,,მთელი 2013- 2017 ელები მიმდინარეობდა შეთქმულება ,,გურიას“ წინააღმდეგ.“

tengoo,,ამხელა თანხით რომ აფინანსებდნენ კლუბს საკრებულო და მუნიციპალიტეტი, არ უნდა დაინტერესდნენ როგორ იხარჯება ეს ფული?!“

,,ცუდი მენეჯმენტი ,,გურიაში“ კი არ იყო, არამედ იმ შენობაში, სადაც იჯდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღანელობა“
,,მთელი 2013- 2017 ელები მიმდინარეობდა შეთქმულება ,,გურიას“ წინააღმდეგ.“
როგორ პასუხობენ ბრალდებებს ,,გურიას“ ყოფილი დირექტორატის წევრები და რა კონტრარგუმენტები აქვთ მათ?!
როგორც მოგეხსენებათ, ,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზში -,,თავისუფალი სახლი“ რამდენიმე დღის წინ გაიმართა დისკუსია ,,გურიას“ თემაზე. ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, ზოგიერთი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდა, მაგრამ ჩვენ გარკვევით გვეწერა, რომ დასწრება თავისუფალი იქნებოდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო მოსულიყო. ,,ჰო და არამ“ ვრცელი წერილი მიუძღვნა ამ შეხვედრას, წაიკითხავდით, რომ გამომსვლელთა უმრავლესობამ ,,გურიას“ ამ მდგომარეობაში მიყვანა დააბრალა მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს, აგრეთვე კლუბის აწ ყოფილ ხელმძღვანელობას_ლადო გვარჯალაძეს, თენგიზ კიკვაძეს და ნუგზარ ჩხაიძეს. ბრალდებებს გამოეხმაურნენ საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მისი მოადგილე და ფინანსური დირექტორი.
თენგიზ კიკვაძე: ,,დავიწყებ იმით, რომ არ მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემს მოსვლამდე კლუბში, არავის ჯიბეში არ ვუყურებ და არც ვაკონტროლებ. მჯერა, რომ ყველა დამსახურებულად იღვწოდა გურიისთვის, ისე როგორც შეეძლო, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე. მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ,,გურიას“ დღვანდელ მდგომარეობას, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, პირიქით, ყველაზე მეტად თუ ვინმეს სტკივა გული ამ თემაზე, ეს ლადო გვარჯალაძე, თენგო კიკვაძე და ნუგზარ ჩხაიძეა. როგორ შეიძლება, ერთი მოსმით ხელი შეგვახოცონ და თქვან, რომ ჩვენი ბრალია ყველაფერი. ქვევით მოგახსენებთ, რა არის აღმასრულებელი დირექტორის და ფინანსური დირექტორის მოვალეობა, რომელიც გაწერილია მკაცრად. ის თანხები, რომლებიც მოდიოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თითოეული ლანჩხუთელის ჯიბეს აკლდებოდა, ის უნდა წარმართულიყო სწორად და მართებულად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა შესყიდვა მაქვს გაკეთებული კანონის სრული დაცვით, მიმიწვდება გასული წლების დოკუმენტაციაზე ხელი და გეტყვით: 28 000 ლარად არის ნაყიდი ფორმები, როდესაც მე 5 000 ლარი გადავიხადე, მინახავს ოთხ თვეში დახარჯული მილიონი, მაგრამ ამაზე იმან აგოს პასუხი, ვინც მაშინ ხელმძღვანელობდა გუნდს და ეს ჩემი საქმე არაა. როდესაც მოვედით კლუბში დაგვხვდა 877 000 ლარი ვალი, საუბარია 2016 წლის დასაწყისზე. როგორც ფინანსურმა დირექტორმა, საკრებულოში დავაყენე საკითხი, რომ კლუბს მიეღო 2 250 000 ლარის დახმარება, რათა გასტუმრებულიყო ვალი და დანარჩენი მოხმაროდა კლუბს. საკრებულომ ხმამაღლა თქვა, თუ გამგეობა გამონახავდა თანხას, ისინი თანახმა იყვნენ დაგვხმარებოდნენ. მაგრამ, გამგეობამ ვერ მოიძია ხსენებული თანხა და გადმოგვცეს 1 250 000 ლარი. ახლა გეკითხებით, როცა ხსენებულ თანხას გაძლევენ და აქედან 877 000 ლარი ვალი გაქვს გასასტუმრებელი, როგორ უნდა აწარმოო სწორი მენეჯმენტი, როცა არ იცი, რომელი მევალე გიჩივლებს სასამართლოში, ვინ მოგადგება კარზე და ა.შ. ყველაფერი წავიდა სპონტანურად, ჩვენი პირადი ურთიერთობებით ვაჩერებდით ფირმებს, კერძო პირებს, რათა არ ეჩივლათ სასამართლოში და ცოტ-ცოტას ვუხდით, კლუბს რომ ზიანი არ მიდგომოდა. გარდა ძირითადი გუნდისა, კლუბს საპატრონო ჰყავდა U10, U15, U17, 19; საჭირო იყო მათი დაფინანსება და ტრანსპორტირება, გარდა ამისა, უნდა მიგვეხედა ბაზისთვის. დამიჯდეს ერთი ის ხალხი, თქვენთან რომ ბრძანდებოდა და ცუდ მენეჯმენტზე საუბრობდა, მიანგარიშოს როგორ შეძლებს 1 250 000-დან მიხედოს ყველა იმ პრობლემას და ვალს, რაც ჩამოვთალე და თან შეძლებს გუნდის უმაღლესში დატოვებას. არ ვიტყვი მეთქი წინამორბედებზე, მაგრამ ჩვენ რომ გვლანძღავენ, საინტერესოა რატომ არ გადაიხადეს ვალი, როგორ დაიხარჯა ზოგიერთს დირექტორობის დროს ხუთ თვეში 700 000 ლარი და რატომ არ გადაიხადა დავალიანებები, მანამდე მიღებული 900 000 ლარიდან, კიდე რომ ვალი წარმოიშვა, ისიც რატომ არ გადაიხადეს და რატომ მაინცადამაინც ჩვენ_კიკვაძემ, გვარჯალაძემ და ამ შემადგენლობამ მივიკელით ყველაფერი იმისთვის, რომ ვალი შეგვემცირებინა. დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ, რომ სტადიონი გასულიყო ცალკე და მასზე პასუხისმგებლობა აეღო მუნიციპალიტეტს, რათა უსასყიდლოდ მომსახურებოდა ,,გურიას“, აქაც რა მოხდა? 100 000 ლარი მოაკლეს კლუბს. დაიწყო სტადიონმა ფუნქციონირება. 2016 წლის დასაწყისში, ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოგვიყო ვალდებულების კლების მუხლით როგორც მახსოვს 520 000 ლარი, რითაც დავიწყე ვალების გასტუმრება, თუმცა ესეც ნაწილობრივ, რათა სასამართლოში არ შეეტანათ ფირმებს საჩივრები. ეს ვალები იყო 2012, 13, 14 და 2015 წლების. სასამართლოში გიჩივლა ხომ პიროვნებამ და მოიგო, ამის შემდეგ ყველა ვადაგადაცილებულ დღზე ემატება საურავი, სწორედ ამის გამო მაქსიმალურად ვცდილობდით სასამართლოს აცილებას.
-თუმცა თქვენ ვერ აიცილეთ თავიდან თემურ ლორიას და თენგიზ პატარაიას სასამართლო, რომელიც წააგეთ...
-ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ადამიანები განთვისუფლდნენ უკანონოდ და ეკუთვნოდათ კომპენსაცია, ღრმა პატივისცემას გამოვთქვამ ამ პიროვნებების მიმართ. მაგრამ მეორე საკითხია, მართლა მოიგეს სასამართლო თუ რა მოხდა. ისინი გაბრაზებული იყვნენ იმ ხელისუფლებაზე, ვინც გაანთავისუფლა ისინი სამსახურიდან, იჩივლეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებულ დავების გამხილველ ტრიბუნალში და ფულის გადახდა მოუწია კლუბს. ახლა რა მოხდა, სასამართლო ტრიბუნალზე ჩვენ წავაგეთ, გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში ტრიბუნალის გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ხდება საქართელოს ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებები, წავიდა ძველი და მოვიდა ახალი. დაგვიბარეს და გვითხრეს: , დაგიდგებით გვერდით და გადაიხადეთ ეს ფულიო“. ყველაფერს აქვს თავისი წესები, კი ბატონო მართლები იყვნენ ლორია და პატარაია, მაგრამ ყველა ვინც მოითხოვდა თანხას, პირდაღებული და ხელებჩამოშვებული ხომ ვერ მივცემდით. მაგრამ, რა გვექნა, გავითვალისწინეთ ფედერაციის თხოვნა, გამოვიწვიეთ უზენაესი სასამართლოდან წერილი და ჯამში 47 000 ლარამდე გადავუხადეთ ამ ორ ადამიანს. ამას გარდა ძველი მევალეების ხვეწნა-მუდარაში ვიყავით მუდამ, მაგრამ ყველა არ ითვალისწინებდა და სასამართლო გზით მიჰქონდათ კლუბის ბიუჯეტიდან, ანდა რას ვემართლებით იმ ხალხს.
-რა მოხდა 2017 წელს, ფეხბურთის განვითარების ფონდმა თქვენ გამოგიყოთ 700 000 ლარი. რაში დაიხარჯა ეს ფული და რატომ ვიწვნიეთ ასეთი კრახი?
-მყარად ვიცოდი, რომ 2017 წელს გვექნებოდა 700 000 ლარი დაფინანსება და არცერთი ზედმეტი თეთრი. მივედი მაშინ საკრებულოში და ღიად განვაცხადე, რომ როდესაც კლუბს აქვს 550 000 ლარამდე ვალი და ფინანსდება 700 000 ლარით, ის ვერანაირად ვერ მოახერხებს წარმატებას მიაღწიოს მეთქი. ახლა სად წავიდა ეს 700 000 ლარი: აქედან 80 000 ლარი ჩავურიცხეთ ფეხბურთის ფედერაციას, ანუ საწევრო. ხოლო, 120 000 ლარამდე, ასევე გადავიხადე ძველი ვალი, დაახლოებით 2017 წლის საანგარიშო პერიოდში ეტაპოვრივად შემოდიოდა სარჩელები სხადასხვა პირებიდან და მომწოდებლებიდან, დაახლოებით 50 000 ლარამდე ესეც იქნა გადახდილი. და იცით რატომ? თუ გუნდი ლიცენზიას ვერ აიღებდა მაშინ მონაწილეობას ვერ მიიღბდა პრო2-ში. ამისთვის საჭირო იყო ფეხბურთელების დავალიანება სრულად გადამეხადა, რათა მათ არ ეჩივლათ და ლიცენზია აგვეღო. მიუხედავად იმისა, რომ ,,გურიას“ ჰქონდა ნახევარი მილიონი ლარი ვალი, მოვახერხე და ლიცენზია წამოვიღე, მაგრამ ეს რა ხვეწნა-მუდარის, დაჩოქების ფასად დაუჯდა თენგო კიკვაძეს და ლადო გვარჯალაძეს, ამას ფეხბურთის საქმიანობაში ჩახედული ხალხი მიხვდება. დაგვრჩა 50 000 ლარი, ეს ის დროა, როდესაც უნდა მოიწვიო მწვრთნელები, ფეხბურთლები დავიწყოთ ფულის ხარჯვა. როგორც მახსოვს 2017 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ადგილობრივ კადრებთან, მოეწყო საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზაცია გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, იმ დღეს მე თბილისში წავედი რიგი დოკუმენტების წარსადგენად ფედერაციაში, შეხვედრას როგორც მითხრეს ესწრებოდნენ გიალო ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, გია გოგუა, თემურ ლორია და სხვები. შეთანხმდნენ, რომ გიალო ჩხაიძე იქნებოდა მთავარი მწვრთნელი, გიგლა იმნაძე მისი მოადგილე და გია გოგუა მეკარეების მწვრთნელი. 2017 წლის 7 თებერვალს 9 ლანჩხუთელი ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრები გავაგზავნეთ ქალაქ თბილისში ზბორებზე და პარალერულად უნდა მოეწვიათ გამოცდილი ფეხბურთელები, ზუსტად მახსოვს მე და აღმასრულებელი დირექტორი ჩავედით თბილისში, შევხვდით სამწვრთნელო შტაბის წევრებს და გავაცანით ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ბიჭებო, ასეთი სიტუაცია გვაქვს, სულ გვაქვს თვეში 50 000 ლარი ხარჯვით ნაწილში, აქედან 35 000 ლარი უნდა ვიკმაროთ მთლიანად სახელფასო სექტორში, ხოლო დარჩენილი 15 000 ლარი საჭიროა ტრანსპორტირებისთვის, კვებისთვის და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებისთვის მეთქი“.
უბრალო არითმეტიკაა 2011, 2012,2013 და სხვა წლებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რა იყო და დღეს რა არის, პირობითად ავიღოთ 700000 ათასი ლარი, საშუალოდ რამდენი იყო იმ წლებში და დღეს რამდენია, მისი მსყიდველობითი უნარი როგორია დღეს, ასევე აქვე მინდა აღვნიშნო გამგეობის და საკრებულოს თანადგომა იმ თანხების მოძიებაში, რომელსაც კლუბის ანგარიშზე რიცხავდნენ მთელი ის წლებში , რომელიც ჩემამდე იყო და ჩემს დროსაც.
-ბატონო თენგიზ, ,,თავისუფალ სახლში“ ხშირად გაისმოდა ბრალდებები თქვენს მიმართ, ამბობდნენ, რომ ყოფილ პროკურორს და პოლიციის უფროსს ფეხბურთში არაფერი ესაქმება. გამომდინარე იქედან, რომ თქვენ პროფესიულად არაფერი გაკავშირებდათ სპორტთან, მართლა გასაკვირია, რატომ აიღეთ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა?
-წავიკითხე თქვენს გაზეთში გამოთქმული ბრალდებები ჩვენს მიმართ, მჯერა იქ შეკრებილი საზოგადოება განიცდის ,,გურიას“ თემა, მაგრამ, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ პოლიციელის მუნდირს, ასე უხეშად და აუგად იხსენიებენ. თენგიზ კიკვაძე ამაყობს იმით, რომ იყო, არის და იქნება პოლიციელი. ამაყობს იმით, რომ არის პოლიციის პოლკოვნიკი. ასევე მე ვიყავი კაცი, რომელსაც 100-ზე მეტი პოლიციელის ბედი ებარა და არცერთს თმის ღერი არ ჩამოვარდნია. თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ მინდა იმ დაზარალებულებს ბოდიში მოვუხადო ვისი საქმეებიც ჩემი მუშაობის პერიოდში დარჩა გაუხსნელი, მაგრამ შემდგომ წლებში, სადაც კი მიმუშავია ყოველთვის ჩემი ლანჩხუთის და ლანჩხუთელების გვერდით ვიყავი, რაც შეეხება, ,,გურიაში“ ჩემს ფინანსურ დირექტორობას, მოვიდნენ და შემამოწმონ. შემეჯიბრონ ამ საქმეში, თუ ასე გულით სწადიათ. ხმამაღლა ვამბობ, კლუბის ფინანსურ საკითხებში, ჩემი მუშაობის დროს, ვართ პასუხისმგებლები მე, მურმან ხუხუნაიშვილი და ბაჩანა ზაქარეიშვილი. არანაირად, აღმასრულებელ დირექტორს არ გადავუნაწილებ ამ პასუხისმგებლობას. თავდაპირველად, ,,გურიაში“ მოვედი სამი თვით, მაგრამ არ ვარ მიჩვეული ბრძოლის ველიდან გაქცევას. თუმცა მეც მიმტყუნა ნერვებმა და რამდენიმეჯერ განცხადება დავწერე წასვლაზე, თუმცა არ დაკმაყოფილდა. თუ ვინმე დაადასტურებს, რომ ლადო გვარჯალაძემ და კიკვაძემ ეხვეწა ვინმეს სამსახურში გაჩერება, მზად ვარ ლანჩხუთი დავტოვო, პირიქით კი ხდებიოდა. მოვახერხე და 877 000 ლარი ვალი, 350 000 ლარზე დავიყვანე. შემეძლო, ოქტომბერში წავსულიყავი სამსახურიდან, ან ნოემბერში და ის სირცხვილი ამეცილებინა თავიდა, რასაც ,,გურიას“ დაქვეითება ჰქვია. მაგრამ, ბოლომდე მჯეროდა იმ საქმის, რასაც ვაკეთებდი. მრცხვენია, მაგრამ ვამბობ, თითქმის ყველა მაღაზიის ვალი მაქვს კლუბის გამო, ძალიან ბევრთან შევირცხვინე თავი. ეს რისთვის გავაკეთე? მხოლოდ და მხოლოდ ,,გურიას“ გამო. იცით, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ხელფასები შევიმცირეთ იმის გამო, რომ კლუბს არ მიკლებოდა? იცით, რამდენი თვის სახელფასო დავალიანება გვაქვს მთლიანად ადმინიისტრაციის? გავანახევრეთ ვალები, შევიმცირეთ ხელფასები, დაგვედო კლუბის გამო პირადი ვალები და ახლა გამოდიან გვლანძღავენ და გვაგინებენ. ერთი ზარი განახორციელა მერიამ, წადით სამსახურიდანო და წავედით. არ ვარ იმის კაცი, ვინმეს ავეტუზო კარებთან, სხვებისგან განსხვავებით. თითოეულ თეთრზე ვარ პასუხისმგებელი. რაც ფინანსური დირექტორის მოვალეობაში შედიოდა, ყველაფერი პირნათლად შევასრულე. ყოფილი პოლიციის უფროსი და ყოფილი პროკურორი მიუღებელი არის დამნაშავეთა სამყაროსთვის, ესე იგი გავედით პენსიაზე და დაველოდოთ უნდა იმ ქვეყნად როდის წაგვიყვანს უფალი, არ არის ეს სწორი მიდგომა, მე ძალიან ბევრი პიროვნების წარსულიც ვიცი და მათი ოჯახური მდგომარეობა, რომელიც ამ საზოგადოებისათვის მიუღებელია, მაგრამ სადმე გინახავთ რომ გამოვსულვარ და რაიმე მეთქვას, ვინც ჩემს ყოფილ პროფესიას შეეხო მათ გული მატკინეს, ალბათ იმათაც ვინც მუნდირს ატარებს დღეს.
-ყველა საუბრობს გაბერილ შტატებზე...
-ძალიან კარგი, რომ ეს საკითხი წამოწიეთ. აგერ მაქვს უწყისები: ნახეთ ახლა 2014 წელი- 109 კაცი, 2015 წელი-102 კაცი, ჩვენი მოსვლის შემდეგ ეტაპობრივად იკლებს მათი რიცხვი, ჯერ დავიყვანეთ 88 კაცამდე, შემდეგ კი 58-მდე, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საშუალოდ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი შეადგენს 50: მათ შორის 22 ფეხბურთელი, 7 ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი, 7 ჭაბუკთა ლიგის სამწვრთნელო შტაბის წევრი, ხოლო დანარჩენი წარმოადგენდა ადმინისტრაციის და ბაზის თანამშრომლებს, აღნიშნულ საშტატო შემადგენლობას ითხოვს ლიცენზირების პროცესი. რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის გავანახევრეთ სახელფასო ვალდებულებები. არ იქნება მართებული თორემ სიამოვნებით წარმოგიდგენთ სახელფასო ნუსხას თუ ვის რამდენი ქონდა. ამასთან ერთიც მინდა დავამატო ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელფასებს ღებულობდა, დღეს მოგვადგა და გვაგინებს, ერთი კი მაინტერესებს როდისმე საკუთარ თავს კითხვა დაუსვეს რაში ღებულობდნენ, ანდა მეორე ყველა საინფორმაციო საშულებების გამოცემას მივესალმები, მაგრამ რამდენად სწორია ყველა ნომერში გურია იყოს აუგად მოხსენიებული და განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელობა, თქვენ დალოცვილის შვილებო თენგომ და ლადომ შეგიშალათ ხელი მოსვლაზე, მოდით მიხედეთ და კიდევ შეძლების და გვარად დაგეხმარებით. არა ლანძღვა-გინებით არამედ საქმით.
-პირადად ადმინისტრაცია ერეოდით ფეხბურთელების მოყვანაში ან გაშვებაში?
-პირდაპირ გიპასუხებთ, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ჩემი და აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან, ვინმეს მოყვანაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენი მოვალეობა იყო მათთვის შეგვექმნა ყველა პირობა სათამაშოდ, იმ მწირი ბიუჯეტით, რომელიც გვქონდა.
-როგორც ვიცი, მიმდინარე წელს კლუბში შემოსული იყო აუდიტი, საინტერესოა რა დასკვნა დადო აუდიტმა?
-აგერ, აუდიტის მიერ დაწერილ დასკვნის პატარა ამონარიდს წაგიკითხავთ: ,,ჩვენ გავესაუბრეთ ადმინისტრაციის მუშაკებს, შევისწავლეთ მათი კვალიფიკაცია, გამოცდილება და დავრწმუნდით, მათ პროფესიონალიზმში და პატიოსნებაში. ამასთან ერთად, შემოწმების პერიოდში ზეპირი ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხვა- საუბარი ჩავატარეთ: ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,გურია“-ს აღმასრულებელი დირექტორთან ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძესთან; ,, გურია“ -ს ფინანსურ დირექტორთან, ბატონ თენგიზ კიკვაძესთან; შესყიდვების მთავარ სპეციალისტთან, ბატონ ერეკლე სარჯველაძესთან; ბუღალტერ მურმან ხუხუნაიშვილთან; დავადგინეთ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების არსებითობის დონე, რისთვისაც ვიხელმძღვანელეთ არსებითობის დონის დადგენის ასს320- ,,არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს“ პრინციპების საფუძველზე შემუშავებული შიდა საფირმო სტანდარტით“. ამას ხელს აწერს:საჯარო სექტორის აუდიტორი, აუდიტორული შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, თამაზ ბუკია. ასევე, შპს აუდიტორული ფირმა ,,ლაზიკა აუდიტი“-ს აუდიტორ-დირექტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი_მამუკა ზარანდია. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.



თენგიზ კიკვაძის შემდეგ, კლუბის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლადო გვარჯალაძესაც ვთხოვეთ ჩვენს კითვებზე ეპასუხა:
-ბატონო ლადო, ბრალდებები თქვენი მისამართითაც უხვად ისმის. პროკურორმა კაცმა, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ,,გურიას“ აღმასრულებელი დირექტორი?
-პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ პროკურორობით ვამაყობ და მთელი ჩემი კარიერა ღირსეულად გავატარე. ადამიანის ლანძღვა იმის გამო, რომ ის იყო პროკურორი, არის უმეცრება. თქვენს დარბაზშში მყოფ გამომსვლელებს ვიცნობ, ვიცი მათი წარსული და პატივს ვცემ. კარგი იქნებოდა მათაც გამოეხატათ ეს ჟესტი და უსაფუძვლო ბრალდებებზე არ გადმოსულიყვნენ. რას ჰქვია ფეხბურთი არ მიყვარს. მე კლუბში მოვედი იურისტად, შემდეგ მთხოვეს დროებით გამხვდარიყავი კლუბის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ,,დროებით“ დღემდე გაგრძელდა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია. თუმცა, არ ვფიქრობ იმას, რომ ჩემის გამოისობით კლუბს რაიმე ზიანი მიადგა. რაც შედიოდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობაში_ ხელმძღვანელობა გაუწიოს კლუბს, ხელშეკრულებები გაუფორმოს თანამშრომლებს, მწვრთნელებს და მათ მიერ წარმოდგენილ ფეხბურთელებს, არ დააგვიანოს ხელფასები, მისცეს მათ ნორმალური სავარჯიშო პირობები, კარგად გამოკვებოს და ა.შ. ამას, ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი. ჩვენ არც წახალისება დაგვიკლია მწვრთნელ-ფეხბურთლებისთვის და საჭიროების შემთხვევაში არც ჯარიმებს მოვრიდებივართ. მაგალითად, წყალტუბოს ,,სამგურალთან“ მოგების შემდეგ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს 500-500 ლარი პრემიის სახით. ვინაიდან, საპლეიოფო თმაშები თელავის ,,თელავთან“იყო ძალზედ მნიშვნელოვანი გუნდის მომავლისათვის, გადავწყვიტეთ, რომ მწვრთნელ-ფეხბურთლებისთვის სტიმული მიგვეცა და წარმატების შემთხვევაში მთელ გუნდს გამოვუყოფდით 40 000 ლარს. სამწუხაროდ, მივიღეთ ნეგატიური შედეგი, რის გამოც გავატარეთ საჯარიმო სანქციები და ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელ-ფეხბურთლებს ნოემბრის თვის ხელფასიდან 50 % ჩამოვაჭერით, რაც სამომავლოდ კლუბს წაადგება ფინანსურად. მაინტერესებს, მეტი რა შეეძლო გაეკეთბინა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ფეხბურთის თამაში ჩემი პრეროგატივა არ იყო, სხვა მხრივ კი ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს, თუ რა გამიკეთებია კლუბის იურისტობის დროს და ასევე მაშინ, როდესაც აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი. გარდა მორალური სტრესისა, ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი მიმიღია აქ მუშაობით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გავჩერდი ამ თანამდებობაზე ამდენ ხანს, მოგახსენებთ, რომ ყურად არ იღეს გამგეობაში ჩემი არაერთი თოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განვთავისუფლებულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. ასე რომ, ეს ჩემი ახირება არ ყოფილა.

nugo
ლადო გვარჯალაძის შემდეგ, ,,გურიას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან_ ბატონ ნუგზარ ჩხაიძესთან ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელმაც ძალიან სკანდალური და საინტერესო განცხადებები გააკეთა ,,გურიას“ დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის შეგვპირდა, რომ თუ ჩვენი გაზეთი მისცემს მას საშუალებას, იგი სიღრმისეულად გაანალიზებს ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს და მისი თქმით, ,,დიდი ,,ქარიშხალია“ მოსალოდნელი, რომელიც ბევრ რამეს ახდის ფარდას. მან იქვე დააკონკრეტა, რომ ეს არის შეთქმულება_ ლანჩხუთის ,,გურიას“ წინააღმდეგ, რომლის უნებლიე მონაწილეებიც გახდნენ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი დილეტანტობით და არაპროფესიონალიზმით მიიყვანეს ,,გურია“ კატასტროფამდე 2013 წლიდან დღემდე და დღესაც აგრძელებენ გაუაზრებელ ქმედებებს და შეფასებებს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ ჭეშმარიტი გულშემატკივრები და ის ადამიანები, რომელთაც მართლაც აღელვებთ ,,გურიას“ ბედი.“
-რას იტყვით იმაზე, რომ გულშემატკივართა ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ,,გურია“-,,თელავის“ მატჩი იყო გარიგებული?
-კატეგორიულად გამოვრიცხავ, ამ თამაშის ირგვლივ რაიმე ბინძურ გარიგებას და არ მარტო ამ თამაშის. ვერავის ექნებოდა წვდომა, ან ფეხბურთლები მოესყიდა, ან მსაჯი მოექრთამა. ეს თემა არის თითიდან გამოწოვილი და იმ ადამიანების მიერ გაჟღერებული, რომელთაც გარკვეული პირადი ინტერესები ამოძრავებთ ,,გურიასთან“ დაკავშირებით. ჩვენ მრავალგზის განვიხილეთ და გავაანალიზეთ, კომპეტენტურ პირებთან ერთად პლეიოფის ორთავე თამაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც ბატონი ჯემსუატ ურუშაძე აღნიშნავს, ამ გუნდის რეალური პოტენციალი. ხოლო, რატომ არ ჰქონდა ამ გუნდს მეტი პოტენციალი, ამაზე ჩემს აზრს მოგახსენებთ.
-გთხოვთ, აქვე განმარტოთ, რას გულისხმობთ...
- როდესაც გუნდს, სხვა გუნდებიდან დაწუნებული და გამოშვებული ფეხბურთელებით დააკომპლექტებ, როდესაც გუნდს 17 თებერვალს შეკრიბავ, ხოლო ჩემპიონატი მარტის პირველი რიცხვებიდან იწყება(3 მარტს, უკვე პირველი გასვლითი მატჩი ჰქონდა ,,გურიას“ რუსთავში), როცა გუნდი ცუდი კლიმატური პირობების გამო მხოლოდ 12 სრულფასოვან ვარჯიშს მოახერხებს_ გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე, ვერ ჩაატარებ ვერცერთ სრულფასოვან საკონტროლო მატჩს ჩემპიონატის დაწყებამდე, ხოლო პირველი წრის დამთავრებამდე უსაფუძვლოდ და კატეგორიულად მოითხოვ სამწვრთნელო შტაბის გადაყენებას, რომელიც კარგად იცი რა პირობებით მოიყვანე გუნდის ხელმძღვანელობაში, ხოლო ჩემპიონატს უკვე მესამე მთავარ მწვრთნელს დაამთავრებინებ, სხვა შედეგს ნამდვილად არ უნდა ელოდო. აქვე დავამატებ, რომ სწორედ არაპროფესიონალიზმის, უცოდინარობის და იმ განუკურნებელი სენის_მწვრთნელებისა და ფეხბურთელების სისტემატიური ცვლის ბრალია ის, რომ პირველი წრის დამთავრებამდე, ხუთი ტურით ადრე, ჩაანაცვლეს გიალო ჩხაიძე და გიგლა იმნაძე_ გია გურულით. რომელმაც, პირველი წრის შემდეგ გუნდიდან გაუშვა რვა ფეხბურთელი და ისინი ჩაანაცვლა მათზე უფრო ნაკლები კვალიფიკაციის მქონე ფეხბურთელებით და ჩვენ ამის შესახებ, მეორე წრის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე დაგვაყენა ფაქტის წინაშე. ჩემი შეცდომა ამ საკითხში მდგომარეობს იმაში, რომ დროულად ვერ გავერკვიეთ, თუ ვისი კანდიდატურა იყო გია გურული. როგორც შემდეგ, ,,ვიტ-ჯორჯია“-სთან ლანჩხუთში წაგებული თამაშის შემდეგ გავიგე, ეს ,,ყოვლისმცოდნე“ ზაზა ურუშაძის დაჟინებული მოთხოვნა და კანდიდატურა ყოფილა, რასაც, როგორც სჩვევია, ახლაც რომ შეეკითხოთ, კატეგორიულად უარყოფს.
-ვინ მოითხოვა სამწვრთნელო შტაბის გადაყენება ჯერ კიდევ პირველი წრის დასრულებამდე და საერთოდ ვინ არის თქვენი ბრალდებების ადრესატი?
- ღიად ვაცხადებ, ამ სენის მატარებელი იყო და არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი_ზაზა ურუშაძე. ყოველ შემთხვევაში, ,,ვიტ-ჯორჯიასთან“ თამაშის შემდეგ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ეს დაადასტურა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ფინანსურმა დირექტორმა, იმედია ისინი ამ ფაქტს არ იუარებენ.
- ,,თავისუფალ სახლში“ ხშირად გაისმოდა ბრალდებები კლუბის არასწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით. თქვენი აზრით კლუბის მენეჯმენტი გამართულად მუშაობდა?
- მაინტერესებს, იმ გამომსვლელებმა, რომლებიც ,,გურიას“ არასწორ მენეჯმენტზე აპელირებენ, საერთოდ თუ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა. თუ ისინი ამაში მხოლოდ კლუბში მომუშავე კადრებს გულისხმობენ, ეს ნამდვილად არასწორი შეხედულებაა. მენეჯმენტის განმხორციელებელნი, პირველ რიგში კარგი მენეჯერები უნდა იყვნენ. რაშიც მე პირადად შემიძლია ნებისმიერ პიროვნებასთან შევიდე დებატებში..1988 წელს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების თანხმობით და პირადად ჩემი ხელმძღვანელობით, განვახორციელე საინტერესო პროექტი და ჩამოვაყალიბეთ პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“. რომელიც, დღეს რომ ლანჩხუთელებმა სამართლიანად მოითხოვოს და თუ, საქართველოს მთავრობამდე მიიტანენ სწორად ლანჩხუთელების მოთხოვნას, აღდგენას და ხელახალ რეგისტრაციას დაექვემდებარებოდა. და თუ, ეს ასე მოხდებოდა, ავტომატურად მოიხსნებოდა მართვის და მენეჯმენტის ის პრობლემები, რომელიც ე.წ. ა(ა)იპ-ის პირობებში ექმნებათ საფეხბურთო კლუბებს. სამწუხაროდ, ჩემი მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამაზე დღემდე არავის არ უფიქრია. 2015 წელს, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის თხოვნის შესაბამისად, მოვამზადე და გავაკეთე ,,ლანჩხუთში ფეხბურთის განვითარებისა და ,,გურიას“ ფუნქციონირების გრძელვადიანი პროგრამა“ და წარვუდგინე მათ. 2016 წლის ზაფხულში, მათივე თხოვნით, პოტენციური ინვესტორისათვის გავაკეთე ,,საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ ფუნქციონირებისა და კომერციული საქმიანობის საინფორმაციო ბუკლეტი“, რომელიც თარგმნილი და შესაბამისი დიზაინით წარვუდგინე რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელობას. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს ნაშრომი საერთოდ წანაკითხი არ ჰქონდათ მათ. კლუბის მენეჯმენტის მუშაობის თაობაზე აღმასრულებელმა დირექტორმა და ფინანსურმა დირექტორმა უკვე მოგახსენათ. 2017 წლის ივნისში, რაიონის ხელმძღვანელობის მიერ გამოგზავნილმა აუდიტმა, დაახლოებით ასგვერდიანი დასკვნა დაწერა, რომლის ორი ეგზემპლიარი პირადად მე ჩავაბარე მუნიპალიტეტის კანცელარიას. თუ წაიკითხეს და რამე ხარვეზები ნახეს, რატომ რეაგირება დროზე არ მოახდინეს? დღეს გაიძახიან, რომ შვიდი მილიონი დაგვიჯდა ,,გურიას“ გაგდებაო, ამხელა თანხით რომ აფინანსებდნენ კლუბს საკრებულო და მუნიციპალიტეტი, არ უნდა დაინტერესებულიყვნენ როგორ იხარჯება ეს ფული?! სხვათაშორის, ამ თემასთან დაკავშირებით, ყოფილმა დეპუტატმა და პროფესიონალმა ფეხბურთელმა თემურ ჩხაიძემ, თავისი მოსაზრებები და რჩევები მოახსენა მათ, ვისაც ეს ეხებოდა და ასე უთხრა: ,,თუ ასე გააგრძელებთ, ეს თანხა ბუხარში შეყრილი ფული იქნებაო“. რა თქმა უნდა, თემურის ეს რჩევა მათ არ გაითვალისწინეს. ის თანხები, ნამდვილად რაიონის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი, ხოლო 2016-2017 წლებში, კლუბი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ფინანსდებოდა. ეხლა მკითხველმა განსაჯოს, ცუდი მენეჯმენტი ,,გურიაში“ ყოფილა, თუ იმ შენობაში, სადაც იჯდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ჩემი სურვილია, მუნიციპალიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელობა იგივე სენით არ დაავადდეს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

იმის გამო რომ, ნუგზარ ჩხაიძესთან ინტერვიუს გაგრძელება ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ხოლო მის მიერ გამოთქმული სკანდალური ბრალდებები, ნამდვილად მრავალფეროვანია, ,,ჰო და არას“ მომდევნო ნომერში გთავაზობთ ამ ინტერვიუს გაგრძელებას და მკითხველს ვპირდებით, მასალა იქნება ძალზედ საინტერესო.

მოიწონეთ სტატია