ემზარ თევდორაძე 26 ხმით საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს!

butლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს:
1. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
2. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ.
3. საკრებულომ ცნობად მიიღო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ შექმნის შესახებ. აღნიშნულ ფრაქციას ზაზა წულაძე უხელმძღვანელებს.
4. სხდომაზე დამტკიცდა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“.
და ბოლოს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თევდორაძე აირჩიეს. აქამდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა ლესის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, ელისო ჭიჭინაძემ დაწერა განცხადება და აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. სხდომას სულ 28 დეპუტატი ესწრებოდა და მათგან 26-მა ფარულ კენჭისყრაზე ხმა ემზარ თევდორაძეს მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ თევდორაძეს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე.

თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია