საკრებულოს გარჩევები!

we27 დეკემბერს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
მანამდე კი კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი განიხილა ყველა კომისიამ და ფრაქციამ, შესწორებული ვარიანტი კიდევ ერთხელ განხილული იქნა საჯაროდ.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარუდგინა.
2018 -2021 წწ-ში მუნიციპალიტეტის სტრატეგია თითქმის უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
მთავარი საფინანსო დოკუმენტების ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
• ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
• განათლება;
• კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
• მმართველობა და თავდაცვა.
საბოლოოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდა და განისაზღვრა 8757600 ლარით.
საკრებულომ დაამტკიცა მუდმივმოქმედი ხუთივე კომისიის დებულება და საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმა.
საკრებულოს მიერ დაამტკიცდა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმად, მომავალ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 4 541 950 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესსა და სოც-კულტურული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ.
საკრებულომ ცნობად მიიღო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა ფრაქციების შექმნის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარის, ვერიკო კვირკველიას განცხადებით, საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა - „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, გოგი მორჩილაძის და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“, სპარტაკ კვაჭაძის თავმჯდომარეობით.
სხდომაზე, პირველი დებატები ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვას მოჰყვა. კლინიკა ,,ჯანმრთელობის“ დირექტორმა და ამავდროულად უმრავლესობის დეპუტატმა, ამირან ქანთარიამ მოითხოვა , მისი კლინიკის წინ საბიუჯეტო ორგანიზაციები მიერ დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა: ,,ორი წელიწადია ვიბრძვი უკვე ამ საკითხის მოსაგვარებლად, მოვახერხე და დამოუკიდებლად დავაგე ჩემი კლინიკის წინ ასფალტი, ამის შემდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებმა დააზიანეს საფარი და არის კატასტროფული მდგომარეობა. ყველა გაწვიმებაზე წყალი ორ ნაკადად მოდის და პაციენტებს უწევთ ხტომა-ხტომით კლინიკაში შემოსვლა. რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება“-განაცხადა ქანთარიამ. კახა ასკურავამ და ზაზა წულაძემ გაკვირვება გამოთქვეს, თუ რატომ არ იყო ბიუჯეტში ჩასმული ჭყონაგორაში რამდენიმე ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასკურავამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს მიმართა: ,,თქვენ ადრე დამადანაშაულეთ პიარში, ასევე განაცხადეთ, რომ ჩემი ნათესავის გამო ვიბრძოდი. ახლა ხომ დამთავრდა არჩევნები, გარდა კახა ასკურავას ნათესავისა, იქ შვიდი ოჯახი იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. რატომ არ არის გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში ჭყონაგორაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი?“. ოპოზიციონერ დეპუტატს მხარი აუბა ნიგოითის მაჟორიტარმა დეპუტატმა_ზაზა წულაძემ: ,, ბატონო ლევან, თუ მე მოვახერხე და ერთი ოჯახი გადავარჩინე და მეტნაკლებად ავაცილეთ საფრთხე, რატომ გგონიათ, რომ თქვენი ჩართულობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება? სავსებით შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის დახმარებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა.“ ლევან ჩხაიძის თქმით: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეული იქნა გზების დეპარტამენტიდან ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია ცენტრალური გზა გადაიკვეთოს და ისე ჩაისვას მილები, სხვა გამოსავალს ისინი ვერ ხედავენ“. ზაზა წულაძე კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას:,, თუ იქნება ამოღებული გვირაბები, ხოლო შემდეგ გაიწმინდება მილები, მაშინ წყალი ჩვეულებრივად გავა. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე“. ნინოშვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჩხარტიშვილმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ძალიან მცირე თანხა იყო გამოყოფილი: ,,გაოცებული ვარ, როგორ უნდა გადანაწილდეს ეს 800 000 ლარი 16 თემზე, მე ნინოშვილზე ვიტყვი, არის ძალინ მძიმე მდგომარეობა და პირდაპირ გეტყვით, სოფელი ასახლების საშიშროების წინაშე დგას. ვიცი, რომ სხვა სოფლებსაც აწუხებთ ეს პრობლემა, უბრალოდ ვერ ვხვდები, ეს მცირე თანხა როგორ უნდა გადანაწილდეს. გამიჭირდება ამ ბიუჯეტისთვის ხელის აწევა.“ სხვა დეპუტატებმაც გამოთქვეს შენიშვნები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობდნენ.
ამის შემდეგ, დაიწყო ტრადიციული სხვადასხვა, რომელიც ძალზედ ხმაურიანი გამოდგა. კახა ასკურავამ განაცხადა, რომ ის აღშოთებულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს“ ქმედებით. კერძოდ, საქმე ეხება შუხუთის საბავშვო ბაღში 22 დეკემბერს ჩატარებულ საახალწლო ზეიმს, სადაც ჩინურმა კომპანიამ, ლანჩხუთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საჩუქრები გადასცა შუხუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. მკითველს შევახსენებთ, რომ 20 დეკემბერს სოფელ ქვიანში, ავტობანის მშენებარე ჩინური კომპანიის კუთვნილმა ავტომობილმა 15 წლის ვიკო ასკურავას სიცოცხლე შეიწირა. როგორც დეპუტატმა ზაზა წულაძემ განაცხადა, ტვირთის შიდა წარმოება თურქულ კომპანიას აქვს თავის თავზე აღებული და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია. ახლა დავუბრუნდეთ საკრებულოს სხდომას. კახა ასკურავა: ,,მაინტერესებს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა, ამხელა ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ, იმ ჩინურ კომპანიასთან ერთად გადაგეცათ საჩუქრები ბაღში, რომლის სატვირთო ავტომობილმაც იმსხვერპლა ვიტო ასკურავას ოჯახი. იცით, რომ ამ ტრაგედიის გამო ქვიანში და ზოგადად ნიგოითის თემში ახალი წელი რომ არ იქნება? ეს ხომ ცინიზმია კომპანიის მხრიდან, რა საქველმოქმედო ღონისძიებები ჩაუტარებიათ მანამდე ,,სინოჰიდროს წარმომადგენლებს“? ასკურავას სიტყვის გამოსვლის დროს აშკარა ხდებოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძე მდგომარეობიდან გამოდიოდა: ,,შენ ვინ ყოფილხარ, ამ თემის პოლიტიზირებას როგორ ბედავ. ახლა, ბოლომდე გაგიცანი და დავრწმუნდი ვინც ხარ! გინდა დამაჯერო, რომ შენზე ნაკლებად შემტკივა გული იმ გარდაცვლილ ბავშვზე? ან რატომ არ გადაამოწმე, ნამდვილად ამ კომპანიის მანქანას თუ ემსხვერპლა ის ბავშვი. ღონისძიება იყო წინასწარ დაგეგმილი და ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ბავშვებისთვის უარი გვეთქვა? ამიტომ ვიღებ მე 95 %-ს არჩევნებში, ხოლო შენ ოპოზიციაში ხარ.“ტაბიძის შემდეგ, მოვისმინეთ ალექსანდრე სარიშვილის არანაკლებ ემოციური გამოსვლა: ,,კახა ეს რა დაგიწერია, ეს რა გვაკადრე და იკადრე. იმ წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელიც შენ დაწერე, მე მრცხვენოდა შენთან ერთად დავმჯდარიყავი დარბაზში. რისი გდაფარვა უნდა მოგვეხდინა ამ ღონისძიებით, რაებს იძახი. ალეკო სარიშვილს არც ერთი თანამდებობა და ხელისუფლება არ უღირს იმად, რომ ამხელა ტრაგედია კი არა, თუნდაც მცირე შემთხვევა გადაფაროს რაიმეს გამო. მე ვარ შეურაცხყოფილი იმით, რაც წავიკითხე და მინდა საკრებულოს წევრებს ვთხოვო, გამოითხოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიის სატვირთო მანქანას ემსხვერპლა ვიკო ასკურავას სიცოცხლე. ღონისძიება დაგეგმილი იყო ათი დღით ადრე, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებული იყო და რა უნდა გვექნა მითხარით? ამასთან ვაცხადებ, რომ ეს კომპანია ტრაგედიასთან არაფერ შუაში არ არის. თანაც სიცრუეა, რომ თითქოს ამ კომპანიას ადრე არ გაეწიოს საქველმოქმედო საქმიანობა-“განაცხადა მერამა.
მკითხველს გავაცნობთ კახა ასკურავას იმ წერილს, რომელმაც მერის და უმრავლესობის დეპუტატების აღშფოთბა გამოიწვია. კახა ასკურავამ თავის ფეისბუქგვერდზე შემდეგი წერილი განათავსა: ,,მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი! ამ ფოტოზე იმ კომპანიის "სინოჰიდროს" წარმომადგენელია მუნიციპილიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლის ტექნიკურად გაუმართავმა თვითმცლელმაც, წინა დღეს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა სოფელ ქვიანში, რამაც დაამუნჯა და გააქვავა მთელი სოფელი.ნაცვლად იმისა,რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შეკითხვები (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) მითუმეტეს იმისა, რომ ვიკო ასკურავას შემთხვევა არა არის პირველი მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდება ჩვენდა საუბედუროდ არც უკანასკნელი აღმოჩნდეს შესაძლოა და ამ ფირმის წარმოადგენელბთან ერთად საზეიმო ღონისძიებებზე დადიან, თან სკოლაში?! სწორედ სკოლიდან მოდიოდა ვიკო ასკურავა, როცა ამ ფირმის მიერ დაქირავებული მანქანის საბურავმა იმსხვეპლა იგი და ამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას ყოფნის თავხედობა და სწორედ სკოლაში ითხოვს შესვალას, როცა თავად ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი მიწასაც კი არ იყო მიბარებული. რომელი საჩუქარი და საქველმოქმედო ღონისძიება გამოისყიდის იმ ტრაგედიას, რომელიც ასკურავების ოჯახს მიაყენა სწორედ ამ ფირმის მიერ დაქირავებულმა მანქანამ ?ამას ჩემი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ვეკითხები,ან/და რა სასწრაფოდ აუცილებელი იყო ამ ღონისძიების მანდამინც ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს გამართვა,რას მივაწეროთ ეს ყველაფერი?! მგონი უკვე ორ წელზე მეტი გადის, რაც ეს ფირმა ლანჩხუთში მუშაობს და რომელი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაუტარებიათ?!
ცხარე კამათის დროს, კახა ასკურავამ აღნიშნა, რომ ვიკო ასკურავა მისი ნათესავი იყო და განსაკუთრებით აწუხებს ეს საკითხი. მან კატეგორიულად უარყო მერის ბრალდებები, თითქოს ასკურავა ამბობდა, რომ ამ ღონისძიებით ტრაგედიის გადაფარვა უნდოდათ. მისი თქმით, მან გააპროტესტა ჩინური კომპანიის ქველმოქმედება იმ დროს, როდესაც ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, რადგან მიაჩნია, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია