტის მოწვევა და შემდგომ მის მიერ დაწერილი დასკვნის გაცნობა. ,,ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველი ქვა იმან მესროლოს“. საინტერესოა ვინ არის უცოდველი ამ საქმეში, ამას დრო აუცილებლად გვიჩვენებს!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია