,,დამსახურებული“ პრემიებიც დარიგდა!

mdidari 3857ლანჩხუთის საკრებულოსა და მერიაში წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატის სახით 60 370 ლარი გაიცა.
საერთო ჯამში, 2017 წლის 29 დეკემბერს პრემიის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუჯეტიდან 14 705 ლარი გაიცა.
სახელფასო სარგოს 50%-ი დანამატის სახით ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და მისმა მოადგილემ ვლადიმერ ნანაძემ, ასევე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და კომისიების ხელმძღვანელებმა მიიღეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელფასო დანამატი საახალწლოდ აიღო ყველამ, ვისაც კონკრეტული თანამდებობა აქვს.
სახელფასო დანამატები მიიღეს ასევე მერიის თანამშრომლებმა და მათ შორის ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. განსხვავებით საკრებულოდან, მუნიციპალიტეტის მერიაში ბიუჯეტიდან სამჯერ მეტი თანხა, სულ 45 ათას 665 ლარი გაიცა. მერიის სამსახურის უფროსებსა და თანამშრომლებს, ისევე როგორც საკრებულოში, ხელფასის 50%-ი დანამატის სახით დაერიცხათ.
დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, არიან ძალზედ წარმატებულნი, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ა. შ.. საინტერესოა რა დამსახურების გამო გაიცა ლანჩხუთში ასეთი დიდი რაოდენობის პრემია. აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება. ალბათ, 2018 წლის ბოლოს გაცილებით დიდი ციფრი დაფიქსირდება პრემიის გასაცემელში, ვიდრე 60 370 ლარია. გასაგებია, რომ ყველა საჯარო მოხელეს თუ დეპუტატს ოჯახი ჰყავს და ფული ესაჭიროება, მაგრამ რა მოხდება თუნდაც ერთხელ დაიშვას პრეცენდენტი და ეს თანხა შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგონ და ოდნავი შვება აგრძნობინონ. 200-200 ლარი რომ გადაეცათ წინასაახალწლოდ განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახებისათვის, გამოვიდოდა, რომ 300-ზე მეტი ოჯახი ბედნიერ შობა-ახალ წელს გაითენებდა. რაც მთავარია, იქნებ ვინმემ ახსნას, თუ რატომ უნდა გაცემულიყო ლანჩხუთში პრემიები, რა ისეთი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი მთელი წლის განმავლობაში, რომ დაღლილი გული და გონება დანამატით დაამშვიდეს. მაგალითად, მეზობელ თურქეთში, ადგილობივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საერთოდ არ სარგებლობენ პრემია-დანამატებით, ხშირად დაუფიქსირებიათ კიდეც თავიანთი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით: მათი თქმით, ხელფასი იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახი ავად თუ კარგად არჩინონ და ბიუჯეტის თანხებში ხელის ფათური არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი დასაქმებულია, ხოლო ჩვენთან პირიქით, 80% -ზე მეტი დაუსაქმებელია. ჩვენ წინა ნომერშიც ვწერდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,წარმატებებზე“ 2017 წელს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წლის ბოლოს პრემიის დარიგება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ძალზედ შეურაცხმყოფელია მშიერი მოსახლეობისთვის. მაგრამ, მთავარი არ თქმულა: იმ წარმატებულ ქვეყნებშიც, სადაც მართლა აქვთ ფუფუნება პრემია გამოიწერონ ჩინოვნიკებმა, ერიდებიან ხალხის რისხვას. არავის არ უნდა, რომ ხალხი გაღიზიანდეს და ქუჩაში გამოვიდეს. საქართველოში ამასაც არავინ ერიდება, ,,მერე რა, წაიკითხავენ, გაბრაზდებიან და გაუვლით“, ასე ფიქრობენ ის პიროვნებები, ვისი ჯიბეც ცოტატი სქელდება პრემიის სახით. საგულისხმოა, რომ ეს ადამიანები არ ცდებიან, საქართველოში და მათ შორის ლანჩხუთშიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხს არაფერი ადარდებს, აღარაფერზე აქვთ პრეტენზია, საზოგადოება დუმს. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ათჯერ მეტი გამოიწერონ, საზოგადოება ამასაც დაანებებს მათ. ჩვენი ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაღალი შედეგიანობა აჩვენეს. ზოგიერთი 95%-ზე აპელირებს, ზოგიც 80%-ზე(ისე, ხმების 95% არავის არ მიუღია, 80% -კი ბატონო) და ამბობს, რომ ამხელა ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემია არ გვეკუთვნისო? თქვე დალოცვილებო, ამხელა ნდობა რომ გამოგიცხადა ხალხმა და დღეს ისინი მშიერები არიან, სწორედ მაგიტომ არ უნდა აიღო არცერთნაირი დანამატი, ჯილდო თუ პრემია. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაამტკიცებს იმას, რომ მას ეს პრემია ეკუთვნოდა, მაშინ ბოდიში გვექნება მოსახდელი, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა. ხშირად ისმის: რა გვეშველება? აქამდე რატომ არ გვეშველა? საით მივდივართ? და ა.შ აი, ამიტომ არ გვეშველება. სანამ სხვისი გასაჭირი არ გვეტკინება, სანამ ვერ მივხვდებით, რომ ბიუჯეტის ფული-ხალხის ფულია, სანამ ვერ გააცნობიერებენ მთავრობები, რომ ისინი ხალხის მიერ არჩეულნი არიან, სანამ ვერ გაათავისებენ რომ ხალხს უნდა ემონონ და არა დაიმონონ, სანამ ხალხი ერთ ყურში შეუშვებს ამბავს და მეორედან გამოუშვებს, მანამ არაფერიც არ გვეშველება. ზესახელმწიფოებისგან და განვითარებული ქვეყნებიდან სწორედ არასაზოგადოებრივი აზროვნება გამოგვარჩევს და უკან გვხევს, სამ მილიონიან ქვეყანას რომ ვერ პატრონობენ და საქართველო დაცარიელდა, ამის პასუხად მოსახლეობამ გაუგონარი ნდობა გამოუცხადა ხელისუფლებას, რითიც მწვანე შუქი აუნთო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თანაც ხელისშემშლელიც არავინ ეყოლებათ. ყველა საზოგადოება, ისეთ რეალობას იმსახურებს, როგორშიც ცხოვრობს, ჰოდა, ალბათ ახია ჩვენზე ამდენი პრემია-დანამატები...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია