კობა მირზაშვილი ლანჩხუთის მერს ღიად დაუპირისპირდა!

kobuci25 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა კობა მირზაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა შეკრება მოაწყვეს და ღიად ისაუბრეს კლუბის ირგვლივ შექმნილ გაუგებრობაზე. იგეგმებოდა, რომ კობა მირზაშვილი პრესკონფერენციას ,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზში გამართავდა. თუმცა ისე მოხდა, რომ მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა. ალექსანდრე სარიშვილმა მირზაშვილის მხარდამჭერების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ,,ჰო და არა“ წინა ნომრებში წერდა, რომ კობა მირზაშვილის მიერ ჩამოყვანილი ინვესტორები უკან გაბრუნდნენ, მირზაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნიდა, რომ სარიშვილის მიერ დაფიქსირებული ხისტი პოზიციის გამო, ისინი განაწყენდნენ და ქვეყანა დატოვეს. პოტენციური ინვესტორები შეხვდნენ დეპუტატთა ნაწილს და მერს, მაშინ ინფორმაციამ გამოჟონა, რომ მიუხედავად დეპუტატთა მხარდამჭერისა, ალექსანდრე სარიშვილმა თითქმის გადაწყვეტილი უარი უთხრა ინვესტორებს, რასაც თავად მერი არ ადასტურებს. კობა მირზაშვილი ღიად აცხადებდა, რომ მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო გარკვეული პიროვნებებისთვის და ისინი სარიშვილზე ზეგავლენას ახდენდნენ, ის ასახელებდა გოგი ფაცურიასაც. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კობა მირზაშვილმა ცენტრალური ტელევიზიებიც კი მოიწვია. თავდაპირველად სატელევიზიო კომენტარები მერიის ფოიეში კეთდებოდა, ამის შემდეგ მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომ ალექსანდრე სარიშვილს მათი კითხვებისთვის პასუხი გაეცა სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდა ყველა ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი და აშუქებდა რამდენიმე ცენტრალური ტელევიზია. ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ის გაოცებულია, თუ რატომ აწყობდნენ ამ დღეს ,,აქციას“ და სად იყვნენ ,,გურიას“ გულშემატკივრები მაშინ, როცა გუნდი უფსკრულისკენ მიდიოდა: ,,ყველა ჩვენთაგანს უნდა, რომ ,,გურია“ ამოიყვანოს ამ წუმპიდან და არამგონია კლუბის ამ დღეში მიყვანა ჩვენი ბრალი იყოს. მე მაინტერესებს ვის უწყობთ ამ აქციას, რას აპროტესტებთ და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს. თუ აქცია კეთდება იმიტომ, რომ გაარკვიოთ ვინ იქნება მენეჯმენტში, გეტყვი იმას, რომ ხალხმა გამოგვიცხადა დიდი ნდობა და როგორმე გადავწყვეტთ ამ საკითხს. გპირდებით ამას გავაკეთებთ საჯაროდ და არა მალულად. ვაპირებთ დავიწყოთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებით და ყველა დონეზე მიდის ამაზე მუშაობა. აქ მე, ვერც კობას, ვერ სხვის ინტერესების გათვალისწინებით ვერ ვიმოქმედებ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ,,გურიას“ ინტერესებიდან გამომდინარე. იცით, რა სიტუაციამდეა მისული გუნდის მდგომარეობა, ტრაგედიაც კი მოჰყვა ბოლოს და გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება უკრაინელი ინვესტორების საქმეს, სად იყო ოფიციალური წინადადება ან მომართვა. ვერ გავიგე რა ახირებაა ამ სპონსორზე საუბარი, ერთი არ ყოფილა აქ, იყვნენ სხვებიც, ყველას უნდა მოვუსმინოთ და გადაწყვეტილება ისე მივიღოთ. კონკრეტული უარი არავისთვის არ გვითქვამს. ულტიმატუმის ენით თუ გინდათ საუბარი, არაა პრობლემა. იყო ბევრი შეკითხვები კობას მიერ ჩამოყვანილ პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით, ასევე იყო სხვა ჯგუფიც, რომელიც ძალიან კარგ პირობებს გვთავაზობდა. ძმაკაცობით და ნაცნობობით არ უნდა წყდებოდეს ,,გურიას“ ბედი. ჩვენ დავითხოვეთ ,,გურია“-ს მენეჯმენტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო და იმასაც შევძლებთ როგორმე, ახალი მენეჯმენტიც დავნიშნოთ. კლუბს აქვს 480 000 ლარი ვალი, არის იურიდიული საკითხები, რომელიც ეტაპობრივად უნდა გავიაროთ. დაინიშნება აუქციონი იჯარის წესით გაცემაზე და საუკეთესო წინადადების მქონე პიროვნებას თუ პიროვნებებს მიენიჭებათ უპირატესობა. დასვით შეკითხვები და გიპასუხებთ.“ ასეთი მიმართვით გახსნა შეხვედრა მერმა.
მერს შეკითხვები დაუსვეს გულშემატკივრებმა, ყოფილი ფეხბურთელი ავთანდილ მეიშვილი ცხარე კამათში შევიდა სარიშვილთან: ,,რა აქცია, რის აქცია, ჩვენი გულისტკივილის გამოთქმის უფლება არ გვაქვს? აქ ვისაც ხედავთ, ყველანი ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ, ამას გარდა უამრავი ადამიანი დგას ჩვენს უკან. მაინტერესებს რა მოხდა, ვიცოდით, რომ კობა მირზაშვილს მოყავდა ინვესტორები ,,გურიაში“, რაზეც ალექსანდრე სარიშვილს თანხმობა ჰქონდა მიცემული. ამ ხალხის ჩამოყვანის შემდეგ კი ხდება მათი სრული იგნორირება, არადა მე ვიცი, რომ სერიოზული და საქმიანი ხალხი იყო ჩამოსული. როგორც ვიცი, ჰქონდათ არაჩვეულებრივი შემოთავაზებები, რაც ბევრ დეპუტატს მოეწონა, მაგრამ პირადად მერმა განაცხადა უარი. გთხოვთ გაგვარკვიოთ, რაშია საქმე და რატომ არის თქვენთვის მიუღებელი კობა მირზაშვილი? ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თქვენც ფულის გათეთრება გინდათ.“
ამის შემდეგ თავად კობა მირზაშვილმა მიმართა მერს და იქ შეკრებილ საზოგადოებას: ,,ბატონო ალექსანდრე, თქვენ იყავით საქმის კურსში, რომ უნდა ჩამომეყვანა ინვესტორები, იცოდით, რომ ესენი იყვნენ სერიოზული პიროვნებები. როდესაც მე ჩამოვიყვანე ეს ხალხი, თქვენგან ველოდები კონკრეტულ პასუხს, რათა ინვესტორები შემეჩერებინა. როგორც გავიგე, დადებითი პასუხი კი არა, თქვენ განაწყენებულხართ იმ დეპუტატებზე, ვინც მოვიდა და გკითხათ, რა პასუხი გავცეთ მირზაშვილსო. დავამატებ იმას, რომ თქვენს კაბინეტში ბატონ გოგი ფაცურიას უთქვამს, რომ ჩვენც გვიკეთებია რაღაც ფეხბურთშიო. მინდა გითხრათ ბატონო გოგი, რომ მე მართლა მიკეთებია ,,რაღაც“ ფეხბურთში და არ მრცხვენია უკან მოხედვის. პასუხისმგებელი ვხდებოდი, რომ ყველანაირი ტვირთი ჩამომეხსნა მუნიციპალიტეტისთვის და ისე მეპატრონა გუნდისათვის. ის ხალხი აპირებდა სპორტული კომპლექსის აშენება გრიგოლეთის ბაზაზე, ხოლო შემოსული თანხით აქეთ დაეხმარებოდნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, მზად იყვნენ იმდენი დაეხარჯათ კლუბის წარმატებისთვის, რამდენიც საჭირო იქნებოდა. იყო სერიოზული წინადადებები, რომლებიც თქვენ არც კი განიხილეთ. როგორც ყოფილი ფეხბურთელი და გუნდის ხელმძღვანელი ისე ვუდგები ამ საკითხს, შეიძლება ეს დრო თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ბოდიშების მოხდა მომიწია იმ ხალხთან, ვინც აქ ჩამოვიყვანე თქვენგან შეურაცხყოფილი დავრჩი. ერთი შვილი მყავდა და იმის საფლავს გეფიცები, რომ გეთქვათ ადრე ჩემთვის, ,,კობა მიუღებელი ხარ ვიღაცეებისთვის და განზე გადექიო“, ასეც მოვიქცეოდი. თქვენ ხელს იშვერთ კობიაშვილისკენ და ფედერაციისკენ, დამიჯერეთ ხალხნო, ფედერაცია ამ საქმეში არაფერ შუაში არ არის.“
ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე გამომსვლელმა დააფიქსირა თავისი აზრი, იყო კითხვა-პასუხები, თუმცა საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. სარიშვილისა და მირზაშვილის დებატების დროს, ძირითადად მხარეები დაობდნენ სპონსორის თემაზე, ასევე მირზაშვილის მხარდამჭერები მერს ,,სხვა ჯგუფის“ლობირებაში სდებდნენ ბრალს. ეს ,,სხვა ჯგუფი“_ფაცურია-ებრალიძე-ლორია-გოგუა-ქურიძე-ს შემადგენლობაა .
კობა მირზაშვილმა საკონტროლო გასროლა ბოლოსთვის მოიტოვა, მან ალექსანდრე სარიშვილს შემდეგი წინადადებით მიმართა: ,,კარგი, მოიყვანეთ სპონსორი ვინც გინდათ და თქვენი თქმით წაადგება გუნდს. დამნიშნეთ მე სპორტულ დირექტორად და პირობას ვდებ, პირველ წრეში გუნდი მეყოლება ზედა სამეულში, ხოლო თუ ეს შედეგი ვერ ვაჩვენე, მაშინ ბოდიშს მოვიხდი თითოეული ლანჩხუთელის წინაშე და ამ საქმეს აღარ გავეკარები.“
ამაზე ალექსანდრე სარიშვილს პასუხი არ გაუცია. შეხვედრის შემდეგ, კობა მირზაშვილმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ხელები ჩამოუშვას. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მან უკვე გააკეთა ხარჯთაღრიცხვა და ის სავარაუდო მონახაზი, რომლის მიხედვითაც წარმატებას მიაღწევს.

მოიწონეთ სტატია